„იმედის“ ახალი მფლობელი სექტემბერში კალაძის შტაბთან დაპირისპირებაში მონაწილეობდა

პირველ ორ კადრში ილია მიქელაიშვილი ჩანს კალაძის შტაბის წინ, აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებისას. „ტაბულას“ კადრები. მარჯვენა ფოტო: პირადი ფეისბუკიდან

მოკლედ

  • ტელეკომპანია „იმედის“ ახალი მფლობელი, ილია მიქელაიშვილი 2025 წლის სექტემბერში მონაწილეობდა კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებზე ძალადობაში.
  • რადიო თავისუფლებას ის ეუბნება, რომ კალაძის შტაბში როგორც ლევან მაჭავარიანის ბავშვობის მეგობარი, ისე იყო მისული რამდენჯერმე. იმ დღეს კი, როცა დემონსტრანტებთან დაპირისპირება მოხდა, მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო "იქითა მხრიდან წამოსული უწმაწური სიტყვების გამო."
  • რამდენად ხშირად დადიოდა ლევან მაჭავარიანის სანახავად შტაბში და თავს "ოცნების" მხარდამჭერად მიიჩნევს თუ არა, ამ კითხვებზე მან არ გვიპასუხა, თქვა, რომ ეს "პირადია."
ილია მიქელაიშვილს დაპირისპირებაში მონაწილეობა არ უარუყვია - ის ამბობს, რომ იმ მიმართულებით გინებამ, სადაც თავად იდგა, მისი ღირსება შეურაცხყო, უცენზურო სიტყვები საკუთარ თავზე მიიღო.

საუბარია 5 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე. ამ დღეს:

  • პროევროპული აქციების მონაწილეებმა მსვლელობით ჩაიარეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან - წინა დღეებში ამ ადგილას დაძაბულობა უკვე არსებობდა.
  • მარშის მონაწილე დემონსტრანტების მიერ „ოლე, ოლას“ სიმღერას „ოცნების“ მხარდამჭერების გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მათ დემონსტრანტებს აგინეს.
  • გინება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.


ასევე ნახეთ ვინ, რისთვის და როგორ დაისაჯა? პარტიული ოფისებისა და საარჩევნო მასალების დაზიანების ისტორია მოკლედ

რას აკეთებს მიქელაიშვილი

რადიო თავისუფლებამ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გადაღებულ კადრებში ილია მიქელაიშვილი ამოიცნო. სცენა ასეთია:

პოლიციელებს რკინის ჯებირები აქვთ ჩადგმული დემონსტრანტებსა და „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს შორის.

ამ დროს ილია მიქელაიშვილი შტაბის მხარესაა, პოლიციელებით გარშემორტყმული.

შემდეგ მოვლენები ასე ვითარდება:

  • იგი მარჯვენა ფეხს იქნევს დემონსტრანტების მიმართულებით - სავარაუდოდ, არტყამს ჯებირს.
  • შემდეგ მარცხნივ რამდენიმე მეტრს გადის და „ოცნების“ სხვა მხარდამჭერს ხელით წინ უბიძგებს.
  • ორიოდე წამში თავადაც კვლავ იქნევს ფეხს ერთ-ერთი დემონსტრანტის მიმართულებით, - ფეხის გაქნევისას ზურგითა და თავით უკან იწევა, რა დროსაც წონასწორობას პოლიციელსა და „ოცნების“ სხვა მხარდამჭერზე ხელის მოკიდებით იცავს.


იმავეს აკეთებს რამდენიმე წამში, - ამ დროს მას უკვე სამი პოლიციელი აჩერებს. ყვირილს აგრძელებს. ვიდეოში არ ისმის, რას ყვირის. წიხლს არაერთხელ იქნევს.

რამდენიმე წამში მარჯვნივ და წინ გადმოიწევს, - კვლავ ცდილობს გაგრძელებას, თუმცა თანამოაზრეები უკან ექაჩებიან.

ასევე ნახეთ რას ჰყვებიან კალაძის შტაბთან ნაცემი მოქალაქეები დაპირისპირებასა და ორ დღეში გამოშვებულ მოძალადეებზე? 
ასევე ნახეთ კალაძის შტაბთან აქციაზე კვლავ დაპირისპირება იყო

ვინ არის ილია მიქელაიშვილი

41 წლის ილია მიქელაიშვილი, რამდენიმე კომპანიის „დამფუძნებელი“/მეწილეა, მათ შორის: „პირველი“, „აგროგეო“, „დიასპორული მედიის ასოციაცია“, „აი ტი თრეიდი“ და მედიაჰაბი „სეილსჰაუსი“.

2025 წლის ბოლოს მიქელაიშვილს სურდა კომუნიკაციის კომისიის (ComCom-ის) წევრობა - თუმცა კომისიაში დასაქმდა მისი კონკურენტი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა, - რომელიც 2026 წელს კომისიის თავმჯდომარე გახდა.

  • მიქელაიშვილი 2019-21 წლებში იყო GWP-ის ოპერაციების აღრიცხვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
  • 2015-21 წლებში - საბურთალოს გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსი; იყო საბურთალოს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელიც - ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და განვითარების მიმართულებით;
  • 2014 წელს იყო ვაკის გამგეობის კონსულტანტი;
  • 2010-11 წლებში ის იყო „ვისოლის“ დებიტორების მართვის მენეჯერი.
  • 2007-10 წლებში იყო „ბანკი რესპუბლიკის“ საცალო მომსახურების ოფიცერი.
ასევე ნახეთ „ტელეიმედი“ გაიყიდა - დოკუმენტაციის თანახმად, „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად

რუხაძე „იმედს“ დაემშვიდობა

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ მან და მისმა პარტნიორებმა, - რომლებიც „ჰანიველ პარტნერსს“ წარმოადგენენ, - ტელეკომპანია „იმედთან“ „დამშვიდობება“ გადაწყვიტეს და გაყიდეს - „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად.

ირაკლი რუხაძე 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა“.

მისი თქმით, არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“ (PMG), - კომპანიაზე, რომელიც, მისი თქმითვე, „მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე“.

„პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელია ილია მიქელაიშვილი.

დღეის მდგომარეობით, მისი კომპანია უკვე ფლობს იმ კომპანიას, რომლის საკუთრებაშიც არის „ტელეიმედი“ გაფორმებული. ეს არის „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“.

ამჟამად კომპანიის 100%-იან წილს მიქელაიშვილი ფლობს, თუმცა წილების ნახევარი - 10-10 პროცენტი - უნდა გადაუფორმოს ხუთ ადამიანს: „იმედის“ გენერალურ დირექტორსა და მის ოთხ მოადგილეს.

2025 წლის ზაფხულის მდგომარეობით, "იმედის" დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 17 მილიონამდე ლარს შეადგენდა.