ვინ შევა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში?

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ წესით საჯარო გახდება 26 ივნისის დღის ბოლოსკენ, მას შემდეგ, რაც მას მთავრობა პარლამენტში გააგზავნის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, სიაში ჯერჯერობით 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ 1991 წლიდან დღემდე ჩაიდინეს სხვადასხვა დანაშაული.

სიაში შემავალი 33 ადამიანის ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა უკვე ვიცით, რომ მათ შორის იქნებიან ის პირები, ვისაც ბრალად ედებათ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშილის მკვლელობები. ამის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაავრცელა.

ერთი მათგანი გახლავთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი, რაშიდ კანჯი-ოღლი. გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან. საქართველოს სასამართლომ კანჯი-ოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის ამჟამად იძებნება საქართველოს ხელისუფლების მიერ. ქართული მხარე აფხაზურისგან დღემდე უშედეგოდ მოითხოვს ბრალდებულის გადაცემას.

სიაში მოხვედრილი კიდევ ორი ადამიანი ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი, ალიკ ტაბოევია. მათ საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის. მათ ბრალად ედებათ ასევე კიდევ ორი მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაც.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, 26 ივნისს წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავები გამოძიებას აგრძელებენ და სია შესაძლოა, გაიზარდოს.