ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეს „ჯაშუშობას“ ედავებიან.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელსაც „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებენ, არის სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობა საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ წუხელ სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვინაობის დასახელების გარეშე.

ის, რომ დაკავებულია მეარაყიშვილი, „ეხო კავკაზას“ ცხინვალში წყარომ დაუდასტურა. ინფორმაციას ასევე ავრცელებს გამოცემა „კავკაზსკი უზელი“.

გამოცემის ცნობით:

  • გუშინ, საღამოს მეარაყიშვილმა მეგობრებს ტელეფონით შეატყობინა, რომ უცნობი პირები ცხინვალში მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა.
  • საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მეარაყიშვილი ბინას ქირაობს, უსაფრთხოების ძალებმა ალყაში მოაქციეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“), რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

„გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში

„ზემოაღნიშნული ეჭვმიტანილი დაკავებულია და გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ახდენს“ - განაცხადა ე.წ. პროკურატურამ

განახლება:

რადიო თავისუფლებას შეკითხვის პასუხად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ "დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი; მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით".

საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადება სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) სხდომიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წუხელ, 22 დეკემბერს გაკეთდა.

მოგვიანებით, დე ფაქტო "კაგებემ" განაცხადა, რომ თამარ მეარაყიშვილი ეჭვმიტანილია „ინფორმაციის გადაცემაში საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებული უცხოური მედიასაშუალებებისთვის“.

„მედია მოქალაქეს იეყენებდა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის, საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხელშეწყობაში“, - აცხადებს დე ფაქტო უწყების პრესსამსახური.

სავარაუდოდ, მედიასთან კომუნიკაციას განმარტავს, ე.წ. პროკურატურა „ჯაშუშობაში“ ბრალდებად.


  • მანამდე თამარ მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან შიმშილობას დაიწყებდა „ხელისუფლების თვითნებური მმართველობის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
  • მან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევთან შეხვედრა მოითხოვა.

წლებია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს დევნის. მისთვის ჩამორთმეული ჰქონდათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

ასევე ნახეთ სასჯელი დანაშაულის გარეშე - რატომ არ ხურავს ცხინვალელი მოსამართლე თამარ მეარაყიშვილის საქმეს?