„განაჩენი სოციალურ ქსელში გამოგვიტანეს“ - ინტერვიუ გიგა ავალიანის საქმის მთავარი ბრალდებულის მამასთან

ფოტოილუსტრაცია: ეკა კუპატაძე, ალექსანდრე გაბაშვილი

17 წლის მოზარდი არ აღიარებს, რომ გიგა ავალიანს განზრახ მიაყენა ისეთი მძიმე დაზიანება, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა. ოჯახის მტკიცებით, მას არც დაზიანების და მითუმეტეს, მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. რამდენიმე დღის წინ ოჯახს პროკურატურიდან აცნობეს, რომ მოზარდისთვის ბრალის დამძიმებას აპირებენ.

ოჯახი რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ადვოკატებს ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს და დაცვის სტრატეგიაც მედიასთან დუმილს ემყარებოდა, ლაპარაკის გადაწყვეტილება მიიღეს.

მოზარდის მამას ალექსანდრე გაბაშვილის სურს, რომ საზოგადოებამ მომხდარის მათი ვერსიაც მოისმინოს.

  • მოზარდი, მთავარი ბრალდებული - ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში ბრალდებული, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია, ცნობილი ინიციალებით - ა.გ.
  • მოზარდის მამა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული ა.გ.-ს მშობელი, ალექსანდრე გაბაშვილი.
  • მოზარდი გ.რ. - შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, მოზარდი, რომელიც ავალიანზე ძალადობას ტელეფონით იღებდა.
  • მოზარდის შეყვარებული - გიგა ავალიანის მოსწავლე ნ.ი.
  • მოზარდი გოგო - გიგა ავალიანის მოსწავლე ნ.ი.-სა და მთავარი ბრალდებულის მეგობარი ა.ნ.
  • თემქელი ბიჭები - ოთხი ადგილობრივი, რომლებიც გიგა ავალიანის საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იყვნენ შეკრებილები, იპოვეს უგონოდ მყოფი ავალიანი და სასწრაფოს გამოუძახეს.


რა არის ბრალდებული მოზარდის მამის მთავარი სათქმელი?

მომხდარის სიმძიმის მიუხედავად, ბიჭის მამას მიაჩნია, რომ მისი შვილი არ შეიძლება დაისაჯოს იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. მისი გზები გიგა ავალიანთან მხოლოდ იმიტომ გადაიკვეთა, რომ შეყვარებულის მასწავლებელთან „დალაპარაკება უნდოდაო“, - ამბობს.

„ვაღიარებთ იმას, რომ მივიდა და დაარტყა ბავშვმა მუშტი, იმასაც არ აპირებდა... იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ გიგა ავალიანის ოჯახის მოთხოვნა აპირებენ დაგვიმძიმონ ბრალი“, - ალექსანდრე გაბაშვილს ეჭვი აქვს, რომ ასე პროკურატურა „შეკვეთას ასრულებს“.

ამ ვიდეოში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულის მამა ალექსანდრე გაბაშვილი ჰყვება, რატომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას

Your browser doesn’t support HTML5

„ჩემი შვილი მკვლელად დანიშნეს“ - გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულის მამა

28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვანების ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა; ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი მოზარდი დააკავეს. მათგან ერთს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა. გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს, მიაჩნია, რომ მოზარდებმა ერთად დაგეგმეს გიგა ავალიანის მკვლელობა და ეს ჯგუფური მკვლელობა იყო. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.

მოზარდი 2025 წლის 19 ოქტომბერს დაკითხვაზე დაიბარეს და დასრულებისთანავე ხელბორკილები დაადეს.

იქამდე, სანამ გიგა ავალიანი კლინიკაში გარდაიცვლებოდა გამოძიება ჯგუფურ დანაშაულს იძიებდა და სავარაუდო დამნაშავედ ორ მოზარდს ა.გ.-სა და გ.რ.-ს მიიჩნევდა. ავალიანის გარდაცვალების შემდეგ, მუხლიდან გაქრა ჯგუფურობის კომპონენტი და ბრალდება ასე ჩამოყალიბდა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

გამოძიების ვერსიით, „2025 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, მოზარდმა, რომლის შეყვარებულიც, ავალიანის მოსწავლე იყო, გიგას სახეში მუშტი დაარტყა, ის წაიქცა და იმდენად მძიმე დაზიანება მიიღო, რომ 23 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა“.

კიდევ ერთი მოზარდი გ.რ, რომელიც დარტყმისას მეგობართან ერთად იყო და ტელეფონით ვიდეოს იღებდა, 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ედავებიან, რომ მძიმე დანაშაულს შეესწრო, პოლიციას კი არ შეატყობინა

გიგა ავალიანის ოჯახის მოთხოვნა - არასრულწლოვნები ჯგუფური დანაშაულისთვის გაასამართლონ, დიდი ალბათობით, დაკმაყოფილდება, ვინაიდან ალექსანდრე გაბაშვილს რამდენიმე დღის წინ პროკურორი დაუკავშირდა და გააფრთხილა: „მოემზადეთ, რადგან თქვენს შვილს ბრალს დაუმძიმებენ“-ო.

ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიკვდილი მოჰყვა, ისჯება ათიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობით.

ახლანდელი ბრალდებით დასჯა კი ალექსანდრე გაბაშვილის შვილისთვის ყველაზე ცოტა 5, ყველაზე ბევრს კი - 8 წლით თავისუფლებას აღკვეთას მოასწავებს.

რატომ ჯგუფური დანაშაული - რას ცვლის ეს გიგა ავალიანის ახლობლებისთვის?

ამ კითხვაზე საპასუხოდ სამი თვით უკან უნდა დავბრუნდეთ, იმ დღეზე, როცა გიგა ავალიანთან მათემატიკაში მოსამზადებლად 17 წლის გოგო მივიდა. ის და ბიჭი, რომელიც ამ საქმის მთავარი ბრალდებული გახდება, შეყვარებულები არიან.

გამოძიება დანაშაულის მოტივად სწორედ „მეგობარ გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციასა და ეჭვიანობას“ ასახელებს. ავალიანები, გიგას მოსწავლეს დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევენ და მის დაკავებას მოითხოვენ.

„მწერდა, პირად სივრცეს მიზღუდავდა, სახლში გაცილება შემომთავაზა“, - ეს არის გოგოს- ნ.ი.-ს ჩვენების მოკლე აღწერა. ის გამოძიებამ სამჯერ დაკითხა და მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო შევიწროების შესახებ მხოლოდ გამოძიებასთან მეორე შეხვედრაზე თქვა.

„საწყის ეტაპზე ყველაფერი ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, თუმცა ნელ-ნელა ვატყობდი, რომ გიგა ავალიანი ჩემს მიმართ იჩენდა გარკვეული სახის ინტერესს. აღნიშნულში ვგულისხმობ გიგა ავალიანის მხრიდან კომპლიმენტებს რა ლამაზად გამოვიყურებოდი და ა.შ.“.

„თავიდან ორჯერ მომიწია ვიზიტი სხვა მოწაფეებთან ერთად ხოლო შემდეგ გიგა ავალიანმა სოციალური ქსელი „ფეისბუქის მესენჯერის“ საშუალებით მომწერა და ჩამინიშნა დამატებითი გაკვეთილები იმ მიზეზით, რომ დავწეოდით სასწავლო პროგრამას, შემითანხმა დრო და მეც მივედი დამატებით დანიშნულ გაკვეთილებზე“.

„დამატებითი ვიზიტის დროს, რომელიც განმეორდა სულ ორჯერ, გაკვეთილზე აღმოვჩნდი მარტო... ზემოაღნიშნული კომპლიმენტების პარალელურად ჩემში ეჭვი გააჩინა მისმა ქცევამ, კერძოდ ინდივიდუალურ გაკვეთილების მიმდინარეობის დროს მე ვიჯექი სკამზე ხოლო ჩემს გვერდით სკამზე იჯდა გიგა ავალიანი, რომელიც საგნის ახსნის მომენტში, რამოდენიმეჯერ ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან და დაარღვია ჩემი პირადი სივრცე, ხოლო მე ყოველ ჯერზე ვიწეოდი გვერდით და ვცდილობდი, რომ დამეცვა შესაბამისი დისტანცია“.

„თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. აღნიშნული განმეორდა ბოლო ორ გაკვეთილზე, მივხვდი რომ ჩემს მიმართ იჩენდა ინტერესს როგორც მამაკაცი, თუმცა მე მისთვის საბაბი არ მიმიცია“.

„ჩემი ბოლო ვიზიტი დროს, დავალება თითქოს განზრახ მოიტოვა ბოლოს და როდესაც სხვა ბავშვები წავიდნენ და მარტო დავრჩი მომცა დავალება, ხოლო წამოსვლისას შემომთავაზა რომ გამაცილებდა სახლამდე, რაზეც მე მას ვუთხარი უარი“.

„როდესაც გიგა ავალიანისგან ვიგრძენი ჩემით დაინტერესება გადავწყვიტე რომ აღარ მივსულიყავი მასთან მოსამზადებლად და გამეცდინა“.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ა.გ. იქნა დაკავებული გიგა ავალიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით... ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი...მას ჩემთან ამის შესახებ არასდროს არაფერი არ უთქვამს. უცნობია თუ რა მოხდა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია“.

„საერთო ჯამში, ყველაფერი დაიწყო სიყვარულის ისტორიით, ბიჭი წავიდა გოგოს ღირსების დასაცავად, მარტივი ისტორიაა, რომელიც გამოვლილი აქვს ყველას, რაც მე გოგოს გამო და ცოლის გამო მიჩხუბია... ამას აღვიქვამ ტრაგედიად, უბედურ შემთხვევად, არ ვიცი რატომ ტრიალებს მკვლელობა, განზრახ მკვლელობა...რა მკვლელობაზეა საუბარი, მუშტის დარტყმით მკვლელობა?... ჩვენ პასუხიმგებლობას არ გავურბივართ, ჩემმა შვილმა მიაყენა ზიანი მუშტის დარტყმით, მაგრამ იმის მერე, რაც მოხდა ამას რატო არავინ იძიებს? ჩემი შვილი მკვლელად დანიშნეს “, - ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი.

რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას?

საქმე 11-ტომიანია. თითოეული ტომი 200 გვერდზე მეტია. ამ ფურცლებზე ქრონოლოგიურად იშლება გამოძიების მიმდინარეობა, ვარაუდები, ეჭვები, გადადგმული ნაბიჯები, ექიმის ჩანაწერები, ექსპერტიზისთვის დასმული კითხვები, ფარული მიყურადებით მოპოვებული საუბრები, მობილურებიდან ამოღებული მიმოწერები, ვიდეოექსპერიმენტები, გამოკითხვის ოქმები...

ალექსანდრე გაბაშვილისთვის კი მთავარი მტკიცებულება ვიდეოა, რომელიც ამავდროულად, საქმის მთავარი მტკიცებულებაცაა.

რა ჩანს 22- წამიან ვიდეოში?

საქმეში დევს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ვიდეო, ჯამში 22-წამიანი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა გ.რ.-მ გადაიღო.

მან გამოძიებას თავდაპირველად მისივე მოჭრილი 4-წამიანი ვიდეო მიუტანა. გამომძიებლებმა ექსპერტიზა დანიშნეს და მიუხედავად ხანგრძლივობის 19 წამამდე (ჯამში 23, 19+4) გაზრდისა, გიგა ავალიანის ოჯახი მიიჩნევს, რომ გადაღებული ვიდეო გაცილებით ხანგრძლივი უნდა იყოს და მომხდარს სრულად არ უნდა ასახავდეს.

„მუშტი დაარტყა თუ არა, გაითიშა [გიგა ავალიანი] და ბავშვები ეგრევე ცდილობენ მის მოსულიერებას, რა განზრახ მკვლელობაზეა საუბარი? მძიმე ვიდეოა, მაგრამ ჩანს რომ ასულიერებენ, უშნოდ იგინება ბავშვი, მაგრამ ფეხებს უწევენ, „გაიღვიძე, გაიღვიძეო ეუბნებიან“, ფაქტია, რომ ერთი დარტყმის მეტი არაფერი არ ყოფილა, ეს არის დამტკიცებული ვიდეოთი, ეს არის დამტკიცებული ტაქსის მძღოლის ჩვენებით, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვები ერთმანეთში საუბრობდნენ. არ უნდა დამერტყაო, ეს არის დამტკიცებული იმით, რომ ბავშვები მიმდებარედ მყოფ ბიჭებს დახმარებას სთხოვენ და როცა დარწმუნდებიან, რომ სასწრაფო უკვე გზაშია, მიდიან. მარტო არ დაუტოვებიათ, თუმცა ბოლომდე იქ არ დარჩნენ, შეეშინდათ, არ არის მარტივი, დაფიქრდით“, - ჰყვება ალექსანდრე გაბაშვილი.

ვიდეოში დარტყმის მომენტი არ ჩანს. გადაღება შემდეგ იწყება. ა.გ. ჩვენებაში ამბობს, რომ გიგა ავალიანს მარჯვენა ლოყაში დაარტყა მუშტი და არა თავში. გიგა ავალიანი ითიშება და ასფალტზე ეცემა. თითქოს გონზე უკვე აღარ არის, თუმცა ხელს არ უშვებს პარკს პურით, კონსერვითა და კვერცხით. ის, ვინც ტელეფონით იღებს, თავზე ადგას დავარდნილს და აგინებს. ისმის მისი ხმა: „გაიღვიძე“, შემდეგ სახეში ხელს რამდენჯერმე ურტყამს, თითქოს გამოფხიზლებას ცდილობს. იქვე მდგარი ა.გ. ავალიანს ფეხს კრავს, თავსა და სხეულზე, მიწაზე ვიდეოში სისხლი არ ჩანს.

ჩვენებაში გ.რ. წერს, რომ გიგა ავალიანის გამოფხიზლება უნდოდა, რაც სადავოა გიგა ავალიანის ოჯახისთვის.

ვიდეოში ისმის: „ფეხები აუწიე“ და ჩანს, როგორ უწევს ფეხებს სავარაუდოდ ა.გ. უგონოდ მყოფ ახალგაზრდა კაცს.

ამ ვიდეოში ალექსანდრე გაბაშვილი ამბობს, რომ რატომ არ ჰქონდა მის შვილს ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა და სად შეიძლება ჩანდეს ეს:

Your browser doesn’t support HTML5

„მოსულიერებას ცდილობენ, რა განზრახ მკვლელობაზეა საუბარი?“, - ბრალდებული მოზარდის მამა ვიდეომტკიცებულებების შესახებ

გიგა ავალიანის ოჯახისთვის ვიდეო, რომელიც არასრულყოფილია და აკლია მომხდარის დასაწყისი და დასასრული, არაა საკმარისი და სანდო მტკიცებულება. ეკა კუპატაძე ფიქრობს, რომ მის შვილს არასრულწლოვნები ვიდეოს გადაღების დაწყებამდე დაესხნენ თავს და მის შემდეგაც გაუსწორდნენ.

ამაზე საპასუხოდ კი მოზარდის მამას, ალექსანდრე გაბაშვილს საქმის კიდევ ერთი მტკიცებულება მოჰყავს - სათვალთვალო კამერით ჩაწერილი ხმა, სადაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ისმის: „რატომ დაარტყი“. ამ კამერის წინ გაიარა ორმა მოზარდმა, მას შემდეგ, რაც გიგა ავალიანი უკვე უგონოდ გდია ასფალტზე. მათ ტაქსი გამოიძახეს და ასე გაეცალნენ თემქის დასახლებასა და შემთხვევის ადგილს.

„ერთი დარტყმა, მოსულიერება, დახმარების დაძახება, კამერების ჩანაწერი, [ფრაზა] რატომ დაარტყი, ტაქსისტის ჩვენება, [საყვედური] რატომ დაარტყი, ყველაფერი მანდ დევს, მაგრამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციები ვრცელდება“, - ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი და ამატებს:

„მაჩვენეთ ბავშვი, ვისაც არ უჩხუბია გოგოს გამო ან არ იჩხუბებს ხვალ, ეგ ვართ საქართველო....ჩემი შვილის ჩვენებაში წერია, მივყვებოდი [ გიგა ავალიანს] და არ ვიცოდი რა მექნა, ვფიქრობდი, გამოვბრუნებულიყავი. „პადიეზდთან“, რომ მივიდა დავუძახე „გიგა მას“, გავშრი რამდენიმე წამი და ინსტინქტურად, რატომ არ ვიცი, ხელი დავარტყიო, ეს არის ციტატები მისი ჩვენებიდან და ჩემთვისაც ეს აქვს მოყოლილი“.

„მე გზადაგზა ვფიქრობდით დამეძახა თუ არა გიგა ავალიანისათვის, თან მერიდებოდა ჩემზე უფროსი პედაგოგისთვის დაძახება და დალაპარაკება, თან არ ვიცოდი მას რა რეაქცია ექნებოდა, ერთ მომენტში ვიფიქრე კიდეც რომ მოვბრუნებულიყავი უკან...“

„... მივუახლოვდი გიგა ავალიანს, დავუძახე „გიგა მას“, ჩემს დაძახებულზე გაჩერდა გიგა ავალიანი, შემობრუნდა და შემომხედა, ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით დაახლოებით ერთ მეტრამდე დაშორებით...“

„... დავიბენი წარმოვთქვი სიტყვა „მათემატიკა“ და ენა დამება დაახლოებით 3 წამით, ავღელდი ძალიან ვეღარ ვფიქრობდი რა მეთქვა ან რა გამეკეთებინა, უეცრად ჩემდაუნებურად მარჯვენა ხელის მუჭი დავარტყი მარცხენა ლოყის არეში. ჩემი დარტყმისთანავე წინ გადმოიხარა თავით, შემდეგ გადაიწია უკან და საჯდომით დაეცა ძირს, შემდეგ ზურგით დაეცა და შემდეგ თავით, გახდა უგონო, გამიკვირდა და გავშეშდი ვერ მივხვდი, რა დაემართა ვინაიდან არც ისეთი ძალით დამირტყავს, რომ კაცი გათიშულიყო“.

„მივედი და წავიხარე მასთან ლოყაზე მოვარტყი ხელი და დავუძახე „გიგა მას გაიღვიძე" [ეს სცენა ვიდეოში არ ჩანს, თუმცა ისმის ხმა - რ.თ.] რეაქცია არ ქონდა, შემდეგ ფეხები წამოვუწიე, ვიფიქრე, რომ ასე შევძლებდი მის გონზე მოყვანას, თუმცა რეაქცია არ ქონდა...“

„... იქვე შორიახლოს გავიგონეთ ბიჭების ხმა, მე და გ.რ.-მ მივირბინეთ იქვე დაახლოებით 20-30 ნაბიჯში, საიდანაც ხმა მოდიოდა, ვნახეთ რომ 7-8 ახალგაზრდა მამაკაცი იყო შეკრებილი, ბიჭებს ვუთხარით - კაცი იყო ცუდად და დახმარება გვჭირდებოდა, სწრაფად გამოგყვნენ... ვყვიროდით რომ დაერეკათ სასწრაფოში, მათაც სცადეს შეღვიძება, თუმცა უშედეგოდ. ამავე დროს, მათგან ერთ- ერთმა გავიგონე, რომ ტელეფონით დარეკა 112-ში, გავიგონე, რომ ესაუბრებოდა ოპერატორი და უთხრა, რომ სასწრაფო მოვიდოდა მისამართზე, ამის შემდეგ, როცა დავრწმუნდით რომ ადგილზე მოვიდოდა სასწრაფო დახმარება წავედით“.

საქმის მასალების თანახმად, კაცმა, რომელმაც 112-ში დარეკა, მონაწილეობა მიიღო ვიდეოს დათვალიერებაში და განაცხადა, რომ „ამ ბავშვებიდან არც ერთს იცნობს და არც ერთი მათგანი იყო რომელმაც მას დაუძახა, რომ მამაკაცი იყო ცუდად“.

გიგა ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნაში დაწერა:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

ალექსანდრე გაბაშვილის თქმით, მის ვაჟს თან არ ჰქონია არანაირი ბლაგვი საგანი და ეს საქმის მტკიცებულებებითაც დასტურდება.

„გამაგებინეთ, როგორ შეიძლება გაუტეხო ადამიანს შუბლი ისე, გარედან რომ არ ჰქონდეს ერთი ნაკაწრი?“, - სვამს კითხვას ალექსანდრე გაბაშვილი.

ეს არის კითხვა, რომელიც ავალიანის ოჯახს არწმუნებს, რომ არასრულწლოვნებმა გიგა ავალიანს თავში ნამდვილად რაღაც ნივთი ჩაარტყეს, „ისე შუბლის ძვალი როგორ გატყდებოდა“, გაბაშვილების ოჯახს კი აძლევს მტკიცების საფუძველს, რომ სიკვდილი მუშტის ჩარტყმას არ გამოუწვევია.

ამ ვიდეოში ალექსანდრე გაბაშვილი მომხდარის თავის ვერსიას ჰყვება

Your browser doesn’t support HTML5

„ჩემი რწმენით, მთავარი ზიანი გიგა ავალიანს თავის დარტყმით, დაცემით მიადგა...“, - მომხდარის რა ვერსია აქვს დაკავებული მოზარდის მამას?

„ჩემი ღრმა რწმენით, მთავარი ზიანი გიგა ავალიანს დაემართა თავის დარტყმით, დაცემით...საქმის მასალებში წერია, რომ გიგა ავალიანს დაზიანება გარეგანი არ ჰქონდა, სასწრაფოს ექიმი რომ მოვიდა, ამბობს, რომ დაზიანება არ აქვს და ისიც იცით და საქმის მასალაში დევს, რომ ეგონა ან მთვრალი ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და არასწორად უმკურნალეს, ნარკანი გაუკეთეს, კუჭი გამოურეცხეს. კატე გადაუღეს, თუმცა საათ-ნახევრის შემდეგ გაშიფრეს, იქ მოცემული ინფორმაცია, თავად დედა ეკა კუპატაძე ამბობს ამას, რომ მის შვილს ოპერაცია დაგვიანებით ჩაუტარეს, ამაზე რატომ არავინ სვამს კითხვებს?“, - ამბობს ის.

ალექსანდრე გაბაშვილი მართალია, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ექიმებსაც ადანაშაულებს დაგვიანებულ მკურნალობასა და ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტაციის არასრულყოფილად შევსებაში.

ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელ ორგანოსაც მიმართა. გიგა ავალიანი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მკურნალობდა.

ოჯახის ცნობით, ექიმებმა ივარაუდეს, რომ უგონოდ მყოფი გიგა ავალიანი, რომელიც ქუჩაში დაგდებული თემქელმა ბიჭებმა იპოვეს და სასწრაფოს გამოუძახეს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

„ბავშვს თავი რომ ამოებერა, შეშუპება რომ დაიწყო და ფორმა შეეცვალა, ატეხეს ყვირილი დედამ და ბიძამ, ნახეთ, კატე სასწრაფოდო, [მანამდე] კაციშვილს ყური არ გაუბერტყია [რადიოლოგის გაშიფრულს ელოდნენ, არ შეხედეს დამატებით]... ოპერაციაც დაგვიანდა და კატეზე გამოჩნდა, რომ შუბლის ძვალია გატეხილი“, - ამბობს ადვოკატი, გოგა ხატიაშვილი.

გიგა ავალიანის ბიძის, კახა კუპატაძის თქმით, კლინიკაში მყოფი ორი პოლიციელი მათ უმტკიცებდა, რომ გიგა ავალიანი ნარკოლოგიური თრობის შედეგად დაეცა და დაზიანდა, არადა, „ტვინმა გამოჟონა, მე და ნიკამ [ავალიანის ძმა - რ.თ.] დავინახეთ“, - იხსენებს ეკა კუპატაძე.

ასევე ნახეთ „ყველა ასე ხომ ვერ იყვირებს?“ - სისტემის სისუსტე და ხარვეზები გიგა ავალიანის საქმეში

ალექსანდრე გაბაშვილი ვარაუდობს, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალებაში ექიმებიც არიან დამნაშავეები, მაგრამ არა დაზიანებების არასრულად აღწერაში, არამდე მცდარ დიაგნოზსა და არასწორ მკურნალობაში.

„რა დაზიანებაზეა საუბარი, გატეხილი აქვს თავი და ვერ ხედავენ? რატომ არ უნდა აესახა გარეგანი დაზიანებები [ექიმს]...თემქელი ბიჭებიც ამბობენ თავიანთ ჩვენებაში, რომ გიგა ავალიანს გარეგანი დაზიანებები არ ჰქონდა... ექიმებმა ნახეს, რომ ავალიანს ბზარი ჰქონდა, მაგრამ დაწერეს რომ ჩარევას არ საჭიროებსო...და ჩემი შვილია მკვლელი?“.

ვარაუდები შუბლის ძვლის გატეხის ვერსიებთან დაკავშირებით კომპლექსურმა ექსპერტიზამ უნდა დაასრულოს, რომელიც გამომძიებლებმა დანიშნეს, თუმცა პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.

ეკა კუპატაძის თქმით, მის შვილს თავსა და ტანზე სისხლნაჟღენთები ჰქონდა, რაც ექიმებმა სამედიცინო ბარათში არ შეიტანეს.

„ეს დაზიანებები რომ აღრიცხულიყო, მიხვდებოდა გამოძიება, რომ ერთი დარტყმით არ დამთავრებულა საქმე და სასტიკი ცემა გაგრძელდა...როცა მიხვდნენ [ექიმები ], რომ ჩემს შვილს ვეღარ გადაარჩენდნენ, ექიმმა თავის გადარჩენა დაიწყო, ფორმა 100-ში ინფორმაცია მიზანმიმართულად სრულყოფილად არ შეიტანა, შეეშინდა...

... ფორმა 100-ის თანახმად, ექიმმა ვერ შეამჩნია ჰემატომა, კრუნჩხვა…“ - ამბობს ეკა კუპატაძე.

ვთქვათ რომც დამტკიცდეს, რომ ექიმებმა განზრახ ან სხვა მიზეზებით შეცდომები დაუშვეს, ათავისუფლებს ეს პასუხისმგებლობისგან მოზარდს?

„რა თქმა უნდა არა, მაგრამ ჩემი შვილი უნდა აგებდეს პასუხს იმაზე, რაც ჩაიდინა..“, - ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი და დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელი მუხლი იქნებოდა მისთვის სამართლიანი, პასუხობს - ძალადობა.

იმის დასადასტურებლად, რომ გიგა ავალიანმა მუშტის დარტყმის შემდეგ გონება დაკარგა და თავი დაარტყა, ალექსანდრე გაბაშვილს „თემქელი ბიჭების“ ჩვენებები მოჰყავს.

მათ ნახეს უგონო გიგა ავალიანი სადარბაზოს წინ, ქუჩაში, ასფალტზე დაგდებული. საქმის მასალების თანახმად, მათთან მივიდა დაახლოებით 12 წლის ბიჭი და უთხრა, რომ „კაცი იყო ცუდად“. ბრალდებულების ოჯახები ამბობენ, რომ ეს ბავშვები ა.გ. და გ.რ. იყვნენ. საქმის მასალების თანახმად, კი კაცმა, რომელმაც 112-ში დარეკა, მონაწილეობა მიიღო ვიდეოს დათვალიერებაში და განაცხადა, რომ „ამ ბავშვებიდან არც ერთს იცნობს და არც ერთი მათგანი იყო რომელმაც მას დაუძახა, რომ მამაკაცი იყო ცუდად“.

„თემქელი ბიჭები“ გამოძიებამ ორჯერ დაკითხა. პირველად დაკითხვისას [2025 წლის ორი ოქტომბერი, თავდასხმიდან მეორე დღე] ოთხივემ ერთნაირი ჩვენება მისცა გამოძიებას.

მოვიდა 12 წლამდე ბიჭი და გვითხრა, რომ მამაკაცი ეგდო ასფალტზე უგონოდ და არ იცოდა, რა გაეკეთებინა. მივედით ახლოს ასფალტზე მწოლიარე მამაკაცთან, ვნახე რომ გულაღმა მწოლიარე მამაკაცს თვალები ჰქონდა გახელილი თუმცა იყო უკონტაქტო, დავიხარე, ჩავრთე ტელეფონით განათება... [ვეკითხებოდი] თუ ესმოდა ჩემი და [ვთხოვდი] ეთქვა სახელი და გვარი, თუმცა იყო უკონტაქტო, მაგრამ იყო გონებაზე, სუნთქავდა და თვალები გახელილი ჰქონდა...

...ვცდილობდი დავხმარებოდი, რომ გონზე მოსულიყო, ვიზუალურად შევხედე, რაც ჩანდა, მას დაზიანება გარეგნულად არაფერი ჰქონდა და არაფერი ეტყობოდა, ამასთანავე ტანსაცმელი ეცვა სუფთად...

რაღაც მომენტში ასფალტზე მწოლიარე მამაკაცი სწრაფად წამოიწია სხეულით, უნდოდა პირღებინება და ეცადა წამოჯდომას, მაგრამ უეცრად გადაქანდა უკან და დაეცა ისევ ასფალტზე რა დროსაც გავიგონე მისი თავის ასფალტზე დარტყმის ხმა, მივხვდი, რომ თავი საკმაოდ ძლიერად დაარტყა ასფალტს, ისევ ისე იყო თვალებგახელილი, ვიფიქრე, რომ კიდევ უნდოდა პირღებინება და გადავაწვინე გვერდულად, რომ გაადვილებოდა ღებინება…

მამაკაცმა სასწრაფოს მანქანაში აღებინა, ხოლო მე ექიმ ქალბატონს ვუთხარი, რომ სანამ მოვიდოდნენ შეუძლოდ მყოფმა მამაკაცმა ასფალტზე დაარტყა თავი… ვუთხარი, რომ წამოიწია, მოწყდა, გადავარდა უკან და ძლიერად დაარტყა თავის უკანა მხარეს ასფალტს, რა დროსაც ჰქონდა ძლიერი ხმა თქო“.

იგივე მოწმეები გამოძიებამ მეორედ, 2025 წლის 7 ნოემბერს დაკითხა, რა დროსაც მათ დააზუსტეს, რომ „ავალიანს თავი ისე ძლიერად არ შეუხია ასფალტისთვის, რომ რაიმე დაზიანება მიეღო“.

„ვინაიდან მომხდარი ფაქტის დროს გამოკითხვისას ვიყავი ემოციურად დაღლილი და ახლა მეტ-ნაკლებად ვეცდები აგიხსნათ მოცემული მომენტი...

...მას თითქოს უნდოდა პირღებინება, რა დროსაც უგონო მამაკაცმა თავი წამოწია ასფალტიდან ჩემი შეხედულებით დაახლოებით 8-10 სანტიმეტრით და შემდეგ კვლავ წავიდა უკან, კეფით ასფალტისკენ და თავი დადო კვლავ ასფალტზე, მე იმ მომენტში რატომღაც აღვიქვი, რომ მან თავი დაარტყა ასფალტს, თუმცა ეხლა რომ ვიხსენებ, თავის დარტყმა ანუ კეფის შეხება ასფალტზე არ ყოფილა ისეთი, რომ მას რაიმე დაზიანება მიეღო“, - ამბობს ოთხი ახალგაზრდა კაციდან ერთ-ერთი გიორგი ნიქაცაძე.

ალექსანდრე გაბაშვილის თქმით, მოწმეებმა ჩვენება კი არ დააზუსტეს, არამედ შეცვალეს, ვარაუდობს, რომ პროკურატურის ზეწოლის გამო.

„ეს ჩვენებები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამ ოთხი მოწმის ჩვენება ჩვენს საქმეს რადიკალურად ცვლის, პროკურატურამ ეს იცოდა, დაიწყო წნეხი იმ ოჯახის მხრიდან, მედიამ აიტაცა და დაიწყეს რაღაცის შეკერვა, გაჩნდა ქვა, ერთი თვის მერე, როგორ? ცალსახაა, რომ წნეხის გამო აცვლევინებენ ჩვენებას და ამას ჰქვია ფალსიფიკაცია, მეტი არაფერი“, - ამბობს ის და აზუსტებს, რომ მისთვის პირველი გამოკითხვის შინაარსია სანდო.

რატომაა მნიშვნელოვანი ოჯახისთვის დაამტკიცოს, რომ მოზარდს არც თავში ჩაურტყამს რაიმე გიგა ავალიანისთვის, არც მისი მუშტი გამხდარა სიკვდილის მიზეზი და არც ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით ელოდებოდა სამი დღის განმავლობაში გიგა ავალიანის მარტო მოხელთებას სასწავლო ცენტრთან? - თუ ბრალდებული მხარე ამას სასამართლოში დაამტკიცებს, მოსალოდნელი სასჯელისთვის განსაზღვრული წლები მნიშვნელოვნად შემცირდება.

თუმცა საქმის მასალებში არის მიმოწერა მეგობართან, სადაც მოზარდი გოგოს წერს, რომ ისე უნდა სცემოს გიგა ავალიანი, რომ „ეშინია არ შემოაკვდეს“. ამ მიმოწერის ნაწილი სოციალურ ქსელშიც გასაჯაროვდა.

„ამაზრზენი მიმოწერაა, მე თვითონ მრცხვენია, შოკში ვიყავი, რომ ჩემი შვილი ასეთ რამეს ამბობდა. ეს არის ლაწირაკი ბავშვის მარიაჟობა, შეყვარებულის დაქალთან, მაგ მიმოწერაშივე არის, როცა ა.ნ. ეუბნება თავი გაანებე საერთოდო, გამოვა მათემატიკიდანო, რას პასუხობს, წაკითხული გაქვთ? იქნებ სხვა ბავშვიც შეაწუხოსო, ამას რატომ არ აჟღერებთ?...

ამაზრზენი წასაკითხია, კი, მაგრამ ქართველები ვართ, ამის დედას იმას ვუზამ, ამას ისე ვუზამ, ესაა ჩვენი ბუნება... იქვე ეუბნება, ჩემგან ელის მოქმედებას და ჩმორი ხომ არ ვარო, ის საწყალი გოგო ეუბნება, არ მიხვიდე, მშობლებს უთხრასო“, - ჰყვება გაბაშვილი.

17 წლის გოგო ა.ნ., ვისაც წერს მოზარდი, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს დემეტრე ჩიქოვანთან ერთად. გამოძიების თქმით, გოგომ იცოდა, რომ თავდასხმა მზადდებოდა და იცოდა, რაც შემდეგ მოხდა, თუმცა დამალა. ამას ბავშვი არ უარყოფს. ამბობს, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ სკოლასთან ა.გ.-ს შეხვდა, რომელიც ყველაფერს მოუყვა. იქამდე კი მიმოწერები წააშლევინა.

ა.ნ.-ს ჩვენების თანახმად, მან იცოდა, რომ ა.გ.-ს სურდა გიგა ავალიანის ნახვა და ცემა, ამისთვის ის სასწავლო ცენტრთან რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდა.

„მითხრა, რომ ნ.ი.-სთვის [მისი მეგობარი და მოზარდის შეყვარებული, გიგა ავალიანის მოსწავლე] არაფერი მეთქვა, რადგან მისი მასწავლებლის ნახვა და ცემა უნდოდა და ნ.ი.-ს ეს ეწყინებოდა, შეიძლება დაშორებოდა. მითხრა, რომ იმ დროს მინდა ნახვა და ცემა, რომ პოლიციამ არ გაიგოსო, მათ შორის ინსტაგრამზე მომწერა, რომ თავს გავუხეთქავო, თუმცა არ დაუკონკრეტებია მარტო აპირებდა წასვლას, თუ ვინმესთან ერთად... მწერდა, რომ აუცილებლად უნდა მომეთხოვა პასუხი, რადგან ის ნ.ი.-ს აწუხებდა, უნდა ვცემო, რაც მთავარია არ შემომაკვდესო...“

„მე მომხდარი თავდასხმის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ შემიტყობინებია, რადგან არ ვიცოდი რომ ჩემი მეგობრის მასწავლებელი ცუდად თავდასხმის შედეგად გახდა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ „მგონი რაღაც ჩამოვარდა კორპუსიდან და მას თავში დაეცაო“.

„როდესაც მე ა.გ.-მ მითხრა, რომ წამეშალა ინსტაგრამ გვერდის და ტიკ-ტოკის გვერდის ჩათები, სადაც მე ა.გ. მწერდა მისი თხოვნის შესაბამისად, მე ჩათები წავშალე რადგან, რადგან მე მთხოვა ა.გ.-მ თან შემეშინდა, რადგან არც ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი“.

„ მე არ შევატყობინე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ნამდვილად არ ვიცოდი ა.გ.-ს თავდასხმის შედეგად თუ იყო მძიმე მდგომარეობაში მასწავლებელი …და არც ის არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი“.

მოზარდსა და მის მეგობარ გოგოს შორის [ა.ნ-სა და ა.გ.-ს შორის] მიმოწერა 29 სექტემბრიდან იწყება. [ამონარიდები ზედმიწევნით სრული არაა]

მონაკვეთი 1:

ა.ნ. იმედია არ შემოგაკვდება

ა.გ.: იცი როგორ გავძუყნი? სამი საათი ვუყურებდი მაგ ადგილს ბიჭო და გამეპარა, მოსწავლე მეგონა

მონაკვეთი 2:

ა.ნ.: ნ.ი.-მ რამე ხომ არ თქვა, რამე ხომ არ მითხრა კიდეო?

ა.გ: კი დავალება არ ვიცოდიო და შენი სილამაზე არ გიშველისო.. თავზე დავაფსამ მაგას ხვალ ჭრილობაზე. კაია, ინფექცია რომ არ შეეჭრას, ცოდოა...აუ იცი როგორ გამიტყდა, დღეს რომ ვერ დავითრიე? ვაიმე ხვალინდელი დღე მოვიდეს…ვერა და ვერ დავითრიე, ხვალ ჯობია ჩამბარდეს, თორემ გაკვეთილზე შტურმით შევვარდები, ბიჭებთან ერთად...

მონაკვეთი 3:

ა.ნ.: იმედია უარესებს არ ეუბნება ძმა.

ა.გ.: გავჭრი შუბლზე, ყ**ს დავაწერ და ნეკნებს დავულეწავ... მასკა შავები და ეგ არის... შენ არავის არ უთხრა, ვინმე დაქალს ან რამე... პოლიციამდე რომ მივიდეს, ყველას დაკითხავენ, შენც....

ა.ნ.: არ ვამბობ არსად, ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის...

ა.გ: ისე უნდა შევაშინო რომ ვერ მიჩივლოს - თორე პიზდეც ვერაფერი გამომაძვრენს.

მონაკვეთი 4:

ა.ნ.: აუ, შენ მაგივრად მე მეშინია..

ა.გ.: ჯგუფური თავდასხმა, განზრახ მკვლელობა, მუქარა, ყველაფერია...

ა.ნ.: პიზდ

ა.გ.: მე ვაფშე არ მეშინია....ერთადერთი ჩემი შიში არის, არ მოკვდეს.

მონაკვეთი 5:

ა.ნ.: აუ, არ გინდა რა და ნ.ი.-ს უთხარი, გამოვა [სასწავლებლიდან] და მოგვარდება, რა საჭიროა ეს დაჭრები და სირობები.

ა.გ.: რა შევეშვა, რა შევეშვა რეებს ეუბნება... ვინმე თესლი მყავდეს სახელმწიფოში, ვაფშე დავბრიდავდით

ა.ნ.: დაებაზრე

ა.გ: რო დავებაზრო არ უშველის ძმა, ნ.ი. გამოვა მაქედან, სხვებს მიადგება...რაც ებაზრა არ შევარჩენ, საკმარისზე მეტი უთხრა იმისთვის, რომ დედა მოე***ას

ა.გ.: მაგ ს**ის სისხლი მელანდება უკვე, არ შემომაკვდე ეს გამ**ელმო***ული ერთი, დალშე ყველაფერი მკიდია.

ამის შემდეგ საუბარი გრძელდება, რომ მოზარდის შეყვარებულმა გოგომ არაფერი არ უნდა გაიგოს. ა.გ. ფიქრობს, რომ მისი შეყვარებული მისგან მოქმედებას ელის, რომ რადგან უმოქმედოდაა ფიქრობს, რომ მისი დაცვა არ შეუძლია. აფიცებს შეყვარებულის დაქალს, თუ კიდევ რამეს გაიგებს, არ დაუმალოს. თუ მისი შეყვარებული მის გეგმაზე გაიგებს, დაშორდება.

იმ მტკიცებულებების თანახმად, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, მოზარდი გიგა ავალიანის მძიმე მდგომარეობის შესახებ სწორედ შეყვარებულისგან იგებს, პოლიციაში მეორედ დაკითხვის შემდეგ, კი არ ჩანს, უმხელს თუ არა შეყვარებულს ა.გ. პირველ ოქტომბერს მომხდარს.

თავდაპირველად შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების მუხლით ბრალი დაუმძიმეს კიდევ ერთ არასრულწლოვანს დემეტრე ჩიქოვანს.

მის სახელსა და გვარს დედის ნებართვით ვასაჯაროებთ.

მის წინააღმდეგ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ოჯახის პროტესტის შესახებ წაიკითხეთ აქ.

გამოძიების თანახმად, მოზარდი გიგა ავალიანს სასწავლო ცენტრთან 29 სექტემბრიდან, სამი დღე ელოდებოდა. ეკა კუპატაძემ გაიხსენა, რომ ცენტრიდან გამოსული ხედავდა სკამზე მჯდომ არასრუწლოვნებს. მათ შორის 29 სექტემბერს დემეტრე ჩიქოვანიც იყო.

ჩიქოვანი ამას არ უარყოფს, თუმცა არ ეთანხმება პროკურატურას, რომელიც ამტკიცებს, რომ „ა.გ.-მ ჩიქოვანთან და გ.რ.-სთან ერთად დაგეგმა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რისთვისაც დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი“.

შეუტყობინებლობას ედავებიან მეორე მოზარდს - გ.რ.-საც, რომელიც ვიდეოს იღებდა. ავალიანის ოჯახი მოითხოვს, რომ მას ბრალი დაუმძიმდეს, რადგან მათი შეფასებით, ის ჯგუფური დანაშაულის დამგეგმავი, განმახორციელებელი და მონაწილეა, პირველი ოქტომბრის შემდეგ კი მამხილებელი მტკიცებულებების განადგურებას მამის დახმარებით ცდილობდა, რომელიც საქართველოში 8 ოქტომბერს დაბრუნდა.

ოჯახის ამ მტკიცებას ამყარებს საქმეში ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერების შინაარსიც. მაგალითად:

გ.რ.: ეხლა მამაჩემთან ვიყავით ბიჭები ასულები, მე, ს...ა და დემე. მამაჩემის ძმაკაციც მანდ იყო და "კაროჩე" მაგეებზე არ მინდა ეხლა თქმა, რა. ვილაპარაკეთ "კაროჩე".

უცნობი: მერე?

გ.რ.: და ის, რა ქვია, "იტოგში" "ხოდი" არის, რომ ყველაფერი რიგზე იყოს რა.

ალექსანდრე გაბაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რას „ხოდავდა“ გ.რ.-ს მამა და ამტკიცებს, რომ გიგა ავალიანზე ძალადობის შესახებ 16 ოქტომბერს შეიტყო.

რატომ მიდის მოზარდი საბერძნეთში და რა იცოდა მამამ? - ალექსანდრე გაბაშვილის პასუხები ვიდეოში

Your browser doesn’t support HTML5

რატომ მიდის მოზარდი საბერძნეთში და რა იცოდა მამამ? - გაქცევა თუ დამთხვევა

რატომ მიდის მოზარდი საბერძნეთში?

მეორე დღეს მოზარდს საზღვარზე არ უშვებენ და უკან აბრუნებენ, იმავე დღეს საღამოს კი პოლიციაში დაკითხვაზე იბარებენ. ოჯახის მტკიცებით, ეს მიმალვის მცდელობა კი არა დამთხვევა იყო.

„მე მესმის, რა დასკვნებს აკეთებთ ამ ყველაფრიდან, მაგრამ... დამთხვევას ვერ აღიქვამთ? დასაშვებია, რომ დამთხვევა იყოს, საბერძნეთში ჩვენი ოჯახი დავდივართ სულ, ჩემი და ცხოვრობს იქ... ხელთ რომ გვქონდა ბილეთი არც მიფიქრია, როგორც მშობელმა ვიფიქრე შენ წადი და მე აქ მივხედავ მეთქი“.

- რას გულისხმობდით?

- იმ ოჯახის დახმარება, ჩემი ერთადერთი დარდი იყო, რითი დავეხმარო ოჯახს

- შვილის პასუხისმგებლობაზე არ გიფიქრიათ?

- არა, მომიყვა ერთხელ დავარტყი მუშტიო, არაფერს არ ვმალავთ, პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც გააკეთე-მეთქი.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მოზარდის საბერძნეთში მცხოვრებ მამიდას მერი გაბაშვილს. ის ამბობს, რომ ბილეთები ოჯახური გაერთიანებისთვის იყიდა და არ იცოდა, რომ მის ძმისშვილს პრობლემები ჰქონდა.

„პირველი შემთხვევა იყო, როცა მისი ძმა ჩამოსულიყო იყო ათენში, დაბადების დღე ჰქონდა და თითქოს სიურპრიზად, მე უნდა ჩავსულიყავი პორტუგალიიდან საბერძნეთში... ჩანაფიქრი იყო, რომ ოჯახური გაერთიანება მოგვეწყო. მე არაფერი ვიცოდი, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რაღაც პრობლემა იყო, როცა ჩემმა ძმამ დამირეკა, რომ არ გამოატარეს საზღვარზე“ - გვეუბნება მერი გაბაშვილი.

ეს მიმოწერები ალექსანდრე გაბაშვილის განმარტებით, დაცვის მხარემ საქმესაც დაურთო.

„სიმართლე არის ერთადერთი, ჩემი წესიერი, პატიოსანი, უდანაშაულო შვილი არის მოკლული სადისტურად, ახლა საერთოდ არ მაინტერესებს, რას იტყვიან მშობლები...ყველამ ყველაფერი იცოდა და თავიდანვე ამოეღოთ ხმა... მთელი საქმის მასალები იმაზეა, როგორ ცდილობენ დანაშაულის ჩაფარცხვას მშობლები და როგორ ეხმარებიან არასრუწლოვან დამნაშავე შვილებს“, - ასეთია ეკა კუპატაძის პოზიცია.

მოუსმინეთ ვიდეოს, სადაც ეკა კუპატაძე მისი შეფასებით, სისტემის შეცდომებსა და მოთხოვნებზე საუბრობს.

ეკა კუპატაძე ელის გამოძიებისგან მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამბობს, რომ „ყველას დააჯენს საბრალდებო სკამზე“, ბავშვებსაც მშობლებსაც, ექიმებსაც და გამომძიებლებსაც.

2026 წლის 23 იანვარს პოლიციამ დაკავებული არასრულწლოვნების სახლები გაჩხრიკა - დალუქეს ყველა ელექტრონული მოწყობილობა, ეს ნიშნავს, რომ საქმეს „ახლიდან იძიებენ“, - ამბობს ეკა კუპატაძე და მიაჩნია, რომ პროკურატურა ახლა მზადაა „სამართლიანობას ემსახუროს“.

საქართველოს პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომენტარს ამჯერადაც ვერ გააკეთებენ, რადგან საქმე სასამართლოშიც განიხილება და პარალელურად გამოძიებაც გრძელდება. ყველა დეტალს ნათელს მაშინ მოჰფენენ, როცა ჩათვლიან, რომ სიმართლის დადგენას ეს აღარ დააზიანებს.

დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახები კი განხილვის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებას ითხოვენ, ტრაგედიის მიუხედავად მიაჩნიათ, რომ საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას, გადაწყვეტილება კი მოსამართლემ მტკიცებულებებს უნდა დააყრდნოს და არა - საზოგადოებრივ აზრს.

„ჩვენ განაჩენი სოციალურ ქსელში გამოგვიტანეს“, - თქვა ალექსანდრე გაბაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.