„ნინი ნაჭყებია მოსამართლე ცაცუას დაეწერა“;
„ნეკა ნათელაშვილი - ნინო ენუქიძე“,
„ბელიკოვთან არავინ არაა, შედით ვინმე, რა, არც ადვოკატი ჰყავს. ვინ დაეხმარება?“
„ექიმი გაფრინდაშვილი ზვიად ცეკვავას დაეწერა, 41-ე დარბაზში ზის“, - ისმის გადაძახილი სასამართლოს დერეფანში.
ჟურნალისტები, დაკავებულთა სიმრავლის გამო, ყველა სხდომაზე შესვლას ვერ ახერხებენ. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო სხდომას დაესწრო. სხდომამ თითქმის ხუთ საათს გასტანა.
22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში პოლიციელებმა შეიყვანეს. მას ხაშურის იზოლატორში გაათევინეს ღამე.
შსს-მ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა - გზის ხელოვნურად გადაკეტვა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ იგი სამართალდამრღვევად ცნო და 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები თინათინ კაჭკაჭიშვილი და თეკლა კობახიძე წარმოადგენდნენ, გაფრინდაშვილის ინტერესებს კი მალხაზ პატარაია იცავდა.
„საქმიანობა? ექიმი“
სხდომის დასაწყისში მოსამართლემ გაფრინდაშვილს ჰკითხა, რატომ ეკეთა პირბადე.
- ზვიად ცეკვავა: პირბადე რატომ გიკეთიათ?
- ვაჟა გაფრინდაშვილი: გაციებული ვარ
- ზვიად ცეკვავა: აიწიეთ და ჩამოიწიეთ ისევ…
იდენტიფიცირების ამ ფორმალური პროცედურის შემდეგ ცეკვავამ კვლავ ჰკითხა:
- ზვიად ცეკვავა: საქმიანობა?
- ვაჟა გაფრინდაშვილი: ექიმი-ორთოპედი.
Fact Box: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა 2019 წელს, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორის რაიონში დააკავეს „საზღვრის კვეთის“ ბრალდებით.
ის ფართო საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, თითქმის 2-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, 2019 წლის 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.
მაშინ მას მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის კახა კალაძემ, გამოუცხადეს.
„აქ არ არის კადრი, სადაც მე გზაზე ვდგავარ“
სხდომის განმავლობაში სამჯერ გამოცხადდა შესვენება.
თავდაპირველად დაცვის მხარემ მოითხოვა დრო მტკიცებულებების გასაცნობად.
სასამართლოში ჩართეს შსს-ს ვიდეოჩანაწერები, თუმცა გაფრინდაშვილი მიუთითებდა, რომ არცერთ კადრში არ ჩანდა, რომ ის გზაზე იდგა.
„უკაცრავად, აქ არ არის კადრი, სადაც მე გზაზე ვდგავარ“, - აღნიშნა მან.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის მედიაში გავრცელებული ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ გაფრინდაშვილი ტროტუარზე დააკავეს.
მათ მოითხოვეს სხდომის გადადება, რათა აღნიშნული კადრები წარედგინათ. მოსამართლემ მხარეთა მცირედი კამათის შემდეგ შესვენება გამოაცხადა და კადრების მოსაპოვებლად და დისკზე ჩასაწერად ადვოკატებს 25 წუთი მისცა.
ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატები და მეგობრები ჯერ ვიდეოს/დისკს, შემდეგ დისკის წამკითხველს ეძებდნენ, - ვიდეოები კომპიუტერში ვერ იწერებოდა, რადგან თან არ ჰქონდათ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
ბოლოს მოსამართლეს მობილური ტელეფონით აჩვენეს ფაილები, რომლებიც მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა, სანამ ოფიციალურად დისკის სახით არ წარადგენდნენ.
ამ დროს სხდომათა დარბაზში დისკის წამკითხველით ხელში შევიდა ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი. დისკი შსს-ის იურისტმა თინათინ კაჭკაჭიშვილმა შეიტანა. საბოლოოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა ვიდეოები დისკზე ჩაწერეს და მოსამართლეს გადასცეს.
შსს: „სავალ ნაწილზე იდგა“
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა თინათინ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ჩანაწერი, რომელშიც გაფრინდაშვილი გზის სავალ ნაწილზე დგას და მოსამართლეს მიაწოდეს ახალი დისკი, რომელიც მას სასამართლოს თანამშრომელმა შესვენებისას გადასცა. მოსამართლემ ახალი ვიდეომტკიცებულება საქმეს დაურთო.
„ბატონმა ვაჟამ თქვა, რომ არ იდგა გზაზე — და ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, სადაც ის სწორედ გზის სავალ ნაწილზე ჩანს“, — აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.
შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებებს დაეტოვებინა გზა და გადაადგილდებოდა ბასლაინსა და ტროტუარს შორის, რაც, მათ შეფასებით, „გზის გადაკეტვის პროცესია“.
„გზის გადაკეტვის განზრახვა არ მქონია“
ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ როცა კონფლიქტი დაიწყო[გულისხმობს მომენტს, როცა ერთ-ერთი მოქალაქე პოლიციის მანქანაზე ავიდა], გზაზე გადავიდა და აშველებდა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა, ტროტუარზე... მას გზის გადაკეტვის განზრახვა არ ამოძრავებდა, მისი მიზანი დაძაბულობის განმუხტვა და დაშოშმინება იყო.
შსს-ის იურისტი: ვიღაცები გამოგყავთ, ანუ დგახართ....
ვაჟა: ვაშველებ, დაპირისპირება იყო.
შსს: გამოყვანა დგომის გარეშე ვერ მოხდება.
გაფრინდაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ დაკავებისას და შემდეგაც მისთვის უფლებები არავის განუმარტავს და პროცედურულ დარღვევებზე მიუთითა:
„ჩემი უფლებები არ ყოფილა ახსნილი. გუშინ ცხრის ნახევრიდან ორ საათამდე არ მომეცა საშუალება, ადვოკატს დავკავშირებოდი, არც სახლში დამარეკინეს და არც ადვოკატთან. ხაშურელი ადვოკატი შემოვიდა“.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დაკავების მომენტში გაფრინდაშვილი უკვე ტროტუარზე იდგა, ხოლო პოლიციამ იგი ძალის გადამეტებითა და გინებით დააკავა.
„პირდაპირ დასტაცეს ხელი და გინებით შეაგდეს მანქანაში“, — თქვა ადვოკატმა.
„მე ვერცერთ ვიდეოფაილზე ვერ ვნახე, რომ ბატონი ვაჟა კეტავდა გზას. თქვენ რაზეც მიუთითეთ, იქ ის კვეთს გზას. გადაკეტვა კი სტატიკური მდგომარეობაა, ის უნდა იდგეს. მან გადაკვეთა გზა და წავიდა....მეორე შემთხვევაში ის დაბრუნდა - მხოლოდ იმისთვის, რომ დახმარებოდა პოლიციელებს და განემუხტა კონფლიქტი. ეს ჩანს მკაფიოდ“, - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.
მისივე განმარტებით, მესამე კადრში გაფრინდაშვილი „ტროტუარზე დგას, მოძრაობა აღდგენილია და მას აკავებენ პირდაპირ ტროტუარზე“:
„არავის იქ მისთვის არ უთქვამს, რომ რაღაც განკარგულება გაეცა იმ მომენტში. პირდაპირ დასტაცეს ხელი და ბრუტალური მეთოდით და გინებით შეაგდეს მანქანაში და წაიყვანეს ჯერ შსს-ში, შემდეგ დაახლოებით ღამით ოთხ საათზე მის მეუღლეს შეატყობინეს, რომ გადაყვანილი იყო ხაშურში. არც დაარეკინეს, არც გააცნეს უფლებები-მოვალეობები“, - თქვა ადვოკატმა.
ადვოკატი მალხაზ პატარაია დაინტერესდა, რას გულისხმობს შსს, როცა ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გზაზე გადასვლით საკუთრებას შეექმნა საფრთხე.
მალხაზ პატარაია: საკუთრების მიმართ საფრთხედ რა მიგაჩნიათ?
თეკლა კობახიძე: ეს ჩანს ვიდეოზე, თუნდაც სახელმწიფო საკუთრება, რომელზეც შედგა მოქალაქე.
მალხაზი: მაგის გარდა-მეთქი.
იურისტი: მოქალაქეები რომ გადავიდნენ გზაზე, არ შეექმნა იმ მანქანების საკუთრებას საფრთხე? ან თავად მათ საფრთხე?
მალხაზი: ანუ მანქანებს შეექმნა საფრთხე. გავიგე. თქვენ ახსენეთ ბასლაინი, რა პრობლემაა ბასლაინი, აქციის მონაწილეებს ეკავათ?
თინათინი: ჩვენ ხომ გამოვიკვლიეთ კადრები, ბასლაინში არიან მოქალაქეები განთავსებულები.
მალხაზ პატარაიამ რამდენჯერმე შსს-ს იურისტებს კოლეგიალობისკენ მოუწოდა.
ისინი აშკარად გამოხატავდნენ განწყობას და დამოკიდებულებას როგორც დაკავებული ექიმისა და მისი ადვოკატის, ასევე დამსწრეების მიმართ. იყენებდნენ არავერბალურ კომუნიკაციას - ხელის აქნევა, ღიმილი, თავის გადაქნევა, შორისდებულები, როგორიცაა, მაგალითად, „ნწ, ნწ, ნწ“. ეს იმ დროს, როცა დაცვის მხარის მოწმემ თქვა, რომ პოლიციამ დაკავებისას ვაჟა გაფრინდაშვილს შეაგინაო.
პოლიციელთა ჩვენებები
სასამართლოზე დაკითხულმა პოლიციელებმა, ნიკოლოზ აბაშმაძემ და ვიქტორ მდინარიძემ, თქვეს, რომ გაფრინდაშვილი რამდენჯერმე გადავიდა გზის სავალ ნაწილზე.
აბაშმაძემ აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილს პირადად მოუწოდა დაეტოვებინა გზა, თუმცა ის არ დაემორჩილა.
მისი თქმითვე, სამხრე კამერა ამ დროს არ ეკეთა - როგორც თვითონ თქვა, „დაზიანების თავიდან ასაცილებლად“ მოხსნილი ჰქონდა.
- გაფრინდაშვილი: რა მეცვა?
- პოლიციელი: კონკრეტულად არ მახსოვს.
- აბა, ნიღაბი დაიმახსოვრეთ მარტო?
- ნიღაბი კი. თვალშისაცემია.
- ქუდი მეხურა?
- ქუდი კი.
- რა ფერის?
- არ მახსოვს.
- დაკავების დროს თქვენი თავი შეგიძლიათ ამოიცნოთ?
- თუ დავინახავ, ამოვიცნობ.
- რითი დამაკავეთ?
- „მინივენით“.
- რამდენი დამრღვევი იჯდა?
გაფრინდაშვილის ეს კითხვა შსს-ის იურისტებმა გააპროტესტეს.
პოლიციელი: დავამატებ ერთ რამეს, როცა ვაკავებდით ბატონ ვაჟას, იქ ჩემმა კოლეგებმაც მიიღეს მონაწილეობა და დამეხმარნენ ბატონი ვაჟას ადმინისტრაციული წესით დაკავებაში.
ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მოწმე ტყუის, რადგან მან თავად გაუმხილა, რომ აქციაზე საერთოდ არ ყოფილა.
„მე ხო იქ არ ვიყავიო, მითხრა, მე ხომ იქ არ ვიყავი, რომ დაგაკავესო - ეს მითხრა მას შემდეგ, რაც ვკითხე, სად იყო ჩემი ტელეფონი, რომელიც დაკავების დროს წამართვეს“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
„ეს იყო წინასწარ განზრახული დაკავება“
ექიმის მოსაზრებით, მისი დაკავება წინასწარ დაგეგმილი იყო, რადგან ის აქტიურად მონაწილეობდა გასულის წლის 26 ოქტომბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებში.
„ეს იყო ჩემი წინასწარგანზრახული დაკავება, ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე“, — განაცხადა მან.
მისი თქმით, გუშინ დღისით რეჟისორ გიორგი თავართქილაძის სასამართლო სხდომაზე იყო, იქიდან გამოსულმა კი 112-ში დარეკა:
„ვთქვი, რომ 8-დან 11-მდე ვიქნები აქციაზე. ნახევარ საათში დამირეკეს ვაკე-საბურთალოს განყოფილებიდან, მისამართი და პირადი ნომერი გვითხარიო“.
„მე გამოვდივარ რეციდივისტი, 19 დარღვევა მაქვს თითქოს. შეიძლება დახვრეტაც მომისაჯონ“, - თქვა გაფრინდაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მის მიზანს წარმოადგენდა კონფლიქტის განმუხტვა, როდესაც ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციის მანქანაზე დააპირა ასვლა.
„მივედი უკან გასაშველებლად… აგრესია პოლიციის მისამართით კი არა, იმ ვითარების გამო იყო, რომ მთავრობამ შეცვალა კურსი და აღარ მიდის ევროკავშირში,“ - განაცხადა მან.
ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლე ცეკვავას მიმართა:
„ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლით“.
„მე გინდ გზა გადამეკეტა, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ის, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აკეთებს. 30 ადამიანიდან, ვინც ჩემთან ერთად დააკავეს გუშინ, არცერთს მიეცა საშუალება, დაკავშირებოდნენ ადვოკატს და ოჯახს“, - თქვა მან.
„ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას“
სხდომის დასასრულს ვაჟა გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიაჩნია, მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული:
„ჩემთვის ცხადია, გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 4 საათზე და 9 საათამდე ტყუილად დავკარგეთ მე და თქვენ დრო“.
„მე აგიხსნით, რატომ ვდგავარ რუსთაველზე. რუსთაველი არის ჩემი ცხოვრება. ხუთი წლიდან ვიზრდებოდი რუსთაველზე. დედაჩემი პირველ სკოლაში ასწავლიდა და ხშირად დამტოვებდა ხოლმე…
10 წელი ვსწავლობდი რუსთაველზე და სკოლის მერე რუსთაველის მეტრომდე ფეხით მივსეირნობდით ხოლმე. ყველა ხე და ბუჩქი ვიცოდით. 1977 წელს დედაენის ამბებს ვუყურებდით პირველი სკოლის ფანჯრებიდან.
იქ ვიყავით 88 წელს, 91-ში, როცა ომის დრო იყო. ყველა პერიპეტია მიდიოდა რუსთაველზე. იქ ვიყავით შემდგომი აქციების დროს, შევარდნაძის წინააღმდეგ, სააკაშვილის და ახლაც.. გპირდებით მომავალშიც იქ ვიდგები.
დავასრულებ ჩერჩილის სიტყვებით: „თუ ადამიანს შეატყვეთ, რომ მას უყვარს მთავრობა, მიიყვანეთ ფსიქიატრთან“…
„მე უნდა მქონდეს თავისუფალი არჩევნების უფლება, არავინ უნდა აიძულოს ჩემს გვერდით მყოფი ციცო დეიდების და ტიტუშკების თამადობით, რომელიც შსს-ს თავზე აზის და ყველაფერს აკეთებინებს, რაც მას სჭირდება, არ უნდა დამდევდეს შსს და ჩემთან ერთად არ უნდა ჩაესვათ შშმ პირი, რომელიც ვერ გადაადგილდება და დღეს ორ საათამდე ფეხშიშველა იყო ბეტონის იატაკზე.
პოლიციელი მეუბნებოდა, მე რა ვქნა, მე გადავეციო…
ემპათია დაუკარგა შსს-მ ადამიანებს გეკა გელაძის თამადობით. მე ვუჩივლებ გეკა გელაძეს.
მან წამართვა მე და გუშინ დაკავებულებს კონსტიტუციური უფლება, არ დამარეკინა ოჯახთან და ადვოკატებთან.
არ შეიძლება დიაბეტიანი ბიჭი 12 საათამდე იქ გყავდეს და წამალი არ გაუკეთო. ჩემზე არ ვლაპარაკობ, ნანახი მაქვს, ვიცი, დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში. მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ეს ჩემი საქციელია. არ მინდა თქვენ დაუშვათ შეცდომა, არ მინდა თემიდა თვალახვეული იყოს, ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას“.