„უპორტფელო მინისტრი“ - რა პოსტს უმზადებენ მდინარაძეს მთავრობაში?

ფოტოილუსტრაცია: მამუკა მდინარაძე (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე

სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი უნდა იყოს, საკუთარი აპარატი არ ეყოლება. კიდევ რა ირკვევა კანონპროექტიდან, რომელიც მთავრობამ პარლამენტში წარადგინა? - წაიკითხეთ აქ:

„გაგეგდოთ ბარემ, პირდაპირ…“ - დაწერა პარტიის, „გახარია-საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბერდია სიჭინავამ სოციალურ ქსელ ფეისბუკში და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნების“ მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, პარლამენტმა დაამტკიცოს ცვლილება საქართველოს მთავრობის „სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესში“.

„გენერალ-კოორდინატორს ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება“, - ამბობს ბერდია სიჭინავა.

ცვლილებების საფუძველზე მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად უნდა დაინიშნოს.

მას დღეს, 27 აპრილს, საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე შეუწყვიტეს სუსის ხელმძღვანელის უფლებამოსილება.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ამ დრომდე არ არსებობდა. ის ექსკლუზიურია და პირდაპირ მამუკა მდინარაძესთანაა დაკავშირებული.

„[სკეპტიკოსები] ამბობდნენ „პენსიაზე გაუშვეს“... შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის“, - თქვა მამუკა მდინარაძემ ახალ თანამდებობაზე წარდგენიდან მეორე დღესვე, 22 აპრილს, პროსახელისუფლებო „იმედის“ ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, ეს თანამდებობა „ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სუსის უფროსს ჰყავდეს ხელმძღვანელი და მან დაავალოს რაღაცები „შენ ასე გააკეთე და შენ ისე“.

„თუმცა კოორდინაციის ფუნქცია სამართალდამცავ უწყებებს შორის ნამდვილად მექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორი იქნება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი?

ის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის მეორე სახელმწიფო მინისტრი იქნება. ამ სტატუსით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს თეა ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

ერთი განსხვავებით, კანონპროექტის თანახმად, მამუკა მდინარაძეს საკუთარი აპარატი არ ეყოლება და „მისი აპარატის ფუნქციას შეასრულებს მთავრობის ადმინისტრაცია“.

„სახელმწიფო მინისტრი ეფექტური და მოქნილია, როცა აპარატის გარეშე შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია და მას უწოდებენ ე.წ. უპორტფელო მინისტრსაც. გთავაზობთ ხედვას, რომ არ შეიქმნება ცალკე აპარატი, ფინანსურ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს მთავრობის ადმინისტრაცია. ღირსეული კადრებითაა დაკომპლექტებული მთავრობის ადმინისტრაციის აპარატი და უწევენ მხარდაჭერას და დახმარებას პრემიერ-მინისტრს, იგივე ხალხი გაუწევს დახმარებას [მამუკა მდინარაძეს - რ.თ.]“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, ერთადერთი, რაც საბიუჯეტო ხარჯებს გაზრდის, მამუკა მდინარაძის ხელფასი იქნება.

კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები.

რატომ იქმნება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა?

კანონპროექტის თანახმად, არსებული სამთავრობო სტრუქტურა არ ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სისტემურ მექანიზმს. „ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებებს შორის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში აფერხებს ოპერატიულობას“, - ნათქვამია კანონპროექტში.

„აღნიშნული თანამდებობის შემოღებით, საქართველოს მთავრობა უსვამს ხაზს მის დამოკიდებულებას და ხედვას, რაც მართლწესრიგის მიმართულებით ტარდება და გატარდება... ახალი სახელმწიფო მინისტრი იქნება წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის პროკურატურასთან, სასამართლოსთან და სახელმწიფო აუდიტთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მას არ უხსენებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

21 აპრილის სამთავრობო ცვლილებების თანახმად, მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერადაც დაინიშნა.

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბრიდან მუშაობდა. მან შეცვალა ანრი ოხანაშვილი, რომლის წინამორბედიც (გრიგოლ ლილუაშვილი) პატიმრობაშია. ლილუაშვილს დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას ედავებიან, „ქოლცენტრების“ ფლობასთან და მფარველობასთან ერთად.

ასევე ნახეთ

გელაძე სუსის უფროსად, თამაზაშვილი შს მინისტრად, მდინარაძე ვიცე-პრემიერად ინიშნებიან - სამთავრობო ცვლილებები

კანონპროექტი დაჩქარებული წესით უკვე განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და მხარი დაუჭირეს კიდეც. მხოლოდ ერთი დეპუტატი იყო წინააღმდეგი, პარტიიდან „გახარია - საქართველოსთვის“.