"იანდექს გოუს" სკუტერები - სწრაფი ტრანსპორტი თუ უსაფრთხოების გამოწვევა?

Your browser doesn’t support HTML5

yandex go-ს ელექტროსკუტერებს თბილისის თითქმის ყველა უბანში შეხვდებით. კომპანიაში ამბობენ, რომ ქართველ მომხმარებელს სულ 3 000 სკუტერს სთავაზობენ.

მოკლედ

  • ელექტროსკუტერები თბილისის ქუჩებში პირველად პანდემიის დროს გამოჩნდა - თავიდან ეს იყო ქართული სტარტაპის, "სქროლის" მიერ შემოთავაზებული სერვისი.
  • დროთა განმავლობაში "სქროლის" სკუტერები გაქრა და მათი ადგილი რუსულმა "იანდექსის" თვითგორიალებმა დაიკავეს.
  • ელექტროსკუტერები, როგორც არაუსაფრთხო ტრანსპორტი, არაერთ ევროპულ ქალაქში აკრძალულია ან შეზღუდულია საჯარო სივრცეებში - საქართველოში ამ ტრანსპორტით გადაადგილება ყველგან თავისუფლად შეიძლება, მათ შორის ტროტუარებზეც.
  • უსაფრთხოების შესახებ კითხვებს აჩენს თავად ის კომპანია, რომელიც დგას საქართველოში "იანდექს გოუს" სკუტერების მიღმა.
"იანდექსის" ელექტროსკუტერები რუსეთისა და საქართველოს გარდა, სულ რამდენიმე ქვეყანაში შეიძლება შეგხვდეთ, დიდწილად რუსეთის გავლენის არეალებში: ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და სომხეთში.

“ქართველი მომხმარებლების მონაცემები ინახება ევროკავშირის ტერიტორიაზე განთავსებულ სერვერებზე", - უთხრეს რადიო თავისუფლებას Yandex Georgia-ს პრესსამსახურში, როცა მათ ვკითხეთ, როგორ იცავენ მომხმარებლების პირად მონაცემებს. ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე კვირის წინ ნიდერლანდის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა Yango-ს საოპერაციო კომპანიას, Ridetech International-ს, 100 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა მომხმარებელთა მონაცემების რუსეთისთვის გადაცემის გამო.

მონაცემების დაცვის ჰოლანდიური სააგენტოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ პერსონალური მონაცემების გადაცემა რუსეთისთვის პრობლემურია იმის გამო, რომ იქ ადამიანის უფლებებს არ იცავენ და არავინ იცის, სახელმწიფო ამ მონაცემებს ვის წინააღმდეგ გამოიყენებს.

რუსეთში 2023 წლის სექტემბრიდან მოქმედებს რეგულაცია, რომელიც ტაქსის სერვისის გამცემ კომპანიებს და ცხადია, მათ შორის "იანდექსსაც", ავალდებულებს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, FSB-ს, მისცენ ავტომატური წვდომა შეკვეთების საინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა ბაზებზე, რომლებიც მოიცავს როგორც მძღოლების, ისე კლიენტების პირად მონაცემებს რუსეთში და მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამ რეგულაციამ გამოიწვია ევროპელი მარეგულირებლების შეშფოთება, რომ რუსეთში გადაცემულ მონაცემებზე შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო ორგანოებსაც ჰქონდეთ წვდომა.

ტაქსის კომპანიების შესახებ გამოცემული რუსული განკარგულების პირველი გვერდი

ნიდერლანდის მარეგულირებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტაქსის სერვისის გამცემი კომპანიის შესახებ, გარდა მასშტაბური ჯარიმისა, საინტერესოა იმ მხრივაც, რომ გამოკვეთს ფორმალურად სხვადასხვა კომპანიას შორის დაფარულ კავშირებს: Yango 2018 წელს შექმნილი ბრენდია იმ საერთაშორისო ბაზრებისთვის, სადაც რუსული კომპანიის შესვლა პრობლემური შეიძლება ყოფილიყო - სახელი yandex go-ს შემოკლებული ვერსიაა, მისი მენეჯმენტი კი "იანდექსის" ყოფილი მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჰოლანდიურმა მარეგულირებელმა ჯარიმა გამოთვალა "იანდექსის" გლობალური წლიური ბრუნვის საფუძველზე და ამ გადაწყვეტილებით თქვა, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანია რეალურად ისევ რუსული ტექნოლოგიური გიგანტის ნაწილია.

ჰოლანდიაში მიღებულ გადაწყვეტილებას მონაცემების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის შესახებ, წინ უსწრებდა საქართველოში 2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოწერილი ჯარიმა "იანდექს ტაქსის" მფლობელი კომპანიისთვის - მიზეზი აქაც იგივე იყო: მომხმარებლების, როგორც ტაქსის მძღოლების, ისე მგზავრების მონაცემები, აპლიკაციით სარგებლობისას რუსეთში მდებარე სერვერებს უკავშირდებოდა, რაც საშუალებას იძლეოდა, მათზე წვდომა ჰქონოდა ოფიციალურ რუსეთს. ჯარიმა საქართველოში ბევრად მოკრძალებული იყო - სულ რაღაც 4 000 ლარი.

"ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას და სასამართლოში გავასაჩივრეთ. როგორ დასრულდება საქმე — ეს უკვე სხვა საკითხია", - გვითხრეს Yandex Georgia-ს პრესსამსახურში. პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის სამსახური, რომლის გადაწყვეტილებაზეც ქართულ სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია, როგორც დამოუკიდებელი უწყება, აღარ არსებობს.

ასევე ნახეთ

Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს

საქართველოში "იანდექსის" სერვისების მიღმა ორი კომპანია დგას: Ridetech Georgia და Delivery Technologies Sakartvelo LLC;

Yandex Georgia-ს პრესსამსახურში ის, რომ ორივე კომპანია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული სუბიექტია, არის არგუმენტი, რომლითაც ავლებენ მიჯნას რუსულ "იანდექსთან", რომლის წინააღმდეგაც რუსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობისთვის არაერთი მტკიცებულება და ფაქტი არსებობს.

ერთ-ერთი ასეთი მტკიცებულებაა ის, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, "იანდექსი" შლიდა და მალავდა რუსულენოვანი მომხმარებლებისთვის სტატიებს და პოსტებს როგორც ომის, ისე უკრაინაში რუსული დანაკარგების შესახებ. მაშინ ამაში კომპანიას, რომლის პროდუქტებს შორისაც ინტერნეტში საძიებო სისტემა ერთ-ერთია, თავად მისი თანამშრომლები ამხელდნენ.

ასევე ნახეთ

როგორ გაამართლეს კრემლმა და რუსულმა საინფორმაციო მანქანამ ომი უკრაინაში

უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, 2022 წელს "იანდექსი" აკრძალულია ბალტიის ქვეყნებში - ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

"მგზავრობის შეკვეთის, ელექტროსამგზავრო სკუტერების (ელექტროთვითგორიალა) ქირავნობისა და მიტანის სერვისებს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ქართველი იურიდიული პირები — Ridetech Georgia LLC და Delivery Technologies Sakartvelo LLC, საქართველოს კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით. კომპანიების მფლობელია საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Yango Group, რომლის სათავო ოფისი დუბაიში მდებარეობს.

ქართველი მომხმარებლების მონაცემები ინახება გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებულ სერვერებზე", - ეს არის პასუხი იმაზე, როგორ იცავს საქართველოში yandex go მომხმარებლების ინტერესებს და უსაფრთხოებას. მათ შორისაა ის ათასობით მოქალაქე, რომლებიც თბილისის ქუჩებში ელექტროსკუტერებით დაქრიან.

ამ კომპანიის აპლიკაციის გამოყენებით თეორიულად არსებობს შანსი, რომ მონაცემები საბანკო ბარათების, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, კონტაქტების, შესაბამისად, ინტერესების, გარემოცვისა და გადაადგილების ტრაექტორიის შესახებ შეგროვდეს.

ქართული საჯარო რეესტრის მონაცემებშიც ჩანს "იანდექსთან" დაკავშირებულ კომპანიებში რუსული კვალი:

  • "რაიდტექ ჯორჯიას", რომელიც საქართველოში 2022 წლის მაისში დარეგისტრირდა, 2025 წლამდე რუსეთის მოქალაქე კირილ სვინტსოვი ხელმძღვანელობდა, yandex go-ში დსთ-ს ქვეყნებში სერვისების განვითარების ხელმძღვანელი, რომელიც გასულ წელს ამავე კომპანიაში საერთაშორისო ბაზრების ხელმძღვანელი გახდა გაზიარებადი სერვისების მიმართულებით. კირილ სვინტსოვის დაწინაურების შემდეგ კომპანიას სომხეთის მოქალაქე არამ მხითარიანი მართავს.
  • 2024 წლის ივნისში ბელარუსის მოქალაქე პაველ კუდზელკამ დაარეგისტრირა "დელივერი ტექნოლოჯის საქართველო" - კუდზელკა, რომელიც იმხანად აზერბაიჯანსა და საქართველოში ავითარებდა "იანგო დელივერის" სერვისებს, მოსკოვის "იანდექსის" ოფისისთვის კადრების შერჩევაშიც არის აქტიურად ჩართული.


ორივე ამ კომპანიის მფლობელია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული კომპანია Y.E. HOLDING LIMITED-ი. ღია წყაროების მიხედვით, ესაა ჰოლდინგი, რომელიც შუამავალ რგოლს წარმოადგენს რუსულ ტექნოლოგიურ გიგანტ Yandex-სა და ნიდერლანდში რეგისტრირებულ და 100 მილიონი ევროთი დაჯარიმებულ MLU B.V.-ს შორის.

"MLU B.V. არ ეთანხმება ნიდერლანდების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველი ორგანოს (AP) გადაწყვეტილებას და აპირებს მის გასაჩივრებას კანონით დადგენილი წესით. ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები ინახებოდა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ფსევდონიმიზებული და დაშიფრული ფორმით, რაც ტექნიკურად გამორიცხავდა მათ ხელმისაწვდომობას ნებისმიერი მესამე მხარისთვის. ყველა საჭირო დაცვის მექანიზმი დანერგილი იყო GDPR-ის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში", - ეს უკვე MLU B.V.-ის პრესსამსახურში გვითხრეს გამოძიების შესახებ, რომელმაც დაადგინა, რომ ფინელი და ნორვეგიელი მომხმარებლების მონაცემები რუსეთში გადაიცემოდა სათანადო დაცვის გარეშე.

ასევე ნახეთ

პუტინი ისტორიკოსების წინააღმდეგ: რუსეთში სტალინური რეპრესიების არქივების მკვლევრებს ტერორისტებად აცხადებენ