პასუხად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს „უფლებრივი სეგრაგაციაა“ და „ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია“.
მარტა კოსის განმარტებების თანახმად, საუბარია არა ვეტოს უფლების ნომინალურად შეზღუდვის ინიციატივაზე, არამედ ისეთი წესების მომზადებაზე, რაც ახალი წევრების შესაძლო დემოკრატიული უკუსვლის უარყოფითი ზეგავლენისგან დაიცავს ბლოკს.
„თუ ახალი წევრი სახელმწიფო წესებს დაიცავს, არაფერი მოხდება“, - განმარტა მარტა კოსმა.
რა თქვა მარტა კოსმა
2026 წლის 15 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად გახსნა გაწევრების მოლაპარაკებები კანდიდატებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს, ლუქსემბურგში ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ზომებს იღებს ევროკავშირი, რომ დარწმუნდეს, ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, ვეტოს გამოყენებით ვერ დაბლოკავენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.
„პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ვითარებამდე, რომ უკრაინასთან მოხდეს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება“, - თქვა მან.
„გაწევრიანების შეთანხმების გაფორმება“ არის ევროკავშირში ინტეგრაციის ბოლო ეტაპი, - კლასტერების „დახურვის“ შემდეგ, - ეტაპი, რომელსაც ამჟამად გადის მონტენეგრო.
„ამჟამად ჩვენ გაწევრიანების შეთანხმების გაფორმების ეტაპზე ვართ მონტენეგროსთან“, - განაცხადა მარტა კოსმა.
„ახლა რაც ვიცით, - და მონტენეგროსთან გაწევრიანების შეთანხმებას იმიტომ ვახსენებ, - რომ ეს იქნება გაწევრიანების შეთანხმებების ახალი თაობა, იმ აზრით, რომ ჩვენ გვექნება დამცავი მექანიზმები, რაც გაითვალისწინებს ზუსტად იმას, რაც თქვენ თქვით“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ეს დამცავი მექანიზმები, მისი თქმით, უზრუნველყოფს, რომ „ახალი წევრების მიღების შემდეგ ისინი ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან ხუთი, ათი თუ 15 წლის შემდეგ“.
„პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ერთა კავშირი“
შალვა პაპუაშვილი 16 ივნისს ასე გამოეხმაურა მარტა კოსის განცხადებას:
„ეს იმასაც გულისხმობს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება“.
„პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს“, - წერს პაპუაშვილი.
„ამგვარი ტენდენციები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს“, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს. მართლაც, ასეთი მიდგომა ხომ კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას - აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს“, - დაწერა პოლიტიკოსმა.
მისი ინტერპრეტაციით, „ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს“.
„ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია“, - წერს პარლამენტის სპიკერი.
შემდეგ მან კიდევ ერთხელ შეადარა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს და დაწერა, რომ „საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ“.
„თუ წესებს დაიცავს, არაფერი მოხდება“
მარტა კოსმა „პოლიტიკოსთან“ 15 ივნისსავე განმარტა, თუ რას გულისხმობს ახალი ინიციატივა.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირი ამუშავებს ძლიერ დამცავ მექანიზმებს, რათა მომავალმა წევრმა ქვეყნებმა გაწევრიანების შემდეგ ვერ შეძლონ რეფორმების გზაზე უკუსვლა ან ვეტოს გამოყენებით ევროკავშირის საქმიანობის შეფერხება.
„თუ ახალი წევრი სახელმწიფო წესებს დაიცავს, არაფერი მოხდება. მაგრამ თუ არ დაიცავს, მაშინ ეს დამცავი მექანიზმები ძალიან მკაცრად ამოქმედდება. სწორედ ასეთ სისტემას ვაშენებთ ახლა“, - განუცხადა მარტა კოსმა Politico-ს.
საუბარია ინიციატივებზე, რასაც ევროკომისია და წევრი ქვეყნები განიხილავენ, და არა მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მარტა კოსის თქმით, ევროკომისიას აქვს რამდენიმე იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს არსებული სისტემა.
მისი თქმითვე, ერთ-ერთი ვარიანტია სპეციალური დამცავი მექანიზმების შემოღება და გარდამავალი პერიოდების განსაზღვრა, რომლის განმავლობაშიც ახალ წევრებს ევროკავშირის ყველა უფლება დაუყოვნებლივ არ მიენიჭებათ.
მათ შორისაა ვეტოს უფლების ეტაპობრივი გადაცემის უფლება, - რასაც მეტწილად ევროკავშირის უნგრეთთან ურთიერთობის გამოცდილება განაპირობებს ექსპრემიერ ვიქტორ ორბანის მრავალწლიანი მმართველობის პირობებში.
რამდენიმე წევრი ქვეყანა, - მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, - დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ბლოკის გაფართოებას თან უნდა ახლდეს გარანტიები, რათა კანდიდატმა ქვეყნებმა წევრობის შემდეგ დემოკრატიული რეფორმები არ შეაჩერონ და უკუსვლა არ ჰქონდეთ, - როგორც უნგრეთის შემთხვევაში მოხდა, - და ევროკავშირის ძალთა ბალანსი არ დაარღვიონ.
„მეორე უნგრეთის“ თავიდან არიდება
ორბანის მმართველობის პერიოდში უნგრეთს არაერთხელ დაუბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რასაც დანარჩენი 26 წევრი ემხრობოდა, - მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე.
ამავე დროს, დემოკრატიული და სასამართლო სისტემის სტანდარტების დარღვევის გამო, ევროკავშირმა უნგრეთს 10 მილიარდ ევროზე მეტი დაფინანსება შეუჩერა.
ევროპელ დიპლომატებს მსგავსი პრობლემების განმეორების თავიდან აცილება სურთ.
ამავდროულად, ეს ინიციატივები გათვალისწინებულია, როგორც ევროკავშირის გაფართოების დაჩქარების ხელშემწყობი.
არის სხვა ინიციატივაც
არის სხვა ინიციატივაც, - რაზეც მაისში გერმანია ლაპარაკობდა. ეს განსხვავებულია იმისგან, რაზეც მარტა კოსი საუბრობდა.
კერძოდ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 2026 წლის მაისის შუა რიცხვებში მისწერა ევროკავშირის ლიდერებს, რომ მიიღო „ინოვაციური გადაწყვეტილებები“, რათა დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება - ამ შემთხვევაში, დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით.
წერილში მერცმა ისაუბრა უკრაინაზეც და ბლოკის გაფართოებას „გეოპოლიტიკური აუცილებლობა“ უწოდა.
იქვე მიუთითა, რომ „უკრაინის ასოცირებული წევრობა“ არის „გადამწყვეტი გზა უკრაინის სრული წევრობისაკენ“.
როგორც „გარდიანი“ განმარტავს, „ასოცირებული წევრობა“ გულისხმობს ევროკავშირის შეხვედრებში მონაწილეობას და ბლოკის ინსტიტუტებში წარმომადგენლობას - თუმცა ხმის მიცემის უფლების გარეშე.
გერმანიის წინადადება, მერცის თანახმად, „ასახავს უკრაინის კონკრეტულ სიტუაციას, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისას“ და „ხელს შეუწყობს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს“.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იდეა საჯაროდ დაიწუნა:
„უკრაინის ადგილი ევროკავშირშიც უნდა იყოს სრულყოფილი - სრული და თანასწორი“, - დაწერა მან სოციალურ მედიაში მერცის წერილის გამოქვეყნების შემდეგ.
ევროკომისარმა მარტა კოსმა კი 15 ივნისს ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა, - ახალი წესების მიუხედავად, რაზეც მუშაობენ, - არ იგულისხმებს „მეორეხარისხოვან წევრობას“ ან „ასოცირებულის სტატუსს“.
„სრული წევრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას; არ არსებობს წევრობის ნახევარი ან მეოთხედი. არსებობს მხოლოდ სრული წევრობა“, - განაცხადა მან.
უკრაინა-მოლდოვის მოლაპარაკებები გაიხსნა
ასევე ნახეთ
დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან ხსნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველ კლასტერს2026 წლის 15 ივნისს ლუქსემბურგში ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა ევროკავშირი-უკრაინისა და ევროკავშირი-მოლდოვის მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელზეც ამ ორ ქვეყანასთან ოფიციალურად გაიხსნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი - ევროკავშირში გაწევრიანების „ხერხემალი“.
გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნაზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა (ელჩებმა) მიიღეს 12 ივნისს და ის შეფასდა „წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად“.
ამ ერთსულოვნების მიღწევა შესაძლებელი გახდა უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში პეტერ მადიარის მოსვლითა და ევროკავშირის გაფართოებაზე ამ ქვეყნის პოზიციის ცვლილებით.