საიმიგრაციო ვიზა შეერთებულ შტატებში მუდმივად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იძლევა. ასეთი ვიზები წლების განმავლობაში გაიცემოდა - ოჯახების გამთლიანების, ქორწინების, შვილად აყვანის მიზნებით, სამუშაოდ წასასვლელად თუ მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგების შემთხვევაში.
აშშ-ის საელჩოებში გაცემული 6 თვიანი საიმიგრაციო [ერთჯერადი] ვიზის მფლობელი შედიოდა აშშ-ში და უკვე იქ, საიმიგრაციო სტრუქტურაში (USCIS) იღებდა მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელ საბუთს - მწვანე ბარათს.
პასპორტში ჩაკრულ ამ ტიპის ვიზა ერთი წლის განმავლობაში იძლეოდა აშშ-ში ლეგალურად ყოფნის უფლებას.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ცვლილებები შეეხებათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, “რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ”.
საიმიგრაციო ვიზები ადამიანებს თითქმის ყველა იმ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რითაც აშშ-ის მოქალაქეები სარგებლობენ.
ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს აშშ-მა - 612 258 საიმიგრაციო ვიზა გასცა, ამავე წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის 1817.
მომლოდინეები
საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებამ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ახალი პრობლემები გაუჩინა.
- “ვერც ბავშვებს, ვერც ოჯახს, ვერც ცოლს ვერ ჩამოვიყვანთ ამერიკაში… პროცესი დაწყებული მაქვს, მაგრამ მორჩა - აზრი აღარ აქვს, აშშ საემიგრაციო ვიზას აღარ გასცემს - განუსაზღვრელი დროით”.
- “სამწუხაროა, რამდენი ელოდება შვილებს, ქმრებს და ცოლებს”.
სოციალურ ქსელების ჯგუფებში ყველა თავის ამბავს ყვება - ვიღაცამ შვილისთვის მოახერხა ვიზის აღება, მაგრამ დედისთვის ვეღარ მოასწრო; ვიღაც გაზაფხულზე აპირებდა დედის ჩაყვანას.
ფლორიდაში მცხოვრებმა ქართველმა, ბლოგერმა - ვალერი გველუკაშვილმა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა - მშობლების ჩაყვანა რამდენიმე წლის წინ შეძლო.
„ბევრი ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში - წლების განმავლობაში თავიანთ საემიგრაციო პროცესებს გადიოდნენ [რომ აეღოთ მწვანე ბარათი ან მოქალაქეობა] ; ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახის წევრები საქართველოში, მცირეწლოვანი შვილები დატოვებული. ახლა ირკვევა, რომ შვილების ჩამოყვანა აღარ შეუძლიათ.
ეს შეეხება მათაც, ვინც ქორწინებაში შედის აშშ-ის მოქალაქესთან - გამოდის, რომ საქართველოდან მეუღლე ვერ ჩამოჰყავს... საქართველოს ბევრი მოქალაქეა რიგში, რომლებიც ელოდებოდნენ გასაუბრებას და ვიზის აღებას“, - ვალერი გველუკაშვილი იმედოვნებს, ეგებ გამონაკლისები დაუშვან ოჯახის წევრებისთვის.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ერთადერთი გამონაკლისია აღწერილი. ის ვრცელდება:
“ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა არ ვრცელდება მოქალაქეობის მიმნიჭებელ რომელიმე ერთ ქვეყანაზე მაინც”.
ადამიანებს, რომლებიც საიმიგრაციო ვიზებს ამ ეტაპზე ვერ აიღებენ, აიმედებთ ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი პროცესს მხოლოდ “დროებით აჩერებს”; მაგრამ როდის განახლდება - ჯერ არავინ იცის.
სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ეტაპზე სრულ რევიზიას უკეთებს ყველა პოლიტიკას, რეგულაციასა და სახელმძღვანელო დოკუმენტს, „ რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი”, - წერია ინფორმაციაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ, სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
სხვა გზები აშშ-სკენ
საიმიგრაციო ვიზების გაცემის განახლებამდე, ოჯახის წევრების სანახავად, ერთადერთი გზა - ტურისტული ვიზის აღებაა - რაც ახალი რეგულაციებით არ იზღუდება. თუმცა არც ეს არის იოლი.
„შეერთებულ შტატებში ჩასვლისას საერთაშორისო ვიზიტორის დარჩენის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საიმიგრაციო ოფიცერი და არა B1/B2 კატეგორიის ვიზის ვადის ამოწურვის თარიღი”.
თუკი ადრე აშშ-ში მუშაობას ტურისტად ჩასული ადამიანებიც ახერხებდნენ, ახლა მათ, როგორც ვალერი გველუკაშვილი გვეუბნება - არალეგალურად მუშაობის ანდა სხვა კანონდარღვევის შემთხვევაში - ვიზის გაუქმება და დეპორტაცია გარანტირებული აქვთ; შეიძლება შეიყვანონ შავ სიაშიც, რის შემდეგაც „ვეღარასდროს შეძლებენ აშშ-ში ჩასვლას“.
აშშ-ის 2025 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია: "ვიზის გაცემით აშშ-ის ვიზის სკრინინგი არ სრულდება. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ვიზის მფლობელებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი იცავენ აშშ-ის კანონებსა და საიმიგრაციო წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაუქმებთ მათ ვიზებს და ვახდენთ დეპორტაციას".
დეკემბერში, აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების პროგრამის (DV1) - „მწვანე ბარათის ლატარიის“ (Green Card Lottery) პროცესიც შეაჩერა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა.
ნოემის სიტყვებით, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში ეჭვმიტანილი კლაუდიო მანუელ ნევეშ-ვალენტე შეერთებულ შტატებში 2017 წელს DV1 პროგრამით შევიდა და შემდგომში "მწვანე ბარათი" მიიღო. "ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასოდეს უნდა შემოშვებულიყო", - დაწერა, მან სოციალურ ქსელ X-ში და დაამატა, რომ პროგრამის შეჩერება აუცილებელია, რათა "ამერიკელებს ზიანი აღარ მიადგეთ".
საქართველოს გარდა, საიმიგრაციო ვიზის გაცემა ათეულობით ქვეყანას შეეხო, მათ შორის მეზობელ სომხეთსა და აზებაიჯანს, რუსეთს, ბელარუსს.
აი, იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი სადაც საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.
აშშ-ის საელჩოს 15 იანვარის განცხადება შეიცავს პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზეც:
- რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?
“საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა”.
- ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?
“არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS)”.
საქართველოს მოქალაქეები აშშ-ში ძირითადად - მექსიკის გავლით შედიოდნენ - უვიზოდ, საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნით.
ე.წ. გადამყვანები [მეგზური ტუროპერატორები], რომლებიც აშშ-ში ჩასვლის მსურველებს ამ სერვისს სთავაზობდნენ, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ახლა ეს შეუძლებელია.
“ასე ჩასულზე ციხე და დეპორტი გარანტირებულია. ამიტომ აზრი არ აქვს ჩასვლას… არალეგალურად შეპარვა კი თვითმკვლეობაზე წასვლის ტოლფასია - მაგას არავის ვურჩევთ” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ტუროპერატორი.
ფორუმი