ბელგრადში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებმა, კოსოვოში აზრთა სხვადასხვაობა და ვნებათაღელვა გამოიწვია. რადიო თავისუფლების კოსოვოს სამსახური პრიშტინის მცხოვრებლებს ესაუბრა, რათა მათი მოსაზრებები შეეტყო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარებმა კოსოვოში პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია, რასაც პრიშტინის ცენტრში უკრაინის დიდი დროშის ჩამოხსნა და მთავრობის მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.
ზელენსკიმ 8 აგვისტოს ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პოზიცია კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით „უცვლელი“ იყო - ანუ კიევი მას კვლავ არ ცნობდა.
კომენტარი სერბეთში ზელენსკის პირველი ვიზიტის დროს, კოსოვოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაკეთდა.
Your browser doesn’t support HTML5
What Are People In Pristina Saying After Zelenskyy’s Belgrade Visit Sparks Controversy In Kosovo?
„ზელენსკის ვიზიტი და განცხადება კოსოვოს შესახებ ქვეყნისთვის დიდი მოვლენა გახდა, რადგან მან ხელი შეუწყო საერთაშორისო ლეგიტიმურობის მინიჭებას და ვუჩიჩის ავტორიტარული რეჟიმის გათეთრებას“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას 10 აგვისტოს ატლანტიკური საბჭოს ევროპის ცენტრის მკვლევარმა, აგონ მალიქიმ.
რა თქვა ზელენსკიმ?
კითხვაზე, შეეძლოთ თუ არა სერბეთის ოფიციალურ პირებს უკრაინის მხარდაჭერის იმედი ჰქონოდათ კოსოვოს — რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს - არაღიარების საკითხში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სერბეთი და უკრაინა „პარტნიორები“ არიან.
„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია... კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების მიმართ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, მათ შორის... ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის, სტატუსის პატივისცემისთვის. სერბეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე არ შეცვლილა“, - დასძინა მან.
კომენტარებში ნათლად გამოვლინდა უკრაინის მგრძნობელობა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რუსეთმა ყირიმი 2014 წელს ძალის გამოყენებით მიიტაცა და ამჟამად ნახევარკუნძულს თავის ტერიტორიად აცხადებს. ამასთან ერთად, რუსეთმა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონები, რომლებიც მას ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ეს ნაბიჯები ფართოდ იქნა დაგმობილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
ზელენსკის კომენტარები ასევე ასახავდა კავშირების განმტკიცების მცდელობებს სერბეთთან, რომელიც, როგორც ამბობენ, მას საბრძოლო მასალით ამარაგებს ვუჩიჩის რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად.
„ზელენსკიმ არა მხოლოდ გაიმეორა უკრაინის პოზიცია კოსოვოს არაღიარების შესახებ, მან დაუშვა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა ჩართო სერბეთის მიერ ტერიტორიის დაკარგვის კონცეპტუალურ აღწერილობაში და ამგვარად, ის, ირიბად, იმავე კატეგორიაში გაიყვანა, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცება“, დაწერა კოსოვოს უსაფრთხოების კვლევების ცენტრის თანამშრომელმა, რამადამ ილაზიმ, 10 აგვისტოს.
„ქვეყნისთვის, რომლის თანამედროვე სახელმწიფოებრიობაც მასობრივი რეპრესიების, ომის დანაშაულების, ეთნიკური წმენდის, საერთაშორისო მმართველობისა და სტატუსის განსაზღვრის გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესის შემდეგ წარმოიშვა, ეს შედარება ისტორიულად არაზუსტი, დაუდევარი და იურიდიულად მცდარია“, - დასძინა მან.
დროშის ჩამოხსნა
პრიშტინის რეაქციას არ დაუყოვნებია. მეორე დღეს, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილას აღმართული უკრაინის დიდი დროშა ჩამოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პრიშტინაის მერმა, პერპარიმ რამამ.
საგარეო საქმეთა და კოსოვოს დიასპორის საკითხების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გლაუკ კონიუფცამ სოციალურ მედიაში „სინანული“ გამოთქვა ზელენსკის განცხადებების გამო და აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კოსოვომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, სერბეთი არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა კოსოვოს აღიარებს, თუმცა ხუთი - არა, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.
„კოსოვო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კოსოვოს რესპუბლიკის სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის პრიზმაში წარმოჩენას“, - განაცხადა კონიუფცამ X-ზე გამოქვეყნებულ კომენტარში.
კონიუფცამ ასევე გაიხსენა, რომ არაღიარების მიუხედავად, კოსოვომ ომის პირველივე დღიდან მხარი დაუჭირა უკრაინას, დაგმო შეჭრა, დააწესა სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, უზრუნველყო ფინანსური დახმარება და თავშესაფარი უკრაინელ ჟურნალისტებისთვის და უზრუნველყო სამხედრო წვრთნები.
პრიშტინის ქუჩებში, 10 აგვისტოს, დროშის ჩამოხსნასთან და უფრო ფართო დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოსაზრებები არაერთგვაროვანი იყო.
„არაა ეს კარგი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ უკრაინა ჩვენი ბედისთვისაც იბრძვის, რადგან თუ რუსეთი დამარცხდება, ეს ჩვენსა და მთელი ალბანელი ერის ინტერესებშია“, - განუცხადა 68 წლის სარემონტო ფირმის მუშამ, ფადილ ჯემაილიმ რადიო თავისუფლების კოსოვოს სამსახურს.
პენსიონერი საბიტ გაში ამას აზრს არ იზიარებს: „პირველ რიგში, ეს დროშა ალბათ თავიდანვე არ უნდა აღემართათ, რადგან ჩვენ უკვე იმთავითვე ვიცოდით უკრაინის პოზიცია“.
ალბანეთის პოზიცია
ალბანეთმა განაცხადა, რომ კოსოვოს აქვს საკუთარი ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე გაიხსენა საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილება კოსოვოს 2008 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციასთან დაკავშირებით.
„გაეროს გენერალური ასამბლეის მოთხოვნით, ICJ-მ გამოიტანა გადამწყვეტი გადაწყვეტილება: კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია არ არღვევს საერთაშორისო სამართალს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სრულიად სხვა საკითხია. ეს წარმოადგენს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, ასევე ნორმებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში.
ალბანეთი მიიჩნევს, რომ დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობა და რეგიონის ევროპული მომავალი მოითხოვს „კოსოვოს დამოუკიდებლობის შეუქცევადი რეალობის აღიარებას“.
„კოსოვოს დამოუკიდებლობამ ხელი შეუწყო რეგიონულ სტაბილურობას და წარმოადგენს იმ მომავლის ნაწილს, რომელშიც საზღვრები არ იცვლება ძალის გამოყენებით და სადაც ხალხებს შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი მომავალი მშვიდობიანად და უსაფრთხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ალბანეთმა, ნატოს წევრმა და ევროკავშირის კანდიდატმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ტირანამ განაცხადა, რომ „გასაგებია“ და „ლეგიტიმურია“, რომ ზელენსკის სერბეთში ვიზიტი, პირველ რიგში, უკრაინის ინტერესებს ემსახურებოდა. თუმცა, მან დასძინა, რომ დადებითია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც სერბეთს დაეხმარება „რუსეთის მავნე გავლენისგან დისტანცირებაში და ევროპასთან დაახლოებაში.“
კვერცხების სროლა პარლამენტში
ზელენსკიმ ეს კომენტარები იმავე დღეს გააკეთა, როცა კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის ქვეყნის პარლამენტში ოპოზიციონერმა კანონმდებელმა კვერცხები ესროლა, რითაც მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს გაუსვა ხაზი.
კოსოვოელი კანონმდებელი ტიმე კადრიაჯი 8 აგვისტოს, პრიშტინაში, პარლამენტის ახალი სპიკერის არჩევის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ ალბინ კურტის (სურათზე არ არის) კვერცხს ესვრის.
კოსოვოში ბოლო ორი წლის განმავლობაში სამი არჩევნები ჩატარდა, რადგან პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს მოქმედების უნარიანი უმრავლესობის ჩამოყალიბება.
კვერცხების სროლის ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კურტი ცდილობდა პარლამენტის ახალი სპიკერის არჩევნების გადადებას, ახალი პრეზიდენტის გარშემო არსებული დავების ფონზე, რაც ქვეყანას კვლავ მორიგი ვადამდელი არჩევნების საფრთხის წინაშე აყენებს
„ვინაიდან კოსოვომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ლეგიტიმური ინსტიტუტების ჩამოყალიბება და ღრმად პოლარიზებულია, უკრაინასთან დაკავშირებული ეს ინციდენტი ახლა “შიდა მოხმარებისთვის” გამოიყენეს“, - განაცხადა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა მალიკიმ.
საკითხი უკრაინაში გაცილებით ნაკლებად საკამათოა, თუმცა მან გარკვეული კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიციონერმა კანონმდებელმა ალექსეი გონჩარენკომ ეს „პოლიტიკურ შეცდომად“ შეაფასა და უკრაინას კოსოვოს აღიარებისკენ მოუწოდა.
ზელენსკის „ხალხის მსახურის“ პარტიის კანონმდებელმა, ოლექსანდრ მერეჟკომ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის „სკეპტიკურად“ უყურებს აღიარების საწინააღმდეგო არგუმენტებს.
„რაც შეეხება სერბეთთან ურთიერთობას, სამწუხაროდ, მისი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ, რომელიც სერბეთში ჯერ კიდევ არ არის აკრძალული“, - თქვა მან. -
„პრობლემა ისაა, რომ ვუჩიჩი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს. მან ევროკავშირს ისეთი წარმოდგენა უნდა შეუქმნას, რომ მხოლოდ პუტინის მოკავშირე კი არ არის, არამედ კიევთანაც „კარგი ურთიერთობები“ აქვს“.
პუტინი და კოსოვო
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს წარსულში არაერთხელ უხსენებია კოსოვო. 2022 წლის აპრილში მან თქვა, რომ თუ კოსოვოს შეუძლია დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაშინ რატომ არ უნდა გააკეთონ იგივე დონეცკმა და ლუგანსკმა? პუტინი უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონზე ლაპარაკობდა, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა იმავე წლის თებერვალში.
„ფაქტია, რომ ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ აღიარა კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ჩვენც იგივე გავაკეთეთ დონბასის რესპუბლიკებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პუტინმა 2022 წლის 26 აპრილს, გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს.