ბოლო დინოზავრიც გადაშენდა.
ყველას აღმოაჩნდა თავისი საყვარელი ლექსი და კუპლეტი ტარიელის პოეზიიდან.
ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, ჩემს პირველ რომანს, რომელიც იმდენად უვარგისია, რომ საჯაროდ ვაცხადებ უარს მის ავტორობაზე, ტარიელის ლექსიდან პწკარი წავუმძღვარე ეპიგრაფად: „სისულელეა ყველაფერი სისულელეა!“ პრინციპში, ეს ერთი პწკარია მთელი ლექსი, რომლის სათაურიც ყველაფერს ამბობს: „ალბერ კამიუს თუთიყუში“. და რომელიც, აბსურდულზე უფრო დადაისტურია. ან ორივე ერთად.
ეგებ ჩემი ტექსტი არ ვარგოდა, ტარიელს კი ეამა, რომ მისი პწკარი ვიღაცის სამყაროში შესასვლელი გასაღები აღმოჩნდა. დამირეკა და რაღაც თბილი კალამბური მომიძღვნა. მე კი ისე ავღელდი, ვერ დავიმახსოვრე. მერე კი მომერიდა თხოვნა, რომ შეეხსენებინა. საერთოდ, სულ მაქვს გაბნეული ტარიელის ციტატები ჩემს ტექსტებში.
არასდროს გვიმეგობრია, მეტისმეტად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. თუმცა იცოდა ხოლმე შემორეკვები. მეც ვაძლევდი ამის საბაბს. ტელევიზორში რაღაც სისულელეს ვიტყოდი და ტარიელის ზარიც უცებ გაისმებოდა ხოლმე. ერთხელ მისი თაობის სხვა პოეტზე რაღაც აუგი ვთქვი (დიდ პოეტზე, მთლად მთაწმინდაზე რომ დაკრძალეს მერე), მაშინვე დამირეკა, პირდაპირ ჩემი სათქმელი თქვიო. სხვა თაობა იყო, ვერ ამბობდა ხმამაღლა გულისნადებს. მაგრამ უხაროდა, სხვა თუ იტყოდა.
როგორც ბოლოს გამოირკვა - დებულების თანახმად,
ყველაფერში უნდა ვიყო დებილების თანახმა!
მონაა თუ თანამონა, ყმა არის თუ თანაყმა,
ყველაფერში უნდა ვიყო ყმის და მონის თანახმა!
თან - ცაში და თან - მიწაზე, თან - დაღმა და თან - აღმა,
სადაც უნდა ვიყო, ვიყო უნდა მათი თანახმა!
რო გავჩუმდი, როგორ ფიქრობ - მე არ მქონდა განა ხმა?
მაგრამ რა ვქნა! - უნდა ვიყო მეც ყველაფრის თანახმა!
ბოღმამ ტვინი შემიშუპა, დარდმა გული დანაღმა!
თანახმა ვარ! კი ბატონო!
თანახმა ვარ!
თა-ნა-ხმა!
სულ მხიარული გეგონებოდა. მაგრამ, რომ გაიცნობდი, ამ მხიარულების მიღმა სევდას იგრძნობდი. მარტოობასაც კი, იმის მიუხედავად, რომ მეგობრები არ აკლდა. არ აკლდა ხალხი კაცს, რომელიც მარტოსულებზე წერდა - იმათზე, ვისაც ღამით სხვისი ძილი უკვირს. ან როგორ არ გაუკვირდებოდა, როცა თვითონ არ ეძინა. ან რა დააძინებდა კაცს გულის შუილებით? ვისი ბიოლოგიური საათიც სხვა რიტმით წიკწიკებს. „დრო კი, ძვირფასო, დრო კი, მიახრიგინებს ვნებებს, როგორც პატიმარს დროგი!“ ვინც მზად იყო, ქრისტე გაეცვალა სატანაში, გოლგოთაზე მიხმარებოდა ოღონდ ის ჯვრის ატანაში.
ერთხელ მომიყვა, როგორღაც დუმბაძეს ვკითხეო, ჩემო ნოდარ, რა გირჩევნია, ჯიბეში ასმანეთიანი გედოს თუ ასი მანეთის ხურდა გეყაროსო. ჩაფიქრდა ნოდარი. მიხვდა, რასაც ვეკითხებოდიო, და მითხრა, იცი რა, ჩემო ტარიელ, ასი მანეთის ხურდა მირჩევნიაო.
არც თვითონ ტარიელი ყოფილა მაინცდამაინც ასმანეთიანის კაცი, მაგრამ არც მთლად ხურდისა იყო. როგორღაც ახერხებდა, თავისი კერძო კუპიურა მოეჭრა, ასმანეთიანსა და ასი მანეთის ხურდა ერთად რომ ყოფილიყო, ერთიანი მთელი. თუმცა კარგად იცოდა თავისი ფასიც. უამისოდ, მგონი, ვერ დასვამ კაცი ამდენი ძახილის ნიშანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
შენ დღედაღამ ითვლი ფულს!
მე დღედაღამ ვითვლი პულსს!
მაინც შურით უცქერი
ტრაპეზს ჩემსას, ღარიბულს!
ერთი ჰოლივუდური ფილმია, კიმ ბესინგერით მთავარ როლში. ასეთი სცენაა, ბესინგერი რაღაცას ყიდულობს სუპერმარკეტში, მოლარეს ჯერ ათასკარატიან ბრილიანტს დაუდებს ხელისგულზე. რაზეც მოლარე ეუბნება, ბრილიანტებს არ ვიღებთო. მაშინ ბესინგერი ათასდოლარიან კუპიურას გაუწვდის. ის კი ეუბნება, უფრო პატარა ფული არ გაქვთო? მაშინ ბესინგერი ათასდოლარიანს ჩააბრუნებს ჩანთაში, დააპატარავებს და იქიდან საფოსტო მარკისხელად ქცეულ კუპიურას ამოიღებს და მოლარეს გაუწვდის. იმ ფილმში ბესინგერი უცხოპლანეტელია.
ტარიელსაც ჰქონდა ასეთი ჯადოსნური აბგა, სადაც დიდ პოეზიას ჩაიდებდა და აპატარავებდა, მცირე ზომის კუპიურებს გვაჩეჩებდა ხელში. ტარიელი არასდროს ყოფილა უცხოპლანეტელი, ძალიან მიწიერი იყო. ძალიან ადამიანი. ცბიერიც კი. ქართული პოეზიის ღმერთი ტარიელი არ ყოფილა, ეგებ უფრო „უკუღმერთი“, როგორც თვითონ იტყოდა. ერთხელ თქვა, ჩვენ, ახალი თაობა, გალაკტიონს მხრებზე დავეყრდენით და უფრო შორს გავიხედეთო. ხმამაღალი ნათქვამია, ტარიელისეული. შორს გახედვა არ ნიშნავს მაინცდამაინც უკეთესს. ალბათ უფრო სხვანაირს, უფრო სადასაც, უორნამენტოს, ეპიკურობის გარეშე.
ერთს გეტყოდა, შენ კი იმას გაფიქრებინებდა, რაც თვითონ არ თქვა. „არც ჩაპლინზე ვფიქრობ ახლა და არც ლენე კლერზე! კაი გოგო კი ხარ, მარა ფიქრობ მხოლოდ ლუდზე!“ რა შუაშია აქ ლუდი? მისი „არ მაძლევს ეს ქალი“ მთლიანად ასეა აგებული. არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალი, არ მაძლევს ეს ქალიო, იმეორებს და უცებ ამთავრებს, მოსვენებასო. სხვაგანაც აწვალებს იგივე მოტივს, წარმოუდგენლად არ მაძლევს კარტი: განსაკუთრებით - კარტებში - ქალიო. უხამსობის ზღვარზე ისე გაივლიდა, როგორც ბეწვის ხიდზე. საერთოდ, სავსეა ტარიელის პოეზია ეროტიკით. და ღმერთით. ან, როგორც თვითონ იტყოდა, „შემკრთალი ღმერთით“. ზოგჯერ მარტო სათაურშიც ჩაატევდა სათქმელს: „გშვენის ლოყაზე ხალილუია“. სხვაგან იტყვის, ექიმი მირჩევს მოვიწვა ხალიო, და შენც უნებურად გონებაში ამ ხალთა შორის თაღს კრავ.
ალბათ, არ არსებობს ქართველი, ვისაც ერთხელ მაინც არ შეურხია გულში სიმები ტარიელის „ვიღაცამ ევას ასაკი ჰკითხა“, თუნდაც ყრმობაში, როცა გული სხვანაირად ძგერს და არც სიმები დამწყდარა ჯერ, როგორც ძველ გიტარაზე.
რაღაცნაირი ხელის ჩამორთმევა იცოდა, ჩიტივით. ისე მოგიჭერდა - გატკენდა. კოცნაც ისეთი იცოდა, ლოყას კი არ მოგადებდა ლოყაზე, იმ ლოყაზე უთუოდ ტუჩებით გაკოცებდა, ცოტა ულვაშებსაც შეგასობდა კანში.
ბევრმა გაიხსენა მისი ლექსები, პწკარები იმ ლექსებიდან. ბარემ იყოს ეს ერთი კუპლეტიც აქვე, როგორც მისი შეფარული ავტოპორტრეტი:
მარტო ის რად ღირს, ღამით რომ
საყვავილესთან ჩავივლი.
თუ საყვავილე სხვისია,
ჩემი ერთი ყვავილი!
ფერმილეული ყვავილი!
ულამაზესი ყვავილი!
პააატარა ყვავილი!
ასეთივე იყო ტარიელიც. იმდენად პააატარა, რომ შეუძლებელი იყო მისი არშემჩნევა. ერთი მისი ძველი ლექსი ასე მთავრდება: „კასპაროვი უგებს კარპოვს“. შეიძლება არაა პოეზია სპორტი, მაინც ბევრს მოუგო ტარიელმა. ზოგს წინასწარ, ბევრ ისეთსაც, ვისაც წერაც კი არ დაუწყია ჯერ. დინოზავრებმა იცოდნენ ასე, გადაჭამდნენ ირგვლივ ყველას. ტარიელი კი გვატყუებდა, სათამაშო დინოზავრი ვარო, პლუშისა.
ვწერ სიხარულებს!
ვწერ ტანჯვას!
ვწერ საღამო ხანს!
ვწერ დილით!
ცხოვრების წიგნი მთავრდება,
აკლია მხოლოდ წერტილი...
ჩემი ფავორიტი მაინც სხვა ლექსია. რამდენჯერ აღარ შემცვლია გემოვნება, რამდენი ვინმე გადამყვარებია, რამდენი რამ გამცრეცია, „უხერხულია შენ გერქვას ცოლი“ კი დღემდე მომყვება, საიდანაც ვერაფერს გამოარჩევ, რამეთუ, იმდენად ბანალურია, იმდენად მაზალო და გოიმურიც კი, რომ უკვე შესანიშნავია, და ყველაფერი, რაც მასში ზედმეტია, არის ხელუხლებელი. განსაკუთრებით კი ფინალი, მით უფრო, დღეს, როცა აღარც დამბაჩებია და აღარც დუელები ამ ფუტურო ეპოქაში:
უხერხულია, შენ გერქვას ცოლი,
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...
მაშინ, დიდი დინოზავრების ეპოქაში, იყო ერთი პააატარა მცენარეჭამიაც, ორფეხა დინოზავრი, მიკროცერატუსი. იმ გიგანტების ფონზე ეს მინიატურული არსება არც ჩანდა, სამოციოდე სანტიმეტრიღა იქნებოდა. ეს დინოზავრი კი არა, უკვე დინოა, ბავშვები როგორც ეძახიან. დინო, რომელმაც კარგად იცოდა ადამიანის ფასი. ტარიელს უთქვამს, სხვას კი არა, ვენაცვალე კარგ კაცს - დედამიწის კარკასსო... და მაინც, ტარიელი იმ გიგანტების ნათესავი იყო, მასაც დინოზავრების სისხლი ედგა. ასეც ამბობდა: მე ვარ შოთას შვილის შვილის შვილის შვილის შვილის შვილიო.
და აი, ეს ბოლო დინოც გადაშენდა. ფერმილეული დინო. ულამაზესი დინო. პააატარა დინო. მისთვისაც გაიჭრა მიწა, მასაც მიაყრიან ბოლო ყვავილებს. სიოც წაიღებს მერე სადღაც მიწიდან ნაჩურჩულევს: „ცოცხალ საფლავს ცოცხალი ყვავილები მიყროდა, საფლავიც და ყვავილიც - მიქრო-მიქრო-მიქროდა!“
ბოლოს და ბოლოს ამ დინომაც დასვა თავისი ბოლო წერტილი. რასაკვირველია, არავინ დააწერს ეპიტაფიად ოდნავ გადაკეთებულ მისივე სიტყვებს, მე კი მგონია, რომ ამაზე საუკეთესო არაფერი იქნებოდა: „სიკვდილ-სიცოცხლის დამთავრდა რალი“.