„ისიც შეიძლება რთული იყოს“ - ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც ვიქტორ ორბანი დაამარცხა?

პეტერ მადიარი

ჯერ კიდევ სამი წლის წინ, პეტერ მადიარს უნგრეთში ბევრი არ იცნობდა, ის წარსულში ორბანის პარტია „ფიდესის“ ერთ-ერთი რიგითი წევრი იყო. თუმცა სწორედ მისმა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ დაამარცხა „ფიდესი“ - 16 წლის განმავლობაში უნგრეთის სათავეში მყოფი მმართველი პოლიტიკური ძალა.

12 აპრილს, კვირას, საპარლამენტო არჩევნების დღის ბოლოს, ევროპაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უახლოესმა მოკავშირემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უბნების დახურვის შემდეგ მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას დამარცხება აღიარა და პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა.

პეტერ მადიარი (ცენტრში). ბუდაპეშტი, 12 აპრილი, 2026.

2025 წლის ოქტომბერში რადიო თავისუფლების უნგრული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მადიარი ამბობდა:

„ნახევარ წელიწადში სხვა ქვეყანაში გავიღვიძებთო“.

ვინ დაამარცხა ორბანი?

პეტერ მადიარზე თხრობას მსოფლიო მედია ხშირად იწყებს ერთი პასაჟით უნგრეთის ახალი ლიდერის ბიოგრაფიიდან - ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მადიარს ბუდაპეშტში, საკუთარი ოთახის კედელზე მაშინ ახალგაზრდა უნგრელი პოლიტიკოსის, ვიქტორ ორბანის პორტრეტი ჰქონდა გაკრული.

მადიარი აღფრთოვანებული იყო ახალგაზრდა ორბანით, რომელმაც პოლიტიკური კარიერა, კომუნიზმის დაცემის პერიოდში, 1989 წელს დაიწყო თავისი ცნობილი პოლიტიკური ლოზუნგით „Ruszkik haza!“ („რუსებო, წადით!“) და მოითხოვა უნგრეთიდან ოკუპანტი საბჭოთა ჯარების გაყვანა, სადაც ისინი 1956 წლის დემოკრატიული უნგრეთის რევოლუციის სასტიკი ჩახშობის დროს შევიდნენ და დარჩნენ.

პროევროპული კონსერვატიული პარტიის, ,,ტისას" მხარდამჭერები არჩევნების ღამეს ზეიმობენ მდინარე დუნაის ნაპირებზე, ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის ფონზე.

1991 წელს საბჭოთა ჯარი, რომელსაც უნგრელები „რუსულს“ უწოდებდნენ, უნგრეთს მართლაც დატოვებს. აღარც სსრკ იქნება უნგრეთის მეზობელი, რადგან მათ შორის გაჩნდება დამოუკიდებელი უკრაინა, ხოლო უნგრეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ახალი უკრაინის დედაქალაქში საელჩოს გახსნის.

„იმ პერიოდში რეჟიმის ცვლილების გარშემო ისეთ ენერგიას ვგრძნობდით, ეს ძალიან მხიბლავდა“, - გაიხსენებს წლების მერე პეტერ მადიარი, რომელიც თავის ყოფილ „კერპს“ პოლიტიკურ ბრძოლას მოუგებს.

თუმცა მანამდე წლები იქნება ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი, ბოლოს კი მას კორუფციაში ამხელს.

მადიარი ხელს ართმევს ორბანს ევროპარლამენტში, ევროკავშირში უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პრეზენტაციის დროს. სტრასბურგი, 2024 წლის 9 ოქტომბერი.

ელიტურ ოჯახში

„კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი, მოდურად ჩაცმული“ - წერს მედია 45 წლის პეტერ მადიარზე (რომლის გვარიც ნიშნავს „უნგრელს“), რომელიც 1981 წელს, იურისტების ოჯახში დაიბადა. პროფესიით თავადაც იურისტია.

მის ნათესავებს შორის არიან იურისტები და მოსამართლეები, მისი ბაბუა უნგრეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. ფერენც მადლი კი, რომელიც უნგრეთის პრეზიდენტი იყო 2000-2005 წლებში, ორბანის პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადის პერიოდში, მისი ნათლიაა.

მადიარმა ბუდაპეშტის ცენტრში, ელიტური სკოლა დაამთავრა. როგორც მოგვიანებით მადიარი BBC-ის კორესპონდენტ ნიკ ტორპთან ინტერვიუში იხსენებდა, სწორედ აქ შეხვდა პირველად ვიქტორ ორბანს.

1996 ან 1997 წლებში სწრაფად მზარდი „ფიდესის“ პარტიის ლიდერი მადიარის სკოლას ეწვია და მოსწავლეებს მიმართა. თავად პეტერმა ორბანს თურმე კითხვაც დაუსვა, აინტერესებდა, ცოტა ხნის წინ ლიბერალ პოლიტიკოსად ცნობილი ორბანი, რატომ გადაიხარა ასე თვალსაჩინოდ „მემარჯვენეობისკენ“.

პეტერ მადიარი, ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, ხმას აძლევს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ბუდაპეშტში, უნგრეთი, 2026 წლის 12 აპრილი.

ორბანს მისთვის ჩერჩილის სიტყვებით უპასუხია: ნორმალურია, ახალგაზრდობაში მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებები გქონდეს და ზრდასრულ ასაკში კონსერვატორი გახდეო.

მოგვიანებით, მადიარი ორბანის პარტია „ფიდესს“ შეუერთდება.

პეტერ მადიარი ჯერ ბრიუსელში მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი სახელმწიფო ბანკში ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და სტუდენტური სესხების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

პეტერ მადიარს სამი ვაჟი ჰყავს. 2023 წლიდან ის ცოლთან განქორწინებულია. თავის თავს რელიგიური შეხედულებების ადამიანად აღწერს. უყვარს საჭმლის მომზადება და მეგობრებთან და შვილებთან ფეხბურთის თამაში.

როდესაც წლების შემდეგ მას ჰკითხეს, როგორ შეცვალა ის პოლიტიკამ ასეთ მოკლე დროში, იმ კრიტიკის გათვალისწინებით, რაც მის მიმართ ხშირად ისმის, რომ ის ხასიათით ზედმეტად ემოციური და ფიცხია, მან თქვა: „ახლა უკვე ათამდე ვითვლი“.

პეტერ მადიარი უნგრეთის დროშას მაღლა სწევს და ზეიმობს მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ მადიარის მიმართ დამოკიდებულება მისით აღფრთოვანებასა და ანტიპათიას შორის მერყეობს. ბევრი აქებს მის მიერ შექმნილ მოძრაობას თუმცა ამასთანავე აღწერენ მას, როგორც "ჭირვეულ" და ზოგჯერ „უხეში სტილის“ მქონე ადამიანს.

„ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსის მსგავსად, ისიც შეიძლება რთული ადამიანი იყოს“, - თქვა ტამაშ ტოპოლანსკიმ, კინორეჟისორმა, რომელიც იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც ბოლო 18 თვე გაატარა მადიარის თვალყურის დევნებაში, უნგრეთის საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ფილმზე მუშაობისას.

მადიარის მხარდამჭერები ხშირად ადარებენ თავიანთ კერპს „გაზაფხულის ქარს“ (''BBC"), რომელიც გაფანტავს „ნისლს ჭაობის თავზე“, ხოლო სკეპტიკოსები „მადიარის სექტის“ ბრმა ფანატიზმზე საუბრობენ და მას ახალბედასა და დენდის, ან უნგრეთის ამჟამინდელი ლიდერის „ახალგაზრდა, უფრო დახვეწილ“ ვერსიას უწოდებენ.

მხარდამჭერების რეაქცია, რომლებიც ელოდებიან ოპოზიციური პარტიის „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს, საპარლამენტო არჩევნების ნაწილობრივი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბუდაპეშტში, 2026 წლის 12 აპრილი.

"შეწყალების სკანდალი" და მადიარის არანაკლებ სკანდალური ინტერვიუ

პეტერ მადიარი ყურადღების ცენტრში 2024 წელს მოექცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ორბანის მთავრობამ, რომლის პროპაგანდაც წლების განმავლობაში „ქრისტიანი ოჯახებისა და ბავშვების დაცვას“ ეფუძნებოდა, შეიწყალა ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე ენდრე კონია, რომელიც მსჯავრდებული იყო ბავშვთა სახლში სექსუალური ძალადობის სკანდალის დაფარვის დახმარებაში.

თავდაპირველად, მთავრობამ სკანდალის დაფარვა სცადა, მაგრამ მედიაში კრიტიკული რეპორტაჟების სერიის და პრეზიდენტის სასახლის წინ გამართული პროტესტის შემდეგ, უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი თანამდებობიდან გადადგა.

იუსტიციის მინისტრის პოსტი დატოვა იუდიტ ვარგამაც, მადიარის ყოფილმა მეუღლემ, იმ დროისთვის წყვილი უკვე დაშორებული იყო.

იუდიტ ვარგა

პრეზიდენტმა ნოვაკმა, იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის, ვარგას კონტრასიგნაციით შეიწყალა მსჯავრდებული თანამდებობის პირი, რომელიც პედოფილი დამნაშავის, ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის, ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

ამ ამბიდან მალევე მადიარმა ჯერ ფეისბუქზე გამოაქვეყნა კრიტიკული პოსტი, მერე კი, 2024 წლის თებერვალში, უნგრეთის YouTube არხს, „პარტიზანს“ მისცა ვიდეოინტერვიუ, რომელშიც ორბანი და მისი მოკავშირეები „შეწყალების სკანდალში“ „ქალის კალთებს მიღმა დამალვაში“ დაადანაშაულა.

ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, „რამდენიმე ოჯახი ფლობს ქვეყნის ნახევარსო“.

ინტერვიუ მილიონობით უნგრელმა ნახა.

„ამ ინტერვიუს შემდგომი პირველი ორი კვირა საშინელი იყო, რადგან ყველაფერი დავკარგე, უბრალოდ ყველაფერი შევწყვიტე ჩემს ცხოვრებაში... ეს ძალიან ნეგატიური პერიოდი იყო. თუმცა მხოლოდ ორი კვირა გაგრძელდა. „შემდეგ სხვა ისტორია დაიწყო“, - იხსენებდა მოგვიანებით მადიარი.

როგორც მსოფლიო მედია წერდა, ორბანის ბანაკიდან ის პირველი ადამიანი გახდა, ვინც რეჟიმს „შიგნიდან შეუტია“ და მაღალი ინფლაციისა და ცხოვრების ხარჯების კრიზისის ფონზე, ათიათასობით იმედგაცრუებულ ამომრჩეველს მაშინვე ესაუბრა.

პეტერ მადიარი მიესალმება მხარდამჭერებს ბუდაპეშტში გამართულ მიტინგზე. 2025 წლის 15 მარტი.

იმ წელს, 15 მარტს, ეროვნულ დღესასწაულზე, მადიარის მიტინგზე მეტი ადამიანი (დაახლოებით 50 000) შეიკრიბა, ვიდრე ორბანის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ ცენტრალურ ხსენების ღონისძიებაზე.

ამ დროს მადიარი უკვე ახალ პარტიასა და ახალ მთავრობაზე საუბრობდა, რითაც მიანიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა.

იმავე წელს მადიარი შეუერთდა პარტია „ტისას“ და ძალიან მალე მისი ლიდერიც გახდა.

ძალადობის ბრალდებები

მადიარი აცხადებდა, ის და იუდიტ ვარგა ნაწილობრივ პოლიტიკური უთანხმოების გამო დაშორდნენ.

ვარგამ ის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა - მადიარმა მისი ბრალდებები ორბანის გარემოცვის მიერ ორგანიზებულ „პროპაგანდად“ შეაფასა (სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია).

2023 წლის იანვარში, განქორწინებამდე ორი თვით ადრე, მადიარმა ფარულად ჩაიწერა მათი ერთ-ერთი საუბარი, რომლის დროსაც ვარგა იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორ იყვნენ ჩარეული მთავრობის წარმომადგენლები კორუფციულ სქემაში.

იუდიტ ვარგა ქალთა კალათბურთის გუნდს უნგრეთის თასის მოგებას ულოცავს, 2022 წლის 25 თებერვალი.

2024 წლის მარტის ბოლოს, პეტერ მადიარმა ეს ჩანაწერი გამოაქვეყნა.

ჩანაწერმა ორბანის ოპონენტებს დამატებითი მტკიცებულება მისცა იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ აშენებული მმართველობის სისტემა ფუნდამენტურად არასწორი იყო.

სწორედ ამ ჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე, იუდიტ ვარგამ განაცხადა, რომ მისი ყოფილი ქმარი მას ერთი წლის განმავლობაში აშანტაჟებდა მათი საუბრის საჯაროდ გამოქვეყნებით.

„მან ეს ჩანაწერი... პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა. ასეთი ადამიანი ნდობას არ იმსახურებს... ეს გააკეთა კაცმა, რომელსაც სამი ვაჟი გავუჩინე... რომელსაც სიყვარულით და იმედით მივეცი უამრავი შანსი, რომ თავიდან დაეწყო [ყველაფერი] ძალადობრივი ურთიერთობების საშინელი წლების განმავლობაში“, - დაწერა მან ფეისბუკზე.

სკანდალის აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ, პეტერ მადიარმა ვარგას ბრალდებებს უპასუხა და თქვა, რომ მას „არასდროს აუწევია ხელი მისი შვილების დედის წინააღმდეგ“.

როცა ამ საკითხზე კომენტარი ორბანსაც სთხოვეს, მან უპასუხა, „მე სახელმწიფოს მმართველობით ვარ დაკავებული და არა სერიალებითო“.

„ტისა“ - მოულოდნელად გაჩენილი პოლიტიკური ალტერნატივა

ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი უნგრეთის პოლიტიკაში (TISZA ნიშნავს „პატივისცემასა და თავისუფლებას“. ამ სახელისაა უნგრეთის ერთ-ერთი მთავარი მდინარეც) - მისი შექმნიდან ოთხი თვის შემდეგ, 2024 წლის ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებში, მან ამომრჩეველთა ხმების 30 პროცენტი მიიღო და ამ შედეგით მხოლოდ „ფიდესს“ ჩამორჩა. მადიარი ევროპარლამენტის წევრი გახდა.

მოულოდნელად, ორბანის მმართველობით დაღლილ უნგრელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰყავდათ სანდო ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკური ალტერნატივა გაუჩნდათ.

ოპოზიციის მიტინგი ბუდაპეშტში 23 ოქტომბერს, 1956 წლის რევოლუციის 69-ე წლისთავზე.

ორბანის წლევანდელი საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკასა და მსოფლიო ლიდერებთან მის ურთიერთობებს ეხებოდა. მადიარის საარჩევნო კამპანია კი მკაცრად იყო ორიენტირებული შიდა საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა და კორუფცია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, მან უნგრეთის თითქმის ყველა ქალაქი და დაბა მოიარა, სადაც თავისი გამოსვლების შემდეგ საათობით რჩებოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად.

2025 წლის მაისში მან ბუდაპეშტიდან რუმინეთის ქალაქ ორადეამდე 250 კმ გაიარა ფეხით, რათა მოეპოვებინა მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები უნგრელი უმცირესობების მხარდაჭერა, რომლებიც ძირითადად „ფიდესს“ უჭერდნენ მხარს.

მისი საარჩევნო კამპანია დიდწილად განაპირობა კორუფციის, განსაკუთრებით ევროკავშირის დაფინანსების მილიარდობით ევროს ბოროტად გამოყენების გამო საზოგადოების ფართოდ გავრცელებულმა აღშფოთებამ და უნგრეთის ეკონომიკური ზრდის ტემპით შეშფოთებამ.

კაცი უნგრეთის დროშებს აფრიალებს, მდინარე დუნაის გადაღმა, საპარლამენტო არჩევნების დღეს. ბუდაპეშტი. 2026 წლის 12 აპრილი

მან პირობა დადო ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რომელმაც უნგრეთისთვის განვითარების დაფინანსება შეაჩერა იმის მტკიცების ფონზე, რომ ბატონმა ორბანმა დემოკრატიული ინსტიტუტები შეარყია.

მადიარი ასევე ფოკუსირებული იყო მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უნგრეთის დანგრეული ჯანდაცვის სისტემა.

თებერვალში მადიარმა თქვა, რომ „ფიდესი“ მის დაშანტაჟებას ცდილობდა მადიარის პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარულად ჩაწერილი ვიდეოს გამოქვეყნებით.

„დიახ, მე 45 წლის მამაკაცი ვარ; მაქვს სექსუალური ცხოვრება. ზრდასრულ პარტნიორთან“, - თქვა „ტისას“ ლიდერმა.

თუმცა ამ დრომდე ეს ვიდეოკადრები არ გავრცელებულა.

მადიარი და ორბანი: ომზე, რუსეთზე, ევროპასთან ურთიერთობებზე

პეტერ მადიარი ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, არ მიიჩნევს, რომ უკრაინაში „სხვისი ომია“ ან რომ თითქოს რთულია გაარკვიო, „ვინ არის მართალი“.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, მადიარი კიევში 2024 წლის ივლისში იყო ჩასული, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტი“ დაბომბა. მადიარმა მაშინ უკრაინაში მისი პარტიის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.

„რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავისი ტერიტორია“, - თქვა მაშინ კიევში მყოფმა უნგრელმა პოლიტიკოსმა.

მაშინ მადიარმა ასევე განაცხადა, რომ ამ ვიზიტით მან „უკრაინელ ძმებსა და უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს“ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ უნგრეთის იმედი ჰქონდეთ.

პეტრე მადიარი კიევში, ომის დროს დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის კედელთან ახლოს. 2024 წლის ივლისი.

მადიარი ცნობილია ვიქტორ ორბანის კრიტიკით მისი ხშირი შეხვედრების გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ამ ვიზიტებს ის უწოდებდა „ერთი დიქტატორის ვიზიტებს მეორე დიქტატორთან“.

ანალიტიკოსების ვარაუდით, მადიარმა, შესაძლოა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 2026–2027 წლებისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს დახმარების „გათავისუფლება“ მოახერხოს, რომელსაც ორბანმა ვეტო დაადო.

2025 წლის ზაფხულში, ერთ-ერთ უნგრულ ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთის ადგილი „იყო, არის და იქნება ევროპაში“.

ორბანმა კი თავისი საარჩევნო კამპანია ააგო ევროკავშირის მკაცრ კრიტიკაზე და თავს წარმოაჩენდა როგორც „უნგრული სუვერენიტეტის დამცველს“ „ბრიუსელის დიქტატის“ წინააღმდეგ.

ვარაუდობენ, რომ მადიარი სწრაფად მოხსნის უნგრეთის ვეტოს ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო ამ წლის თებერვალში.

როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის საკითხში მადიარს არ აქვს თავისი წინამორბედის მსგავსად სენტიმენტალური დამოკიდებულება კრემლის მიმართ. მას სურს უნგრეთის პროდასავლური ორიენტაციის აღდგენა, მაგრამ ასევე მოსკოვთან „პრაგმატული ურთიერთობების“ ჩამოყალიბება.

პიტერ მადიარი გამოდის საპროტესტო აქციაზე ბუდაპეშტში, პარლამენტის მახლობლად, ეროვნული მოწამეთა ძეგლთან, 2024 წლის 26 მარტს.

ყველა ელოდა რას იტყოდა მადიარი გასულ წელს ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობის აკრძალვაზე, მით უმეტეს, რომ ორბანის წლების განმავლობაში ცდილობდა ლგბტქ მოძრაობის დემონიზაციას.

მადიარმა თავის ფრთხილ განცხადებაში თავი აარიდა მოძრაობის სახელით ხსენებას და თქვა, რომ ორბანის მთავრობა მიზნად ისახავდა „შიშის დათესვას და ჩვენს გაყოფას“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთს სჭირდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც „დაიცავდა და წარმოადგენდა ყველა უნგრელს“.

მადიარის სხვადასხვა პოლიტიკურ ინიციატივას შორის არის ასევე პრემიერ-მინისტრის თანამდებობის ორი ვადით დაკავების უფლების შეზღუდვა - (ერთი ვადის ხანგრძლივობა ოთხი წელია), მაშინაც კი, თუ ერთი და იგივე პარტია ორჯერ მოიგებს არჩევნებს, პრემიერ-მინისტრი მაინც სხვა პირი უნდა იყოს.

საარჩევნო კამპანიის დროს მადიარმა გააძლიერა რიტორიკა მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები უნგრული დიასპორების დაცვის საჭიროებაზეც. მედიას არც ის გამორჩენია, რომ მის წინასაარჩევნო მიტინგებზე ძალიან ბევრი უნგრული დროშა ფრიალებდა.

12 აპრილს ბუდაპეშტში, გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პეტერ მადიარმა მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი პარტია უნგრეთს ევროკავშირის კურსს დაუბრუნებს.

ასევე ნახეთ

ბუდაპეშტში კიდევ ერთი მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა ცვლილებების მოთხოვნით

ასევე ნახეთ

უნგრეთის არჩევნების მოლოდინში: პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს კიევში, მოსკოვსა და მის ფარგლებს გარეთ