"ეს არის რეალურად იმ ტრავმის გამოძახილი, რომელიც ამ ხეობას აქვს"

თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალის გამოყენებას და ერთობლივი განცხადებით მიმართავს ხელისუფლებას. ისინი მოითხოვენ ეკონომიკის მინისტრის გადადგომასა და პროკურატურის მიერ ძალაუფლების გადამეტების სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

"შსს-ს მხრიდან სრულიად გაუაზრებელი და სტრატეგიის გარეშე დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიება"-ს უწოდებს თამთა მიქელაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენელი 21 აპრილს მომხდარს.

პანკისის ხეობიდან დაბრუნების შემდეგ, "დილის საუბრებში" ჩართვისას თამთა მიქელაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ჰესის მშენებლობის პროცესის დაწყება საპოლიციო ძალის მობილიზაციით.

უფლებადამცველი მორიგ "სტრატეგიულ შეცდომას" უწოდებს თელავში მოლაპარაკებების პროცესის დაწყების დროს ხეობაში დამატებითი ტექნიკისა და სპეცრაზმის შეყვანას:

"ადგილობრივები ყვებიან, რომ ადგილობრივი ლიდერები ვერ აკავებდნენ პროცესს, იმდენად დიდი იყო აღელვება".

EMC-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ პანკისელებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რომ ხეობაში ბუნებრივი რესურსების დაცვა ქვეყნის რესურსების დაცვაა და რომ არ შეიძლება მანიპულირება - თითქოს პანკისელები "რაღაც რეგიონულ სენტიმენტებში არიან, როცა თავის ტერიტორიას და სოფელს იცავენ". თამთა მიქელაძის თქმით, პანკისელები სოლიდარულები არიან სხვა რეგიონების ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობების მიმართაც:

"ვწუხვარ, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობამ მძიმე ფორმები მიიღო, მაგრამ ეს არის რეალურად იმ ტრავმის გამოძახილი, რომელიც ამ ხეობას აქვს. იცით, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლება აქ სპეცოპერაციების პოლიტიკას ატარებდა".

პრობლემის არსს "დილის საუბრების" რესპონდენტი ასე განმარტავს:

"არსებითი აქ არის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს დიდი ან მცირე საინვესტიციო პროექტებისთვის გადახსნილი სივრცე, სადაც უგულებელყოფილია ადგილობრივების ინტერესები".

თამთა მიქელაძის თქმით, არ შეიძლება ჰესებზე მოლაპარაკების პროცესს უძღვებოდეს შსს და ის სრულად უნდა გამოეთიშოს პროცესს.

Your browser doesn’t support HTML5

თამთა მიქელაძე პანკისში ვითარებასა და მისი მართვის პრინციპებზე