ჯვრით უფრო ადვილია თუ უჯვროდ - ინტერვიუ მამა დოროთესთან

არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)

„პატრიარქმა ბევრი ადამიანი მოიყვანა ეკლესიაში, ძალიან ბევრი ბერი. შიოს (მუჯირი, პატრიარქის მოსაყდრე) ჯერ არავინ მოუყვანია. გაგდებით კი აგდებს“, - ეუბნება არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) რადიო თავისუფლებას.

ის მღვდლობის შეჩერების შემდეგ საუბრობს პროტესტზე, თავის არჩევანსა და ეკლესიის მომავალზე, ადამიანის სიხარულის წყაროსა და სიმართლის ძალაზე.

- მამა დოროთე, ჯვრით უფრო ადვილია თუ უჯვროდ?

- ვფიქრობდი ამაზე. ღმერთს ვუთხარი, უფალო, ძალიან მადლობელი ვარ, რომ შენი მღვდელი ვარ, მაგრამ თუ შენი გულისთვის ამ მღვდლობას შემიჩერებენ, ესეც კარგი იქნება. რომელიც შენი ნებაა, ის იყოს-მეთქი.

მე არ ვაპირებ ჩემი მღვდლობისთვის ბრძოლას. ბერი ვარ და ჩემი ბერობა უფრო დიდ თავისუფლებას მანიჭებს.

- ბევრს ისედაც მხოლოდ ბერობა უნდა და არა მღვდლობა.

- მეც ასე ვიყავი. ბერს მეტი თავისუფლება აქვს, მეტი საშუალება ღმერთთან განმარტოვდეს. სახლი არ გაქვს საკურთხებელი, პანაშვიდებზე სასიარულო. წირვას ესწრები, მაგრამ არ წირავ. ქადაგებაც შემიძლია, ამბიონიდან სტიქაროსანსაც კი შეუძლია ქადაგება, მაგრამ მამა შიოს (კვარაცხელია) პრობლემა რომ არ შევუქმნა, არ ვიქადაგებ ამბიონიდან. [არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია), რომელიც სამების ტაძრის მღვდელია, ასევე მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. რ.თ.]

- სამების მონასტერში კელია ისევ გრჩებათ?

- დიახ, მონასტრის საძმოს წევრი ვარ.

- ელოდებით უფრო დიდ ზეწოლას?

- ჩემი მღვდლობიდან განკვეთა მათ არ შეუძლიათ, არც პატრიარქს, მხოლოდ სინოდს. სინოდი კი, დარწმუნებული ვარ, ამას არ იზამს.

- მოსაყდრე შიოს ავტორიტეტის მიმართ სხვა სასულიერო პირებსაც ისეთივე დამცრობილი დამოკიდებულება აქვთ როგორც თქვენ, თუ უფრო ნეიტრალური? პატრიარქს რომ ისევ დიდი ავტორიტეტი აქვს ეს ჩანს.

- პატრიარქმა ბევრი ადამიანი მოიყვანა ეკლესიაში, ძალიან ბევრი ბერი. შიოს ჯერ არავინ მოუყვანია. გაგდებით კი აგდებს, განსაკუთრებით იმათ ერჩის, ვინც ითვლება, რომ პატრიარქისაა, მაგალითად, მე.

- თუ მოსაყდრე შიო (მუჯირი) პატრიარქი გახდება, ელოდებით, რომ ეს დაპირისპირება გაღრმავდება?

- არ ვიცი. არა მგონია, შიო პატრიარქი გახდეს. თუ ასე მოხდა, ესე იგი ჩვენი ეკლესია ღმერთმა გაწირა და არ მგონია, გაწიროს. მოსაყდრე ავტომატურად პატრიარქს არ ნიშნავს. მას შეუძლია საკუთარი თავი დააყენოს კანდიდატად, მაგრამ არჩევით სინოდი ირჩევს.

- გეგულებათ ადამიანი, ვინც შეიძლება კარგი პატრიარქი იყოს?

- მეკითხებიან ამ თემებზე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი საქმე არ არის. მე შიოც თავად დამიპირისპირდა, თორემ მასთან გადაკვეთის წერტილიც კი არ მქონდა.

- ახლა რამდენი წლის ხართ?

- ორმოცდაჩვიდმეტის, იმ ასაკამდე მივედი, როცა ნამდვილი ბერი უნდა გახდე.

- ბოლო დროს ინტერვიუებში ამბობთ, სიხარულს ვგრძნობო. არადა, ბევრი შეიძლება წლები დადიოდეს ტაძარში, ყველაფერს აკეთებდეს და მაინც ვერ იგრძნოს ის სიხარული, რაც ღმერთან სიახლოვეს მოაქვს.

- ერთი წამალზე დამოკიდებული კაცი იყო. ტაძარში სიარული დაიწყო და მიატოვა ნარკოტიკების მოხმარება. ერთხელ ძმაკაცები მიადგნენ, წამალი გვაქვს, წამოდიო. ამან უარი უთხრა. თან ძალიან გამიჭირდაო უარის თქმა. წავიდნენ. შემოვბრუნდი სახლში და ჩემში რომ სიხარული შემოვიდა, ასეთი სიხარული დაბადებიდან დღემდე არ მქონიაო. ეს დამამახსოვრდა. როდის მოდის სიხარული? რაღაც კარგს რომ გააკეთებ, ბოროტზე უარს რომ იტყვი. თავს რომ აჯობებ.

მამა დოროთე (ყურაშვილი ) და მამა შიო (კვარაცხელია) რუსთაველის აქციაზე

- რა ეშლებათ ადამიანებს ქრისტიანობაში ყველაზე მეტად, ის რომ თეორიიდან პრაქტიკაზე არ გადადიან?

- ჰო, თეორიად რომ რჩება, საცხოვრებლად რომ არ უნდათ.

- დღეს ბარბარობაა, ნიკოლოზობაც მოდის. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს მფარველად ითვლება, რატომ?

- პატრიარქმა შეავედრა საქართველო წმინდა ნიკოლოზს. ის ცნობილია მსოფლიოში, როგორც შემწე და სთხოვა, საქართველოსაც შეეწიოს.

- ქართველებს ბევრი წმინდანი გვყავს, მათ შორის მეფეები. მაგალითად, მალევე, 23 დეკემბერს არის წმინდა ვახტანგ მესამის ხსენება, ცოტა ვინმემ თუ იცის მის შესახებ. გვყავს ქეთევანი და დავით აღმაშენებელი, თუმცა, მათ როგორც წმინდანებს, ხალხი ნაკლებად მიაგებს პატივს, გაცილებით ცნობილები არიან თუნდაც წმინდა ბარბარე ან წმინდა ეკატერინე. რით აიხსნება ეს ფენომენი?

- ბარბარეს ოჯახი დაუპირისპირდა, მამამ მოკლა. უდიდესი წმინდანია, მაგრამ მაინც ვიტყვი, დღეს ხომ ბარბარობაა, დღესვე არის იოანე დამასკელის დღე, მაგრამ დამასკელობა არ არის. თუმცა, ღვთის წინაშე იოანე დამასკელი მსოფლიო ეკლესიის მოძღვარია, უდიდესი მამა. მის სწავლებას ზუსტი გარდამოცემა დაარქვა ეკლესიამ, მაგრამ ხალხმა ეს არ იცის, ხალხი ასეთ რამეს ვერ სწვდება. ბარბარე უფრო ცხოვრებისეულია. ერი უფრო იმ წმინდანებს განადიდებს, რომლებიც ცხოვრებას უკავშირდებიან. ერში ბევრმა არც გრიგოლი დიდი იცის, არც იოანე ოქროპირი.

- ამასთან არიან ადამიანები, რომელთა მოღვაწეობა ეკლესიამ შეიძლება ვერც გაიგოს და არ შერაცხოს წმინდანად, მაგრამ ღვთის წინაშე ისინი მაინც წმინდანები იქნებიან.

- სხვა არის წმინდანობა და სხვა - ცხონება. მაგალითად, ჯვარცმული ავაზაკი, ის რომ ცხონდა, გავიგეთ, მაგრამ მისი წმინდანად შერაცხვა არ შეიძლება. წმინდანად შერაცხავენ იმ ადამიანებს, ვისი ცხოვრებაც მისაბაძია. მაგალითად, ამბროსი ხელაია ძალიან გვიან შეირაცხა წმინდანად. დიდხანს მოღალატეს ეძახდნენ. მაგრამ ცხონებით, მაშინვე ცხონდა, როგორც კი ამ სოფლიდან გავიდა. მერე მისი ცხოვრება, მისი ბრძოლა თავისუფლებისთვის მისაბაძი რომ გამხდარიყო - ამიტომ შერაცხეს წმინდანად.

- წმინდანის ცხოვრება ხშირად აშინებს ადამიანს. ის ფიქრობს, რომ აი, თუ ქრისტიანობას გავყვები, მეც წამება მელის, კუპრში ჩამაგდებენ, ზეთში მომხარშავენ... და რისთვისაა ადამიანი, ტანჯვისთვის თუ ბედნიერებისთვის?

- ფილოსოფია ამბობს, რომ ადამიანს გონება მიეცა ტანჯვისთვის. თუ დავიტანჯები, არ მინდა გონებაო, ხომ ვერ იტყვი. წმინდანობა ცხოვრების სიწმინდეა პირველ რიგში, მაგრამ ეს სიწმინდე იმხელა ნეტარებას გაძლევს, რომ კუპრზე უკვე არ ფიქრობ. ეს როგორც გემრიელ საჭმელს რომ ჭამ და არ ფიქრობ, გაწყენს თუ არა. სიმართლე ყოველთვის ბედნიერებაა. ბოროტება სულისთვის არის ჭუჭყი. რაღაც ტალახი ან სუნიანი რომ მოგედება სხეულზე და ცდილობ, მოიშორო... თუ ადამიანი ერთხელ სულს გაიწმენდს, ის ჭუჭყი ისე შეაწუხებს, ბედნიერებას ვერასდროს პოვებს.

- ადამიანი ყოველთვის ხვდება, როცა მადლს კარგავს?

- თუ ჰქონდა, ხვდება.

- რა არის ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც მადლი ვეღარ ჩერდება ადამიანში?

- ღვთისგან, სიმართლისგან გამოთიშვა. საკუთარ თავში სიმართლესთან დაპირისპირება, სინდისთან. შეიძლება რაღაც ხელს გაძლევდეს, მაგრამ სინდისი არ გიშვებდეს.

- ზოგადად ქრისტიანობა ხომ კომფორტიდან გამოსვლაა?

- ხორციელი კომფორტიდან, თორემ სულისთვის პირიქით, ესაა კომფორტი და სიმშვიდე.

- იმ ადამიანებმა, ვინც დღეს რუსთაველის პროტესტში მონაწილეობს, როგორ უნდა გაიმხნეონ თავი?

- მეცნიერი რაღაცას რომ აღმოაჩენს, როგორ უხარია! ახლა წარმოიდგინეთ, სიმართლეს რომ აღმოაჩენ, ღმერთს რომ აღმოაჩენ. მე ძალიან მიხარია, რომ სიმართლე აღმოვაჩინე, სიმართლის მხარეს აღმოვჩნდი. ეს რომ მომცა ღმერთმა და კიდევ ძალა, არ შემშინებოდა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?

- ამ მოვლენების უკუქცევა შეუძლებელია. შეუძლებელია, ბოროტებამ ასე ფართოდ გაიმარჯვოს. მე ამის არ მჯერა.