საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ექსტრადიციის შემდეგ, რუსეთი ტიმოფეევის უფლებების დაცვის „დეტალურ და ამომწურავ“ გარანტიებს იძლევა, რაც შემდგომ საკონსულო არხებით გაკონტროლდება. დაცვის მხარისთვის რუსეთის მიერ მოცემული გარანტიები სანდო არ არის. ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ - რუსეთში ტიმოფეევს კარგი დღე არ ელოდება.
მოსამართლე მოსაფიქრებლად არ გასულა. დაცვის მხარის 2-დღიანი მოსმენის შემდეგ, გადაწყვეტილება სხდომის მიწურულს გამოაცხადა.
მიხაილ ტიმოფეევის ბედი მაქსიმუმ 12 დღეში უნდა გადაწყდეს. დარჩენილია გასაჩივრების პროცედურა. დაცვის მხარე დროებითი ღონისძიებისთვის მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს.
დამნაშავე თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი?
ტიმოფეევი, თბილისში, 2026 წლის 23 იანვარს დააკავეს, რუსეთის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე - როცა წითელი ცირკულარით მისი ძებნა ინტერპოლს უკვე შეჩერებული ჰქონდა. 60 წლის კაცს რუსეთი ითხოვს მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების საქმეზე, რომელიც 2004-2005 წლებით არის დათარიღებული და ხაბაროვსკის მხარის ყოფილ გუბერნატორს, სერგეი ფურგალს უკავშირდება.
თავად ფურგალს ამავე საქმეზე 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. რუსეთის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ტიმოფეევი ფურგალის კონკურენტების განადგურების მიზნით შექმნილი ორგანიზებულ ჯგუფს წარმოადგენდა.
მიხაილ ტიმოფეევი ბრალს უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს პოლიტიკურ დევნად განიხილავს.
საჯარო წყაროების თანახმად:
- მიხაილ ტიმოფეევი სერგეი ფურგალის თანაშემწედ მუშაობდა, როდესაც ეს უკანასკნელი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო [2007-2011 წლები], რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.
- როდესაც რუსეთის ხელისუფლების მწვავე ოპონენტს - სერგეი ფურგალს ხაბაროვსკის ოლქში გუბერნატორად ირჩევდნენ, მას აქტიურად ეხმარებოდა მიხაილ ტიმოფეევი.
სერგეი ფურგალი
როგორც პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა გვითხრა 4 სექტემბერს, სხდომის დასრულების შემდეგ - მიხაილ ტიმოფეევის პოლიტიკური საქმიანობა და შესაბამისად - მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა არ დასტურდება.
დაცვის მხარის განმარტებით, "პოლიტიკური დევნის არსებობისთვის ფორმალური პარტიული წევრობა აუცილებელი არ არის".
"პოლიტიკური მოტივი შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის რეალურ ან მისთვის მიწერილ პოლიტიკურ კავშირთან, მის ასოცირებასთან პოლიტიკურად სენსიტიურ ფიგურასთან და სახელმწიფოს მიერ მის აღქმასთან და არა მხოლოდ ფორმალურ, დოკუმენტირებულ პარტიულ სტატუსთან. ამიტომ გადამწყვეტი კითხვა არის არა ის, ჰქონდა თუ არა ტიმოფეევს რომელიმე პარტიის წევრობის ბარათი, არამედ: აქვს თუ არა მის ფურგალთან კავშირს მნიშვნელობა რუსეთის ხელისუფლების მიერ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების კონტექსტში", - დაცვის მხარის მასალების თანახმად, თავად ბრალდებაც აღიარებს ხაბაროვსკის მხარეში 2018–2020 წლებში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობის ისტორიულ კონტექსტს, რასაც მოჰყვა ძველი საქმეების გახსენება და შედეგად ტიმოფეევის დევნაც.
"ტიმოფეევი საქართველოს წინააღმდეგ"
“გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ინტერპოლის არხებით თხოვნა მისი დროებითი დაპატიმრების თაობაზე, რაც განხილულ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ და მოხდა პირის დაკავება”, - პროკურორის განმარტებით, როდესაც რუსეთმა მისი დაკავება მოითხოვა - ტიმოფეევის მიმართ გამოცემული “წითელი ცირკულარი” იყო ვალიდური. პროკურორი დეტალებს არ აკონკრეტებს.
არსებული ინფორმაციით, “წითელი ცირკულარით” ტიმოფეევის ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის სექტემბერში შეაჩერა.
ამ ფაქტზე დაყრდნობით, სტრასბურგის სასამართლოში უკვე რეგისტრირებულია საქმე „ტიმოფეევი საქართველოს წინააღმდეგ“ რომელიც, ადვოკატ რუსუდან მჭედლიშვილის თანახმად, ტიმოფეევის უკანონო დაკავების ფაქტს უკავშირდება.
3 და 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის პოზიციას უსმენდნენ, მანამდე, 1 სექტემბერს, გაიმართა ბრალდების მხარის პოზიციის მოსმენა.
ჯანმრთელობის, სიცოცხლის რისკები
„აქ ჩემი სიცოცხლის საკითხი წყდება“ - თქვა ტიმოფეევმა სასამართლო სხდომაზე, 3 სექტემბერს. სასამართლო დარბაზში ის ყოველ ჯერზე ხელჯოხით შემოდიოდა - მაღალი, გამხდარი, ჭაღარა, მხრებში მოხრილი კაცი. ერთ-ერთ სხდომაზე გააფრთხილა მოსამართლე, რომ - მან შეიძლება გონება დაკარგოს - ხერხემლის საშინელი ტკივილებისა და უძილობის გამო; რადგან ციხეში მისთვის აღმოჩენილი მკურნალობა უშედეგოა.
ტიმოფეევი შიშობს, რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მის ჯანმრთელობაზე აღარავინ იზრუნებს და მის სიცოცხლესაც რეალური საფრთხე დაემუქრება.
მას უკვე აქვს გამოცდილება, როდესაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ტაქსის მძღოლებისგან თანხის გამოძალვისთვის ბრალდებით, 2013 წელს, მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საჯარო წყაროებით, ლაპარაკი იყო სულ 27 ევროს ექვივალენტ თანხაზე. თავად ტიმოფეევმა ბრალი არ აღიარა.
სწორედ ამ პატიმრობის დროს ის რეალურად შშმ პირად იქცა და ხერხემლისა და თავის ტვინის პრობლემების გარდა - განუვითარდა არაერთი მძიმე ქრონიკული დაავადება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაშინ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა.
რუსეთის გარანტიები?
საქართველოს პროკურატურის პასუხია, რომ ამ ჯერზე რუსეთისგან რეალური გარანტიები აქვთ მიღებული.
“ჩვენს მიერ დეტალური გარანტიები იქნა გამოთხოვილი, ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოდან [რუსეთი], სხვა გარანტიებთან ერთად, სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ექსტრადიციის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით. გაგვაჩნია აღნიშნული გარანტიების შესრულების ეფექტური კონტროლის მექანიზმი”, - პროკურორი ცინდელიანი განმარტავს, რომ რუსეთის მიერ მოცემულ გარანტიებზე საკონსულო მონიტორინგი დაწესდება და კერძოდ, ის მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის “შესაბამის საკონსულო წარმომადგენელს” გულისხმობს.
რამდენად საიმედოა რუსეთის გარანტიები და რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს კონტროლი ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით?
დაცვის მხარისთვის საეჭვოა. ადვოკატები მიუთითებენ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლისა და ადამიანის უფლებათა დამცველი რუსული ორგანიზაციის, ნობელის პრემიის ლაურეატი - „მემორიალის“ შეფასებებზე, ტიმოფეევთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება:
• პოლიტიკურად მოტივირებული დევნის რისკს;
• წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკს;
• სათანადო სამედიცინო დახმარების პრობლემას;
• და სამართლიანი სასამართლოს მძიმე დარღვევის საფრთხეს.
დაცვის მხარე ითხოვს “ინდივიდუალური რისკის რეალურ შეფასებას”.
დაცვის მხარის მასალებით - 2026 წლის 19 თებერვლის წერილში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხებზე, მარიანა კაცაროვამ, კონკრეტულად ტიმოფეევის საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში მას ემუქრება წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური და გარდაუვალი რისკი, პოლიტიკური მოტივით დევნისა და მართლმსაჯულების აშკარა უარყოფის რისკთან ერთად. წერილში ასევე ხაზგასმულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარების შესაძლო უარყოფა და რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში პოლიტიკური პატიმრებისადმი მოპყრობის შესახებ სისტემური დარღვევები.
ასევე ნახეთ
პატიმრობა გაუქმებული დოკუმენტის საფუძველზეხანდაზმულობა
ტიმოფეევს 20 წლის წინანდელ საქმეზე მოეთხოვება პასუხი. უშუალოდ მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებებთან მიმართებით პროკურატურამ ხანდაზმულობა არ დაადგინა, რადგან - რუსეთის განმარტებით - ვადის დინება გამოძიებისთვის თავის არიდების მიზეზით შეჩერდა. ტიმოფეევის ქართველი ადვოკატებისთვის - რუსუდან მჭედლიშვილისა და ნინო ხეცაძისთვის მოვლენების თანმიმდევრობა საწინააღმდეგოზე მეტყველებს:
- ტიმოფეევმა რუსეთი დატოვა 2020 წლის 24 თებერვლიდან;
- სისხლის სამართლის საქმეში მისი გვარი მხოლოდ 2021 წლის მაისში გამოჩნდა და ბრალდებულად იქნა ცნობილი.
- ტიმოფეევი საქართველოში 2024 წელს ჩამოვიდა.
“საქართველოში მ. ტიმოფეევი ცხოვრობდა ღიად, ურთიერთობდა სახელმწიფო ორგანოებთან, მონაწილეობდა საერთაშორისო დაცვის პროცედურებში და მისი ადგილსამყოფელი ცნობილი იყო. ამიტომ ფრაზა - „გამოძიებას თავს არიდებდა” - სამართლებრივ დასკვნად ვერ იქცევა, სანამ მისი ფაქტობრივი წინაპირობები არ დადასტურდება”, - აცხადებს დაცვის მხარე და აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ექსტრადიციის მომთხოვნ მხარეს - რუსეთს მოეთხოვება.
მიხაილ ტიმოფეევს საქართველოს სახელმწიფომ უარი უთხრა თავშესაფრის მოთხოვნაზე. დაცვის მხარემ ასევე წარუმატებლად გაასაჩივრა საექსტრადიციო პატიმრობა.
საქმის მასალებით, რუსეთის ფედერაცია ტიმოფეევის ექსტრადიციას ითხოვდა არა მხოლოდ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებებისთვის. მოთხოვნა მოიცავდა რუსეთის სსკ-ის 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასაც - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ ქმედებას. რუსეთის მოთხოვნის მასალებში ეს ბრალდება წარმოდგენილია იმავე ფაქტობრივი ნარატივის შემადგენელ ნაწილად, რომელშიც ტიმოფეევს უკავშირებენ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ეპიზოდებს. ადვოკატების განმარტებით, საქართველოს პროკურატურამ საბოლოო შუამდგომლობაში თავად აღარ მოითხოვა ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა 222-ე მუხლის ნაწილში ხანდაზმულობის გამო და ექსტრადიციის მოთხოვნა მხოლოდ დანარჩენ ორ სამართლებრივ კვალიფიკაციას დაუკავშირა.
ტიმოფეევის ბედის გადაწყვეტამდე მაქსიმუმ 12 დღე რჩება - 7 დღე აქვს დაცვის მხარეს - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასასაჩივრებლად; უზენაეს სასამართლომ საკითხი 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს. ადვოკატები აპირებენ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით - შეჩერდეს ექსტრადიცია.
ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად, დროებითი ღონისძიება არის გადაუდებელი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - როდესაც არსებობს რისკი, რომ სახელმწიფოში, რომლისთვისაც პირის გადაცემა მოხდება, დაირღვევა მომჩივნის სიცოცხლის უფლება ან/და იქ მომჩივანი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას.
[განახლდება]