„წმინდაო ღმერთო“, „მოდი ჩემთან, უფალო“, „კირიე ელეისონ“, „იხარებს სული შენი“, „ევქარისტია“, „დავიღალე“, „ალილუია“, „Agnus dei“, “Te deum”, „ერეკლეს ლოცვა“, „Ave Maria“, - ეს არასრული სიაა პატრიარქის შექმნილი საგალობლებისა და მუსიკალური ნაწარმოებების.
პატრიარქს მელოდიების ნოტებად გარდაქმნაში სვიმონ ჯანგულაშვილი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის რეგენტი ეხმარებოდა.
სვიმონ ჯანგულაშვილი ილია მეორის დაბადებიდან 80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ სანოტო კრებულის შესავალში, როგორც კრებულის რედაქტორი, წერს:
„პატრიარქი ხშირად აღნიშნავს, რომ ის არ არის პროფესიონალი კომპოზიტორი, რომ მისთვის მუსიკა სწორედ სულიერი მისწრაფებების გამოხატვისა და ძიებების საშუალებაა... ხშირად მიფიქრია: მის უწმინდესობას თავი ადრიდანვე მუსიკისთვის რომ მიეძღვნა, ბევრ მნიშვნელოვანსა და ღირებულს შესძენდა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას..."
სხვებიც იხსენებენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი მართლაც ხშირად წუხდა, რომ მუსიკალური განათლების მიღება ვერ შეძლო.
„გულდაწყვეტით ამბობდა და განიცდიდა, რომ არ ჰქონდა მუსიკალური განათლება. ოჯახს არ ჰქონდა ამის საშუალება და ვერ შევძელიო, მაგრამ იმდენად საინტერესო მელოდიები დატოვა, რომ აბსოლუტურად შეივსო მისი გულის წყვეტა“, - გვეუბნება მანანა ხვედელიძე, მუსიკოლოგი, საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
ილია მეორის ნაწარმოებების ორიგინალი ვერსიები, წლების განმავლობაში, გადაამუშავეს და არანჟირება გაუკეთეს ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა. მათ შორის არიან ზვიად ბოლქვაძე, ვახტანგ კახიძე, ნიკოლოზ რაჭველი, მერაბ ოძელაშვილი, მიხეილ ოძელი, ოთარ ტატიშვილი, გიორგი შავერზაშვილი...
2013 წელს პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებების პირველი სანოტო კრებული გამოიცა, სადაც შეიკრიბა ილია მეორის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი საგალობლები და მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც პატრიარქის მუსიკაზე შეიქმნა. მათ შორის, უმეტესის არანჟირების ავტორი კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძეა.
წლების წინ, საპატრიარქო გუნდის რეგენტმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა სწორედ კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძეს სთხოვა ილია მეორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგალობლის „კირიე ელეისონის“ საგუნდო არანჟირება:
ამონარიდი სანოტო კრებულიდან
„ენით აღუწერელმა მღელვარებამ შემიპყრო. მართალი გითხრათ, არ მინდოდა და ვუთხარი კიდეც სვიმონს, იქნებ, სხვამ გააკეთოს-მეთქი, მაგრამ დამარწმუნა, შეძლებ, სცადეო, არ შემეშვა.
ასე რომ ვცადეთ. პირველი იყო „კირიე ელეისონ“. მე უნდა გამეკეთებინა საგუნდო არანჟირება და უნდა გადამეტანა ნოტებზე მამაკაცთა გუნდისთვის.
მახსოვს, როდესაც ტაძარში სრულდებოდა „კირიე ელეისონ“, როგორ აიტაცა ის მრევლმა. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ასეთი ღვთაებრივი მელოდია, ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა, გამორიცხულია“, - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ზვიად ბოლქვაძე.
"ბევრ რამეს გვიწონებდა, მაგრამ გვქონდა დისკუსიაც"
„კირიე ელეისონს“ მოჰყვა „სანქტუსი“, “Agnus Dei”, “ალილუია”, “Te deum” - ილია მეორის არაერთი ნაწარმოები აჟღერდა ზვიად ბოლქვაძის არანჟირებით.
ზვიად ბოლქვაძე, კომპოზიტორი
„დაიწყო ჩვენი შეხვედრები. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ისტორიის ფურცლებია. არც კი მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.
ბევრ რამეს გვიწონებდა, მაგრამ გვქონდა დისკუსიაც, როცა უკვე გაორკესტრებაზე გადავედით.
ნაწარმოებს მას ვასმენინებდი ფორტეპიანოს თანხლებით. ვუხსნიდი, რომ, მაგალითად, ამ ნაწილში იქნება საყვირი, აქ იქნება ჰობოი, აქ გუნდი, აქ სოლისტები იქნებიან, თან ვუკრავდი, თან ვმღეროდით. პატრიარქს ჩემიც სჯეროდა და სვიმონისაც. ენდობოდა ჩვენს მუსიკალურ გემოვნებას. ჩვენც თითქოს ვიცოდით მისი მუსიკალური ენა, მისი სულის მუსიკას მივყვებოდით თითქოს და უსიტყვოდ გვესმოდა მისი“, - ამბობს ზვიად ბოლქვაძე.
"მისი ჰარმონია ლოცვის ხასიათს ატარებს"
ილია მეორის შექმნილი საგალობლები დღეს ეკლესიებში, ღვთისმსახურებისას სრულდება და მათ ცოცხალი, ლიტურგიული ფუნქცია აქვთ.
მანანა ხვედელიძე, მუსიკოლოგი
„მისი ნაწარმოებები არის ქართული საეკლესიო ტრადიციის გაგრძელება...
ის ხომ ერთხმიანად წერდა მუსიკას, თუმცა, მის ერთხმიანობაში იგრძნობა მრავალხმიანობის განსაკუთრებული პოტენცია. თითქოს ხმებში ჩაგესმის მისი მელოდია. თანამედროვე გამორჩეული მუსიკოსების თანაავტორობით, საბოლოოდ ასეთადაც ჩამოყალიბდა მისი მუსიკა.
უნდა აღინიშნოს ამ მუსიკის სიმარტივე და ამასთანავე, საოცარი სიღრმე და მიზიდულობა. მისი ჰარმონია ლოცვის ხასიათს ატარებს, თითქოს ყოველ ჩვენგანს ეხმარება სულიერ კონცენტრაციაში“, - ეუბნება მუსიკოლოგი მანანა ხვედელიძე რადიო თავისუფლებას.
კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, როგორ შექმნეს 13 წლის წინ, მაშინ, როდესაც პატრიარქი გერმანიაში, სამკურნალოდ იმყოფებოდა, 9-წუთიანი საფორტეპიანო ნაწარმოები:
ოთარ ტატიშვილი, კომპოზიტორი
„ეს იყო ორწინადადებიანი მარტივი მუსიკალური თემა, სწორედ ის სტილი, რომელიც ახასიათებდა უწმინდესს. ხშირად ამბობდა, რომ არ იყო კომპოზიტორი და წერდა მარტივ მელოდიას, რომელიც ხალხისთვის დასამახსოვრებელი იქნებოდა და ასეცაა, მიუხედავად სიმარტივისა, მის თემებში, საოცარი სიღრმე იგრძნობა.
ამ თემის აუდიოვერსია, რომლის სახელწოდებაც იყო „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“, გამომიგზავნა სვიმონ ჯანგულაშვილმა. დავამუშავე და საბოლოოდ შეიქმნა საკმაოდ რთული ნაწარმოები. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო“.
2011 წელს ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაში ილია მეორემ გაიხსენა, როგორ და რატომ შეიქმნა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგალობელი „დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“.
ამონარიდი სანოტო კრებულიდან
„მაინც რა ურთიერთდამოკიდებულება არის ღმერთსა და ადამიანს შორის? ღმერთი მოდის ჩვენკენ და ჩვენ უნდა მივიდეთ უფალთან, უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და არ უნდა ავცდეთ...
არის ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანს აღარ შეუძლია გააგრძელოს თავისი გზა. ეცემა ტალახში, ცოდვებში და ეუბნება უფალს: “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო…” ე.ი. მე აღარ მაქვს ძალა, რომ მოვიდე შენთან, არამედ შენ მოდი ჩემთან. ერთ-ერთი გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი უფალთან, ეს არის მოწყალება..."
ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
- 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
- სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
- კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
- საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან.