„სხვა ხალხი“ - ვის და რატომ ეწყინა პატრიარქის ეს სიტყვები?

ფოტომონტაჟი - რა იქადაგა ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ 17 მაისს?

17 მაისს, „ოჯახის სიწმინდის დღეზე“, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ნათქვამმა სიტყვებმა, რომ ქვეყანაში „სხვა ხალხები“ გამრავლდებიან და ქართველებს რიცხობრივად გადააჭარბებენ, არაერთი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი გაანაწყენა.

„თავი მეორეხარისხოვნად ვიგრძენი", „თითქოს ამ ქვეყანაში ჩემი ადგილი არ არის“, „ანუ, საჭირო აღარ ვართ?“ - წერდნენ ისინი სოციალურ ქსელებში გულდაწყვეტით.

ვინ არის ეს „სხვა ხალხი“? ვინ იგულისხმა „სხვებში“ საქართველოს ახლადგამორჩეულმა პატრიარქმა და რატომ ფიქრობს, რომ მათი სიმრავლე საფრთხის შემცველია?

„საშიშროება რეალურია“ - რა თქვა შიო მესამემ

მან თქვა, რომ თუ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა არ გამოსწორდა, „ოჯახი არ განმტკიცდა და გადარჩა“, ქვეყანას „რეალური საშიშროება“ დაემუქრება - აქ „სხვა ხალხები“ დამკვიდრდებიან და გამრავლდებიან.

შიო მესამეს არ დაუკონკრეტებია ეროვნება, თუმცა თქვა, რომ „მათ უყვართ ბავშვები, ისინი არ იშორებენ შვილებს, იცავენ თავიანთ რელიგიას“ და ამიტომ “კარგად მრავლდებიან“:

„ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია, რომ (მათ) გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას“.

რუსთაველზე "ოჯახის სიწმინდის დღეს" აღნიშნავენ. 17 მაისი, 2026.

შიო მესამემ “განწირული” უწოდა ოჯახს, სადაც აბორტი კეთდება და ისიც დაამატა, ქვეყანას ისეთი კანონმდებლობა უნდა ჰქონდეს, რომელიც დაიცავს ხალხს „მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგანო“.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების საწინდარი, ასევე ღვთის წყალობის”, - თქვა საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქმა 17 მაისს, „ოჯახის სიწმინდის დღეს”, სამების ტაძარში ქადაგებისას.

მის ამ სიტყვებს მწვავე გამოხმაურებების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა არც მოულოდნელი არ ყოფილა.

Your browser doesn’t support HTML5

შიო მესამის ქადაგება 17 მაისს

ასევე ნახეთ

შიო III ამბობს, რომ ოჯახი, რომელშიც აბორტის „ცოდვა ტრიალებს“, განწირულია

„სასტიკი და ბრუტალური“ - ასეც ველოდი

გვითხრა თეოლოგიის დოქტორმა მირიან გამრეკელაშვილმა, როცა შიო მესამის ქადაგება მოისმინა.

გაიხსენა ილია მეორის პატრიარქობის პირველი წლები, როცა ქართველებში ნაციონალიზმის საკითხის აქტუალობისა და მნიშვნელობის გამო, ილია მეორეც „ეცადა ამ ფერხულში ჩაბმას“ - შედეგად, თეოლოგის შეფასებით, ილია მეორემ უნიკალური ქრისტიანული მიდგომა ამოატრიალა და დაიყვანა ე.წ. ეთნოფილეტიზმამდე - ეს იმას ნიშნავს, რომ უპირატესობას ანიჭებ რომელიმე ეკლესიას, სხვა ან ერთ რომელიმე ერს.

„ახალმა პატრიარქმა ეს ჭრილი კიდევ უფრო დაავიწროვა და ის ევგენიკაზე დაიყვანა - ეს ბიოლოგიური სელექციის მოზღვავებაა, რაც შესაძლოა კიდევ უფრო დიდი აბსურდია, ვიდრე ნაციონალიზმი...

...ანუ მას წარმოუდგენია, რომ ეს [მართლმადიდებლობა - რ.თ.] არის ეთნიკური რელიგია. მისი ქადაგების ამ მონაკვეთში ჩვეულებრივი შოვინიზმი ჩანს, რადგან პირდაპირ ამბობს - თუ ჩვენ არ გავმრავლდებით, გამრავლდებიან სხვები, რომლებიც მოვლენ, გააჩენენ შვილებს და წაგვლეკავენ. ეს შეუფერებელია მისი პოზიციისთვის, ეკლესიის და პატრიარქისთვის და ეს არ არის ის საკითხი, რომლითაც უნდა დაიწყოს ახალმა პატრიარქმა თავისი პირველი ქადაგებები“.

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორი

„ეთნოშოვინიზმმა ერთხელ უკვე ჩაგვძირა ჯოჯოხეთში“

თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა შიო მესამის სიტყვას „ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული, ანტიქრისტიანული და ანტისახელმწიფოებრივი” უწოდა და საჯაროდ დაწერა, რომ “ეთნოშოვინიზმის გამო, 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანა ერთხელ უკვე “ჩაიძირა ჯოჯოხეთში”:

“ესაა ჩვენი მტრის ყველაზე დამანგრეველი იარაღი ჩვენს სამართავად და აქ ისევ უბედურების დასატრიალებლად. ყველა საღი აზრის ადამიანმა, ყველა რწმენისა და ეთნიკური იდენტობის ქართველმა პატრიოტმა მკაცრად უნდა დაგმოს და გააპროტესტოს შიო მესამის დღევანდელი სიტყვა”.

მანვე დაწერა, რომ ეკლესიის არცერთი წმიდა მოძღვარი, წმიდა მამა არ წერდა და არ ქადაგებდა ეთნიკური ნიშნით გამრავლების აუცილებლობაზე, რადგან ეს საკითხი “არ უკავშირდება სულის ცხონებას”.

მტკივნეულად აღიქვეს პატრიარქის სიტყვები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმაც.

ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი

„ნეტავ ვცდებოდეთ, მაგრამ უნდა მივანიშნოთ, რაც ჩვენ ვიგრძენით“

გვეუბნება მთარგმნელი, პუბლიცისტი ოქტაი ქაზუმოვი შიო მესამის ქადაგების მოსმენის შემდეგ. პატრიარქის სიტყვები მას არა მხოლოდ ქვეყნისთვის სახიფათოდ მიაჩნია, არამედ უტოვებს განცდას, რომ ეკლესია არაქართველებს საერთოდ არ აღიქვამს ამ ქვეყნის მოქალაქეებად.

„დღეს ვრთავთ განგაშის სიგნალს, მერე რომ არავინ თქვას, რატომ ვდუმდით. დღეს ვამბობთ, რომ ეს სიტყვები საყურადღებოა და საფრთხის შემცველი ამ ქვეყნისთვის. ამაზე ბევრს ყვება ისტორიაც“.

ოქტაი ნაწყენია - ის, როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე, შიშობს, რომ პატრიარქის ასეთმა განცხადებებმა შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს ისედაც გამჯდარი სტერეოტიპები:

„80-იანების ბოლო პერიოდში აზერბაიჯანლებზე იყო გავრცელებული სტერეოტიპი, რომ „თათრები ძალიან მრავლდებიან“... მერეც მომისმენია იგივე, თუმცა თუ დღეს აზერბაიჯანლებით დასახლებულ სოფლებში გაივლით, ნახავთ, რომ იქ, საერთო გაჭირვების გამო, არათუ შობადობამ იკლო, იქაურობაც ზუსტად ისეა დაცლილი, როგორც საქართველოს მთიანეთი“.

ოქტაი ქაზუმოვი, მთარგმნელი, პუბლიცისტი

„მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გავმრავლდეთ. მაგრამ, ჩემი განცდით, მან არ იგულისხმა არც მუსლიმი ქართველები, არც კათოლიკე ქართველები, არც პროტესტანტები და მით უმეტეს, არც ეთნიკური უმცირესობები - ქისტები, იეზიდები, სომხები თუ აზერბაიჯანლები... არც ის განცდა დაგვრჩენია, რომ, მაგალითად, არაბებს გულისხმობდა, ვინც კრწანისის ტყე-პარკში დასახლებას აპირებს და ამით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას დაარტყა“, - გვითხრა ოქტაი ქაზუმოვმა.

ასევე ნახეთ

თუკი ბავშვის დაბადება ყველგან უხარიათ, მაშ რატომ არის შობადობის კრიზისი მსოფლიოსა და საქართველოში?

„თავი მეორეხარისხოვნად ვიგრძენი“

“თავი ამ ქვეყანაში მეორეხარისხოვნად ვიგრძენი… ამ ქვეყანაში, თურმე, საფრთხე ვარ და “სხვა ხალხებში” ვითვლები. თურმე, ქვეყანა მხოლოდ ქართველობის არის”, - წერს ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუგამედალი.

„განცხადება რომ მოვისმინე, ჯერ რამდენიმე წუთი გავშეშდი, მერე უკან გადავახვიე და ისევ მოვისმინე, იქნებ რამე ქვეტექსტია და მე ვერ ვიგებ-მეთქი, - გვიყვება აითაჯ ხალილი, - საკუთარი თავის აღქმის და აღმოჩენის დასაწყისში ნაგრძნობი ის პირვანდელი "სხვად" დანახვის განცდა გამახსენდა და დიახ, ზუსტადაც მიზანში ამოღებული ვიგრძენი თავი. მერე ისიც ვკითხე საკუთარ თავს, რამე სხვა მოლოდინი მქონდა?“

არც აითაჯს არ ჰქონია სხვა მოლოდინი.

როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს მთავრობისთვის, ეკლესიისთვის და თანამოქალაქეების საკმაო ნაწილისთვის ის ყოველთვის "უცხო" იყო - „ამას გვაგრძნობინებდნენ წლების განმავლობაში“, - ამბობს აითაჯ ხალილი და შიშობს, რომ საქართველოს პატრიარქის ასეთი ხმამაღალი განცხადება კიდევ უფრო დააზიანებს ისედაც სუსტ ინტეგრაციას, წაშლის ძლივს შექმნილ შეხების წერტილებს და ერთმანეთის მიღებისკენ გავლილ გზასაც შეაფერხებს.

აითაჯ ხალილი - სამოქალაქო აქტივისტი

„ბუნდოვანი და ორაზროვანი“ - ვის გულისხმობდა პატრიარქი?

პოლიტიკური ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრი გიორგი ტუმასიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შენიშნავს, რომ როდესაც ასეთ ფაქიზ საკითხს ეხები, ზუსტი ფორმულირებაა საჭირო, რომ მას ინტერპრეტაციები არ მოჰყვეს და არ მოხდეს ის, რაც მოხდა - შიო მესამის სიტყვები სხვადასხვა ეთნიკურმა და რელიგიურმა ჯგუფმა საკუთარ თავზე მიიღო.

„შემდგომ თითქოს გაისმა განმარტება, რომ პატრიარქის სიტყვები საქართველოში შემოსული იმიგრანტების რაოდენობას ეხებოდა, თუმცა ფაქტია, რომ მისმა ამ განცხადებამ ბუნდოვანი და ორაზროვანი განმარტებების სივრცე დატოვა - ვის ეხებოდა ეს სიტყვები, გულისხმობდა თუ არა ის სხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებს? ამიტომ ვისურვებდი, რომ ასეთ თემებზე გაკეთებული განცხადებები იყოს მკაფიო და რაც მთავარია, ინკლუზიური, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ერის გაერთიანების და არა მისი გახლეჩის დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს“, - უთხრა გიორგი ტუმასიანმა რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ

“ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში

„არც ერთი სიტყვა სიღარიბეზე, უთანასწორობაზე, ბავშვთა სიკვდილიანობაზე“

„ახალ პატრიარქს არ უხსენებია არც ერთი სოციალური გამოწვევა, რომელიც ოჯახების წინაშე დგას - სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, რეგიონების ჩამორჩენა, განათლება, ქალების და დედების სოციალური მხარდაჭერა, ბავშვთა სიკვდილიანობა, საჯარო სერვისების არასაკმარისობა, შიმშილი. მათ შორის, ხმა არ ამოუღია დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, რომლებიც მის ყურადღებას მთელი დღე ელოდნენ“, - წერს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძე

მისი აზრით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვაში დემოგრაფიული შიშებისა და „გადაშენების“ შინაარსის გამოყენებას პოლიტიკური ფუნქცია აქვს და ის „საზოგადოებრივი უკმაყოფილების, ეკონომიკური და სოციალური მიზეზებიდან - კულტურული და იდენტობის საფრთხეებზე გადატანის მცდელობაა“.

ასევე ნახეთ

ილია II-ის ეპისტოლეთა ნახევარსაუკუნოვანი ქრონიკა: ომები, პროტესტი, ოჯახი, რევოლუცია

„სხვები“ ეპისტოლეებში

საქართველოში მცხოვრები სხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლების საკითხი საქართველოს ეკლესიის მეთაურის ეპისტოლეებში არაერთხელ მოხვედრილა: შიო მესამემდე, სხვადასხვა კონტექსტში, ილია მეორეც შეხებია რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს თავის ეპისტოლეებში.

1989 წლის საშობაო ეპისტოლეში, მაგალითად, წერია, რომ საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე (ანუ V საუკუნემდე), ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა და ქვეყნის სასულიერო პირებიც მათგან იღებდნენ ხელდასხმას, ხოლო მემკვიდრეობითობის ამ მადლს, „პროტესტანტული მიმდინარეობანი, ბაპტისტები და სხვა დენომინაციები, რა თქმა უნდა, მოკლებულიაო“.

1994 წლის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიის და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკეები, კრიშნას მიმდევარნი, ორმოცდაათიანელები, ე.წ. ხსნის არმიის წარმომადგენლები და სხვანი) საქართველოში „რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობენ“.

1998 წლის საშობაო ეპისტოლეში კი მაშინდელი პატრიარქი წერს, რომ დროა, ყველამ გააცნობიეროს ისიც, „თუ რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას უცხო რელიგიებისა და ტოტალიტარული სექტების თარეში“ – „მართალია, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება თავისუფალი არჩევანისა, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქე სულიერი აგრესიისაგან, მით უმეტეს, რომ სექტების მოქმედება უკვე ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ სახეს იღებს“.

ასევე ნახეთ

მეტი მრავალშვილიანი ოჯახი და მეტი ხანდაზმული - საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტის თავისებურებები

თეოლოგების შეფასებით, ყველაფერი, რაც შიო მესამის ქადაგებისას ითქვა, პირდაპირ კავშირშია ოჯახის სიწმინდის დღესთან, რომელიც მისმა წინამორბედმა პატრიარქმა დააარსა - როგორც მირიან გამრეკელაშვილიც შენიშნავს, „განსხვავებული ადამიანების ჯინაზე“ და ამ დღესასწაულს, თუ მის წინმსწრებ მოვლენებს გავიხსენებთ, არ აქვს კეთილი ისტორია.

ამიტომ, როგორც თეოლოგიც ამბობს, სანამ ამ დღეს მხარს დაუჭერს კონკრეტული მთავრობა და მის აღსანიშნავად ხალხს ორგანიზებულად გაიყვანს ქუჩაში, მანამ ასეთი დღეების არსებობას არ ექნება სოციალური ეფექტი.

„ეს დღე ზედაპირული ფარისევლობის ფენომენად იქცა, რადგან ის ძალადობაზეა დაფუძნებული. ძალადობა კი არასოდეს შობს ახალ სიცოცხლეს. და არც ადამიანებს უჩნდებათ ახალი სიცოცხლის მოვლენის სურვილი მოძალადე გარემოში. გამრავლების სურვილს მხოლოდ სიყვარულით და სითბოთი გაჯერებული გარემო ქმნის“, - უთხრა მირიან გამრეკელაშვილმა რადიო თავისუფლებას.