„ვეფხ(ვ)ისტყაოსანი“ და ეროვნული ყდები - როგორ აალაპარაკა სახელმძღვანელოების ინიციატივამ საზოგადოება

ილუსტრირებული ფოტო - გამოსახულების რედაქტირებისას გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი.

ქართული ღვინის დაწურვა ქიმიის სახელმძღვანელოს გარეკანზე, ელგუჯა მეძმარიაშვილის კოსმოსური ობიექტი ფიზიკის წიგნზე, ქართული მარცვლეულის ხუთი თავთავი ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი კი ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნის ყდაზე...

ეს იმ ცვლილებების ნაწილია, რომლებსაც განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გეგმავს. მიზანი - სასწავლო პროცესში „ეროვნული ღირებულებების“ მეტი ინტეგრირება.

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, „ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება ერთსა და იმავე საფეხურსა და საგანში როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში".

ეს ცვლილებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაწყებული ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და ეყრდნობა 2024 წელს დამტკიცებულ „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს“. ახალი დოკუმენტი ანაცვლებს 2004 წლის კონცეფციას, რომელსაც მიქანაძე უწოდებს „ლიბერალური ღირებულებებით გაჯერებულს".

განათლების სამინისტროს ამ ინიციატივას საზოგადოებაში წინააღმდეგობრივი შეფასებები მოჰყვა.

რადიო თავისუფლებამ გადახედა ამ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებრივ რეაქციებს - და მოისმინა მოსაზრებები განათლების ექსპერტებისა და მკვლევრებისა, რომლებიც ამბობენ, რომ საკითხი სცდება სახელმძღვანელოების გარეკანებს.

„ყალბი ნარატივი“ - როგორ აფასებენ განათლების ექსპერტები მინისტრის ინიციატივას?

რადიო თავისუფლებასთან საუბარში განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, რომელიც ასევე ოპოზიციური პარტიის, „თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი დამფუძნებელია, ყურადღებას ამახვილებს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, ბევრად უფრო სისტემური და კომპლექსურია, ვიდრე სახელმძღვანელოების გარეკანებზე მიმდინარე დისკუსია.

სიმონ ჯანაშია

მისი თქმით, სისტემა ნელა ვითარდება და რესურსები ხშირად მეორეხარისხოვანი საკითხების მოგვარებაზე იხარჯება, მაშინ როცა ფუნდამენტური პრობლემები წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება. ნელი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი კი, ექსპერტის შეფასებით, „პარტიის ინტერესებზე სისტემის დამორჩილებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ სისტემაში ინარჩუნებენ ადამიანებს პარტიული ლოიალობის მიხედვით და პირიქით - დევნიან იმ ხალხს, ვინც შეიძლება კრიტიკულად იყოს განწყობილი მმართველი პარტიის მიმართ".

ექსპერტი ყურადღებას უთანასწორობაზეც ამახვილებს - მისი თქმით, განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც აისახება როგორც მოსწავლეების შედეგებზე ეროვნულ გამოცდებში, ისე მასწავლებლების პროფესიულ კომპეტენციაზეც.

მისივე შეფასებით, სკოლა ვერ ეხმარება სოციალურად მოწყვლად მოსწავლეებს - მათ შორის ვერც იმ ბავშვებს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ ან მშობლები საზღვარგარეთ ჰყავთ. „სკოლა არაფრით არ ეხმარება, რომ ეს პრობლემები დაძლიონ, არ ეხმარება იმაში, რომ სოციალური კიბის მეშვეობით გამოვიდნენ ამ სიღარიბიდან, რომ განათლების მიღების გზით უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ".

სიმონ ჯანაშია ეხება სასკოლო კვების პროგრამის საჭიროებასაც, რომელიც არაერთი დაპირების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სკოლებში არ დანერგა - „როდესაც სახლში არ ხვდებათ ბავშვებს სათანადო პირობები და ამის გამო ისე ვერ სწავლობენ სკოლაში და სკოლაშიც არ არის არანაირი მხარდაჭერა, მათ შორის კვების მხრივ, ეს პრობლემაა".

„სკოლების ნაწილში ბავშვებს აქვთ ნახევარსაათიანი ან 35-წუთიანი გაკვეთილები. რა წიგნის გარეკანი უშველის ახლა იმ 35-წუთიან გაკვეთილს? რა უნდა ისწავლოს ბავშვმა? თან ეს ხდება ხანდახან ქალაქის სკოლებში, სადაც შეიძლება 30-35 ბავშვი იჯდეს გაკვეთილზე".

ასევე ნახეთ

სასკოლო კვება, ფორმები, სტუდენტების დაკავება, ახალი სახელმძღვანელოები - განათლების მინისტრის პასუხები ინტერპელაციაზე

სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ის, რასაც „ქართული ოცნება“ ახლა აკეთებს, ძალიან ჰგავს საბჭოთა მოდელს, რომელიც მტრის ხატზეა დაფუძნებული. „ძალაუფლების შესანარჩუნებლად უნდა თქვა, რომ ჩვენ გარშემორტყმულები ვართ მტრებით და უნდა დავიცვათ თავი. მერე გთავაზობენ ამ ტრადიციებისთვის ბრძოლას, რისთვისაც მნიშვნელოვანია რაღაც ყალბი პათეტიკა, რელიგია, რაღაც ნაციონალისტური ტექსტები“, - მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში ასევე ჩამოყალიბდა მოდელი, რომლის მიხედვითაც, გარეგნულად ყველაფერი ეროვნულ ფორმას ინარჩუნებდა, თუმცა შინაარსობრივად მთლიანად პროლეტარულ იდეოლოგიას ემსახურებოდა და სწორედ ამ გზით უნდა მიეღწიათ სოციალიზმისთვის. „დაახლოებით იგივე რაღაცაზეა ლაპარაკი, რომ ახლა ფორმა უნდა გვქონდეს ეროვნული და შინაარსი უნდა გვქონდეს „ქართული ოცნების“ სასარგებლო და ასე მივალთ საქართველოს გაბრწყინებამდე, მშვიდობამდე და სუვერენიტეტის შენარჩუნებამდე. ამ ყველაფრის ეროვნული ფორმა ვერ ექნება უბრალოდ, ეს შეუძლებელია".

ექსპერტი ამბობს იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, „ახალი თაობა გამოზარდოს, რომელიც იქნება მათი დასაყრდენი". მისი შეფასებით, ამასვე მოწმობს ბოლო დროს ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩამოყალიბება და მათი აქტუალურობის გაზრდა.

„განათლება თუ გაიგივდა პროპაგანდასთან, ეგ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ კარგავს ეთიკურ და მორალურ განზომილებას“.

სიმონ ჯანაშიას აზრს იზიარებს განათლების კიდევ ერთი სპეციალისტი, მოძრაობის, „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი გოტა ჭანტურიაც, რომელიც რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „უხერხულია, როცა სისტემა დანგრეულია, ფიზიკური ინფრასტრუქტურა განადგურებულია, სკოლებში ჰიგიენური ნორმები დარღვეულია, ბავშვები შიმშილობენ და ჩვენ გარეკანებზე ვსაუბრობთ“. მისი თქმით, ეს და სხვა პრობლემები და სახელმწიფოს მხრიდან ნულოვანი რეაგირება კარგად აჩვენებს, რომ „ბავშვის განვითარება, კვება და ჯანმრთელობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არ არის“.

ასევე ნახეთ

რას ჰპირდებიან მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს საარჩევნოდ - სანდოა თუ არა ეს გეგმები

„ეს არის ყალბი ნარატივი - ვითომ პატრიოტიზმისა და ეროვნულობის განვითარება. იგივე რიტორიკას ვხედავთ დიდ პოლიტიკაში „სუვერენიტეტის“ შესახებ. თითქოს ეროვნულობა წიგნის ყდაზე რაღაცის დატანაა, მაშინ, როცა სასკოლო კვებას არ ნერგავ. ეს არის ფარსი და ფასადური ცვლილება“, - ამბობს გოტა ჭანტურია. მისი აზრით,

გოტა ჭანტურია

„თუ აქამდე სისტემა უბრალოდ მიტოვებული იყო, ახლა მიზანმიმართული შეტევაა აზრის კონტროლისთვის. იგივე მიზანს ემსახურება „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპიც“ - თვითონ გააკონტროლებენ ვინ რას დაწერს და ყდაზე რა იქნება გამოსახული".

რას ამბობს გივი მიქანაძე?

„ეროვნული კომპონენტები მაქსიმალურად შემოგვაქვს სასწავლო პროცესში და მთლიანად გადაწყობა ხდება სახელმძღვანელოს პრინციპის, მისი მიზნების და დამერწმუნეთ, რომ ჩვენ რამდენიმე წელიწადში ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, სასურველ შედეგს მივიღებთ, რომლითაც გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობები იზრდებოდნენ“, - თქვა გივი მიქანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

გივი მიქანაძე

მინისტრმა ასევე ისაუბრა რეფორმის ფარგლებში მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა საჯარო სკოლაში ერთსა და იმავე საგანში იქნება საერთო სახელმძღვანელოები. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს მხოლოდ გამომცემლებმა, თუმცა ხელისუფლების „მთავარი ინტერესია, რას ფიქრობს საზოგადოება, ხალხის აზრი არის მნიშვნელოვანი". მიქანაძის თქმით, მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრებისას აღმოაჩინეს, რომ ყველა უკმაყოფილოა სახელმძღვანელოებით და „განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმ შემთხვევაში, თუკი ხედავს, რომ ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში იგივე საგანში, იგივე საფეხურზე აბსოლუტურად სხვა სახელმძღვანელო ხვდება სხვა მეთოდოლოგიით, რაც იწვევს ბავშვში დაბნეულობას და მისი სწავლის შედეგიანობა ძალიან მცირდება“.

ასევე ნახეთ

სკოლა სმარტფონების გარეშე - დაბნეული მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები სრულად ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტს, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ღირებულებითი ნაწილი. „ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი გახდა ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად პრიორიტეტიზაცია სასწავლო პროცესში. ეს 2004 წელს მიღებულ ანალოგიურ დოკუმენტში ასე არ იყო, აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი იყო ეროვნული ღირებულებები და სხვა ღირებულებები იყო წინ წამოწეული, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებს უპირისპირდება ხშირ შემთხვევაში.“

რეაქციები სოციალურ ქსელებში

სოციალური ქსელებში მოქალაქეების რეაქციები განათლების სამინისტროს ინიციატივაზე არაერთგვაროვანი აღმოჩნდა - ნაწილი, კრიტიკულად განწყობილი ექსპერტების მსგავსად, ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ პრობლემები უფრო სერიოზულია და სახელმძღვანელოების გარეკანზე „ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალის" დატანა ამას ვერ მოაგვარებს, ნაწილი კი ინიციატივას დადებითად აფასებს და ეროვნული ღირებულებების გაძლიერების მცდელობად მიიჩნევს. ამ ფონზე სოციალურ ქსელებში იუმორისტული პოსტებიც ვრცელდება - მომხმარებლები ცვლილებებს ირონიულად ეხმაურებიან და საკუთარ „ალტერნატიულ“ ვერსიებსაც აზიარებენ.

„წიგნის კონცეფციის აგება ყდის დიზაინით რომ იწყება, იქ უკვე ყველაფერი ცხადი, ნათქვამი და სევდიანია…“ - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

„მთავარი ყოფილა, რა იქნება ყდაზე. მთავარია შეძლებენ თუ არა ჩვენი შვილები სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო უნივერსიტეტებში. აი ესაა მთავარი...“

„თუ სასკოლო სწავლებიდან ამოღებულია უმნიშვნელოვანესი მასალა, რომელიც მოსწავლის ეროვნულ-პატრიოტულ ცნობიერებას აყალიბებს, რა მნიშვნელობა აქვს, ყდაზე რა იქნება დახატული!!!“

30 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გივი მიქანაძის ნათქვამი ფრაზა - „ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალური ინტეგრირება სასწავლო პროცესში - წიგნების კონცეფცია სრულიად იცვლება, ყდებზე იქნება დატანილი ეროვნული ღირებულებების მატარებელი სიმბოლოები“ - გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს სოციალურ ქსელშიც, სადაც მოქალაქეების უმეტესობა დადებითად აფასებს მინისტრის ამ ინიციატივას.

„კარგია, ასევე შეტანილი იქნას და ისწავლებოდეს ყველა ეროვნული ღირებულების მატარებელი ნაწარმოებები. ასე იზრდებოდა და უნდა გაიზარდოს მომავალი ჯანსაღი თაობა…“

„მისასალმებელია“ „კარგია! რაც კარგია, იმას არავინ დაგიკარგავთ!“ - წერენ მომხმარებლები.

მაყურებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა გივი მიქანაძის ზედმეტთანხმოვნიანი „ვეფხვისტყაოსანი“, რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ნაცვლად.

მომხმარებლების ნაწილი ამ შეცდომას ირონიულად გამოეხმაურა. მათ შორის ერთ-ერთ კომენტარში ვკითხულობთ: „იქნებ რუსთაველს შეეშალა, აბა მიქანაძეს ხომ არ შეეშლებოდა“.