"სიონისტების საჰაერო დარტყმები მათ იმედგაცრუებას ადასტურებს", - უთხრა 13 მარტს თეირანში სახელდახელო მიტინგზე შეკრებილ ხალხს ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, და იმ დროისთვის ქვეყნის დე ფაქტო მმართველმა ალი ლარიჯანიმ.
დაახლოებით 72 საათში ლარიჯანი ისრაელის მორიგ საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა და ასე შეუერთდა 28 თებერვლის შემდეგ განადგურებულ ირანის 40-ზე მეტ უმაღლესი პოლიტიკური თუ სამხედრო თანამდებობის პირს.
ხისტი რიტორიკის ნაცვლად გათვლილი სტრატეგია, დასავლეთთან შეურიგებელი პოზიციის მიუხედავად, პრაგმატიზმი, ისლამის ერთგული ტექნოკრატი - ამ თვისებებისა თუ უნარების გამო ლარიჯანი ათწლეულების განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა.
მისი გავლენა და პოლიტიკური წონა გასული წლის 12-დღიანი ომის შემდეგ განუხრელად იზრდებოდა, 28 თებერვალს, ახალი ომის გამხსნელ იერიშში ალი ხამენეის ლიკვიდაციის შედეგად, ზენიტსაც მიაღწია… და მალე დასრულდა.
მისი უნიკალური გამოცდილებისა და პოზიციისა, ასევე უკიდურესად შემცირებული პოლიტიკური ფიგურების გათვალისწინებით ლარიჯანის ჩანაცვლება ისლამურ რესპუბლიკისთვის უკიდურესად რთული იქნება.
ირანელი კენედები
ძმები ლარიჯანები, პარლამენტის სპიკერი, ალი ლარიჯანი (მარცხნივ), მართლმსაჯულების სისტემის უფროსი, აიათოლა სადეყ ლარიჯანი (ცენტრში), ადამიანის უფლებათა კომისიის უფროსი, მოჰამად ჯავად ლარიჯანი - ყოველწლიური იურიდიული სემინარი, თეირანი 27 ივნისი, 2010 წელი
შიიტებისთვის წმინდა ქალაქ ნაჯაფში, გავლენიანი აიათოლას ოჯახში დაბადებული ალი ლარიჯანი, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ წარმოქმნილ, ახალ პოლიტიკურ და სასულიერო ელიტაში სრულად ინტეგრირებული დინასტიიდან მოდის. იმდენადაც, რომ 2009 წელს ჟურნალ Times-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ლარიჯანების ოჯახს, ირანელ კენედებად მოიხსენიებს.
5 ძმა ლარიჯანი ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ცნობად პოლიტიკურ კლანად ჩამოყალიბდა, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ უნივერსიტეტებს, სახელმწიფო ტელევიზიებს, მართლმსაჯულების სისტემას, გუშაგთა კორპუსს, მნიშვნელოვან კვლევით ცენტრებს, პარლამენტს და უშიშროების საბჭოს. ძალაუფლების ცენტრში ადგილის დამკვიდრებაში ლარიჯანის ფარიდე მოთაჰარიზე ქორწინებაც დაეხმარა. ფარიდეს მამა (აიათოლა მორთეზა მოთაჰარი) ისლამური რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო და იმამ ხომეინის შესაძლო მემკვიდრედაც განიხილებოდა.
თანატოლებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ისლამურ სემინარიებში სწავლობდნენ, ლარიჯანიმ სეკულარული განათლება მიიღო და თეირანის უნივერსიტეტში დასავლური ფილოსოფიის დოქტორის სტატუსიც მოიპოვა; გატაცებული იყო იმანუილ კანტის ნაშრომებით, რომელთა შესახებაც რამდენიმე წიგნიც დაწერა.
ლარიჯანის პოლიტიკური კარიერა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში 1981 წელს დაიწყო, სადაც ერაყთან ომის წლებში ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურის პოსტს იკავებდა. მალე ლარიჯანი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო უკვე 1994 წელს ის ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის (IRIB) დირექტორი გახდა. ისლამური რესპუბლიკის უმსხვილეს პროპაგანდისტულ რესურსს ლარიჯანი 10 წელი ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც 2004 წელს უსაფრთხოების საკითხებში უზენაესი ლიდერის მრჩეველი გახდა.
მალე ლარიჯანიმ პირველად სცადა ბედი საპრეზიდენტო არჩევნებში და ხმათა 5.9% დააგროვა. მომდევნო ათწლეულებში ის კიდევ ორჯერ მოისურვებს პრეზიდენტობის კანდიდატობას, თუმცა ამის უფლებას კონსერვატორებით დომინირებული კონსტიტუციის მცველთა საბჭო არ მიცემს.
იმავე 2005 წელს ლარიჯანიმ პირველად დაიკავა უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივნის თანამდებობა, რომელზეც მომავალი პრეზიდენტი ჰასან როჰანი შეცვალა. ამ რანგში ლარიჯანი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ევროკავშირთან და გაეროსთან მთავარი მომლაპარაკებელი გახდა, ის კურირებდა სხვა მნიშვნელოვან საგარეო საკითხებსაც.
საბჭო ლარიჯანიმ ნებაყოფლობით 2007 წლის მიწურულს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დატოვა. მეჯლისში მანდატი ლარიჯანიმ ქვეყნის სასულიერო ცხოვრების ცენტრალური ქალაქიდან, ყუმის სიით მოიპოვა. ახალმა პარლამენტმა ლარიჯანი სპიკერად აირჩია. პოსტს ის 12 წლის განმავლობაში, 2020 წლამდე იკავებდა.
2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული საპროტესტო ტალღის დროს ლარიჯანიმ ზომიერი პოზიცია დაიკავა და ირანული მედიის ცნობით, მწვანე მოძრაობის ლიდერებთან ფარულ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა.
სწორედ ამ დროიდან ლარიჯანი "პრაგმატიკოსის" იმიჯს იძენს, რაც ისლამური რესპუბლიკის ულტრა-კონსერვატორ და რეფორმისტულ ბანაკებად დაყოფილ სისტემაში უნიკალური ნიშა აღმოჩნდა. პრაგმატიზმი გამოავლინა ლარიჯანიმ ირანის ბირთვული შეთანხმების (JCPOA) შესახებ მოლაპარაკებების პროცესში, როდესაც კონსერვატორებისა და უზენაესი ლიდერის სკეფსისის მიუხედავად, მხარი დაუჭირა პროცესს და პარლამენტში მისი რატიფიცირებაც შეძლო.
მცველთა საბჭომ ალი ლარიჯანის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად 2021 წელს დაბლოკა, რაც სენსაცია აღმოჩნდა როგორც კონსერვატორებისთვის, ასევე რეფორმისტებისთვის. ირანული მედიის ცნობით, გადაწყვეტილების უკან ალი ხამენეი იდგა, რომელსაც პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისის გაყვანა სურდა. რაისის უკვე ჰქონდა არჩევნებში მარცხის გამოცდილება და ზედიზედ მეორე ჩავარდნა ძირს გამოუთხრიდა მისი უზენაესი ლიდერობის შანსებს - ხამენეი თავისი შემცვლელად სწორედ რაისის ანიჭებდა უპირატესობას.
ავიაკატასტროფაში ებრაჰიმ რაისის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ლარიჯანიმ კიდევ ერთხელ სცადა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირება, მაგრამ იმავე ბარიერს წააწყდა. პოლიტიკურ ოლიმპზე ლარიჯანი იმავე ადამიანმა დააბრუნა, ვინც მის კანდიდატობას ეწინააღმდეგებოდა.
მთავარი გამთამაშებელი
ისრაელთან 12-დღიან ომში განცდილი დამამცირებელი მარცხის შემდეგ, ალი ხამენეიმ სისტემის რეფორმა და უფრო კოლექტიური მართვის მსგავსი ექსპერიმენტი წამოიწყო, რაც ისრაელის მიერ ისლამური რესპუბლიკის ლიდერების ლიკვიდაციის ფონზე ლოგიკურ გადაწყვეტილებად მოჩანდა. ლარიჯანის გამოცდილებამ 12-დღიანი ომის შემდეგ დამდგარ რეალობაში ის ხამენეისთვის ფასეულ აქტივად აქცია და უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივნად დანიშნა.
ჩანაფიქრის მიხედვით, კრიზისის მომენტში უწყება იმდენად თავის ხელში არ იღებდა ძალაუფლებას, რამდენადაც მის განაწილებაზე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის კოორდინაციაზე ხდებოდა პასუხისმგებელი. საბჭო უნდა გამხდარიყო მთავარი დამაკავშირებელი რგოლი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სისტემის ფუნქციონირება, პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის ან უუნარობის შემთხვევაში. ალი ლარიჯანი მთავარი გამთამაშებელი გახდა.
ეს მკაფიოდ გამოჩნდა 2026 წლის იანვარში, ირანში დაწყებული მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციების დროს, რომლის სასტიკი ჩახშობის მთავარი კოორდინატორი ალი ლარიჯანი იყო.
საბჭოს მდივნის გაზრდილი გავლენა უნებლიედ დაადასტურა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, როდესაც საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის შემდეგ განაცხადა, რომ ელექტრონული კომერციის აღდგენაზე ნებართვას ლარიჯანის სთხოვდა.
ლარიჯანის როლი მიმდინარე ომის პოლიტიკური და სტრატეგიული განზომილების მართვა იყო. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სამხედრო პასუხის გარდა საჭიროა ადამიანი, რომელიც ჩამოაყალიბებს გზავნილებს და შეძლებს ამ სიგნალების გასაგებ ენაზე მიწოდებას გარე სამყაროსთან. ლარიჯანი ის იშვიათი ადამიანი იყო, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო და პარალელურად სისტემის სრული ნდობა ჰქონდა.
ლარიჯანი ეკუთვნოდა იმ ირანელი პოლიტიკოსების ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელსაც ესმოდა როგორ ემართა მიმდინარე ომი და ეწარმოებინა პოლიტიკა მის ირგვლივ. მისი სიკვდილით გამოწვეული უარყოფითი გავლენა ისლამური რესპუბლიკისთვის უფრო დიდი და მტკივნეულია, ვიდრე ერთი თუნდაც კომპეტენტური მაღალჩინოსნის დაკარგვა.
შესაბამისად მთავარი კითხვა ის კი არ არის, ვინ არის ახალი ლიდერი, არამედ ძალაუფლების როგორი სტრუქტურა ჩამოყალიბდება ლარიჯანის შემდეგ?
ფარული დაპირისპირება - როგორ აირჩიეს მოჯთაბა
ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებისთვის მზადება ალი ხამენეიმ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყო, თუმცა ბოლო თვეებში პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და პრაქტიკულად სრულად გაიწერა.
New York Times-ის ცნობით, გასული წლის შემოდგომაზე ხამენეიმ თავისი გარემოცვის უახლოესი წევრები შეკრიბა და მათ მოქმედების კონკრეტული გეგმა გაანდო. ამ წრეში შედიოდნენ: ალი ლარიჯანი, იაჰია რაჰიმ საფავი (ირგკ-ის ყოფილი სარდალი და მრჩეველი), მოჰამად ბაყერი ყალიბაფი (მეჯლისის სპიკერი და ირგკ-ის ყოფილი მეთაური) და ალი ასგარ ჰეჯაზი (უზენაესი ლიდერის ოფისის უფროსის მოადგილე).
ხამენეიმ თავის ქვეშევრდომებს გააცნო თითოეული იმ პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირების 4 შესაძლო შემცვლელის ვინაობა, რომელსაც თავად ლიდერი ნიშნავს. გარდა ამისა ხამენეიმ მსგავსი პოტენციური შემცვლელების სიის მომზადება დაავალა მათაც. ეს ყველაფერი კი საჭირო იყო იმ შემთხვევისთვის, თუ მასთან კომუნიკაცია ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელი იქნებოდა.
წყაროების მიხედვით, ხამენეიმ მოამზადა მისი პოტენციური შემცვლელების სია, რომელიც 3 ადამიანისგან შედგებოდა, ჩამონათვალში არ შედიოდა მისი ვაჟი მოჯთაბა.
ახალი ლიდერის შესარჩევად 88 წევრისგან შემდგარი ექსპერტთა საბჭო 3 მარტს შეიკრიბა, თუმცა თავიანთი ფავორიტების დასაწინაურებლად მუშაობა გავლენიანმა გენერლებმა და პოლიტიკოსებმა 28 თებერვალს, ალი ხამენეის მკვლელობისთანავე დაიწყეს. იმავე დღეს ისრაელის ავიაციამ დაბომბა ყუმში ექსპერტთა საბჭოს ადმინისტრაციული შენობა, თუმცა სხდომა ვირტუალურად მიმდინარეობდა.
ულტრაკონსერვატორები, გუშაგთა კორპუსის გავლენიანი მეთაურები და მათთან დაახლოებული პოლიტიკოსები იმთავითვე უპირატესობას ანიჭებდნენ კანდიდატს, რომელიც მათი შეურიგებლობის და ბრძოლის გაგრძელების სიმბოლო იქნებოდა. ასეთი კი მათი აზრით, მოჯთაბა ხამენეი იქნებოდა.
ხამენეის მხარდამჭერთა რიგებში იყვნენ: მოჰამად ბაყერი ყალიბაფი, გენერალი აჰმედ ვაჰიდი (ირგკ-ის სარდლობის მოვალეობის შემსრულებელი), მოჰამად ალი აზიზ ჯაფარი (ირგკ-ის ყოფილი სარდალი) და ჰოსეინ თაები (ირგკ-ის დაზვერვის ფრთის ყოფილი უფროსი).
მოჯთაბას კანდიდატურის წინააღმდეგი იყო ალი ლარიჯანი, რომელიც ფიქრობდა, რომ ქვეყანას ნაკლებ მაპოლარიზებელი ლიდერი ჭირდებოდა, რომელიც ცვლილების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ამავე წყაროების ცნობით, უფრო ზომიერ კანდიდატს ემხრობოდა პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანიც. ამ ბანაკის წევრები ყოფილი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის ან რეფორმისტულ ბანაკთან დაახლოებული ჰასან ხომეინის (იმამ ხომეინის შვილიშვილი) კანდიდატურას უჭერდნენ მხარს.
სხდომის მიმდინარეობისას ძალოვანი ბლოკის წნეხის ფონზე, ექსპერტთა საბჭოს მთავარი მიზანი "მოწამებრივად დაღუპული ლიდერის რეინკარნირება გახდა" და მოჯთაბა ხამენეიმ პირველივე სხდომაზე დააგროვა უზენაესი ლიდერობისთვის საჭირო ხმები. ექსპერტებმა საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ მთავრობას აცნობეს და დაავალეს მედიებს ახალი ამბავი საღამოს ლოცვის მოწოდების დროს გაევრცელებინათ.
მიუხედავად ამისა, ლარიჯანიმ მოითხოვა, რომ საბჭოს არ გამოეცხადებინა ახალი ლიდერის არჩევის შესახებ და მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ დაანონსების შემთხვევაში ახალი ლიდერი ისრაელის სამიზნე გახდებოდა და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადების გაჭიანურებამ ლარიჯანის და "ზომიერთა" ბანაკს დამატებითი დრო მისცა. ვითარების ამოტრიალებას ლარიჯანი იმაზე დაყრდნობით შეეცადა, რომ კენჭისყრა ვირტუალურად ჩატარდა, მაშინ როცა კონსტიტუციის მიხედვით ექსპერტთა საბჭო ფიზიკურად უნდა შეიკრიბოს.
ამ არგუმენტის უარყოფის შემდეგ, ლარიჯანის ბანაკმა ხელახალი კენჭისყრის საჭიროების დასაბუთება "ახლად გარკვეული გარემოებით" სცადა, მათ მოწმედ მოიყვანეს ალი ხამენეის ორი უახლოესი თანაშემწე, მათ შორის მისი ოფისის უფროსის მოადგილე, ალი ასგარ ჰეჯაზი, რომელიც ექსპერტთა საბჭოს წინაშე დაადასტურა, რომ ხამენეი მისი შვილის რაჰბარად არჩევის წინააღმდეგი იყო. მათ ასევე, წარმოადგინეს ალი ხამენეის ხელნაწერი, რომელშიც ის ეწინააღმდეგებოდა დინასტიურ მმართველობას. საბჭოს ახალი კენჭისყრის ჩატარებას სთხოვდნენ.
გუშაგთა კორპუსის მეთაურებს შეტევაზე გადასვლის საშუალება პრეზიდენტ ფეზეშქიანის 7 მარტის განცხადებამ მისცა, რომელშიც მან მოუბოდიშა მეზობელ არაბულ სახელმწიფოებს საჰაერო დარტყმებისთვის და ვითარების განმუხტვას დაჰპირდა.
ფეზეშქიანის განცხადების შემდეგ, აჰმად ვაჰიდიმ და მოჰამად ალი აზიზ ჯაფარიმ გააძლიერეს წნეხი ექსპერტთა საბჭოზე, მათ სხდომის სასწრაფოდ ჩატარება და მოჯთაბა ხამენეის არჩევის დადასტურება მოსთხოვეს. საბჭოს 88 წევრს სათითაოდ დაურეკა და მოჯთაბას მხარდაჭერა მოითხოვა ჰოსეინ თაებმა. ის ცდილობდა ექსპერტების დარწმუნებას, რომ აიათოლას ვაჟისთვის ხმის მიცემა, მათი "მორალური, რელიგიური და იდეოლოგიური მოვალეობაა."
8 მარტს ექსპერტთა საბჭოს მორიგი სხდომა ჩაინიშნა, კვლავ ვირტუალურად. მათ განიხილეს ლარიჯანის ბანაკის მიერ გაჟღერებული შენიშვნები. ზოგი ექსპერტი ამბობდა, რომ მათ პატივი უნდა ეცათ ალი ხამენეის გადაწყვეტილებისთვის და არ აერჩიათ მისი ვაჟი, სხვები ირწმუნებოდნენ, რომ კონსტიტუცია არ ავალდებულებდა მათ გარდაცვლილი ლიდერის მორჩილებას. ყველა მათგანი შეთანხმდა, რომ ომის პროტოკოლის მიხედვით, დისტანციური კენჭისყრა კანონიერი იყო.
ექსპერტების მიერ ქაღალდზე დატენილი კანდიდატის სახელები კურიერების მეშვეობით ხმის მთვლელ კომისიას ჩაბარდა. მოჯთაბა ხამენეიმ ხმათა ზუსტად 2/3 (59) მოიპოვა და ირანის ახალი უზენაესი ლიდერი გახდა.
უზენაესი ლიდერის მთელი ამალა
ომში, სადაც ისრაელის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი ირანის პოლიტიკური ისტებლიშმენტის განადგურებაა, ისლამური რესუბლიკის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია შესაძლოა ძალიან სწრაფად შეიცვალოს, თუმცა ამ დროისთვის ალი ლარიჯანის ლიკვიდაციის შემდეგ ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
მოჰამად ბაყერი ყალიბაფი - მეჯლისის სპიკერი
ირანის პარლამენტის სპიკერი ესწრება პრესკონფერენციას თეირანში
ყალიბაფი ირანული პოლიტიკის მძიმეწონოსანი ვეტარანია, რომლის კარიერა სხვა ლიდერების მსგავსად გუშაგთა კორპუსში დაიწყო და მთავარი ტრამპლინი ერაყთან ომი იყო. ყალიბაფი პროფესიონალი მფრინავია, იყო იმამ რეზას სახელობის ბრიგადისა მეთაური. ომის დასრულების შემდეგ გუშაგთა კორპუსის კუთვნილი უმსხვილესი სამშენებლო კორპორაციის ხათამ ალ-ანბიას მმართველი დირექტორი გახდა, რის შემდეგაც ალი ხამენეიმ ირგკ-ის საჰაერო ძალების მეთაურად დანიშნა.
თუმცა სამხედრო კარიერა ყალიბაფმა პოლიტიკაზე მალე გაცვალა. 1990-იანი წლების მიწურულს დაინიშნა ირანის საპოლიციო ძალების უფროსად. ამ რანგში მონაწილეობდა სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების დაშლაში.
პოლიციის შემდეგ, 2005 წელს თეირანის საკრებულომ ქალაქის მერად აირჩია, რა პოსტსაც 12 წლის განმავლობაში იკავებდა. ამ დროის განმავლობაში მონაწილეობდა 4 საპრეზიდენტო არჩევნებში, ვერც ერთხელ ვერ გადავიდა მეორე ტურში. 2017 წელს კანდიდატურა ებრაჰიმ რაისის სასარგებლოდ მოხსნა. საარჩევნო კამპანიებში ცდილობდა პოზიციონირებას როგორც მკაცრი, მაგრამ ეფექტური პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია საქმის ბოლომდე მიყვანა და ორიენტირებულია საშუალო კლასის კეთილდღეობაზე. 2020 წლის მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა, რომელიც დომინირებულია ულტრაკონსერვატორებით აირჩია სპიკერად. ამ პოსტზე მან ალი ლარიჯანი შეცვალა.
ყალიბაფი მიიჩნეოდა გამოცდილ, ალი ხამენეის ნდობით აღჭურვილ პოლიტიკურ ოპერატორად, რომელსაც შეეძლო ძალოვანი და აღმასრულებელი შტოების დაკავშირება და კოორდინაცია. მისი გავლენა და პოზიცია განსაკუთრებით გაიზარდა გასული წლის 12-დღიანი ომის დროს, როდესაც ხამენეიმ ის შეიარაღებული ძალების სარდლობაში თავის მოადგილედ დანიშნა.
ლარიჯანის ლიკვიდაციის შემდეგ ყალიბაფი წინა პლანზე გამოდის.
აჰმად ვაჰიდი - ირგკ-ის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, აჰმად ვაჰიდი
67 წლის აჰმად ვაჰიდიმ თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში გაატარა, რომელსაც 1980 წელს შეუერთდა. მალე ვაჰიდიმ კორპუსის დაზვერვის ფრთის მეთაურის მოადგილის პოსტი დაიკავა. სხვა მონაცემებით ის აქტიურად მონაწილეობდა დაზვერვის სამინისტროს შექმნაშიც.
სკანდალში გაეხვა ერაყთან ომის მიწურულს, როდესაც ისლამურ რესპუბლიკასთან დაპირისპირებულმა და სადამ ჰუსეინის მხარეს გადასულმა ხალხის მუჯაჰიდების დაჯგუფებამ (MEK) ფრონტის ის მონაკვეთი გაარღვია, რომელზეც პასუხისმგებელი ვაჰიდი იყო. იმ დროს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, ჰაშემი აქბარ რაფსანჯანი თავის მემუარებში წერს, რომ ვაჰიდი ცოტა ხნით დააპატიმრეს კიდეც და მის გასათავისუფლებლად სამხედრო პოლიციის დაშინება დასჭირდა.
სკანდალის მიუხედავად, 1990-იანი წლების დასაწყისში ვაჰიდი გუშაგთა კორპუსის ელიტური საექსპედიციო დაჯგუფების, "ყუდსის" თანადამფუძნებელი და მისი პირველი მეთაური გახდა. ამ პოსტზე ვაჰიდი 1998 წელს ყასემ სოლეიმანიმ შეცვალა.
ვაჰიდი ერთ-ერთია იმ 9 ირანელს შორის, რომლის დაპატიმრების ორდერიც გამოსცა არგენტინელმა პროკურორმა, ალბერტო ნისმანმა. საუბარია 1994 წელს ბუენოს აირესში, ებრაეული კულტურული ცენტრის აფეთქებაზე, რომელსაც 85 ადამიანი ემსხვერპლა. საქმის მასალებში ვაჰიდი ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორადაა დასახელებული. სხვადასხვა წლებში იძებნებოდა ინტერპოლის მიერ.
საერთაშორისო ძებნილის სტატუსს ვაჰიდის პოლიტიკური კარიერისთვის ხელი არ შეუშლია და მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ხოლო მეორე ვადის დროს მინისტრის პოსტიც დაიკავა.
მომდევნო წლებში ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს მთავარ კვლევით ცენტრს და იყო ალი ხამენეის წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საბჭოში.
2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ებრაჰიმ რაისიმ ვაჰიდი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. ვაჰიდის მინისტრობის პერიოდი მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ განვითარებულ საპროტესტო ტალღას დაემთხვა. სწორედ ვაჰიდი ხელმძღვანელობდა საპროტესტო აქციების ჩახშობის ოპერაციებს, რასაც ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების მონაცემებით 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მოჰამად ალი ჯაფარი - ირგკ-ის ყოფილი სარდალი
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მთავარსარდალი, მოჰამად ალი ჯაფარი
ალი ჯაფარი მის მიერ დაფუძნებულ სტუდენტურ ჯგუფთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა 1979 წლის რევოლუციაში, რომელიც შაჰის გაქცევით დამთავრდა. ერაყთან ომის დაწყებისთანავე ჯაფარი გუშაგთა კორპუსის ბასიჯთა ფრთაში გაწევრიანდა, თუმცა გამოვლენილი "ნიჭისა და სიმამაცის" სამსახურებრივ კიბეზე სწრაფად დაწინაურდა.
ჯაფარი თითქმის 15 წლის განმავლობაში იკავებდა გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაურის პოსტს. იყო ირგკ-ის იმ 24 მეთაურს შორის, რომლებიც საგანგებო წერილით პრეზიდენტ ჰათამის მისი უმოქმედობის შემთხვევაში გადატრიალების მოწყობით ემუქრებოდნენ.
ჯაფარი მიიჩნევა ირანის მიერ ჩამოყალიბებული ბრძოლის ასიმეტრიული სტრატეგიის ერთ-ერთ ავტორად. ცნობილია, რომ მისი მეთაურობის წლებში ჯაფარიმ დაუკვეთა ერაყსა და ავღანეთში ამერიკული არმიის ინტერვენციის დეტალური კვლევა და გააკეთა ოპერაციის სუსტი და ძლიერი მხარეების ანალიზი.
ის მნიშვნელოვან როლს ასრულდება რეგიონში კულტივირებულ პროქსი ძალებთან ურთიერთობებში, ასევე ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებაში. გუშაგთა კორპუსის მეთაურად დაინიშნა 2007 წელს ალი ხამენეის გადაწყვეტილებით და პოსტს იკავებდა 12 წლის განმავლობაში.
მიიჩნევა, რომ განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები აქვს როგორც მოჰსენ რეზაისთან, ასევე მოჰამად ბაყერი ყალიბაფთან.
ჰოსეინ დეღანი - ირანის უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი
ირანის თავდაცვის ყოფილი მინისტი და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაური, ჰოსეინ დეღანი
ყალიბაფისა და ვაჰიდის მსგავსად, დეღანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დამფუძნებელთა შორისაა. 1980-იანი წლების დასაწყისში დეღანი ხელმძღვანელობდა გუშაგთა კორპუსის ექსპანსიას და ოპერაციებს ლიბანსა და სირიაში.
მიიჩნევა ჰეზბოლას ერთ-ერთ სულისჩამდგმელად და მისი წესდების თანაავტორად. ამერიკის აშშ-ისს მიერ მხილებულია 1983 წელს ბეირუთში, ამერიკულ ყაზარმებზე განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ტერაქტს 241 ამერიკელი და 58 ფრანგი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ერაყთან ომის წლებში სწრაფად დაწინაურდა, მოჰსენ რეზაის, რაფიმ საფავის, ალი შამხანის მსგავსად მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთაურად. 1986 წლიდან გახდა საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე, ხოლო 1990-წლიდან მეთაურიც. მოგვიანებით მსახურობდა გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილედ.
1997 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის, ალი შამხანის მოადგილედ. აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის წლებში ეკავა რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა, მათ შორის იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობის საბჭოს მდივანიც. სხვადასხვა წლებში იყო ალი ლარიჯანის და მოჰამად ბაყერი ყალიბაფის პოლიტიკური მრჩეველი.
2013 წელს ჰასან როჰანის მთავრობაში დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი, სადაც მისი წინამორბედი აჰმად ვაჰიდი იყო. 2017 წლიდან დაინიშნა ალი ხამენეის მრჩევლად სამხედრო მრეწველობის საკითხებში.
2021 წელს გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. პოზიციონირებდა როგორც უპარტიო ტექნოკრატი, რომელსაც ჰქონდა თანამშრომლობის გამოცდილება როგორც კონსერვატორებთან, ასევე რეფორმისტებთან. თავისი კოლეგებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან რამდენიმე რაუნდიანი კონსულტაციის შემდეგ, დეღანიმ კანდიდატურა ებრაჰიმ რაისის სასარგებლოდ მოხსნა.
ირანული მედიის ცნობით, სწორედ დეღანი განიხილება ლარიჯანის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად.
მოჰსენ რეზაი - გუშაგთა კორპუსის ყოფილი სარდალი
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პირველი მთავარსარდალი, მოჰსენ რეზაი
მოჯთაბა ხამენეის პირველი საკადრო გადაწყვეტილება სწორედ მოჰსენ რეზაის უკავშირდებოდა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ისე დანიშნა, რომ საჯაროდ ამ დრომდე არ გამოჩენილა.
მოჰსენ რეზაი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პირველი და ყველაზე დღეგრძელი სარდალია, რომელსაც პოსტი 16 წლის განმავლობაში ეკავა. ირანული წყაროების ცნობით, სწორედ რეზაის წერილმა დაარწმუნა აიათოლა ხომეინი დაესრულებინა ომი ერაყთან და დათანხმებულიყო ზავს.
ერაყთან ომის დასრულების შემდეგ, ზედამხედველობდა გუშაგთა კორპუსის გავლენების ზრდას ქვეყნის ეკონომიკაში, ძირითადად სამშენებლო კონგლომერაცია ხათამ ალ-ანბიას მეშვეობით.
ფორმალურად პოლიტიკაში რეზაი 1997 წელს წავიდა, თუმცა მისი კარიერა გამორჩეულად უიღბლოა. ამ წლების განმავლობაში 4-ჯერ მიიღო მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში და საუკეთესო შედეგი ხმათა 10%, 2021 წლის არჩევნებში მიიღო. რამდენჯერმე სცადა ბედი საპარლამენტო არჩევნებშიც, მაგრამ ყოველ ჯერზე წარუმატებლად.
ჰოსეინ თაები - ირგკ-ის დაზვერვის ყოფილი მეთაური
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის სამსახურის ყოფილი მეთაური, ჰოსეინ თაები
თაები უნიკალური პოზიციის მქონე მაღალჩინოსანია - ის ერთდროულად სასულიერო პირიცაა და გუშაგთა კორპუსის ოფიცერიც. თაები მოჯთაბა ხამენეის მთავარ და ყველაზე ენერგიულ მხარდამჭერად მიიჩნევა.
მათი ურთიერთობა ასევე 1980-იან წლებში ერაყთან ომის დროს იწყება, თაები იმ დანაყოფის მეთაური იყო, რომელშიც მოჯთაბა ხამენეი ირიცხებოდა, იმ დროს ალი ხამენეი პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მოჯთაბას მეგობრობა ჰოსეინ თაებისთვის ალი ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევისა და მის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ფონზე სულ უფრო მომგებიანი ხდებოდა.
1990-იან წლებში ჩართული იყო ირანელი ინტელექტუალების გახმაურებული მკვლელობების საქმეში, ასევე აორგანიზებდა შურისძიების ოპერაციებს დისიდენტების წინააღმდეგ საზღვარგარეთ. სხვადასხვა წელს ხელმძღვანელობდა გუშაგთა კორპუსის პარამილიტარისტულ ფრთას. თაებს ცენტრალური როლი ჰქონდა 2009 წელს მწვანე მოძრაობის სახელით ცნობილი საპროტესტო ტალღის ჩახშობაში.
ამავე წლიდან მიიღო ხამენეის ნებართვა დაეარსებინა გუშაგთა კორპუსის სრულფასოვანი დაზვერვის ფართა, რომელიც დაკავებული იქნებოდა როგორც შიდა, ასევე საგარეო დაზვერვით. თაები სამსახურს 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა, როდესაც მოულოდნელად სამსახურიდან გაათავისუფლეს და იმ დროინდელი სარდლის, ჰოსეინ სალამის მრჩევლად გადაიყვანეს.
ხუნტა
ძალაუფლების ასეთი გადანაწილება ნაკლებად ჰგავს თეოკრატიისთვის დამახასიათებელ კლერიკალების მმართველობას და უფრო კომპაქტური, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამხედრო ხუნტაა, რომლის მაორგანიზებელი პრინციპია: შეინარჩუნონ რეჟიმის ერთიანობა, მაქსიმალურად გაზარდონ ომის ფასი მოწინააღმდეგისთვის, რაც მთავარია, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება.