„იქნებ გვეშველოს“ - იმედი მათთვის, ვინც აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ელოდება

ფედერალურმა სასამართლომ დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცნო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება 75 ქვეყნის, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე. ფოტოზე აშშ-ის ვიზის ეტიკეტის ფრაგმენტი.

„იქნებ, რაღაც გვეშველოს“, „უნდა ვცადოთ ისევ“ - აშშ-ის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაერთიანების იმედი განუახლა ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტებსა და მათ ოჯახებს - რომლებიც უკვე 7 თვეა, საიმიგრაციო ვიზების აღებაზე ოცნებობენ.

ახლა შესაძლებლობების კარი კვლავ გაიხსნა, თუმცა ეს გარანტირებული და შეუქცევადი პროცესი არ არის. ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია მოსამართლე ჯანეტ ვარგასის გადაწყვეტილება შეაჩეროს.

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცნო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იანვრის გადაწყვეტილება 75 ქვეყნის, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე. ტრამპის ადმინისტრაცია გასაჩივრებას არ ჩქარობს.

საიმიგრაციო ვიზების აღება ხარჯიანი, შრომატევადი და ხანგრძლივი, მაგრამ საიმედო გზაა მათთვის, ვინც აშშ-ში მუდმივად ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავს. ლეგალურ საფუძვლებს შორის არის ოჯახების გამთლიანება, ქორწინება, შვილად აყვანა და "მწვანე ბარათის" მოგება.

ვის სჭირდება საიმიგრაციო ვიზა?

საიმიგრაციო ვიზა ერთადერთი გამოსავალია ნანასთვის [სახელი შეცვლილია], რომელსაც ამერიკაში 20 წლის უნახავი ემიგრანტი დედა და წლების წინ წასული და-ძმა და დეიდა ჰყავს. 2025 წლის გაზაფხულზე ნანამ "მწვანე ბარათის" ბოლო გათამაშება მოიგო, მაგრამ მისი მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

“ყველა მოგებული ადგილზე ვართ, სამწუხაროდ. [საელჩოში ინტერვიუზე] დამიბარეს სექტემბრის ბოლოს, მაგრამ გავალ თუ არა, არ ვიცი…” - საიმიგრაციო ვიზების გაცემის განახლების შესაძლებლობა ნანასთვის კარგი ამბავია, მაგრამ მაინც შფოთავს.

2024 წლის ლატარიის გამარჯვებულებისთვის საიმიგრაციო ვიზის მიღების ბოლო ვადად 2026 წლის 30 სექტემბერი განისაზღვრა და არ არსებობს გარანტია, რომ ვიზების მომლოდინეთა გრძელ რიგში ნანას ჯერიც დროულად დადგება. თანაც, გასაუბრებაზე გასვლა და ფულის გადახდა ვიზის მიღების გარანტია არ არის.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ამერიკაში იურისტები ცდილობენ, მოსამართლის დახმარებით მიაღწიონ "ვიზების რეზერვირებას“, ანუ მსურველებს საიმიგრაციო ვიზების აღება 30 სექტემბრის შემდეგაც შეეძლოთ.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ამერიკაში მყოფი იურისტები გასაუბრებაზე გასვლას მაინც ურჩევენ ნანასა და მის მსგავს ვითარებაში მყოფებს, რადგან ინტერვიუზე უარი მხოლოდ "გაართულებს სიტუაციას" და შესაძლოა, აპლიკანტს მეტი შანსი აღარც მიეცეს.

ასევე ნახეთ

საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის აკრძალვა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია

“შესანიშნავი ამბავია”, „იქნებ, რაღაც გვეშველოს“, „უნდა ვცადოთ ისევ ახალი ძალებით“ - უფრო მეტი შემართება ეტყობათ აშშ-ში მყოფ ემიგრანტებს, რომლებიც ოჯახების გამთლიანებას წლებია ელოდებიან. ზოგს შვილების და ცოლის ჩაყვანა უნდა, ზოგს - მოხუცი დედის, ზოგს - და-ძმის.

ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი იმედია ნინოსთვისაც [სახელი შეცვლილია], რომელმაც ამერიკაში მშობლების წაყვანა იანვრამდე ვერ მოასწრო.

“იმედია, მალე განახლდება ვიზების გაცემა და ასრულდება ჩვენი მიზანი. 7 თვე კი გაგრძელდა, მაგრამ მჯეროდა, რომ ეს დროებითი იქნებოდა მაინც… მშობლების ჯანმრთელობა დიდხანს ლოდინის საშუალებას არ გვაძლევს”, - ნინო აშშ-ის მოქალაქეა, შვილი 3 წლის წინ წაიყვანა თავისთან. გვეუბნება, რომ მშობლები გასაუბრებაზე ჯერ არ ყოფილან.

  • აშშ-ის მოქალაქეობის მქონეებს შეუძლიათ წაიყვანონ როგორც მეუღლე და შვილ[ები], ასევე დედ-მამა და და-ძმებიც, თუმცა და-ძმების წაყვანა არ არის მარტივი და სწრაფი პროცესი.
  • "მწვანე ბარათის" მფლობელებს კი მხოლოდ მეუღლისა და შვილ[ებ]ის წაყვანა შეუძლიათ.


პროცედურა ხანგრძლივი და შრომატევადია.

გვანცა [სახელი შეცვლილია] გვიყვება, რომ ორი შვილის ნიუ-იორკში, მეუღლესთან ჩაყვანა მხოლოდ 5-წლიანი ლოდინის შემდეგ მოახერხა; მესამე შვილი კი უკვე ემიგრაციაში გაჩნდა. მანამდე მისი მეუღლე ასევე საიმიგრაციო ვიზით ჩაიყვანა დედამ, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა.

ახლა ყველა მუშაობს. "აქ უნდა იმუშაო, სხვის "კისერზე" და იმედად ვერ იქნები", - გვეუბნება გვანცა.

  • საიმიგრაციო ვიზით ჩასულები მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელ საბუთს - "მწვანე ბარათს" - იღებენ.
  • ამ დოკუმენტით, მიგრანტებს ყველა იმ უფლებით სარგებლობა შეეძლოთ, რაც აშშ-ის მოქალაქეებს აქვთ - არჩევნებში მონაწილეობის გარდა.
  • მათთვის ხელმისაწვდომია დასაქმება, ჯანმრთელობის დაზღვევა, სოციალური დახმარება და სხვა სერვისები.
  • საიმიგრაციო ვიზას აქვს 6-თვიანი ვადა (ამ ვადაში უნდა მოესწროს აშშ-ში ჩასვლა).

ასევე ნახეთ

„ვეღარ ჩაიყვანს ოჯახის წევრებს“ - რას ნიშნავს აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება და ვის შეეხება?

"არაფერია გარანტირებული" - სპეციალისტის რჩევები

“საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებამ ბევრი ოჯახის გაერთიანება შეაფერხა. საქმეების განხილვა შეწყვეტილი არ იყო, მაგრამ ვიზის მიღება და აშშ-ში გამგზავრება ფერხდებოდა. რა თქმა უნდა, ამას ბევრი ემიგრანტი და მისი უახლოესი ოჯახის წევრები მძიმედ განიცდიდნენ. მათ კანონი აძლევდა ერთად ყოფნის უფლებას და ამ დროს ეუბნებოდნენ - გაურკვეველი ვადით უნდა მოიცადოთ”, - ადამიანის უფლებათა კონსულტანტი ნიუ-იორკიდან, საადვოკატო ბიუროს [Law office of Marine Kurdadze] წარმომადგენელი გია ხუროშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება “მნიშვნელოვანი გამარჯვებაა”, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე [საიმიგრაციო] ვიზას ავტომატურად მიიღებს.

იმისათვის, რომ ვიზების გაცემის შესაძლო განახლების პროცესს მომზადებულები შეხვდნენ, ხუროშვილი აპლიკანტებს ურჩევს:

  • მოამზადონ განახლებული საბუთები: შემოსავლისა და დასაქმების ცნობები, საბანკო ამონაწერები, საგადასახადო დოკუმენტები, საფინანსო ინფორმაცია სპონსორის შესახებ, ჯანმრთელობის და მათ, ცხადია, უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები;
  • მზად უნდა იყვნენ, რადგან საკონსულო ამოწმებს ადამიანის ფინანსურ მდგომარეობას, სამუშაო გამოცდილებას, განათლებას, ჯანმრთელობას, ოჯახურ გარემოებებს და ამერიკაში ცხოვრების რეალურ გეგმას.


“ეს ყველაფერი მოწმდება იმისათვის, რომ სახელმწიფო [აშშ] დარწმუნდეს, ახალი ემიგრანტი დამატებით ფინანსურ ტვირთად არ დააწვება ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს... ნებისმიერმა პოტენციურმა მიგრანტმა უნდა დაასაბუთოს, რომ ის სარგებელს მოუტანს ამერიკის სახელმწიფოს და საფრთხეს არ წარმოადგენს ამერიკელი ხალხისათვის. რაც კანონის სწორი მიდგომაა”, - განმარტავს ხუროშვილი რადიო თავისუფლებასთან.

ასევე ნახეთ

„თითქოს ახლოს იყო ოცნების ახდენა“ - საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ვეღარ მიიღებენ

2026 წლის იანვარში, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შეჩერდა მხოლოდ საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი; ხოლო საკონსულოებმა გასაუბრების პროცესი გააგრძელეს: ჩვეულებრივად იბარებდნენ ადამიანებს, განიხილავდნენ მათ საქმეებს. ბევრი მაშინ ამბობდა, რომ ვიზის აღების გარეშე, ბუნდოვანი პერსპექტივით, ასობით დოლარის გადახდა არ უღირდათ.

ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა?

მოკლე პასუხია - არა.

ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს და მოითხოვოს მოსამართლის გადაწყვეტილების მოქმედების დროებითი შეჩერებაც. თუ სასამართლო ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების ბლოკირება დროებით ისევ ძალაში შევა, ვიდრე საბოლოო განხილვა არ დასრულდება. საბოლოოდ, საქმე შესაძლოა უზენაესი სასამართლომდეც მივიდეს.

თუმცა ვიდრე ადმინისტრაცია ამ ბერკეტებს აამოქმედებს, იურისტების განმარტებით, ვიზების გაცემა უნდა განახლდეს.

მოსამართლე ჯანეტ ვარგასის გადაწყვეტილების თანახმად, მიგრანტების საქმეებს ინდივიდუალურად განიხილავენ; ხოლო სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს იანვრის გადაწყვეტილება უფლებამოსილების გადამეტება იყო და უკანონოა ყველა მიგრანტისთვის ერთნაირი შეზღუდვების დაწესება.

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები იანვარში ვარაუდობდნენ, რომ, ვაშინგტონსა და თბილისს შორის ძველებური პარტნიორული ურთიერთობების პირობებში, საქართველოს ექნებოდა შანსი, საერთოდ არ მოხვედრილიყო 75-წევრიან შემზღუდველ სიაში. “ქართული ოცნება" ამ შეზღუდვას აშშ-ის შიდა პოლიტიკის საკითხად მიიჩნევს.


ასევე ნახეთ

2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის 10-წლიანი ვიზები არ გაიცემა - საელჩოს განმარტება

ასევე ნახეთ

აშშ-ში ვიზის მისაღებად $5-15 ათასის „სავალდებულო გარანტია“ იქნება საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვის