სოხუმსა და ცხინვალს „სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში“ დავეხმარებით - ზახაროვა

ფოტოზე: მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარების 18 წლისთავს აღნიშნავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამ თარიღთან დაკავშირებით უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება გამოქვეყნდა.

მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მიერ 2008 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ „დააგვირგვინა ორი რესპუბლიკის ხალხების თავდადებული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, გადაარჩინა ისინი იმჟამინდელი საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ განზრახული განადგურებისგან და საფუძველი ჩაუყარა საკუთარი ბედნიერი მომავლის მშენებლობას“.

მან კონფლიქტის ესკალაციის წაქეზებაში „კოლექტიური დასავლეთი“ დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა „რუსეთის წვლილს რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაში“.

ზახაროვას თქმით, ბოლო 18 წლის განმავლობაში მოსკოვის კავშირები ცხინვალსა და სოხუმთან „დინამიკურად ვითარდება“. ის ამბობს, რომ რუსეთი ეხმარება „ახალგაზრდა რესპუბლიკებს სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში, საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებაში“.

დიპლომატის მტკიცებით, „მეგობრულ ქვეყნებს“ რუსეთი მასშტაბურ დახმარებას გაუწევს „სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცების საქმეში“, გაგრძელდება „სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის გაძლიერება“, ასევე - „საერთო ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნება“.

ასევე ნახეთ

17 წელი კრემლის აღიარებიდან - რა მოიგეს სოხუმმა და ცხინვალმა?
  • 18 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, აგვისტოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“. მედვედევი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.
  • საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ „დამოუკიდებლობას“ დღეისთვის მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია ცნობენ (ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ აღიარება უკან წაიღეს).