მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტები და აქტივისტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, სადაც მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის და მოხუცთა თავშესაფრებისთვის საახალწლო საჩუქრები - ტკბილეული, წიგნები, სამოსი და სხვა ნივთები - შეაგროვეს.
მსვლელობის პროცესში მათ ფილარმონიასთან შეუერთდა მარში, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიებაც და გაირკვეს, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2024 წლის პროევროპული დემონსტრაციების დაშლის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ.
"რეჟიმი გვწამლავს - მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიება" - წერია ბანერზე. მსვლელობის პირველ რიგებში არიან პროევროპული აქციების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრები.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.
2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები“ ამოწურულად გამოაცხადა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის, „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ BBC-ს ფილმი იყო „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“.
ექსპერტების ნაწილი სუსის დასკვნას არ ენდობა და შეუსაბამობებზე მიუთითებს. გამოძიება გრძელდება „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით.
"ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება! არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მოწამლა ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები, ხალხო, იმ ტერიტორიაზე ვინც ცხოვრობთ, ვისაც სკოლაში დაგყავთ ბავშვები, ვინც კი გაიარეთ იმ ერთვი თვის განმავლობაში, იცოდეთ, ყველანი ხართ მოწამლულები. ამის ცოდნას თქვენ იმსახურებთ, რეჟიმი ამას თქვენ გიმალავთ. იცოდეთ, რომ ყველანაირ ზიანს გაყენებთ არალეგიტიმური ხელისუფლება და ეს ხელისუფლება არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში..." - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე დევიძემ, პროევროპული აქციების გამო დაპატიმრებული მათე დევიძის დამ.
ახალი, გამკაცრებული კანონის მიუხედავად, მარში მონაწილეები როგორც ტროტუარზე, ისე ავტომობილების სავალ ნაწილზეც გადაადგილდებიან.
10 დეკემბერს სადავო პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
მსვლელობა ცოტა ხნით თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან შეჩერდა. ისმოდა საქართველოს ჰიმნი. "გინახავთ სადმე საახალწლო სოფელი, რომელსაც პოლიცია იცავს?" - იკითხა დემონსტრანტმა.
ყოველდღიური პროტესტის 395-ე დღეს ძირითადი მოთხოვნები კვლავ უცვლელია: პროევროპული დემონსტრაციების გამო დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნები.
რუსთაველთან დაკავშირებული პატარა ქეჩების კუთხეებში დგას პოლიციის ავტომობილები. სახვითი ხელოვნების მუზეუმთან მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტთან ქუჩა ცალმხრივადაა გადაკეტილი. ისმის საქართველოს ჰიმნი და შეძახილები "დიდება საქართველოს".
რუსთაველზე, პარლამენტთანაც გამოჩნდა პოლიციის ავტომობილები, რომლებიდანაც დემონსტრანტებს მოუწოდებენ, გზიდან გადავიდნენ.
დემონსტრანტებმა პარლამენტთან პოლიციის მოთხოვნის შემდეგ საავტომობილო გზა გაათავისუფლეს.