გამამტყუნებელი განაჩენი რუსეთში უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ სახელმწიფო ღალატზე აღძრული მრავალი შეთითხნილი საქმიდან ერთ-ერთი იყო. საერთო ჯამში, ორგანიზაცია „პიერვი ოტდელის“ ადვოკატების მიერ ჩატარებული გამოთვლებით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან მოყოლებული, 1431 ადამიანს წაუყენეს ბრალდება ღალატის, ჯაშუშობისა და უცხო სახელმწიფოსთან საიდუმლო თანამშრომლობის მუხლებით.
„სევერ. რეალიი“ უკვე მოგვითხრობდა იმის შესახებ, რომ მიხაილი 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ევროპაში, ბოლო წლებში - გერმანიასა და ლუქსემბურგში, სადაც ციფრულ მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად მუშაობდა. ის იშვიათად სტუმრობდა სამშობლოს, ბოლოს 2020 წელს ჩავიდა და მაშინ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
2025 წლის 1 ივლისს მან ლატვიის საზღვარი გერმანული სანომრე ნიშნების მქონე მოტოციკლით გადაკვეთა და უბილინკას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე (პიტალოვსკის რაიონი, ფსკოვის ოლქი) გაჩერდა. რუსეთში ის მამის მონახულებას აპირებდა, რომელიც გულის შეტევის შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა. საზღვარზე მან რუსული პასპორტი წარადგინა იმ იმედით, რომ ეს მგზავრობას გაამარტივებდა და ვიზის გაკეთება არ გახდებოდა საჭირო.
მესაზღვრეებმა მას შემოწმებისთვის ტელეფონი მოსთხოვეს. იქ მათ აღმოაჩინეს მიმოწერა მიხაილის ყოფილ შეყვარებულთან, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს. ის მიხაილს ფული სთხოვდა, მან ეს ფული გაუგზავნა - სწორედ ეს გახდა ბრალდების საფუძველი. პროფილის სურათზე გამოსახული ქალი კამუფლაჟში იყო გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა 2022 წლის შემოდგომაზე დასრულდა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ მიხაილისთვის „რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგედ აღიარებული უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლების დაფინანსებაში“ წაეყენებინათ ბრალი. საქმე ეხებოდა თანხას 18 000 რუბლის ოდენობით.
გასული წლის ბოლოს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ევგენი სმირნოვმა, ადვოკატმა უფლებადამცველი ჯგუფის „პიერვი ოტდელისა“, რომელიც „სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებში უსამართლოდ ბრალდებულ რუსებს“ ეხმარება, განაცხადა, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) „ხშირად იყენებს“ მცირე თანხების გადარიცხვებს ღალატის საქმეების გასაყალბებლად.
განაჩენის გამოცხადებამდე თავის საბოლოო სიტყვაში მიხაილმა ხაზი გაუსვა, რომ საქმეში არ არსებობდა ფულადი გადარიცხვების დამადასტურებელი მტკიცებულებები: „როგორ შეიძლება საქმის წარმოებაში მიღება განსაკუთრებით სერიოზული ბრალდებით, საბანკო გადარიცხვასთან დაკავშირებით, საბანკო ამონაწერების გარეშე?! საბანკო ამონაწერი ერთადერთი იურიდიული დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს საბანკო გადარიცხვას. გაზის კომპანიაშიც ვერ წახვალ და Google Mail-დან გამოგზავნილი წერილით ვერ დაადასტურებ გაზის გადასახადის გადახდას! უკან გამოგაბრუნებენ და გეტყვიან: „მოიტანეთ საბანკო ამონაწერი“. აქ კი ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი!"
გარდა ამისა, სასამართლოში თავისი გამოსვლისას, მიხაილმა განაცხადა, რომ მას არასდროს ჰქონია „მირის" სისტემის საბანკო ბარათი, რომელიც საქმეში ფიგურირებს. ის მიიჩნევს, რომ მისი ნომერი გენერირებულია, თანაც, „2022 წელს ევროპაში სადებეტო ბარათებით ონლაინგადახდა შეუძლებელი იყო“.
მიხაილ ლოშჩინინი მოტოციკლზე
მიხაილი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ამყოფეს სასაზღვრო ქალაქ პიტალოვოს სასტუმრო „დუბრავა“- ში, დაცვის ქვეშ, დოკუმენტები და მოტოციკლის გასაღებები ჩამოართვეს. იქიდან ეფ-ეს-ბეს (უშიშროების ფედერალური სამსახური) თანამშრომელმა მას ოჯახთან დარეკვის უფლება მისცა. მოგვიანებით მიხაილმა განაცხადა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მას არწმუნებდნენ, რომ სულ მალე გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, ის სტარი ოსკოლში გადაიყვანეს. იქ მიხაილი უკრაინელი სამხედრო ტყვეების საპატიმროში აღმოჩნდა. მან მრავალი განსაცდელი, დამცირება და წამება გადაიტანა - მას აშიშვლებდნენ და სცემდნენ, აიძულებდნენ, ხელი მოეწერა გაყალბებული ჩვენებების შემცველ დოკუმენტებზე.
მიხაილ ლოშჩინინი
გამომცემლობა „ბერეგმა“ გამოაქვეყნა ამონარიდები მიხაილის წერილებიდან, რომლებშიც ის აღიარებს, რომ მისთვის ყველაზე მძიმე იყო სტარი ოსკოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში მასთან ერთად მყოფი უკრაინელების ტანჯვის ყურება. „შევხვდი ადამიანებს, რომლებიც გაცილებით მეტად იტანჯებოდნენ... ადამიანებს ელექტროშოკით აწამებენ, სცემენ, წლების განმავლობაში ჰყავთ დაკავებული... სასამართლო პროცესისა და გამოძიების გარეშე, მათი დანაშაულის „დასამტკიცებლად“ გაყალბებულ სამხილებს იყენებენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი მიმნდობი რომ არ ვყოფილიყავი და რასაც მაძლევდნენ, ყველაფერზე ხელი არ მომეწერა, როცა მპირდებოდნენ, რომ გამიშვებდნენ, მეც დენში გამატარებდნენ... იმდენი ტყუილი, ტერორი და უკანონობა ვნახე და ვიგრძენი, იმდენი ამბავი მოვისმინე, რომელთა გამოც საკანში დაბრუნებისას უბრალოდ ვტიროდი. მარტო ბრძოლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სხვა უდანაშაულო ადამიანების ტანჯვის ყურება, როცა მათი დახმარება არ შეგიძლია.“
ტყვეობაში ყოფნისას, მიხაილი იხსენებდა თავის ცხოვრებას რუსეთში მის ბოლო გამგზავრებამდე: „ბელგიაში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში ბედნიერი ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი, ჩემი საოცნებო სამსახური მქონდა - დიდ კომპანიაში IT სპეციალისტად ვმუშაობდი, მყავდა შესანიშნავი კოლეგები და უფროსები. მიყვარს ყველაფერი, რაც ტრანსპორტთანაა დაკავშირებული და მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების სფეროში IT სპეციალისტი (DBA – მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი) არის პროფესიონალი , რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციაში მონაცემთა ბაზების მართვის, უსაფრთხოებს, მუშაობისა და გამართულ ფუნქციონირებისთვის. ჩემი ახალგაზრდობის ჰობი იყო, რომელიც შემდეგ პროფესიაში გადაიზარდა“.
ევროპაში ცხოვრების წლების განმავლობაში ლოშჩინინმა სხვადასხვა საქმიანობაში მოსინჯა ძალები - მუშაობდა გამნათებლად რუსულენოვან თეატრებში, დაკავებული იყო ფოტოგრაფიითა და ვიდეო საქმიანობით, ქმნიდა 3D- ანიმაციებს, ხმითა და სპეცეფექტებით, აწყობდა დისტანციური მართვის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოდელებს, უკრავდა გიტარაზე და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მისი მეგობრები მას აღწერენ, როგორც არაჩვეულებრივად მრავალმხრივ ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარული აქვს რუსული კულტურისა და მუსიკის მიმართ. მისი დაპატიმრების შემდეგ, ლუქსემბურგში, სადაც ის ბოლო წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა, დიდი მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა. დღეს მას წინანდელი ცხოვრებისგან სამარტოო საკნის კედლები აშორებს, სადაც სხვადასხვა ენაზე თავისთვის კითხულობს დიალოგებს, სწავლობს საოპერო ლიბრეტოებს და „უკრავს“ დახატულ კლავიშებზე.
მიხაილ ლოშჩინინი უკრავს რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე
სტარი ოსკოლში მას სათვალე ჩამოართვეს. ფსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში ის კვლავ დაუბრუნეს, თუმცა მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ცალ თვალში თითქმის ვეღარ ხედავს და ოპერაცია სჭირდება.
„სათვალე წამართვეს და - 8,5 მაქვს, ახლომხედველი ვარ, ხუთ სანტიმეტრზე შორს ყველაფერი ბუნდოვანია“, - მოჰყავს „ბერეგს“ მისი ერთ-ერთ წერილის ნაწყვეტი. - „ერთადერთი, რაც ჩემს მეხსიერებაში არ წაიშლება, ელექტროშოკია, რომელიც სპეცრაზმელმა სახეში ჩამარტყა. <...> ყოველდღე იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება. ეს არის სამყარო, სადაც ადამიანი აღარ ხარ. სადაც საკანში, როცა კარი დაკეტილია და დერეფანში სიჩუმე, ბედნიერი ხარ. სადაც ჯოჯოხეთი იხსნება კარის ყოველ გაღებაზე. და ის ხშირად იღებოდა“.
სასამართლო პროცესზე თავის საბოლოო სიტყვაში მიხაილმა არ ახსენა წამება, მხოლოდ აღნიშნა, რომ „ასეთი ადგილები არც უნდა არსებობდეს ... პლანეტაზე“. მან ასევე გაიხსენა, რომ წინა სასამართლო სხდომებმა დაამტკიცა, რომ „კონტრდაზვერვის ცნობებში მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას“, რაც ნიშნავს, რომ „მთელი ბრალდება ტყუილზეა აგებული“. ყველაზე მტკივნეული, თქვა მიხაილმა, იყო „იმის დანახვა, თუ როგორ მიიღო საქმე სასამართლომ განზრახვის ქონის ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე... და დანაშაულის მოტივის სრული არარსებობით“.
მიხეილის ნათესავებისთვის 16-წლიანი სასჯელი დარტყმა იყო
„ჩვენ წინასწარ ვემზადებოდით, მაგრამ იმედი ბოლომდე გრჩება, შემდეგ კი იმსხვრევა და ტკივილთან მარტო გტოვებთ“, - ამბობს მიხაილ ლოშჩინინის ნათესავი, მარგარიტა (მისი სახელი შეცვლილია).
„შესანიშნავია, რომ მიხაილმა სასამართლო დარბაზში ასეთი წარმოუდგენელი მხარდაჭერა მიიღო. ამდენი ადამიანი მოვიდა მის მხარდასაჭერად! რუსმა ჟურნალისტებმა და ევროპელმაც კი მოახერხეს იქ მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ მოსმენამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ვაცნობეთ. ბელგიის კონსულიც ესწრებოდა სხდომას. ვფიქრობ, სასამართლო დარბაზი ცარიელი რომ ყოფილიყო, მიშა ვერ შეძლებდა ასე გაბედულად დგომას იმ რვა წუთის განმავლობაში, რაც დასჭირდა იმის ასახსნელად, თუ რატომ უსჯიან ვინმეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთას“.
მიხაილ ლოშჩინინი დედასთან ერთად
მისი თქმით, ის ყოველდღიურად ურთიერთობს ოჯახთან „ზონის ტელეკომის“ საშუალებით და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცენზურას გადის, მათ წარმოდგენა აქვთ მის ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მარგარიტას თქმით, მისი თვალის დაავადება, მიოპია - ახლომხედველობა, სწრაფად უარესდება.
„საკანში ბნელა, მზის სხივები არ აღწევს. ეზოში კი, სადაც ისინი სასეირნოდ მიჰყავთ, პრაქტიკულად მზეც არ არის. მისი მხედველობა გაუარესდა მინისებრი სხეულის დაზიანების გამო. შავი „წერტილები“, რომლებიც ადრე „დაცურავდნენ“, ახლა დიდ ადგილასაა შეკრებილი. ჩვენ გვაქვს კერძო კლინიკაში სამედიცინო შემოწმებისთვის სასამართლოს ნებართვა. მთავარია მოასწროთ და ეს წინასწარი პატიმრობის დროს გაკეთდეს. ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა კოლონიაში. მას ოპერაცია სჭირდება, მაგრამ გამოკვლევის გარეშე ვერ გაკეთდება.“
მიხაილის მამა, რომელთანაც ვაჟმა მოტოციკლით ვერ მიაღწია, განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა. გართულებული კიბოს მიუხედავად, ის ჩავიდა - უარი თქვა იმ დღეს დაგეგმილ გამოკვლევაზე.
მიხაილ ლოშჩინინის (სარკმელში) შეხვედრა საპატიმროში მამასთან
„მამა ფსკოვში ავტობუსით ჩამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს რთული იყო. იქ მყოფმა გერმანელ ჟურნალისტს უთქვამს, რომ მამაჩემი ძალიან მხნედ იყო და საბრძოლო სულისკვეთებას ასხივებდა“.
მათ ორი შეხვედრა ჰქონდათ: ერთი გამოძიების დროს, ხოლო მეორე, როდესაც ის მოწმის სახით მივიდა და მათ სასამართლო დარბაზში საუბრის უფლება მისცეს. მიშამ იმედი დაკარგა, რომ მას კვლავ ნახავდა; ეს საჩუქარი იყო - მამამისი ამბობს, რომ მისი დღეები დათვლილია და უცნობია, კიდევ ერთხელ მიეცემა თუ არა შვილის ნახვის შესაძლებლობა.
მიხაილის სხვა ნათესავები რუსეთში არ ცხოვრობენ. ისინი ამანათებს საგანგებო სამსახურის მეშვეობით აგზავნიან.
„გამოჩნდნენ მოხალისეები და მზრუნველი ადამიანები, ისინი ეხმარებიან მიხაილს, განსაკუთრებით, წამლებით. მიშას შესახებ პუბლიკაციებმა უბიძგა ხალხს, მიეწერათ მისთვის და დახმარებოდნენ. ყველას ძალიან მადლიერი ვარ, ვინც ბედავს ჩვენთან დაკავშირებას ამჟამინდელ სიტუაციაში“, - ამბობს მარგარიტა.
მიხაილის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით (რომლის ვინაობასაც უსაფრთხოების მიზნით არ ვამხელთ), მიხაილი ლევ შლოსბერგს, ფსკოველ პოლიტიკოსს და პარტია „იაბლოკოს“ ადგილობრივი ფილიალის ლიდერს შეხვედრია, როდესაც ის სასეირნოდ იყო გასული. შროსბერგი იმავე წინასწარი დაკავების იზოლატორშია პატიმრობაში.
„მიხაილი თვითკმარი ადამიანია. საკანში მარტო ყოფნა მას არ აწუხებს. გაცილებით უარესი იქნებოდა რთული ხასიათის მქონე ადამიანთან ერთად ყოფნა. 12 წელი შეეძლოთ მიესაჯათ, ყველაზე დაბალი ზღვარი, დანაშაული რომ ეღიარებინა. მაგრამ მან წინააღმდეგობა გასწია ისევე, როგორც მისმა დაცვამ, რის გამოც მას ასეთი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ამჟამად გასაჩივრებას ვამზადებთ“, - ამბობს ადვოკატი.
ევგენი სმირნოვი მიიჩნევს, რომ მეორე მოქალაქეობის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია მიხაილ ლოშჩინინის საქმეში.
საქმე განსაკუთრებით გახმაურდა, ბელგიის საკონსულოს წარმომადგენლებმა განაცხადები შეიტანეს და მასზე ბევრს წერდა პრესა უცხოეთში.
ასევე ნახეთ
„გავუძლებ“. ახალი საქმე სკოლის მოსწავლე პოლიტპატიმრის, არსენი ტურბინის წინააღმდეგლოშჩინინს ბრალი დაედო „რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგედ აღიარებული უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლების დაფინანსებაში“ - რაც, როგორც წესი, 12-13-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, 16 წელი ნამდვილად მრავლისმთქმელია. ასე რომ, ასეთი მკაცრი სასჯელით, 16 წლით, რუსეთმა მისი „ფასი“ ასწია.
ანუ, ის მომავალში პატიმრების გაცვლის უფრო ღირებულ პოტენციურ მონაწილედ იქცა. თუ სხვა ქვეყნები მუდმივად კითხულობენ მასზე, თუ მასზე ბევრი იწერება, მაშინ ის ღირებულია, როგორც პატიმრების გაცვლის ფონდის ნაწილი. მაგრამ ახლა ეს მხოლოდ იმედის საფუძველს იძლევა, გავიხარებთ, როცა გაცვლა მოხდება - თუმცა გაცვლამდე დიდი დრო შეიძლება გავიდეს.
ევგენი სმირნოვი დარწმუნებულია, რომ ამჟამად ადამიანებს ციხეში არა იმისთვის სვამენ, რაც გააკეთეს, არამედ იმისთვის, რის გაკეთებაც სურდათ. ისინი მათ ესხმიან თავს, ვინც სხვების დახმარებას აპირებს.
„ზოგიერთს სურს დედის ცეცხლიდან გამოხსნა, შვილის გადარჩენა, ზოგი ეძებს გზას, რომ უკრაინაში ნათესავები მოინახულოს, ყველგან წერს, სადაც კი შეუძლია და აწყდებიან პროვოკატორებს.
ლოშჩინინი უბრალოდ თანაგრძნობის მქონე ადამიანია. ის ყოფილ შეყვარებულს მცირე გადარიცხვით დაეხმარა ვითომ, რაც სასამართლოში ჯერ არ დადასტურებულა.
ასევე არ არის ცნობილი გოგონას კავშირი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, გარდა მისი ფოტოსი, რომელზეც კამუფლაჟშია გადაღებული. თუმცა, ნებისმიერს შეუძლია კამუფლაჟის ტარება; ჩვენი პრეზიდენტიც ატარებს მას. სიტუაცია მხოლოდ უარესდება და უცხოელებთან ნებისმიერ კავშირზე ვრცელდება“, - ამბობს ევგენი სმირნოვი.