ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი რადიო თავისუფლებას ესაუბრა სახალხო პროტესტზე, ხელისუფლებასა და მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაზე.
- თქვენ მოესწარით საბჭოთა კავშირს და გემახსოვრებათ, რა არის ჩაკეტილ ქვეყანაში ცხოვრება, დიქტატურა. ხედავთ რაიმე მსგავსებას დღევანდელობასთან?
- დღეს რუსეთი იგივეს აკეთებს, რასაც ადრე საბჭოთა კავშირი აკეთებდა. მაგრამ საბჭოთა კავშირს სხვა შინაარსი ჰქონდა - „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით“. „წითელი“ თუ იყავი, ეროვნებას მნიშვნელობა არ გააჩნდა. დღეს რუსეთის იდეოლოგია „რუსკი მირია“.
ფაშიზმი მხოლოდ იმიტომ კი არ დამარცხდა, რომ ცუდი იყო. უკეთესი არც საბჭოთა კავშირი ყოფილა. მაგრამ ფაშიზმი მხოლოდ ერთი ერის სიწმინდეს ღაღადებდა, საბჭოთა კავშირმა კი მაშინ ამერიკასთან, ბრიტანეთთან მიაღწია ერთობას. ახლა რუსეთი მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდა. კიდეც რომ გაძლოს რაღაც დროით, მაინც წაგებული აქვს.
რუსეთი ცდილობს, სხვა ერებთან არ ვიდგეთ, მხოლოდ მის დაქვემდებარებაში ვიყოთ. მაგრამ 21-ე საუკუნეში ამას ვერ შეძლებს. ყველას ვერ დახოცავს, ყველას ვერ გააჩუმებს. დამოუკიდებლობა ადამიანის ბუნებაა, მაგრამ ჩვენთვის ეს მარადიული იდეაც არის. სულ გადარჩენაზე ვიყავით და გადავრჩით კიდეც, რადგან სულ ვიბრძოდით.
- რა განსხვავებაა დღეს ქართულ ეკლესიასა და რუსულს შორის?
- სწავლება ერთია, მაგრამ საეკლესიო ტრადიციები ყველა ერს თავისი აქვს. მაგალითად, მცხეთას ახალ იერუსალიმს ეძახდნენ, რუსები კი რუსეთს მესამე რომად მიიჩნევენ, ანუ იმპერიული სული აქვთ. ჩვენ ეს არ გვქონია, ჩვენ დამპყრობელი ერი არ ვართ.
რუსული ეკლესიის პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ ხელისუფლება მის მართვაში ერეოდა.
- საქართველოს ეკლესია თავისუფალია რუსული ეკლესიის გავლენისგან? მართალია, ცალკეული სასულიერო პირები თავიანთ კრიტიკულ აზრს გამოხატავენ, მაგრამ საპატრიარქო მკაფიო პოზიციას არ ამჟღავნებს.
- ალბათ შეუძლებელია, პატრიარქი, საპატრიარქო, საქართველოს ეკლესია რუსული გავლენისგან თავისუფალი იყოს, ერთი ქვეყნიდან გამოვედით, ერთი ძალა გვმართავდა. მაგრამ პატრიარქი ყველაფერს თმობდა თავისუფლებისა და ავტოკეფალიის გარდა. ამ საკითხში ყოველთვის დამოუკიდებელი იყო და ყოველთვის იბრძოდა.
1990 წელს პატრიარქის ძალისხმევით მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია დაადასტურა. მანამდე მხოლოდ რუსეთი ცნობდა ჩვენს ავტოკეფალიას და უნდოდა ასეც დარჩენილიყო. სხვებმაც რომ გვაღიარეს, ვერ აიტანა [რუსულმა ეკლესიამ] და მონასტრები აუჯანყა პატრიარქს. მიზეზი ვითომ ეკუმენურ საბჭოში მონაწილეობა იყო. პატრიარქი ამ საბჭოდან გამოვიდა, რუსეთი კი დღესაც იქ არის.
- პროპაგანდა ძალიან კარგად იყენებს ლგბტ ადამიანების თემას ხალხის დასაშინებლად. მარტივად თუ ვიტყვით, ხალხს აჯერებს, ევროკავშირში შესვლის შემდეგ კაცი კაცი აღარ იქნება და ქალი - ქალი. ასე უყურებს ქრისტიანობა ამ საკითხს?
- არა, ეს ქრისტიანობა არაა. ევროპა ამბობს, ნუ დევნით, ნუ კლავთ, ყველას აქვს თავისი ცხოვრებაო. შენ ასეთი იყავიო, არავინ ამბობს.
ეს არის რუსული იდეოლოგია, თქვენ თუ ჩვენგან წახვალთ, ამერიკა მოგკლავთ, კაცებს გაგათხოვებთ და ამიტომ ჩვენთან იყავით, ციხეში.
- რა შეიძლება ამას დაუპირისპირდეს?
- ერი უპირისპირდება და ამ ხალხს ვერ გააჩუმებენ.
-სამოც დღეზე მეტია ხალხი ქუჩაში დგას, მაგრამ მთავრობა მათ თითქოს არ იმჩნევს.
- ისინი წაგებულები არიან. როდის მოხდება ეს, ხუთ დღეში თუ ხუთ თვეში, არ ვიცი, მაგრამ მაინც წაგებულ ომში იბრძვიან. ქრისტემ ხომ თქვა: „მე ვარ ჭეშმარიტება“, სხვანაირად ვთქვათ: „მე ვარ სიკეთე“. ეს სიკეთე ხომ მოკლეს? ხომ აღსდგა? ასე ხდება ცხოვრებაშიც, სიკეთეს აჩუმებენ, თითქოს კლავენ, ერთი ადამიანი შეიძლება შეეწიროს, ორიც და ათასიც, მაგრამ თავად სიკეთე არ კვდება.
დააკვირდით, საქართველოში როგორ აღსდგებოდა ხოლმე თავისუფლების სული. გახსოვთ, აკაკიმ ილიას გარდაცვალებაზე რომ თქვა: „თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინ-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ!“ ცოცხალი არის დღეს ილია? არის!
- მაგრამ ხალხს ეშინია რეპრესიების, სიდუხჭირის...
- გვეშინია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფლება უნდა დავთმოთ. გვამხნევებს ის, რომ ვიცით, უკვდავები ვართ. როცა უკვდავ იდეას ვემსახურებით, მაშინ ვხვდებით უკვდავები, თორემ ისე იარსებებ, მაგრამ მკვდარი და ჯოჯოხეთში. ორჯერ სიკვდილს ისევ ერთხელ სიკვდილი სჯობს.
დიდი უსამართლობაა, მაგრამ გამოიღვიძა ერმა. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სიმტკიცე ყველას ამხელს. ის ჩვენს ნაცვლად, მთელი ერის ნაცვლად იბრძვის. უნდა ვილოცოთ, რომ არ შეეწიროს, არ ღირს, ცოცხალი უნდა დარჩეს.
ესენი ვერ ხვდებიან, რას აკეთებენ. არ იცის ჩვენმა ერმა მოღალატეების პატიება. უფალმა კი თქვა, გიყვარდეს მტერი შენიო, მაგრამ ერის მოღალატე გიყვარდესო, არ უთქვამს. სისხლი სიტყვაზე მეტად ყვირის. კაენს ეუბნება ღმერთი, აბელის სისხლი შემომღაღადებსო. ნუთუ არ იციან, რომ მართალი სისხლი ყვირის… თუ ამ ხალხს დახოცავენ, ვისი მთავრობა უნდა იყოს? შიში ამოძრავებთ და იდეოლოგია არ გააჩნიათ.
- არ გააჩნიათ თუ რუსეთის იდეოლოგიას მიჰყვებიან?
- არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, ვისაც რუსეთი ურჩევნია. ისინი ამბობენ მაინც, რა უნდათ. უფრო მძიმეა, როდესაც ამბობ, ორი ფეხით შევდივართ ევროპაშიო და რუსეთში მიდიხარ. ეს არ შეიძლება იდეოლოგია იყოს, ეს ფარული ზრახვაა, ანუ ხმამაღლა ვერ აცხადებ, რა გინდა. თუ გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, აღარავინ მისცემთ ხმას და თუ მისცემს, რამდენი?
დიქტატორსაც სჭირდება ხალხი. ყველა დიქტატორს აქვს თავისი იდეოლოგია, რომელსაც ხალხი მიჰყვება. ამბობენ, რომ სანქციები არის ჯილდო. ეს არის იდეოლოგია?
მადლობელი ვარ ღვთის, რომ ერმა გამოიღვიძა. ამბობენ ხოლმე, საქართველო გაბრწყინდებაო. მე არ მიყვარდა ამის თქმა, მაგრამ ეს ხალხი რომ დავინახე, ვიფიქრე, მართლა ხომ არ არის ეს ნაწინასწარმეტყველები-მეთქი. არავის ჰყავს ასეთი ახალგაზრდობა.
- ჩვენ ხშირად ვხედავთ, რელიგიურ დღესასწაულებზე როგორ დგანან ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები სანთლებით ხელში წირვაზე, ანუ გვეუბნებიან - ქრისტიანები, მორწმუნეები ვართო.. თქვენ როგორ იცით, ვინმე მათგან მართლაც არის ეკლესიის მრევლი? მართლაც დადიან ტაძარში, ეზიარებიან?
- საბედნიეროდ, არცერთთან შეხება არ მაქვს. მათი რწმენა ადამიანების, ერის პატივისცემაში უნდა ვლინდებოდეს. დაშავებულს, ნაცემს ციხეში რომ სვამ და მცემელს პრემიით აჯილდოებ, როგორ შეიძლება მორწმუნე იყო?
ფორუმი