პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისად, ასევე გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც სპეციალურად სუსის ყოფილი უფროსისთვის, მამუკა მდინარაძისთვის იყო შექმნილი.
ეს უკვე სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული მეორე კანონპროექტია, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. პირველის გაწვევა მთავრობას უკან მოუწია - რეგიონული განვითარების სამინისტროს დროებითი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან და საერთოდ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პირველ ვარიანტში, მდინარაძისთვის კიდევ ერთი სპეციალური თანამდებობის შექმნა იყო ჩაფიქრებული - სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში. მდინარაძის წასვლის შემდეგ გადაწყდა, რომ ეს პოსტი აღარ შეიქმნებოდა, რადგან შესაფერისი უნარების კანდიდატურა სხვა არავინ არსებობდა.
პირველი პროექტით - რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმება იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ - ისევ ძველ მეწყვილე უწყებაში დააბრუნეს.
ახალი რეგულაციების თანახმად:
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბდება.
- ახალი გაერთიანებული სამინისტრო იქნება ორივე ძველი სამინისტროს უფლებამონაცვლე.
- ორივე ძველი სამინისტროსა და მათი უწყებების სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
- სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციისა და ხელშეწყობის ფუნქცია არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არამედ მთავრობის ადმინისტრაციას ექნება.
სტრუქტურული ცვლილებების პირველი პროექტით, სახელმწიფო უწყებებთან და სტრუქტურებს შორის მაკოორდინირებელი ფუნქცია უნდა შეესრულებინა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც აღარ შეიქმნება.
ასევე ნახეთ
არ არის მდინარაძე, არ იქნება ახალი პოსტი - როგორ იცვლება „ქართული ოცნების“ გეგმებიშერწყმულ სტრუქტურაში თანამშრომლების, დასაქმებულების ბედს კომისია გადაწყვეტს.
როგორც საპარლამენტო განხილვების პროცედურების დროს ახსნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა:
- რეგიონული განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს, პირველ რიგში, ტოლფასი თანამდებობები უნდა შესთავაზონ;
- ტოლფასი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში - „უფრო დაბალი ან მსგავსი“ თანამდებობები;
- ხოლო „თუ ვერ მოხდა შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება ან ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში“ - საჯარო მოხელეებს გადაუხდიან კომპენსაციას და შესთავაზებენ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში საჯარო სამსახურების ვაკანტურ თანამდებობებზე.
საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებულებს.
16 სექტემბერს დამტკიცებული ახალი კანონის თანახმად, „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში”.
ახალი კანონის ჩანაწერის მიხედვით, დასაქმებისთვის შექმნილი კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს “საჯარო მოხელის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მისი ფუნქციების, მოვალეობებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით".
რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის აპრილში გამოეყო.
2025 წლის 2 აპრილს, “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს შესთავაზა. 4 აპრილს კი კობახიძემ განაცხადა, რომ “განსხვავებული მიდგომების” გამო ლილუაშვილი აღარ დაიკავებდა ამ თანამდებობას.
ლილუაშვილი ამჟამად დაჭერილია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო; მისი სახლი 2025 წლის ოქტომბერში გაჩხრიკეს, დეკემბერში კი ის დააკავეს.
2026 წლის 26 ივლისს, რეგიონული განვითარების მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. მაშინ ითქვა, რომ მინისტრად ის სექტემბრის პირველ კვირამდე იმუშავებდა, რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებამდე; ამასობაში კი მისთვის ახალი პოსტი შეიქმნებოდა. მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლამ მთავრობის ეს გეგმები სრულად არია.