"ნუ ვიქნებით სირაქლემის პოზაში! ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ მომხმარებელი!"

7 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ სიხარულიძე, ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა "ურანტის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით გარდაცვალების ბოლოდროინელ ფაქტებზე. ზურაბ სიხარულიძის თქმით, სავარაუდოდ ზედოზირებით გარდაცვალების ბოლოდროინდელი შემთხვევების კლინიკა, კოლეგების მიერ მონათხრობი ბადებს ეჭვს, რომ ლაპარაკი არ არის კლუბურ ნარკოტიკ მეფედრონზე, რომელიც ფსიქოსტიმულაციური ნივთიერებაა, არამედ დიდი ალბათობით ეს არის სინთეზური ნარკოტიკი "ფენტანილი". არ არის გამორიცხული მომხმარებელმა ის შეიძინა სხვა, აქამდე ცნობილი ნარკოტიკის სახელით და სინამდვილეში სხვა, სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება მოიხმარა. ექიმ-ნარკოლოგის თქმით, "ფენტანილის" გავრცელება და მსხვერპლი სერიოზული პრობლემაა აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, რუსეთში და ა.შ.. ზურაბ სიხარულიძე ყვება, რომ "ფენტანილს" ახასიათებს გახანგრძლივებული მოქმედება, შეიძლება 24 საათის შემდეგაც კი იყოს ლეტალური. "დილის საუბრების" სტუმარი ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს გარდაცვლილი მომხმარებლები არ იყვნენ ნარკოდამოკიდებულები, არამედ ეს იყო რეკრეაციული მოხმარების შემთხვევები. ექიმი-ნარკოლოგი წუხს შექმნილ ვითარებაში ინფორმაციის დეფიციტის გამო: "ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები. ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში მოწამლვის კონტროლის ცენტრი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს. ჩვენ არ გვაქვს ექსპრეს-დიაგნოსტიკა - ე.წ. ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიები, სადაც მოხდებოდა ბიოლოგიური სითხეების შემოწმება ყველა არსებულ ნივთიერებებზე. ზურაბ სიხარულიძე მნიშვნელოვნად თვლის სხვადასხვა ლაბორატორიულ კვლევას (მათ შორის - ქალაქის საკანალიზაციო წყლების) სისტემურად იმისათვის, რომ პროფესიონალებს ჰქონდეთ ინფორმაცია ნარკობაზარზე არსებული ნივთიერებების შესახებ. ამ ეტაპზე ექიმი-ნარკოლოგი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს დროული მოქმედებისკენ და მომხმარებლებს კი მაქსიმალურად თავშეკავებისკენ, რომ არ მოიხმარონ ნარკოტიკული ნივთიერებები, რადგან ისინი შეიძლება ერთჯერადი მოხმარების შედეგადაც ემსხვერპლონ ამ ნივთიერებას.

Your browser doesn’t support HTML5

ზურაბ სიხარულიძე ზედოზირებით სიკდვილის ფაქტებზე