მუხრანბატონის სასახლე
რუსთაველის N12 - ამ მისამართს თავისი ისტორია აქვს. რუსთაველის განაშენიანების კვალდაკვალ, 1877 წელს აქ აშენდა ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის სამსართულიანი სახლი. მუხრანბატონი მდიდარი კაცი იყო, მეღვინე და მემამულე. სწორედ მან უმასპინძლა საქართველოში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს. მან ააგო ღვინის ქარხანა მუხრანში, ხოლო თბილისში - სასახლე, სადაც არისტოკრატია იკრიბებოდა და სხვადასხვა საქმეს წყვეტდა, მაგალითად, აქ ტარდებოდა თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის (მარშლის) არჩევნები. სასახლეში სასტუმროც იყო, ხალხი ცხოვრობდა.
ადგილი, სადაც „მამის მკვლელი“ დაიწერა
როგორც ისტორიკოსი პოლიევქტოს კარბელაშვილი იხსენებს, პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის, „დროების“ რედაქციაც აქ ყოფილა, ერთი სართულის ზევით კი თავად მას და ალექსანდრე ყაზბეგს ეჭირათ ზიარი ოთახი. მოგვიანებით მწერალს მაიმუნი ჟაკო აჩუქეს და ისიც ამ ოთახში დაბინავდა.
ასევე ნახეთ
ეკატერინე ჭავჭავაძე - როგორ შეუერთეს სამეგრელო რუსეთსპოლიევქტოსი იხსენებს, რომ ყაზბეგის ოთახში ყოველთვის საშინელი არეულობა იყო. „შემოვიდოდა მოსამსახურე (შვეიცარიის ნომრებისა მაშინ) და შემოჰკრავდა ხელს თავის ქნევით: ე, რა ღვთის წყრომაა, როდის უნდა მივალაგ-მოვალაგოვო“.
ეს მოგონებები მან ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების შემდეგ დაწერა:
„თითქმის ყოველ დილით ჩადიოდა [ალექსანდრე ყაზბეგი] დაბლა „დროების“ რედაქციაში და წერდა „მამის მკვლელს“. რაკი კალამს აიღებდა ხელში და დაადებდა ქაღალდს, ვიდრე არ შეასრულებდა მთელ საფელეტონე წერილს, თავს მაღლა არ აიღებდა; ქაღალდიდან ერთი გოჯის მანძილზე ძლივს ეჭირა თავი, ისე ახლო მიაყოლებდა თვალს ახალ-ახალ სტრიქონს (განსვენებულს თვალთ აკლდა ძალიან და ბეცი იყო). ამ დროს ლაპარაკი, ფეხის ხმა, რახა-რუხი, სიცხე, სიცივე - მისთვის არ გაეჩინა ღმერთს: წერდა და წერდა განუწყვეტლივ. ხშირად ჟაკო შეახტებოდა კისერზე, მოიკალათებდა და დაიძინებდა ხოლმე და როცა წერას გაათავებდა, მხოლოდ მაშინ გაიგებდა განსვენებული ჟაკოს კისერზე ყოფნასა“.
ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტრო, ფოტო „ტფილისის ჰამქრის“ არქივიდან.
1921 წელს ეს სახლი ხანძარმა გაანადგურა. 1928 წელს თბილისის საქალაქო საბჭომ გადაწყვიტა, აქ კავშირგაბმულობის შენობა აეგო. რაც ხანძარს გადაურჩა, ისიც დაანგრიეს და ახალი კორპუსი წამოჭიმეს, რკინა-ბეტონის კარკასით, აგურით და ტუფით. არქიტექტორი კონსტანტინე სოლომონოვი იყო. მშენებლობა 1930 წელს დასრულდა, მაგრამ სახლი თვალში არავის მოუვიდა, არც უკვე აშენებულ შენობებს არ ეხამებოდა, არც - მომავალში ასაშენებელს. 1934 წელს გადაწყდა ფასადი შეეცვალათ. თუმცა ეს მხოლოდ 1955 წლის 25 აპრილისთვის მოახერხეს. ამჯერად არქიტექტორი ივანე ჩხენკელი იყო, აშენდა ახალი კედელი, რომელიც ძველ შენობას რკინა-ბეტონის კარკასით დაუკავშირდა.
Your browser doesn’t support HTML5
"კავშირგაბმულობის სახლის" ნაცვლად სასტუმრო აშენდება
9 მარტის სასაკლაო
ერთი წლის შემდეგ, 1956 წლის 9 მარტს, ამ შენობასთან დახვრიტეს მომიტინგეები, რომლებიც ქუჩაში სტალინის სახელის დასაცავად გამოვიდნენ. დემონსტრანტების დარბევა სწორედ კავშირგაბმულობის სახლიდან დაიწყო. შემდეგ ამ დარბევას იმით ამართლებდნენ, ხალხს კავშირგაბმულობის სახლის შტურმით აღება უნდოდაო. მანამდე მომიტინგეებში ხმა გავრცელდა, რომ სახლთან რამდენიმე აქციის მონაწილე ჰყავდათ დაპატიმრებული. ისროდნენ ტყვიამფრქვევიდან. ამ ადგილას ათობით მომიტინგე დაიღუპა და დაიჭრა.
გადამწვარი რუსთაველი
კავშირგაბმულობის სახლი ნაწილობრივ დაიწვა 90-იან წლებში, როდესაც რუსთაველზე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მოგვიანებით შენობა გაარემონტეს.
ომი რუსთაველზე
დღეს ეს კორპუსი ეკუთვნის თამაზ გაიაშვილის კომპანიას „მარილი-2020“. ის არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. კომპანიის დირექტორი ბექა ბაბალაშვილი ამბობს, რომ შენობა იმდენად მოძველდა, რომ ვერ აღდგებოდა, ამიტომაც შლიან და ახალს აშენებენ.
ომი რუსთაველზე
„მძიმე ტექნიკა რომ გაივლიდა, ისეთი ვიბრაცია ჰქონდა, შეიძლება ჩამონგრეულიყო. რამდენჯერმე ფასადი ჩამოიშალა. ფილებითაა მოპირკეთებული და ჩამოცვივდა. აშენდება სასტუმრო, საოფისე ფართით. ვიზუალი იგივე ექნება, იგივე შვიდი სართული. ის ნაწილიც აღდგება, რომელიც ადრე დაიწვა ლესია უკრაინკას მხარეს. რეალურად რეკონსტრუქციაზე გვაქვს ნებართვა, ამიტომ იერსახე შენარჩუნდება“, - ამბობს ბექა ბაბალაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება სასტუმროს აშენებას, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადი. ახალ შენობაზე ისევ დარჩება მემორიალური დაფა, რომელიც ახლა 9 მარტს დაღუპულთა სახსოვრად არის განთავსებული.