ახალი ამბავი ტრამპმა დაუყოვნებლივ გაუზიარა ჩინელ კოლეგას და ამერიკის ძალის დემონსტრაციით ტკბობა გააგრძელა.
ეს იყო 9 წლის წინ, როგორც დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ - სხვა ეპოქაში.
მაშინ, სი ძინპინმა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ლიდერთან შესახვედრად ათასობით კილომეტრი იფრინა და ახლადარჩეულ ტრამპს თავის საყვარელ, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ესტუმრა. სი ზრდილობიანად იღიმოდა, როდესაც მის წინაშე ამერიკელი პრეზიდენტის შვილიშვილი, არაბელა კუშნერი ჩინურ ლექსებს კითხულობდა, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი ტრამპის გულის მოსაგებად.
აქედან რამდენიმე თვეში ვაშინგტონმა ჩინეთს პირველი სავაჭრო ომი გამოუცხადა და პეკინს მტკივნეული დათმობებზე მოუწია წასვლა. სუსტ პოზიციაში მყოფი სი 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული პროდუქციის შესყიდვას დათანხმდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ჩინეთს შეთანხმების დასავიწყებლად კარგი საბაბი მისცა.
დღეს ვითარება მკვეთრად განსხვავებულია. დონალდ ტრამპი ჩინეთიდან თითქმის ხელცარიელი ბრუნდება, რამდენიმე მოკრძალებული "ნუგეშის პრიზისა" და ვარდის თესლების გარდა, რომლის ნაყოფმაც ამერიკელი ლიდერის ყურადღება ჯონგნანჰაის ბაღში მიიპყრო.
უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ამერიკელი პრეზიდენტის პირველი ვიზიტის შედეგები სახალხო რესპუბლიკაში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე მიანიშნებს, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის პარიტეტი დამყარდა.
ასევე ნახეთ
სი ძინპინმა ტრამპს უთხრა, რომ ტაივანის საკითხის მიმართ არასწორად მოპყრობამ კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოსდელიკატური ქორეოგრაფია
2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული მსოფლიოსთვის ცნობილია ჩინეთის უნარის შესახებ ორგანიზება გაუწიოს უმცირეს დეტალებამდე გათვლილ, მასშტაბური ცერემონიებს. ცხადია, ეს უნარი დიპლომატიაშიც ვლინდება და მით უფრო, როდესაც ქვეყანა ამერიკელ პრეზიდენტს მასპინძლობს და კიდევ უფრო მეტად, თუ საუბარია პრეზიდენტზე, რომელიც მსგავს ცერემონიებსა და სატელევიზიო სურათს წინამორბედებზე მეტად აფასებს.
ჩინეთმა მოხერხებულად გამოიყენა ის უპირატესობები, რომელიც მასპინძელ მხარეს აქვს. ყველა ცერემონია მეტყველებდა, რომ ჩინური მხარე მაქსიმალურად იყო მომზადებული და კარგად ჰქონდა შესწავლილი ამერიკელი პრეზიდენტის "სუსტი წერტილები." რაც მთავარია, პეკინმა ეს უპირატესობა ისე გაითამაშა, რომ ტრამპს ჩინეთიდან მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები მიაქვს.
ამერიკელი ლიდერის მოხიბვლა აეროპორტიდანვე დაიწყო, სადაც მას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი დახვდა. ვიცე-პრეზიდენტს ჩინეთის პოლიტიკურ სისტემაში ძირითადად ცერემონიული ფუნქცია აქვს, თუმცა წინა ვიზიტთან შედარებით დონის ზრდაზე მეტყველებს - მაშინ ტრამპს საფრენ ბილიკთან საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
სი ძინპინი ამერიკელ კოლეგას პეკინის სახალხო კრების დიდ დარბაზთან ელოდებოდა, სადაც ტრამპს 21-ზალპიანი სალუტით შეეგებნენ. ორივე ქვეყნის ჰიმნი შეასრულა ჩინეთის სამხედრო ორკესტრმა. აქვე იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც ლიდერებს ამერიკისა და ჩინეთის დროშების ფრიალით შეხვდნენ, რასაც საპატიო ყარაულის მცირე აღლუმი მოყვა.
ტრამპმა დახვედრას უწოდა "პატივი, რომელიც ცოტას თუ ჰქონია."
შეერთებული შტატების პრეზიდენტი საპატიო ყარაულის ფონზე სახალხო კრების დიდ დარბაზთან. 14 მაისი, 2026 წელი. (კენი ჰოლსტონი / AFP)
ამის შემდეგ სი ძინპინი ამერიკელ კოლეგას ცის ტაძარში მცირე ექსკურსიაზე წარუძღვა, რომელშიც ისტორიულად ჩინეთის იმპერატორები უხვი მოსავლებისა და კარგი ამინდებისთვის ლოცულობდნენ.
ვიზიტის პირველი დღე სი ძინპინმა ამერიკული დელეგაციისთვის ორგანიზებული სახელმწიფო ბანკეტით დააგვირგვინა - იმავე სახალხო კრების შენობის მესამე სართულზე, მსგავსი ღონისძიებებისთვის გამოყოფილ სივრცეში. მიღებას პოლიტიკოსების გარდა ორივე ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.
მისასალმებელ სიტყვაში სი ძინპინმა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს "მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობები" უწოდა და დასძინა, რომ ჩინეთის და ამერიკის მთავარი პოლიტიკური სლოგანები ("ჩინეთის დიადი განახლება" და "გახადე ამერიკა კვლავ დიადი") არ არის ურთიერთგამომრიცხავი და მათი თანაარსებობა სავსებით შესაძლებელია.
სხვა კერძებთან ერთად, ბანკეტის მონაწილეებმა დააგემოვნეს პომიდვრის სუპი, კნატუნა ძროხის ნეკნები, პეკინურად შეწმვარი იხვი და ტირამისუ. სამხედრო ბენდმა შეასრულა ისეთი ცნობილი სიმღერები როგორიცაა: “America The Beatiful" (ამერიკა, მშვენიერი) და "Сan you feel love tonight." (ხომ გრძნობ სიყვარულს, ამაღამ?”
2017 წელთან შედარებით მოკრძალებული იყო ბანკეტზე სი ძინპინის თანმხლები ჩინელი მაღალიჩნოსნების დონე. ჩინეთის მხრიდან ღონისძიებას კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი 7-კაციანი კომიტეტის მხოლოდ 2 წევრი ესწრებოდა (სის გამოკლებით).
ამ ყველაფრის ფონზეც დონალდ ტრამპისთვის ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანი ჯონგნანჰაის როგორც წესი უცხოელებისთვის დახურულ კომპლექსში გასეირნება აღმოჩნდა. ჯონგნანჰაი ყოფილი საიმპერატორო ბაღების უზარმაზარი კომპლექსია, რომელიც 1949 წელს სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ კომუნისტური პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელების რეზიდენცია გახდა.
თარჯიმანების თანხლებით ლიდერებმა კომპლექსის შიდა დახურულ ბაღში გაისეირნეს, რომელიც "წყნარი ხეობის" სახელით არის ცნობილი, სადაც სი ძინპინი ამერიკელ კოლეგას კომპლექსის ისტორიასა და სხვადასხვა ხეების ასაკის შესახებ ესაუბრობდა. სიმ განმარტა, რომ ჯონგნანჰაიში ტრამპის მიღება 2017 წელს მარ-ა-ლაგოში მისი დახვედრის საპასუხოდ გადაწყვიტა.
ამერიკელ პრეზიდენტს შთაბეჭდილებები არ დაუმალავს და სი ძინპინს კამერების თანდასწრებით ჰკითხა - ხშირად მასპინძლობს თუ არა უცხოელ ლიდერებს ჯონგნანჰაის კომპლექსში.
ჩინეთის ლიდერმა უპასუხა, რომ ეს იშვიათად ხდება და ასეთი ლიდერის მაგალითად ვლადიმირ პუტინი მოიყვანა. საყურადღებოა, რომ ვლადიმირ პუტინს სი ძინპინი მომდევნო დღეებში კიდევ ერთხელ უმასპინძლებს - გასული წლების განმავლობაში მათ შორის 40-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა.
ტრამპის ვიზიტი აეროპორტში გაცილების პომპეზური ცერემონიით დასრულდა, რომელიც გაფორმებული იყო საპატიო ყარაულით და თეთრ-ლურჯი ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდებით ამერიკისა და ჩინეთის დროშებით. თვითმფრინავთან ამერიკელ პრეზიდენტს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაემშვიდობა.
სტრატეგიულ სტაბილურობასა და თუკიდიდეს ჩიხს შორის
იდეალურად ორკესტრიტებული ცერემონიების მიუხედავად, ქვეყნებს შორის მეტოქეობა და უთანხმოება არსად გამქრალა და ამაზე ღიად ისაუბრა სი ძინპინმა, როდესაც ამერიკასთან ურთიერთობების კონტექსტში "თუკიდიდეს ჩიხი" ახსენა.
ტერმინი ამერიკელ პოლიტოლოგს გრემ ელისონს უკავშირდება. 2017 წელს გამოცემულ წიგნში, სახელწოდებით - "ომისთვის განწირულნი", რომელშიც ჰარვარდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ცენტრის დირექტორი აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებს აანალიზებს.
თუკიდიდე ანალიტიკური ისტორიის ფუძემდებლად მიიჩნევა. თავის მთავარ ნაშრომში, რომელიც პელოპენესის ომებს ეხება, მოაზროვნე ანტიკური საბერძნეთის პოლისებს შორის მრავალწლიანი სამხედრო დაპირისპირების მიზეზებს განიხილავს. თუკიდიდეს მიხედვით, დაპირისპირების მიზეზი ათენის სწრაფი სამხედრო და ეკონომიკური აღმავლობა იყო, რამაც სპარტის შიში განაპირობა და ომი გარდაუვალი გახადა.
თუკიდიდეს ჩიხი არის სახიფათო დინამიკა, რომელშიც განვითარებადი, ახალი ძალა საფრთხეს უქმნის არსებულ ჰეგემონს და ლიდერის თავისი თავით ჩანაცვლებას ცდილობს. ელისონი თავის წიგნში 16 მსგავს შემთხვევას განიხილავს, რომლიდანაც 12- წამყვან სახელმწიფოებს შორის დიდი ომით სრულდებოდა.
ამ საკითხზე ჩინეთის ლიდერს წარსულშიც უსაუბრია და მიუთითებდა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ წამყვანი ქვეყნები განმეორებით დაუშვებდნენ სტრატეგიულ შეცდომებს.
"შეუძლიათ თუ არა ამერიკას და ჩინეთს თავი აარიდონ თუკიდიდეს ჩიხს და შექმნან წამყვან სახელმწიფოებს ურთიერთობების ახალი პარადიგმა?"- ამ რიტორიკული კითხვით მიმართა სი ძინპინმა თავის სტუმრებს, რის შემდეგაც მათ ახალი თეორიული ჩარჩო შესთავაზა.
დონალდ ტრამპი და სი ძინპინი სახელმწიფო ბანკეტზე. 14 მაისი 2026 წელი. (Photo by Brendan SMIALOWSKI / AFP)
სი ძინპინის აზრით, ამერიკასა და ჩინეთს"ახალი, კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობა" სჭირდებათ, რომლის ფარგლებშიც მეტოქეოება "შეზღუდული იქნება შესაბამის საზღვრებში", რაც გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობა იქნება.
ჩინეთის ლიდერის გამხსნელ სიტყვაში საუბარი იყო "მსოფლიოში მიმდინარე უპრეცედენტო პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზეც, რომელიც მხოლოდ ჩქარდება." საინტერესოა, რომ მსგავსი ფრაზა სი ძინპინმა 3 წლით ადრე რუსეთში ვიზიტის დროს წარმოთქვა - "ახლა ხდება ცვლილებები, რომელიც 100 წლის განმავლობაში არ მომხდარა და ჩვენ ერთად ვმართავთ ამ ცვლილებს"- მიმართავდა გამომშვიდობებისას სი პუტინს.
ამჯერად სი ძინპინმა მხოლოდ მიმდინარე ცვლილებები ახსენა და არ უთქვამს, რომ პროცესს დონალდ ტრამპთან ერთად ხელმძღვანელობს.
არაერთი ანალიტიკოსის აზრით, თუკიდიდეს ჩიხის თუ უპრეცედენტო ცვლილებების ხსენებით სი ძინპინი არაორაზროვნად მიანიშნებდა, რომ ჩინეთი აღმავალი ძალაა, ხოლო ამერიკის გავლენა მცირდება.
მეტიც, დონალდ ტრამპის თქმით, იმის შესახებ, რომ ამერიკა "დაღმავალი" ძალაა სიმ პირდაპირაც განუცხადა. ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ამ შეფასებას თვითონაც დაეთანხმა, რადგანაც ჩინეთის ლიდერი თითქოს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის წლებზე საუბრობდა.
ტავაინი - სტრატეგიული ბალანსის კაშკაშა წითელი ხაზი
ლიდერების შეხვედრა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ (Xinhua) პირველი პრესრელიზი გაავრცელა. შეტყობინების მიხედვით, სი ძინპინმა კოლეგას უთხრა, რომ "ტაივანი ამერიკასთან ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია", რომელთან მიმართებითაც საჭიროა "მაქსიმალური სიფრთხილე", წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება შესაძლოა "კონფრონტაციაში, ან სულაც კონფლიქტში" გადაიზარდოს.
ის, რომ ტაივანი სი ძინპინისთვის პრიორიტეტული საკითხი იყო Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუებში დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. ტრამპის თქმით, მან არ უპასუხა სის კითხვას ჩაერთვებოდა თუ არა ამერიკა ტაივანის დაცვაში ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში.
ჟურნალისტის კითხვაზე - თუ როგორ უნდა იგრძნონ თავი ტაივანის მოქალაქეებმა მისი და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ? - ტრამპის პასუხი იყო, რომ ამერიკის პოლიტიკა არ შეცვლილა - "მე არ მსურს, ვიღაცამ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და ჩვენ 9 ათასი მილის მოშორებით ომი მოგვიწიოს."
უკვე საპრეზიდენტო ბორტზე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია გასცემს თუ არა ნებართვას ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის შეიარაღების მიყიდვაზე, რომელიც კონგრესმა უკვე დაამტკიცა. "ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია და სიმართლე ითქვას, ეს მიმდინარე მოლაპარაკებებში კარგი ბერკეტია."
ტრამპმა აღიარა, რომ ამ მიმართულებით მას 1982 წელს რეიგანის ადმინისტრაციის მიერ ტაივანთან გაფორმებული შეთანხმება ზღუდავს - ე.წ. 6 პრინციპი, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი ჩინეთთან არ განიხილავს ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის საკითხებს.
"ვიცი, რომ ეს შეთანხმება არსებობს, მაგრამ რა უნდა მექნა? უნდა მეთქვა, რომ ამაზე არ ვისაუბრებ რადგანაც 1982 წლის შეთანხმება არსებობს? არა, რა თქმა უნდა განვიხილეთ შეიარაღების მიყიდვის საკითხი"- თქვა ტრამპმა.
ტაივანთან მიმართებით პოლიტიკის ცვლილება უარყო სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომლის თქმითაც, ჩინეთისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა "რეფერენდუმი, რომელშიც უმრავლესობა ჩინეთთან გაერთიანებას დაუჭერდა მხარს."
ტრამპის თქმით, მისი პრიორიტეტი ომის თავიდან აცილებაა, თუმცა მისი აზრით, ჩინეთისთვის არსებული ვითარება მისაღებია, თუ "ცხადია, ვინმე ტაივანში არ გადაწყვეტს გახდეს დამოუკიდებელი."
დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ჯონგნანჰაის კომპლექსის კარიბჭესთან (Photo by Evan Vucci / POOL / AFP)
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ჩინურ მხარეს "ჰქონდა განცდა, რომ შეერთებული შტატებს ესმით ჩინეთის პოზიცია ტაივანთან მიმართებით."
ვიზიტის დაწყებამდე არაერთი ანალიტიკოსი მიუთითებდა, რომ ამერიკის ოფიციალური ფორმულების ცვლილება ტაივანთან მიმართებით სი ძინპინის მთავარი ამოცანა იქნებოდა.
ტრამპის ვიზიტის შედეგად ოფიციალური ფორმულების ცვლილება ჯერჯერობით არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ ტაივანში მაინცდამაინც არ დაამშვიდებთ თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოყენებული ფორმულები. მით უფრო ჯო ბაიდენთან შედარებით, რომელმაც სამჯერ განაცხადა საჯაროდ, რომ დაიცავდა თვითმმართველ კუნძულს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში.
"ცარიელი" ერთიანობა ირანის საკითხზე
ეკონომიკური შეთანხმებების გარდა, ვაშინგტონისთვის ერთ-ერთ პრიორეტულ საკითხად ირანი მიიჩნეოდა, ადმინისტრაციას თეირანზე წნეხის გასაზრდელად ჩინეთის დაყოლიება სურდა, რომელიც ირანული ნავთობის 80%-ზე მეტს ყიდულობს.
ვიზიტის ფარგლებში არ ყოფილა ერთობლივი პრესკონფერენციები ან განცხადებები, ხოლო მხარეების მიერ გავრცელებული პრეს-რელიზები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა.
ამერიკული მხარის ცნობით, ჩინეთის პოზიცია თანხვედრაშია ამერიკის მიდგომასთან, რომ "ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და რომ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია უნდა აღდგეს." ამის შესახებ ისაუბრა თავად დონალდ ტრამპმაც, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის ლიდერისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.
საყურადღებოა, რომ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის მიმდინარეობისას ჩინეთმა სრუტეში 2 ჩინური ტანკერი გაატარა. ტრამპთან შეხვედრის შესახებ ჩინური მხარის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ირანის საკითხზე არაფერი იყო ნათქვამი გარდა იმისა, რომ ეს საკითხიც განიხილეს.
ჯერ კიდევ ტრამპის პეკინში ყოფნისას გავრცელდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც არ შეიცავდა კონკრეტულ მოწოდებებს ირანის მიმართ და რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო."
საკითხზე პეკინისგან საჯარო მხარდაჭერის ვერ მიღების მიუხედავად, უკანა გზაზე მყოფმა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ სი ძინპინთან შეხვედრაზე ირანული ნავთობის შესყიდვისთვის დასანქცირებული ჩინური კომპანიების საკითხზეც იმსჯელეს და რომ სანქციების გაუქმებას განიხილავს.
მარკო რუბიოს თქმით, ირანის საკითხზე ჩინეთის პოზიცია გასაგები იქნება იმის მიხედვით, თუ რა პოზიციას დაიკავებს პეკინი მომდევნო დღეებში გაეროში, ბაჰრეინის მიერ ინიცირებული რეზოლუციის შესახებ, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს და რომლის წინა ვერსიაც ჩინეთმა და რუსეთმა დაბლოკეს.
მოკრძალებული ეკონომიკური შეთანხმებები
ამერიკულ დელეგაციაში 20-მდე წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელის ყოფნის მიუხედავად, ვიზიტის ფარგლებში 2017 წლის მსგავსი მსხვილი ეკონომიკური შეთანხმებები არ გაფორმებულა.
ცნობილია, რომ ჩინეთი დათანხმდა Boeing-ის წარმოების 200 თვიმფრინავის შესყიდვას, რაც მოსალოდნელზე (500) ნაკლები აღმოჩნდა, რის შედეგადაც კომპანიის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 4%-ით შემცირდა.
ამერიკული მხარის ცნობით, ჩინეთი ასევე დათანხმდა ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვას.
ჩინეთის მიერ გავრცელებულ განცხადებებში თანხები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა გასულ დღეებში ჩინეთმა საექსპორტო ლიცენზია მიანიჭა ძროხის ხორცის 77 ამერიკულ საწარმოს. ლიცენზიები 5 წლით გაუხანგრძლივეს კიდევ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ 425 ამერიკულ კომპანიას.
მხარეები ასევე, შეთანხმდნენ სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოების შექმნის შესახებ, რომელთა მთავარი ამოცანა ურთიერთმომგებიანი სავაჭრო სფეროების განსაზღვრა და "სპეციფიკურ პროდუქციაზე" საბაჟო ტარიფების შემცირება იქნება.
ცნობილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარების უსაფრთხოების შესახებაც, თუმცა დეტალები, თუ რა ფორმატზეა საუბარი ამ დრომდე გაურკვეველია.
ასევე ბუნდოვანია დათანხმდება თუ არა ჩინეთი Nvidia-ს კომპიუტერული ჩიპების შეძენას, რომელზეც საექსპორტო კონტროლი ტრამპის ადმინისტრაციამ მოხსნა.
პრაქტიკულად არაფერი თქმულა იშვიათი მინერალების შესახებ, რომელიც მიმდინარე სავაჭრო ომში ჩინეთის ყველაზე ეფექტური იარაღი აღმოჩნდა.
ახალი ნორმალურობა
ვიზიტის მიმდინარეობისას არსებობდა განცდა, რომ ჩინურ მხარეს მკაფიოდ ჰქონდა განსაზღვრული მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევაც სურდათ, რაც შესაძლოა ასე არ ყოფილიყო ამერიკული დელეგაციის შემთხვევაში.
ტრამპის შერბილებული რიტორიკა ჩინეთის მიმართ ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მით უფრო მის პირველ საპრეზიდენტო ვადასთან შედარებით, რომელშიც "ქორები" დომინირებდნენ.
"სიმ მოახერხა ის რასაც მისმა წინამორბედებმა ათწლეულების განმავლობაში ვერ შეძლეს. პომპეზური ცერემონიების გამოყენებით პეკინმა მსოფლიოს მკაფიოდ დაანახა, რომ ჩინეთი და ამერიკა ორი დომინანტური და თანაბარი ძალის მქონე ქვეყნები არიან. ამის შეტრიალება შეუძლებელია"- წერს ჯულიან გევირტსი, რომელიც ბაიდენის პრეზიდენტობის წლებში უშიშროების საბჭოში ჩინეთის მიმართულებას კურირებდა.
არსებობს ვიზიტის და მისი შედეგების განსხვავებული ინტერპრეტაციაც. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროფესორის ჯესიკა ჩეინ ვეისის თქმით, პეკინში სტუმრობით ტრამპმა ჩინეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებში "ამოსუნთქვის სივრცე" გააჩინა, რაც ორივე მხარეს სჭირდებოდა.
"თუ კი ქორები ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს შეძლებენ არსებული ვითარების მიღებას, პარიტეტი შესაძლოა ქმედით, გრძელვადიან განმუხტვაში გადაიზარდოს. ტრამპის ვიზიტმა, ამის რეალური შანსი გააჩინა"- წერს ჯესიკა ჩენ ვეისი.
ცხადია, ვითარება შესაძლოა კვლავ ამერიკის სასარგებლოდ შეიცვალოს, მათ შორის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წლებშიც. მომავლის პროგნოზირება შეუძლებელია და შეცდომისგან არცერთი პოლიტიკური სისტემა არ არის დაზღვეული, განსაკუთრებით მაშინ თუ სათავეში 70 წელს გადაცილებული "უცვლელი ლიდერი" დგას, რომელიც მორჩილი თანაშემწეებით და ძველი დიდების აღდგენის იდეებითაა მოცული.
თუმცა, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიმდინარე შეჯიბრში დრო სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მუშაობს.