ზღუდერის ეკლესიის ბოლო დღეები - როგორ განადგურდა კულტურული მემკვიდრეობა ყველას თვალწინ

“სხვაგან ხომ არ მოვხვდი?“ - იკითხა ზღუდერის ეკლესიასთან მისულმა მკვლევარმა თამთა დოლიძემ, როდესაც მას მეექვსე საუკუნის ძეგლის ნაცვლად, მის საძირკველზე მშენებარე ეკლესია და ბლოკის კედლები დახვდა. ეკლესიის დანგრევის ამბავიც ამის მერე გახმაურდა.

რუის-ურბნისის ეპარქია და მისი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი 2020 წლიდან ითხოვდა სახელმწიფოსგან ზღუდერის ეკლესიის აღდგენის ნებართვას - სააგენტოსგან პროექტის დაწუნების და ორგზის უარის მიღების შემდეგ, მათ თავად გადაწყვიტეს ზღუდერის ბედი.

რუის-ურბნისის ეპარქიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც სანახევროდ დანგრეული იყო, ჯერ დაშალა, შემდეგ კი იქ ახალი ტაძრის მშენებლობა ისე წამოიწყო - ამ უნებართვო მშენებლობის შესახებ სააგენტომ ერთი წლის წინ შეიტყო, თუმცა ძეგლის განადგურებას ხელი ვერ შეუშალა.

ერთ მხარეს ძველი ეკლესიის ნარჩენები - მეორე მხარეს ახალი მშენებლობა

ზღუდერის ნანგრევების პირისპირ

დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა თამთა დოლიძემ, ქარელის რაიონში რამდენიმე ძეგლის მონახულება გადაწყვიტა - ეს არ ყოფილა ექსპედიცია, თამთა იქ თავის ოჯახთან ერთად წავიდა და ასე შემთხვევით აღმოჩნდა ის ზღუდერის დანგრეულ ეკლესიასთან.

იქ რამდენიმე მუშა და ერთი მონაზონი დახვდა. მშენებლობა ჯერ კიდევ გრძელდებოდა - ადგილზე დახვდა ბლოკისგან ამოშენებული კედლები, ხოლო მშენებლობის მიმდებარედ, ძველი, დაშლილი ეკლესიის ქვების გროვა.

“პირველი, რაც ვიფიქრე ის იყო, სხვაგან ხომ არ მოვხვდი-მეთქი”, - გვიყვება თამთა.

ასე გამოიყურება დღეს დროებით შეჩერებული მშენებლობა ზღუდერის ეკლესიაში

ის ამ ადგილას მანამდე ორჯერ იყო ნამყოფი და ზუსტად იცოდა, იქ რა უნდა დახვედროდა. თუმცა უძველესი, ნახევრად დანგრეული ეკლესიის ადგილას, მისსავე საძირკველზე მშენებარე ახალი ეკლესიის კედლები დახვდა.

თბილისში დაბრუნებისთანავე ნანახი ჩუბინაშვილის ცენტრს აცნობა და მალე ისიც გაირკვა, რომ ზღუდერის დანგრევის ამბავი ერთი წლით ადრე უკვე იცოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

როგორ გახმაურდა ზღუდერის ნგრევის ამბავი

15 ივნისს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა ფეისბუკზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ მთლიანად იყო განადგურებული ზღუდერის ეკლესია - VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, (გადაკეთებული X და შემდეგ XIV საუკუნეებში და ნაწილობრივ დანგრეული საბჭოთა პერიოდში) - ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - მის ნაფუძარზე კი ახალი ეკლესია შენდებოდა თანამედროვე მასალებით.

ერთი დღით ადრე, 14 ივნისს, განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც, რომლის განცხადებით, ძეგლის დანგრევაც და იქ ახალი ეკლესიის მშენებლობაც უნებართვოდ მოხდა.

კედლები უკვე ამოშენებულია

სააგენტო არ მალავდა, რომ ამ მშენებლობის შესახებ მთელი წელია იცოდა და რომ რუის-ურბნისის ეპარქიას შეჩერება მოსთხოვა, აცნობა საპატრიარქოსაც, როგორც ძეგლის მესაკუთრეს, მაგრამ ვერაფერი გააწყო.

“იმ ძეგლებს მივტირით, რომლებიც, ანტირელიგიური მოძრაობის დროს გაანადგურეს, ან ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე თურქებმა ააფეთქეს, მივტირით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უყურადღებოდ მიტოვებულ ძეგლებს, რომლებიც მიზანმიმართულად დაანგრიეს და რომლებზეც მხოლოდ საარქივო მასალით გვიწევს მსჯელობა და ამ დროს, დღეს, ჩვენს თვალწინ, 21-ე საუკუნეში, ინგრევა კულტურული მემკვიდრეობა”, - ამბობს თამთა დოლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ისეთი ძეგლების კვლევით, როგორიც ზღუდერის ეკლესია იყო, სპეციალისტები მხოლოდ ერთ კონკრეტულ ძეგლზე არ აგროვებენ ინფორმაციას. იქ აღმოჩენილი დეტალებით, წარწერებით - მთელი ეპოქის კულტურული ისტორიის შესწავლაცაა შესაძლებელი: ვინ არიან წარწერაში მოხსენიებულნი, რამ დაანგრია სხვადასხვა დროს ძეგლი და შემდეგ ვინ და როგორ აღადგინა, როგორი იყო იმ დროს პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობა.

“ზღუდერის განადგურება ამ ინფორმაციის გაქრობას ნიშნავს“, - ეუბნება თამთა დოლიძე რადიო თავისუფლებას, - “რა შეიძლება ახლა ეშველოს ამ ყველაფერს? ხანდახან ვფიქრობ, რომ იქნებ ისევ საგანმანათლებლო სამუშაოა გასაწევი, რომ საერო თუ სამღვდელო პირებს, რამდენჯერაც საჭირო იქნება, ავუხსნათ, რომ კულტურული ძეგლი არ შეიძლება დააზიანო, რაღაცა მოატეხო, მოაძრო, ნახევრად დაანგრიო თუ მიაშენო”.

სამშენებლო მოედანი ზღუდერის ეკლესიაში

“ჯერ ვსწავლობთ” - სააგენტოს დასკვნის მოლოდინში

რადიო თავისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს, რომ ვითარებას ახლა სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სწავლობს და მათი დასკვნის შემდეგ გაირკვევა ძეგლი რაიმე ფორმით აღდგება თუ ის საბოლოოდ განადგურებულად გამოცხადდება.

ამ ეტაპზე ძეგლის დაზიანების გამო გამოძიება დაწყებული არ არის.

“ეგეც მას მერე გაირკვევა, როცა დასკვნა იქნება მზად”, - გვითხრეს სააგენტოში.

დღეს ზღუდერის ეკლესიის საძირკველზე მშენებლობა დროებით არის შეჩერებული - ამას რუის-ურბნისის ეპარქიაშიც გვიდასტურებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, თეა ონიანი (რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფთან ერთად ადგილზეც იყო ჩასული), ამბობს, რომ რუის-ურბნისის ეპარქიამ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ამ ეკლესიის შემორჩენილი მასალებით რეკონსტრუქციის წინადადებით და საპროექტო დოკუმენტაციით პირველად 2020 წელს მიმართა. მეორედ - 2024-ში.

სააგენტომ ზღუდერში მშენებლობის დაწყებაზე ეპარქიას ორივეჯერ უარი უთხრა. პროექტი დაუწუნა, დამატებით დაზუსტებები და კვლევების ჩატარება მოსთხოვა და შენიშვნებით უკან გააბრუნა.

თუმცა იმავე მოთხოვნით (და როგორც სააგენტო ამბობს, ძველი პროექტით) რუის-ურბნისის ეპარქიიდან ოთხი წლის შემდეგ, ისევ მოითხოვეს ტაძრის აღდგენა. მეორე ჯერზეც უარი მიიღეს, და ძველის ნგრევა და ახლის მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ სააგენტოსთვის აღარ უცნობებიათ.

ძეგლის დანგრევიდან ერთი წლის თავზე სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ რაც ახლა ზღუდერში ხდება, ეს „ახალი ობიექტის მშენებლობაა“ და მას არაფერი აქვს საერთო ძეგლის რეაბილიტაციასთან.

ჩვენ სააგენტოსგან ისიც გვაინტერესებდა, რატომ არ იზრუნა სახელმწიფომ ნახევრად დანგრეულო ძეგლის გადარჩენაზე - რეკონსტრუქციაზე ან კონსერვაციაზე მანამდე, სანამ იქ მშენებლობას წამოიწყებდნენ, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

ზღუდერის ეკლესიის დანგრევას დიდი და კრიტიკული რეპორტაჟები მიუძღვნეს სამთავრობო ტელევიზიებმაც - ტელეკომპანია “იმედის” რეპორტაჟში გადამღები ჯგუფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, თეა ონიანთან ერთად ადგილზე ჩადის, რომელიც იქ დამხვედრ ერთ-ერთ სასულიერო პირს უხსნის, რომ მათ ძეგლი გაანადგურეს.

- ახლა რა დაგვრჩა, მამაო? ძველი რატომ უნდა გავანადგუროთ? - ეუბნება ის სასულიერო პირს, რომელიც თავის მხრივ, ამბობს, რომ ადგილზე არავითარი ძეგლი არ ყოფილა, იყო მხოლოდ ნანგრევები და რომ ძველი ეკლესიის ქვებს გამოიყენებენ ახალი ეკლესიის მოსაპირკეთებლად.

- ჩვენ ტაძარი გვჭირდება, - ამბობს მღვდელი.

ეკლესიის ორ ქვაზე შესრულებული წარწერა

იობის დუმილი

თავად რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს. მასთან ინტერვიუ და ზღუდერის ამბავზე გამოხმაურება ჩვენც ვითხოვეთ. ვესაუბრეთ მისი ეპარქიის ერთ-ერთ სასულიერო პირს. თავიდან თანხმობა მივიღეთ, თუმცა ბოლო მომენტში მათ მაინც გადაიფიქრეს.

მათი ზოგადი პოზიცია, რომელიც ჩვენთან სატელეფონო საუბარშიც გამოჩნდა ის არის, რომ ეკლესია უნდა იყოს მოქმედი, იქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობდეს და რომ ის ვერ იქნება განხილული როგორც მხოლოდ ძეგლი. ამბობენ, რომ რუის-ურბნისის ეპარქიაში ბოლო წლების განმავლობაში სასულიერო ცხოვრება საგრძნობლად გაცოცხლდა, აღდგა არაერთი ტაძარი, რომელსაც უკვე თავისი მრევლი ჰყავს და ამით ეს ტაძრები, პირიქით, განადგურებას გადაურჩა. ზღუდერის ეკლესიის შემთხვევაშიც, როგორც ამბობენ, მათი მიზანი ამ ადგილის გაცოცხლება იყო.

ასეთი იყო ხოლმე მათი პასუხი ყოველ ჯერზე, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია ამ ეპარქიაში ძეგლის იერ-სახის შეცვლის, იქ გაჩაღებული სარემონტო სამუშაოების დროს. მაგალითად, მაშინაც, როცა ყინწვისის ტაძარში უნებართვოდ დაიგო მწვანე მარმარილოს იატაკი.

ასევე ნახეთ

სამ საპატრიარქო კანდიდატს შორის - მიტროპოლიტი იობი და რაც მასზე ვიცით

საქართველოს საპატრიარქოს ვებსაიტზე წერია, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება და რომ ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი ან ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები.

იმას, რასაც რუის-ურბნისის ეპარქიაში ეკლესიების გადარჩენად ხედავენ და სასულიერო ცხოვრების აღორძინებით ხსნიან, არქიტექტორებისთვის, ხელოვნებათმცოდნეების თუ ცალკეული სასულიერო პირებისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაა.

ასევე ნახეთ

ისტორიული ძეგლების რემონტი: "რა გაინტერესებთ, მე ვარ ის კაცი, ვინც ეგ გააკეთა!"

დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ, იობ აქიაშვილის ოპონენტმა, რომელიც ხშირად ეხმაურება ხოლმე ძველი ტაძრების დანგრევასა და დაზიანებას, თოთხმეტამდე ასეთი შემთხვევა გაიხსენა და ყველა შემთხვევაში დამნაშავედ სწორედ მიტროპოლიტი იობი მიიჩნია.

დეკანოზი წერს, რომ ამ ეკლესიებს შორისაა, მაგალითად, ყინწვისის მონასტერი, ურბნისის მე-6 საუკუნის ბაზილიკა, სადაც უნებართვოდ დაიგო ახალი იატაკი და გაჯით გალესა ინტერიერი. ძამის მძოვრეთის ციხე, რომლის ავთენტური იერსახე დაკარგულია, სამწევრისის ციციშვილების ციხე, მეოცე საუკუნის დასაწყისის ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რუისის ღვთაების საეპისკოპოსო ისტორიული ტაძარი, სამწევრისის ჯვრის ეკლესია (VII ს.), ორთუბნის ციციშვილების კომპლექსი, ქოზიფის მონასტერი და სხვები.

თუმცა ამ ამბავში დეკანოზი მთავარ პასუხისმგებლობას მაინც სახელმწიფოს აკისრებს და წერს, რომ ეს შედეგი სააგენტოს უპასუხისმგებლობისა და ინდიფერენტულობის ბრალია.

“რამ გამოიწვია კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის უწყების ასეთი უმოქმედობა და ინდიფერენტულობა?! ხელისუფლების მავნებლურმა პოზიციამ იობ აქიაშვილის მიმართ: მათ ეშინიათ იობის და ცდილობენ ზედმეტად არ დაძაბონ ურთიერთობა მასთან… მაგრამ ვიმეორებ, პრობლემა სახელმწიფოს ხელისუფლების ინდიფერენტულობასა და უპრინციპობაში უფროა...” - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

ზღუდერის ეკლესიის ტერიტორია დღეს

როგორ მოაღწია ძეგლმა ჩვენამდე და როგორ დაინგრა ჩვენ თვალწინ

ზღუდერის ეკლესია საფუძვლიანად 1940-იანი წლების ბოლოს შეისწავლა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ლევან რჩეულიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ძეგლის სრულყოფილად გამოსაკვლევად მეტი იყო გასაკეთებელი - ეკლესია მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დანგრეული.

თუმცა ეკლესია აღარ უკვლევით. საბჭოთა ხელისუფლების დროს, ის სანახევროდ დაინგრა კიდეც და ასეთი სახით მოვიდა ბოლო წლებამდე.

როგორც არქეოლოგიის ისტორიკოსი ნოდარ არონიშიძე გვიყვება, ზღუდერი იყო მეექვსე-მეშვიდე საუკუნეების სამ ნავიანი ბაზილიკა. იმ დროიდან იყო შემორჩენილი საკურთხევლის ტრაპეზი და ტრაპეზის ქვაზე - ბოლნური ჯვრის გამოსახულება.

ნოდარ არონიშიძე, არქეოლოგიის ისტორიკოსი

ეკლესია ჯერ მე-10 საუკუნეში გადააკეთეს, თუმცა იმ დროის ოსტატმა, ძველი ტაძრის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი შეინარჩუნა - მათ შორის, საკურთხევლის ქვაც, რომლის ადგილმდებარეობა, როგორც ნოდარ არონიშიძე გვეუბნება, დღეს მისთვის უცნობია.

ზღუდერის ეკლესიის იერ-სახე დიდად არც შემდგომი რეაბილიტაციისას, მე-13 საუკუნეში შეუცვლიათ. მხოლოდ მის ფასადებზე გაჩნდა მე-13-14 საუკუნეების ჩარევები - ახალი მორთულობის და ჩუქურთმების სახით.

თუმცა 1940-იანი წლებიდან დღემდე, იქ არც არქეოლოგიური გათხრები ჩატარებულა, არც ეს ეკლესია უკვლევია ვინმეს, რომ მასზე დაზუსტებული ცნობები არსებობდეს - ზუსტად როდის, როგორ და რა შეიცვალა.

საკურთხევლის სარკმელი

როგორც ნოდარ არონიშიძე გვიყვება, მხოლოდ ერთხელ, 1984-85 წლებში ძეგლი არქიტექტორ-რესტავრატორ პაატა ნუცუბიძის ხელმძღვანელობით გაწმინდეს. მაშინ დაგეგმილი იყო ზღუდერის ძეგლის რესტავრაცია ან კონსერვაცია, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად. მხოლოდ არქეოლოგიური კვლევის საფუძველზე, თუმცა ვერც მაშინ მივიდა პროცესი ბოლომდე.

2025 წლამდე, ზღუდერის საბოლოოდ დანგრევამდე, ის სწორედ იმ სახით იყო დღემდე შემორჩენილი, რაც 80-იან წლებში მისი გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა.

რადიო თავისუფლება: ანუ ნახევრად დანგრეული სახით?

ნოდარ არონიშიძე: დიახ. თუმცა, საქმე ისაა, რომ საზოგადოებისთვის ეს შესაძლოა, მართლაც ქვების გროვა იყო. სასულიერო პირებისგანაც ხშირად ისმის გამოხმაურებები რომ “იქ აღარაფერი იყო, რაც მეცნიერებისთვის ასე არ არის. კულტურული მემკვიდრეობისთვის სულ სხვა რამეა ღირებულება…როდესაც რესტავრაციაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია არა ის, რაც ჩვეულებრივი მნახველის თვალს ახარებს და მოსწონს - დასრულებული შენობა, არამედ დეტალები, რომელიც ზღუდერის ეკლესიაზე უხვად იყო შემორჩენილი…სამწუხაროდ, ძალიან დაგვაგვიანდა.

სპეციალისტებმა ისიც არ იციან, რამდენად სწორად ჩამოშალეს ეკლესიის დაშლისას კედლები, რამდენად სწორად არის დანომრილი უძველესი ქვები, მოსუფთავებული საძირკველი.

ძეგლის თავდაპირველი სახით აღდგენის იმედი გადაწურულია, თუმცა რაღაც დონეზე გამოსავლის მოძიება, გადარჩენილი მასალებით ტაძრის აღდგენა - ნოდარ არონიშიძეს მაინც შესაძლებლად ეჩვენება.

ზღუდერის ეკლესია არ არის პირველი ძეგლი, რომელიც ბოლო წლებში გულგრილობის, არასათანადო ყურადღების, თვითნებური ჩარევის თუ სხვა მიზეზების გამო დაინგრა.

ზღუდერის უკვე ბოლომდე დანგრეული ტაძრის ფრაგმენტი

სამეცნიერო საზოგადოება ამას “სისტემური პრობლემებს” უკავშირებს და როგორც ნოდარ არონიშიძეც შენიშნავს, ეს კულტურული მემკვიდრეობის მოვლისა და დაცვის სისტემა სრულად მოშლილია - არც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი მუშაობს, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ძეგლის დაზიანება ან მისი განადგურება დანაშაულია, რასაც სახელმწიფოსგან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

მსგავსი მაგალითები კი არავის უნახავს.

“თუ კულტურული მემკვიდრეობის დამზიანებელს არასოდეს დაეკისრება პასუხისმგებლობა, ყოველთვის იმუშავებს დაუსჯელობის სინდრომი და ასეთი ფაქტები არა თუ კიდევ გაგრძელდება, გამრავლდება”, - გვეუბნება ნოდარ არონიშიძე.

ზღუდერი, ცენტრალურ დარბაზი, ჭრილი ჩრდილოეთით

არქეოლოგიის ისტორიკოსი შიშობს, რომ შესაძლოა, ის ნანგრევებიც დაზიანდეს, რაც ეკლესიისგან დარჩა:

“გავიგეთ, რომ დაინგრა ძეგლი. მისი ერთიანობა აღარ გვაქვს, მაგრამ ის ცალკეული არტეფაქტები მაინც ხომ უნდა შევინახოთ? რაღაც ხომ უნდა მოიფიქროს სახელმწიფომ, სად მიგვაქვს ამ ძეგლის ნაშთები? რას ვაკეთებთ - როგორ ვუვლით, კონსერვაციას ვახდენთ, შემდგომ კვლევას ვიწყებთ, რომ მერე რეაბილიტაცია დავგეგმოთ? მუზეუმში გადავიტანოთ? ამ ნაწილს თითქოს სააგენტო საერთოდ გამოეთიშა. არც საპატრიარქოს პოზიციაა ცნობილი და არც ის, თუ რა გააკეთა სახელმწიფომ ძეგლის გადასარჩენად - არადა, სწორედ სახელმწიფოა მთავარი პასუხისმგებელი”.

ზღუდერის ეკლესიის ადრეული ტრაპეზის ქვა

ნოდარ არონიშიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღეს ეკლესიის ნებისმიერ ეპარქიას აქვს რომელიმე ძველი მონასტრის აღდგენის და იქ სამონასტრო ცხოვრების დაწყების სურვილი - რუის ურბნისის ეპარქია ამ მხრივ, არ არის გამონაკლისი და მათი აზრით, აღმშენებლობითი სამუშაოები ბევრ სხვა ეპარქიაშიც გრძელდება.

“სხვაგანაც იგივე ხდება და ძეგლების დაზიანების არაერთი ფაქტიც არსებობს. უბრალოდ, შედარებით მცირე მასშტაბით, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს. რუის-ურბნისის ეპარქია კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპარქიაა, იქ უამრავი ადამიანი ჩადის, მომლოცველებიც, ტურისტებიც, ამ პროცესმა ძამას ხეობაც გააცოცხლა და ცხადია, რომ კარგთან ერთად, ასეთი დარღვევებიც უფრო მკაფიოდ ჩანს”.

არქიტექტურის ისტორიკოსის აზრით, სახელმწიფოს, თავისი ბერკეტებით, მაინც შეუძლია ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ეპარქიებს, რომ მათ კონკრეტულ ადგილებში წირვა-ლოცვის შესაძლებლობა ჰქონდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყანას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეუნარჩუნონ.

საპატრიარქო რაღას ამბობს?

გვაინტერესებდა საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაც მომხდარზე და მას კითხვებით მივმართეთ - აი, რამდენიმე მათგანი:

  • რა ნაბიჯები გადაიდგა სააგენტოს მოთხოვნის მიღების შემდეგ?
  • მიიჩნევს თუ არა საპატრიარქო, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნანგრევებზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ძეგლის დაცვის პრინციპებს შეესაბამება?
  • როგორ აპირებს საპატრიარქო მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას საკუთარ დაქვემდებარებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე?
  • რა პასუხი აქვს საპატრიარქოს კრიტიკაზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მსგავსი შემთხვევები უკვე სისტემურ ხასიათს იღებს?
  • ასევე გვაინტერესებდა, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

პასუხები გექნებათ - ასე გვპასუხობენ საპატრიარქოს პრესსამსახურისგან და ჩვენც ამ პასუხების მოლოდინში ვართ.