19 სექტემბერს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მიკოლა კარპიუკი ასევე იყო ცნობილი აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით. უკრაინის ეროვნული ასამბლეის – უკრაინის სახალხო თავდაცვის ორგანიზაციის (УНА-УНСО) თანადამფუძნებელი და კრემლის ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერიც იყო. 1993 წელს კარპიუკი, სხვა УНСО-ელებთან ერთად, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა.
მიკოლა კარპიუკის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 20 სექტემბერს გაავრცელეს უკრაინელმა პოლიტიკოსმა არტურ პალატნიმ, საზოგადოებრივმა აქტივისტმა იური გონჩარენკომ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ვიქტორ იაგუნმა.
„პატრიოტი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა. [...] ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება უკრაინას მიუძღვნა და არასოდეს გამოჰკიდებია დიდებას, ფულს ან თანამდებობებს“, - დაწერა იური გონჩარენკომ.
„60 წლისაც კი საომრად წავიდა, რათა დაეცვა მშობლიური მიწა. მისთვის უკრაინის სიყვარული სიტყვები კი არა, მთელი ცხოვრების საქმე იყო“, - დაწერა Facebook-ზე არტურ პალატნიმ, რომელსაც მიკოლა კარპიუკთან მეგობრობა აკავშირებდა.
ვიქტორ იაგუნის თქმით, მიკოლა კარპიუკი ფრონტის ზაპოროჟიეს მიმართულებაზე 19 სექტემბერს დაიღუპა:
„მიკოლა იმ ადამიანთა შორის იყო, ვისთვისაც უკრაინა უბრალო სიტყვები კი არა, თავად ცხოვრების ნაწილია. მან არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ნებისმიერ ვითარებაში მისი ერთგული რჩებოდა. უამრავი სირთულის გადატანა მოუხდა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ის არ გატყდა. ბოლომდე ასეთი იყო - პირდაპირი, პრინციპული, გულისხმიერი“.
უნა-უნსო (უკრ. УНА-УНСО - Українська Національна Асамблея — Українська Народна Самооборона) - უკრაინული ულტრანაციონალისტური პოლიტიკური და სამხედრო-საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც 1990 წელს დაარსდა. УНА-УНСО ორი ძირითადი ფრთისგან შედგება: UNA - პოლიტიკური ფრთა (უკრაინის ნაციონალური ასამბლეა), UNSO - ნახევრად სამხედრო (პარამილიტარული) ფრთა (უკრაინის სახალხო თავდაცვა). ორგანიზაცია ცნობილია აფხაზეთის ომში (1992–1993 წლებში) მონაწილეობით. ომის დროს „უნა-უნსომ“ შექმნა მოხალისეთა რაზმი „არგო“, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა რუსი ოკუპანტების, სეპარატისტებისა და ჩრდილოკავკასიელი კონფედერატების წინააღმდეგ.
მიკოლა კარპიუკის დაღუპვას სოციალური ქსელში გამოეხმაურა არჩილ ხოფერია - აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში. არჩილ ხოფერიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირადად იცნობდა დაღუპულს და, რომ მათი გაცნობდა შედგა 1993 წელს ოჩამჩირეში, მცირეხნიანი შეხვედრის დროს.
“მათ ჯგუფს შევხვდით მცირე ხნით. ოჩამჩირეში იყვნენ. პატივისცემის ნიშნად ხელი ჩამოვართვით, ცოტა ვილაპარაკეთ. სულ ეს იყო. საერთოდ რომ არ მცოდნოდა, მაინც ვალდებული ვიყავი გამოვხმაურებოდი, - უთხრა რადიო თავისუფლებას არჩილ ხოფერიამ, რომლის თქმითაც, ისეთი ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი, როგორიც ადრე რომის იმპერია იყო, ახლა კი ამერიკის შეერთებული შტატებია, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მოკავშირეების და ალიანსების ყოლას:
“ამის გარეშე ისინი არ იქნებოდნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ და არიან, მოკავშირეების დაკარგვის შემდეგ საფრთხე თავად მათაც დაემუქრებოდათ. ჩვენთვის კი ძლიერი მოკავშირეების ან მოკავშირის ყოლა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაშინ, იმ ომში, რა თქმა უნდა, უკრაინა და უკრაინული რაზმი იყო ერთი ნათელი წერტილი, ვინც ჩვენ გვერდში ედგა. ამის დავიწყება, ამის უპატივცემულობა, ამის არგათვალისწინება არ შეიძლება. ეს ჩვენ მუდმივად უნდა ვახსენოთ, მუდმივად უნდა გადავცეთ თაობებს, რომ ყველაზე მძიმე ჟამს, როცა ყველამ ხელი გვიკრა, როცა ყველა დაგვესია აფთრებივით და სვავებივით გლეჯდნენ ჩვენს ეროვნულობას, მხოლოდ უკრაინელი ხალხი იყო, ვინც ორგანიზებულად დაგვიდგა გვერდში.“
„არგო“ („ბატალიონი არგო“, „საექსპედიციო კორპუსი არგო“) - УНСО-ს მიერ შექმნილი მოხალისეთა კორპუსი, რომელიც აფხაზეთის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა. „არგომ“ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სოხუმთან ბრძოლებში, სადაც შვიდი УНСО-ელი დაიღუპა. ჯამში „არგოს“ 30 წევრი დაჯილდოვდა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, მათ შორის ნაწილი (მიკოლა კარპიუკის ჩათვლით) ვახტანგ გორგასლის ორდენით. როგორც მოგვიანებით თავად УНСО-ელები იხსენებდნენ, პირველი თერთმეტი უკრაინელი მოხალისე საქართველოში 1993 წლის ივნისში ჩავიდა, 1993 წლის ივლისის დასაწყისში კი მათ ჩამოაყალიბეს УНСО-ს სამთო-მსროლელთა დანაყოფი „არგო“. მალევე რუსეთის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში „გალიციელი უკრაინელებისგან შემდგარი პოლკი გადასხდა“. სინამდვილეში, მებრძოლებიდან მხოლოდ ერთი იყო დასავლეთ უკრაინიდან.
კარპიუკი და სხვა უკრაინელი „არგონავტები“ აფხაზეთში
1993 წლის 2 ივლისს, სოხუმის შუქურას რაიონში, УНСО-ელებმა საზენიტო დანადგარიდან გახსნილი ცეცხლით ჩაძირეს აფხაზეთისა და რუსული წმინდა ანდრიას დროშით მცურავი სამხედრო კატარღა, ასევე ძრავიანი ნავი, რომელიც ჩაძირული გემის დასახმარებლად იყო მისული. სწორედ ამ ადგილას იგეგმებოდა დესანტის გადასხმა, კატარღა კი УНСО-სა და მის მეზობლად განლაგებულ ქართულ პოზიციებს ბომბავდა.
მიკოლა კარპიუკი, 2019 წ.
მიკოლა კარპიუკი - დაიბადა 1964 წლის 21 მაისს უკრაინის რივნეს ოლქის სოფელ ბოლშოი ჟიტინში დაიბადა. კარპიუკი იყო უკრაინის ეროვნული ასამბლეის რივნეს ცენტრის თავმჯდომარე და УНА-УНСО-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1998 და 2002 წლებში მან უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნებში სწორედ УНА-ს სიით იყარა კენჭი. 2000-2001 წლებში მიკოლა კარპიუკი მონაწილეობდა აქციაში „უკრაინა კუჩმას გარეშე“, რის გამოც მას 4,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2015 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2001 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული საქმის განხილვისას მისი უფლებების დარღვევის გამო კარპიუკისთვის კომპენსაცია უნდა გადაეხადათ.
1993 წლის 17 ივლისს УНСО-ს ჯგუფმა, რომელიც საზღვაო ქვეითთა ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა, სოფელ შრომასთან დაიკავა პოზიციები. დაახლოებით 13:00 საათზე სოფლისკენ დაიძრა კოლონა, რომელშიც შედიოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი, ქალაქ სოხუმის კომენდატურა და ახალციხის ბატალიონის დანაყოფი. საერთო რაოდენობა დაახლოებით 300 ადამიანი. გზის ცალკეული მონაკვეთები დანაღმული იყო და სნაიპერებისგან იცხრილებოდა. „არგოს“ კორპუსის მეთაური, УНСО-ს პოლკოვნიკი ვალერი ბობროვიჩი („უსტიმი“) იხსენებს:
„1993 წლის 19 ივლისს УНСО-ს უკრაინელი მოხალისეების დანაყოფის იერიშით აღებული იქნა დაბა შრომა. ამ დასახლებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სოხუმის დაცვისთვის. საოკუპაციო გარნიზონი ე.წ. რუსი კაზაკებისგან შედგებოდა და მათი რაოდენობა 600 კაცამდე იყო. ამ მხრიდან დაბა სათანადოდ დაცული არ იყო, რადგან მასთან მისასვლელად დაახლოებით 200 მეტრი სიმაღლის კლდიდან უნდა ჩავსულიყავით, თანაც მტრის ხილულ არეში. მოგვიწია ღამით გვემოქმედა. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იყო სრულ სიბნელეში თოკებით ტყვიამფრქვევების, საბრძოლო მასალისა და იმ ადამიანების დაშვება, რომელთა უმეტესობას სპეციალური სამთო-სალაშქრო მომზადება არ ჰქონდა. რომ შევემჩნიეთ, ზემოთ ასვლისა და გადარჩენის შანსი აღარ გვექნებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდად დასრულდა. ბიჭები თაგვებივით ჩუმად ისხდნენ, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთმა მსროლელმა წონასწორობა დაკარგა და 100 მეტრის სიმაღლეზე თავდაყირა ჩამოეკიდა. ასე, თავდაყირა, დაახლოებით ათი წუთი ეკიდა, სანამ ჩამოხსნიდნენ. ყველას ესმოდა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა - ან უნდა გაგვემარჯვა, ან მოვმკვდარიყავით. …სამდღიანი ბრძოლების განმავლობაში ორი ადამიანი დავკარგეთ, რვა კი მძიმედ დაიჭრა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი, მამის სურვილის შესაბამისად, სოხუმში, კურჩენკოს პარკში დაკრძალეს. სოხუმის დაცემის შემდეგ რუსებმა საფლავი გათხარეს, კუბო ცხედრითურთ ზღვაში გადააგდეს, ხოლო როდესაც ის ნაპირთან უკან გამორიყვა, РПГ-7-ის ტიპის ყუმბარსატყორცნიდან ესროლეს“.
ასევე ნახეთ
„თქვენ არ იქნებით მარტო“ - როგორ გამოჰყავდათ უკრაინელებს დევნილები აფხაზეთის ომის ბოლო დღეებშიქართული დაზვერვის მონაცემებით, შრომასთან სამდღიანი ბრძოლების დროს, УНСО-ელებმა მოწინააღმდეგეს მძიმე ზიანი (54 ადამიანი დაღუპულებისა და დაჭრილების სახით) მიაყენეს.
უკრაინის პრეზიდენტსა და უმაღლეს რადას საქართველოდან მალევე გაეგზავნა სამადლობელი წერილი, რომელსაც ხელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან არსებული საგანგებო მდგომარეობის დროებითი კომიტეტი აწერდა:
„<...> მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები - უკრაინის სახალხო თავდაცვის მებრძოლები მოვიდნენ ქართველი ხალხის დასახმარებლად, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მორალურ-პოლიტიკური მდგომარეობისთვის ამ მძიმე დღეებში. УНСО-ს მებრძოლთა სიმამაცემ, თავგანწირვამ და სამხედრო ოსტატობამ უკრაინის მიმართ უსაზღვრო პატივისცემა და ნდობა გამოიწვია მთელ საქართველოში. უკვე დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ ლეგენდაზე, რომელიც, უდავოდ, ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.“
მოგვიანებით უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა (1991-1994) განაცხადა, რომ ბორის ელცინმა, რომელიც УНСО-სთან სოხუმთან (შრომასთან) ბრძოლების შემდეგ რუსი სამხედროების დანაკარგებით იყო აღშფოთებული, მკაცრად უსაყვედურა, 1993 წლის 11 დეკემბერს კი უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი უკანონო გასამხედროებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, УНСО-ს აკრძალვას გულისხმობდა.
დმიტრო კორჩინსკი
2018 წელს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური საქართველოს მხარეს მებრძოლი УНА-УНСО-ელი მოხალისეების შესახებ ესაუბრა დმიტრო კორჩინსკის, რომელიც იმ დროს УНА-УНСО-ს ლიდერი და მოვლენების უშუალო მონაწილე იყო:
„ომში საქართველოს მხარეს ჩავერთეთ. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. მაშინ უკრაინელი ინტელიგენციის დიდი ნაწილი აფხაზების მხარეს იდგა. შამილ ბასაევი (ჩეჩენი მებრძოლების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 2004 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, ბესლანის მოვლენებში თავისი როლით გახდა ცნობილი - რ.თ.) და სხვა კავკასიელი ლიდერები მაშინ აფხაზების მხარეს იყვნენ; კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომელიც მოგვიანებით „კავკასიის იმამატად“ იქცა, ასევე აფხაზების მხარეს იდგა. ბევრი ჩვენი ნაცნობიც, რომლებიც დნესტრისპირეთის დროიდან გვყავდა, აფხაზების მხარეს იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტმა სანაპიროს ბლოკირებაში მიიღო მონაწილეობა და დესანტი გადასხდა, მივხვდით, რომ ქართველებს უნდა დავხმარებოდით. ვგულისხმობ УНСО-ს. გარდა ამისა, მაშინ უკვე ნათელი გახდა: თუ კავკასიელებს ფრონტის შენარჩუნებაში დავეხმარებოდით, ჩვენ ყირიმსა და დონბასში ფრონტი არ გვექნებოდა. სწორედ ამიტომ დავდექით საქართველოს მხარეს“.
ასევე ნახეთ
რატომ იბრძოდა უკრაინული ორგანიზაცია “უნა-უნსო” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვისდმიტრო კორჩინსკის თქმით, თვალსაჩინო იყო და არანაირ ეჭვს არ იწვევდა რუსეთის მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტში.
„შავი ზღვის ფლოტი მონაწილეობდა დესანტის გადასხმაში, რუსები უშუალოდაც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა მაშინაც ცდილობდნენ, დიდწილად სხვადასხვა მოხალისის მეშვეობით ემოქმედათ“, - უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას დმიტრო კორჩინსკიმ, УНА-УНСО-ს ყოფილმა ლიდერმა და მაშინდელი მოვლენების უშუალო მონაწილემ.
სულ მალე, УНА-УНСО-ს მებრძოლებმა ჩეჩნეთ-რუსეთის პირველ ომშიც მიიღეს მონაწილეობა.
„ეჭვგარეშეა, ჩეჩნეთმა კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მოგვცა. საერთოდ, ჩეჩნეთში ბევრი რამ გავიგეთ. <...> ჩეჩნეთში ყოფნა აუცილებელი იყო, იქ მეტი ბრძოლა იყო საჭირო, - თქვა კორჩინსკიმ, - ჩვენ მეტი რომ ვყოფილიყავით და ჩვენი ყოფნა უფრო სერიოზული რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, მოსკოვი არც ყირიმზე და არც დონბასზე არ იფიქრებდა“.
ჩეჩნეთში იბრძოდა მიკოლა კარპიუკიც, რომელსაც წლების შემდეგ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ბრალდება წაუყენა და გაასამართლა.
2014 წლის მარტში მიკოლა კარპიუკი და მისი თანამებრძოლი, სტანისლავ კლიხი დააკავეს რუსეთში, 2016 წლის 26 მაისს კი კარპიუხსა და კლიხს ჩეჩნეთის უმაღლესმა სასამართლომ შესაბამისად 22,5 და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა „ჩეჩნეთის პირველი ომთან დაკავშირებულ დანაშაულებში მონაწილეობისთვის”. გამოძიების ვერსიით, კლიხი და კარპიუკი УНА-УНСО-ს წევრები იყვნენ და 1994 წლის ბოლოს და 1995 წლის დასაწყისში იჩქერიის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
რუსეთის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მემორიალმა“ მიკოლა კარპიუკი და მასთან ერთად დაკავებული სტანისლავ კლიხი პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა. 2019 წლის სექტემბერში კარპიუკი დაკავებულთა გაცვლის ფარგლებში უკრაინაში დაბრუნდა.
მიკოლა კარპიუკი სასამართლო პროცესზე. რუსეთი. გროზნო. 2016 წ.
2019 წლის 10 სექტემბერს ტელეკომპანია ATR-ის ეთერში პატიმრობიდან გათავისუფლებულმა კარპიუკმა განაცხადა, რომ მას ელექტროშოკით აწამებდნენ და ასევე არ აძლევდნენ ძილის საშუალებას:
„როგორც კი დაღამდებოდა, დერეფანში გამოგვიყვანდნენ, ხელბორკილებს დაგვადებდნენ, ხელებს ზურგს უკან შეგიკრავდნენ, თავზე ცელოფნის პარკს ჩამოგაცვამდნენ, სკოჩით შემოგახვევდნენ, ბამბასაც დაგვადებდნენ, რომ ქვემოდან ვერაფერი დაგვენახა, და გაგვიყვანდნენ. დაახლოებით 10-15 წუთი მივდიოდით, შემდეგ რომელიღაც ოთახში შეგვიყვანდნენ, მარჯვენა ფეხის თითზე ერთ მომჭერს დაგვამაგრებდნენ, მარჯვენა ხელის თითზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე მეორე მომჭერს და დენი იწყებდა სხეულში გავლას. ამას აკეთებდნენ სხვადასხვა ინტენსივობით, წყვეტილად ან გარკვეული დროის განმავლობაში. ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. სწორედ ამას მიკეთებდნენ მე. შემდეგ მივყავდით იზოლატორში, დაკითხვის ოთახში - მეტალის გალიაში, ერთი მეტრი ერთ მეტრზე, სადაც სკამიც იყო. ღამით, მთელი დღე-ღამის განმავლობაში, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ. როგორც კი თვალების დახუჭვას იწყებ, პოლიციელები, რომლებიც ყოველ ორ საათში იცვლებიან, მაშინვე გიყვირიან : „არ დაიძინო! არ დაიძინო!“ - ძილის საშუალებას არ გაძლევენ“.
კარპიუკის თქმით, წამების გარდა, რუსეთის ციხის თანამშრომლები პატიმრების წინააღმდეგ ფსიქოტროპულ ნივთიერებებსაც იყენებდნენ.
მიკოლა კარპიუკის დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ირინა რომალიისკამაც, რომლის თქმითაც, ნამდვილმა პატრიოტმა მონაწილეობა მიიღო უკრაინისთვის გამართულ ყველა ბრძოლასა და აქტივობაში და, რომ წლების წინ ომში წასული კაცი 19 სექტემბერს დაიღუპა.
სოციალრ ქსლებში აქტიურობდა თვითონ მიკოლა კარპიუკიც. 6 სექტემბერს ის იჩქერის (ჩეჩნეთის) დამოუკიდებლობის გამოცხადების მრგვალ თარიღს გამოეხმაურა:
"დღეს ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 35-ე წლისთავია. როგორც ადრე УНСО ეხმარებოდა იჩქერიას თავისუფლების დაცვაში, ახლა ნამდვილი ჩეჩნები დგანან უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში. ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!"
მიკოლა კარპიუკის ბოლო აქტივობა კი 10 სექტმბრით თარიღდება. ამჯერად აც მისი Facebook სტატუსი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებაა:
„მილიონ-ნახევარი მოსკოვური უწმინდურება ჯოჯოხეთშია გაგზავნილი! რას იზამ, ასეთია მათი აღზრდა: დაიღუპონ "მამა-მეფისთვის". ხოლო უკრაინელებისთვის მკაფიოდ განსაზღვრული გადაწყვეტილება უნდა იყოს: "მოვიპოვებთ ჩვენს გამარჯვებას!" და დაე, მისთვის ჩვენი მტრები დაიხოცებიან. ყველაფერი ჩვენებურად იქნება! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს (Слава ВСУ!)“.