ეს უკვე მეორე წერილია, რომელსაც ღარიბაშვილი ციხიდან ავრცელებს და აკონკრეტებს, რომ შუამავლის როლს სუსის ყოფილი უფროსი, ამჟამად დროებით რეგიონული განვითარების მინისტრად გადაყვანილი მამუკა მდინარაძე ასრულებდა.
ღარიბაშვილის მიერ ორშაბათს დაპირებული „ვრცელი წერილი“ სინამდვილეში სულ 4-აბზაციანი აღმოჩნდა. ტექსტში წერია, რომ:
- მისი ციხეში ჩასმა და “პოლიტიკურად განადგურება” – “შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო”;
- ციხეში უხმოდ წასვლა ყოფილმა გუნდმა არ დაუფასა და სანაცვლოდ მიიღო “დადგმული ბინძური პროვოკაცია”;
- ივლისში ციხეში მან მიიღო წერილი მამუკა მდინარაძისგან, რომელიც ვერ დაარწმუნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავდა, მიუხედავად იმისა, რომ - აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით საკუთარი ხედვაც შესთავაზა.
“მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება”, - ამ წერილში, წინა წერილისგან განსხვავებით, ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელს სახელითა და გვარით აღარ მოიხსენიებს; თუმცა მან წინა დღეს დაწერა - რომ მას წერილი ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს.
რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში ღარიბაშვილის მონათხრობს „სრულ აბსურდს“ უწოდებენ. "სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა”, - პრესსამსახურის მოკლე კომენტარს პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“ ციტირებს. დეტალები დაზუსტებული არ არის.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილის წერილი გამოქვეყნდა: „იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ასევე ნახეთ
ივანიშვილის დავალებით გამოგზავნილ წერილში კორუფციის „აღიარებას“ მთავაზობენ, ამ ჩაგვრას წინ აღვუდგები - ღარიბაშვილი- 17 აგვისტოს, სოციალური ქსელებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხეში მიღებული წერილის ფრაგმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარებას“ სთავაზობდნენ - გასამართლების კომფორტული პირობებით - რის შედეგადაც უკვე მისჯილი 5 წლის მეტი ციხეში ყოფნა არ მოუწევდა;
- ხოლო კორუფციული დანაშაულის აღიარება იქნებოდა გარანტია, რომ სამომავლოდ პოლიტიკაში ვეღარ დაბრუნდებოდა.
- "შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ" - წერია ბეჭდური წერილის გამოქვეყნებულ ფრაგმენტში.
18 აგვისტოს რადიო თავისუფლებამ “ქართული ოცნების” მთავრობის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე ჰკითხა - იცოდა თუ არა მან წინამორბედის შესაძლო პოლიტიკური გეგმების შესახებ.
„რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როცა ადამიანს აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული“, - უპასუხა კობახიძემ.
ღარიბაშვილი და სიტყვა კორუფცია “ქართული ოცნების” გუნდმა პირველად დაუკავშირა ერთმანეთს. 2026 წლის იანვარში, როცა ღარიბაშვილი, ასევე "კომფორტულად" გაასამართლეს, არავის გაუპროტესტებია დაცვის მხარის განცხადებები, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დანაშაული კორუფციას არ მოიცავს და რომ მას ბიუჯეტი არ დაუზარალებია.
ღარიბაშვილის შესაძლო კორუფციულ დანაშაულებზე წლების განმავლობაში მხოლოდ მედია ლაპარაკობდა, "ქართული ოცნება" კი ყველაფერს უარყოფდა.
ასევე ნახეთ
რატომ წავიდა ღარიბაშვილი ციხეში ადრე, სწრაფად და უბრძოლველად - „ის, რაც უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს“რატომ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნების?
დისკუსიებში გამოთქვეს მოსაზრება, რომ ღარიბაშვილს დიდი ინფორმაცია აქვს "ქართული ოცნების" შიდა სამზარეულოს შესახებ და ეს ძლიერი იარაღია იმავე "ოცნების" წინააღმდეგ.
“პოლიტიკაზე ნუღარ მელაპარაკებით, მე წავედი პოლიტიკიდან”, “აღარ მინდა პოლიტიკაში დარჩენა", "მე მინდა, რომ დავისვენო, ოჯახს მივხედო“ - ეს სიტყვები ირაკლი ღარიბაშვილმა 2025 წლის აპრილში წარმოთქვა, ბრიფინგზე, როდესაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. თქვა, რომ საკუთარ ადგილს სამომავლოდ კერძო ბიზნესში ხედავდა.
მანამდე, ღარიბაშვილი დიდხანს არ ჩანდა საჯარო სივრცეში. დადიოდა ხმები, რომ “ქართული ოცნებიდან” წასვლა უნდოდა, მაგრამ არ უშვებდნენ. რამდენჯერმე გავრცელდა ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაცია მწვავე, ერთ შემთხვევაში - ფიზიკური დაპირისპირების შესახებაც, “ოცნების” ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის გუნდთან.
ვიდრე ორგზის ექსპრემიერის მეორე წერილი გამოქვეყნდებოდა, 18 აგვისტოს, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ივარაუდა, რომ ღარიბაშვილზე ხელახალი შეტევა შესაძლოა, სწორედ პოლიტიკაში მისი დაბრუნების საკითხს უკავშირდებოდეს, რადგან „ღარიბაშვილი კვლავ ავტორიტეტია ქოცების დიდი ნაწილისთვის” და იმაზე მეტი წონა აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს ანდა შალვა პაპუაშვილს და “რუსთავში გამოკეტვამ ამ მხრივ არც არაფერი შეცვალა” - რადგან მისი მხარდამჭერებისთვის სულერთია, რომ ექსპრემიერი ბევრნაირ შეურაცხყოფასა და დაცინვას ჯერ კიდევ თანამდებობებზე ყოფნის დროს ითმენდა და ბოლოს დაიჭირეს კიდეც.
“როგორც ჩანს ამჯერად ივანიშვილი რაღაც ისეთს ითხოვს ღარიბაშვილისგან, რაც მის რეპუტაციას ქოცებშიც კი გაანადგურებს, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნობს თავს პოლიტიკურად უსაფრთხოდ ის ბრძენი კაცი. პლიუს, ცხადია ემუქრება (იმ შემთხვევაში, თუ არ იზამს) სავარაუდოდ ამას ეძახის ღარიბაშვილი მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას” - დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილის გათეთრებული მილიონები? - რა კითხვებს აჩენს გამოძიების საჯარო პოზიციაღარიბაშვილს თავიდანვე მართლაც მრავლად ჰყავდა მხარდამჭერები, რომლებიც ამას ღიად და ხმამაღლა გამოხატავდნენ. ბევრი მათგანი სწორედ ღარიბაშვილს თვლიდა "ქართული ოცნების" ძველი, ნამდვილი იდეების დამცველად.
გასამართლების და დაკავების შემდეგ, მას ძველებურად აღარ აქებენ, აღარ აღმერთებენ; აღარ ჩანან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ირაკლი ღარიბაშვილს მშვიდობისთვის და მართლმადიდებლობისთვისაც კი უხდიდნენ მადლობას.
ბევრმა დაწერა, რომ მისგან კანონდარღვევას არ მოელოდნენ, რომ ფულის ასეთი სიყვარული საშინელებაა და დანაშაული ინდულგენცია არავისთვის არის.
ბევრი საერთოდ გაჩუმდა, წაშალეს მასთან ერთად გადაღებული ფოტოები.
თუმცა შიგადაშიგ, აქა-იქ, სოციალურ ქსელებში, კვლავ ჩანდა მხარდამჭერთა რაღაც ნაწილის იმედი - რომ ღარიბაშვილს კვლავ იხილავენ პოლიტიკაში, დიდების მწვერვალზე.
ამ დღეებში ბევრს გაახსენდა ის ფაქტი, რომ 10 წლის წინ - ექსპრემიერის პოსტიდან პირველი გადადგომის შემდეგ - ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილს უწოდა “ძალიან ღირსეული სათადარიგო მოთამაშე", რომელსაც აქვს რესურსი ჩამოაყალიბოს თავის პარტიაც - “ახალი პოლიტიკური გუნდი”.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - ოპოზიციის შეფასებები„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ღარიბაშვილის პირველი წერილის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღარიბაშვილის დაჭერის მიზეზი არის არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ივანიშვილის „პირადი პოლიტიკური ინტერესი, მოიცილოს პოლიტიკური მოწინააღმდეგე“ და შესაბამისად - “ასეთ შემთხვევებში დაჭერილი პოლიტპატიმრად ფასდება საერთაშორისო სტანდარტებით, გინდა ღარიბაშვილი იყოს გვარად და გინდა ჯონ სმიტი, გინდა ჩადენილი ქონდეს დანაშაული და გინდა არა“.
თუკი ღარიბაშვილს "ქართული ოცნება", პოლიტიკური მოტივებით, რეალურად ებრძვის - სოციალური ქსელების დისკუსიებში ჩანს, რომ მას პოლიტიკურ პატიმრად ბევრი ჩათვლის.
ევროპის საბჭოს კრიტერიუმებით, პატიმარი შეიძლება შეფასდეს პოლიტპატიმრად თუ: დაკავებით დაირღვა აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება; დააკავეს წმინდად პოლიტიკური მიზეზებით, ყოველგვარ დანაშაულთან კავშირის გარეშე; პოლიტიკური მოტივების გამო, პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები ცალსახად შეუსაბამოა კანონდარღვევასთან, რაშიც პირი დამნაშავედაა ცნობილი, ან რაშიც ბრალი ედება; პოლიტიკური მოტივის გამო, ადამიანს, სხვებისგან განსხვავებით, დისკრიმინაციულად აკავებენ; თუ დაკავება შედეგია ცალსახად უსამართლო პროცედურებისა, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთანაა დაკავშირებული.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილის ნათესავებისთვის ტროლის მიმართვა სახელისუფლებო მედიამ გააშუქა - MDF“ქართული ოცნების” ყოფილი თანაგუნდელი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ ბევრს არ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ურთიერთობებზე და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დეტალებზე. მაგრამ მისთვის ცხადია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები მთლიანად მოშლილია:
“საქართველოში არცერთი ადამიანი არ არის დაცული და არავითარი სახელმწიფო ინსტიტუციური გარანტიები არავის არა აქვს - იქნება ეს ყოფილი პრემიერი, რიგითი ადამიანი, კრიმინალი, შემთხვევით მოხვედრილი თუ პოლიტპატიმარი. გუშინდელი წერილის შემდეგ, სახალხო დამცველი უნდა მისულიყო [ღარიბაშვილთან] და მოეკითხა ეს ამბავი, რაც ვერ დავინახეთ. რეაგირება არ ჰქონიათ ძალოვან სტრუქტურებს… სახელმწიფო აღარ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ყველაფერი წყდება ერთი ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის] მიერ”, - დიმიტრი ცქიტიშვილი ასევე გვეუბნება, რომ ქვეყანაში დღეს არსებული რეალობის “ერთ-ერთი შემოქმედი თავად ღარიბაშვილიც არის”.
არსებობს თუ არა საფრთხე
17 აგვისტოს, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როცა ბიძინა ივანიშვილის მისამართით უხვი მადლობებით ცნობილმა ორგზის ექსპრემიერ-მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ირაკლი ღარიბაშვილმა - იერიში სწორედ ბიძინა ივანიშვილზე მიიტანა და თქვა, რომ მას ბრძოლის დაწყების გარდა სხვა გზა აღარ დაუტოვეს. ღარიბაშვილი ყოველთვის უსიტყვოდ შემსრულებელი ხელქვეითი იყო - არასოდეს წასულა ბიძინა ივანიშვილის გეგმების საწინააღმდეგოდ.
“დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!” - ეწერა 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ მოკლე წერილში.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მან ყველაფერი სცადა, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაუტოვეს; გარდა იმისა, რომ ამ გზით შეეწინააღმდეგებოდა “ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას”; წერილის თანახმად, არსებობს მისი და მისი ოჯახის განადგურების “ბინძური გეგმა”.
„თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 18 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე და მსგავსი განცხადებები „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ „კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“.
ასევე ნახეთ
„თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე“ - კობახიძესახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ “ტვ პირველს” დაუდასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოხსნილი აქვს და ეს მოხდა მაშინ, “როდესაც კანონიერად იყო საჭირო”. კანონით, პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ღარიბაშვილი, მეორედ - 2024 წლის 29 იანვარს გადადგა.
თუმცა ამ ხნის განმავლობაში, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ექსპრემიერ ღარიბაშვილის სახლთან დაცვის ჯიხური მაინც იდგა.
ყოფილმა დეპუტატმა, გივი თარგამაძემ, რომელიც ღარიბაშვილის მეზობლად ცხოვრობს, 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ღამით ექსპრემიერის დაცვის ჯიხურის დარბევას შეესწრო, როდესაც ძაღლს ასეირნებდა. თარგამაძე “ტვ პირველთან” ჰყვება, რომ ორმა პირმა, რომლებსაც სახე დაფარული არ ჰქონდათ, დაცვის ოთახიდან ადამიანი გამოაგდეს და კომპიუტერები გადმოყარეს.
ასევე ნახეთ
დასავლეთის სანქციებს გადარჩენილი "ოცნების" ორგზის პრემიერი - გადაურჩება თუ არა ივანიშვილს?რატომ არაფერი უთქვამს?
2026 წლის იანვარში, ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ისე წავიდა, რომ საჯაროდ არაფერი უთქვამს, მიუხედავად დაპირებისა, რის გამოც მისი მხარდამჭერები გაწბილებას არ მალავდნენ.
საპროცესო შეთანხმებით კმაყოფილი დარჩნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები - საქმის არსებითი განხილვა „უფრო მეტ სიბინძურეს“ ამოყრიდაო.
დღეს ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დუმილს მაშინ შეგნებულად ინარჩუნებდა - “მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი”:
“მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები”.
- 2026 წლის იანვარში, ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - საპროცესო შეთანხმების საფუძველზე.
- მან აღიარა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია [ფულის გათეთრება], განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით [სს კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი];
- დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და იმ 6.5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია, რომელიც მას [3 თვით ადრე] ჩხრეკისას სახლში აღმოუჩინეს.
2026 წლის 13 იანვარს ღარიბაშვილი საპატიმროში ადვოკატებმა მოინახულეს და გამოიტანეს ამბავი, რომ პატიმარს კარგად ექცევიან, ის კი "თავს მხნედ გრძნობს". ყოფილ პრემიერს ხალხისთვის სათქმელად არაფერი დაუბარებია.
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულს სულ ორჯერ მოუწია სასამართლო სხდომაზე მისვლა. პირველად 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც მას, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, მილიონიანი გირაო შეუფარდეს. ღარიბაშვილმა მაშინაც განსაკუთრებული უფლებებით ისარგებლა - სასამართლოს ეზოში მანქანით გაატარეს, ხოლო შენობაში ცალკე შესასვლელით შეუშვეს და გამოუშვეს.
„ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი 12 იანვარს სასამართლო დარბაზში, საგანგებო დახურულ სხდომაზე დააპატიმრეს - ეს მოხდა ერთი თვით ადრე 12 თებერვალს დანიშნულ მორიგ სხდომამდე, როცა სასამართლოს მისი საქმის არსებითი განხილვა უნდა დაეწყო. ამით მან უარი თქვა შესაძლებლობაზე, კიდევ მინიმუმ ერთი თვით ყოფილიყო თავისუფალი.