ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების გადასროლა გზავნილია ირანელებისთვის - ამბობს ამერიკელი გენერალი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯოზეფ ვოტელი

ირანი ტაქტიკურ დაყოვნებას იყენებს სტრატეგიად მოლაპარაკებებში, მიზანია დასრულება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო დარტყმებისა, რამაც გაანადგურა ირანის სამხედრო შესაძლებლობები - ამბობს აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალი, ჯოზეფ ვოტელი.

2016-2019 წლებში ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე კონფლიქტში შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობაზე. მისი აზრით, ქმედითი პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ჰორმუზის სრუტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს საერთაშორისო სამხედრო კოალიცია, რომელიც ამ ამოცანას შეასრულებს.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების 10-დღიანი პაუზა ჯერ კიდევ არ ამოწურულა, რაც მოლაპარაკებებისთვის დამატებით დროს იძლევა. ამავდროულად, ირანმა გარკვეულ გემებს სრუტეში გავლის უფლება მისცა. როგორ ფიქრობთ, ეს ნიშანია, რომ ირანს შეთანხმება სურს და თავისი ინტერესით მოქმედებს?

ჯოზეფ ვოტელი: ჩვენ ვიცით, რომ ირანს მოლაპარაკებების გაჭიანურების ხანგრძლივი ისტორია აქვს. აქედან გამომდინარე, ეს მათ მიერ ნაცადი ტაქტიკაა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.

რეგიონში ახალი დანაყოფების გადასროლის უპირველესი მიზანი ირანელებისთვის სიგნალის გაგზავნაა...

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მე არ ვიცი რა ეტაპზეა პროცესი. ვფიქრობ, მოლაპარაკებებში დასახმარებლად შუამავალ ქვეყნებს ვიყენებთ. ვიცი, რომ პაკისტანმა გამოიჩინა ინიციატივა და ცდილობდნენ დახმარებას. აქედან გამომდინარე, საგნობრივი დისკუსიისთვის ოდნავ უფრო მეტი დროა საჭირო.

შესაძლოა ორივე ფაქტორის კომბინაცია იყოს: ირანელები ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას, მაგრამ ადმინისტრაციაც ხვდება, რომ ამგვარი, საგნობრივი მოლაპარაკებების ორგანიზებას მეტი დრო სჭირდება.

რადიო თავისუფლება: ამავდროულად, რეგიონში ამერიკის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ იზრდება. ეს მოლაპარაკებების ტაქტიკაა, თუ უფრო შორსმიმავალ მიზნებზე მიუთითებს?

ჯოზეფ ვოტელი: რეგიონში ახალი დანაყოფების გადასროლის უპირველესი მიზანი ირანელებისთვის სიგნალის გაგზავნაა.

ამავდროულად, ეს იძლევა საშუალებას, მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვარიანტებით უზრუნველვყოთ ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი რამეს გადაწყვეტს, მას ექნება ფართო არჩევანი, რომლის გამოყენებითაც სამხედრო მეთაურებს შეეძლებათ მოქმედებების კონკრეტული გეგმის დასახვა.

ეს არის ორი მთავარი ფაქტორი: გზავნილი ირანელებთან და მეტი მოქნილობა, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, შესაძლოა ამ ძალებმა დაიკავონ ხარგის კუნძული ან რამე სხვა, მაგრამ სიგნალის გაგზავნა ირანელებთან და ჩვენი ლიდერებისთვის მაქსიმალურად ფართო არჩევანის უზრუნველყოფა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რასაც ამერიკის არმია ახლა აკეთებს.

რადიო თავისუფლება: ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილი დარჩება. სამხედრო თვალსაზრისით რა იქნება საჭირო? ეს ამერიკის შეიარაღებული ძალების პასუხისმგებლობა იქნება, თუ შესაძლებელია, რომ ძალისხმევაში წამყვანი როლი ისრაელის არმიამ შეასრულოს? როგორი შეიძლება გამოიყურებოდეს სახმელეთო ოპერაცია?

ჯოზეფ ვოტელი: არ ვიცი, ჰყავს თუ არა ისრაელს ამისთვის საჭირო ძალები მზად. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამის გაკეთებას ცდილობს.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი ვარიანტი ხარგის კუნძულის დაკავებაა. ვფიქრობ, ასეთი ოპერაციის მიზანი ირანის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დამყარება იქნება. ეს ირანთან მოლაპარაკებების პროცესში სავაჭრო მონეტა იქნება.

ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში სახმელეთო ჯარები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მათი როლი კრიტიკული იქნება...

ამისთვის საჭირო იქნება რეგიონში უკვე მობილიზებული საზღვაო ქვეითების ან არმიის დანაყოფების გადასროლა კუნძულზე, მათი მომარაგებისა და დაცვის უზრუნველყოფა იქამდე, სანამ ჩვენ სხვა ოპერაციებს ვაგრძელებთ.

ეს საშუალებას მოგვცემს, კონტროლი დავამყაროთ ირანის ნავთობის ექსპორტის საკვანძო პუნქტზე, რომელზეც დამოკიდებულნი არიან. ამან შესაძლოა მათ მოქმედებისკენ უბიძგოს, საპასუხო ზომებისკენ, რომლებისთვისაც წინასწარ უნდა მოვემზადოთ.

რადიო თავისუფლება: სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, რომ ამის მიღწევა სახმელეთო ჯარების გარეშეც შესაძლებელია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ჯოზეფ ვოტელი: ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში სახმელეთო ჯარები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მათი როლი კრიტიკული იქნება, თუ არა ამ კუნძულის დაკავებაში, მაშინ როგორც სწრაფი რეაგირების ძალისა, რომელიც მზად იქნება საპასუხო ზომებისთვის შეცვლილ გარემოებებში.

ჩვენს გვაქვს ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირების გამოცდილება სახმელეთო ძალების გარეშე 1980-იან წლებში, მაგრამ დღეს უფრო მეტი საფრთხეა, მაშინ ირანს არ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე, ირანისგან დღეს მომავალი საფრთხეები უფრო სავარაუდოს ხდის, რომ საჭირო იქნება სახმელეთო ძალების ჩართულობა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ასეთი მისია და როგორ შეიძლება დასრულდეს, ვფიქრობ, სამი ძირითადი ამოცანა გვაქვს. პირველ რიგში, ეს არის დასუსტებული რეჟიმი, რომელსაც აღარ ექნება წარსული შესაძლებლობები და ვეღარ შეძლებს მეზობლების დაჩაგვრას.

მეორე: ირანის სამხედრო შესაძლებლობები იმ დონემდე უნდა დასუსტდეს, რომ მათ ვეღარ შეძლონ ძალის ეფექტურად გამოყენება საზღვრებს მიღმა. ეს მოიცავს რაკეტებს, დრონებს, სამხედრო-საზღვაო ფლოტს, "გუშაგთა კორპუსის" ფლოტსაც, ასევე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესაძლებლობას და პროქსი დაჯგუფებების გამოყენებას თავისი მიზნების მისაღწევად.

მესამე: ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ატომური იარაღის შექმნას. ეს გულისხმობს არა მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განადგურებას, არამედ უკვე გამდიდრებული ურანის მარაგზე პასუხისმგებლობიანი კონტროლის დაწესებას.

რადიო თავისუფლება: ევროპაში თავისი ბოლო ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა რუბიომ "დიდი შვიდეულის" პარტნიორებთან ერთად განიხილა ჰორმუზის სრუტეში გრძელვადიანი საერთაშორისო პატრულირების აუცილებლობა იმ შემთხვევაშიც, თუ საომარი მოქმედებები მალე დასრულდება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ნიშნავს ეს რეგიონში აშშ-სა და პარტნიორების გრძელვადიან სამხედრო წარმომადგენლობას?

ჯოზეფ ვოტელი: ვფიქრობ, რომ ასეა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ შევძლებთ ჰორმუზის სრუტის განბლოკვას, შესაბამისი პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ამის გაკეთება უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ამიტომაც ამ მისიის გრძელვადიანი მდგრადობისთვის კოალიციური და საერთაშორისო პარტნიორობა კრიტიკული იქნება.

რადიო თავისუფლება: რას იტყვით ირანის მოქმედ ხელმძღვანელობაზე? ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ახალ ლიდერებზე, მაგალითად, მეჯლისის სპიკერზე, მოჰამად ბაყერი ყალიბაფზე. ხომ არ მიუთითებს ეს ვაშინგტონის მზაობაზე, დაიწყოს მოლაპარაკებები არსებული რეჟიმის ელემენტებთან მათი დამხობის ნაცვლად?

ჯოზეფ ვოტელი: რაც სავარაუდოა და რასაც ადმინისტრაცია უკვე იაზრებს, ის არის, რომ რეჟიმი რაღაც ფორმით შენარჩუნდება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოჩნდება ლიდერი, რომელიც პრაგმატიზმის გარკვეულ დონეს გამოავლენს, რომელთანაც შევძლებთ მუშაობას ვითარების პოზიტიურ ჭრილში გადაყვანისკენ.

აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ხელმძღვანელობა ძალიან გავლენიანია, ისინი კვლავ მკაცრი ხაზის მიმდევრები არიან. ამან შესაძლოა გაართულოს პროცესი.

ასევე, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელიც შეძლებდა რეჟიმის ჩანაცვლებას. რეჟიმი რეჟიმია და ჩვენ მოგვიწევს მათთან მუშაობა.

რადიო თავისუფლება: რა გავლენა აქვს ვითარებაზე ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთების მსგავს დაჯგუფებებს?

ჯოზეფ ვოტელი: ჰუთებმა შესაძლოა პრობლემა შექმნან. მათ ფართო შესაძლებლობები აქვთ და სანამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებდა, მათ შესაძლოა მიიღეს ზომები, რომლებმაც მათი პოტენციალი გაზარდა.

ჰუთები მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერაყში მოქმედმა შიიტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა პრობლემა შექმნან, მაგრამ მათთან გამკლავების არაერთი გზა არსებობს.

ჰუთები უფრო სერიოზული პრობლემაა, რადგანაც მათ უფრო ფართო შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე სხვა შიიტურ დაჯგუფებებს.

რადიო თავისუფლება: სულ უფრო მეტი ცნობებია, რომ მოსკოვი თეირანს აწვდის არა მხოლოდ სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკული სამიზნეების შესახებ, არამედ ასევე უკრაინასთან ომში გამოცდილ დრონების ტექნოლოგიას და უზიარებს ბრძოლის ველზე გამოცდილ ტაქტიკას. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა და რამდენად განსაზღვრავს ეს მიმდინარე კონფლიქტის ტრაექტორიას და კომპლექსურობას?

ჯოზეფ ვოტელი: ეს დიდი პრობლემაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსებთან უნდა წამოწიოს. თუ ისინი აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას, ისინი ხელს უწყობენ კონფლიქტის გაჭიანურებას. ეს უნდა დასრულდეს.

ამის გაკეთება მაინცდამაინც სამხედრო გზით არ არის აუცილებელი, შესაძლოა დიპლომატიური გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ წნეხი რუსებზე, რომ გაჩერდნენ, რადგანაც ამან შესაძლოა გააჭიანუროს კონფლიქტი და კიდევ უფრო გაართულოს ჩვენი მიზნების მიღწევა.

ასევე ნახეთ

ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია - საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს