ირანში მიმდინარე ომმა და ამის შედეგად წარმოქმნილმა ეკონომიკურმა შოკმა შესაძლოა კვლავ გააღვივოს ჩინეთის ინტერესი დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული პროექტის მიმართ, რომელიც რუსეთიდან გაზის იმპორტს ისახავდა მიზნად. ამან შეიძლება შეცვალოს პეკინის ენერგეტიკული სტრატეგია.
მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და შეწყდა სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტი, პეკინს ემუქრება წვდომის დაკარგვა დაბალფასიან ირანულ ნავთობზე და ხანგრძლივი არასტაბილურობა ბაზარზე. ეს, თავის მხრივ, ჩინეთს აიძულებს, გადახედოს თავის დამოკიდებულებას ენერგომატარებლების ამ მიმართულებაზე, რაზეც მოდის მისი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 40% და გათხევადებული ბუნებრივი აირის 30%.
ასეთმა ზეწოლამ შესაძლოა კვლავ განაახლოს მოლაპარაკებები გაზის პროექტ „ციმბირის ძალა-2“-ზე - 2600-კილომეტრიან მილსადენზე, რომელიც ჩრდილოეთ რუსეთიდან, იამალის ნახევარკუნძულიდან, მონღოლეთის გავლით გადატუმბავდა გაზს ჩინეთამდე, ვინაიდან პეკინი ფიქრობს, შეცვალოს თუ არა ენერგომატარებლების ზღვით ტრანსპორტირებაზე დამოკიდებულება.
ასევე ნახეთ ირანი ჰორმუზის სრუტის დაკეტვას ცდილობს და ნავთობის ფასის 200 დოლარამდე გაზრდით იმუქრება„ცხადია, ამის გამო „ციმბირის ძალა-2-ის პროექტი კვლავაც რჩება მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ უთხრა რადიო თავისუფლებას კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ერიკა დაუნსმა. „კატარიდან მიწოდების შეფერხების პირობებში სავარაუდოა, რომ გაიზრდება ჩინეთის ინტერესი ბუნებრივი აირის სახმელეთო გზით იმპორტის მიმართ“.
კატარი, რომელზეც მსოფლიოში გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოების ერთი მეხუთედი მოდის და რომელიც 2025 წელს ჩინეთის მიერ ამ აირის იმპორტის 28%-ს უზრუნველყოფდა, იძულებული გახდა, შეეწყვიტა ექსპორტი მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა აშშ-ისა და ისრაელის მიერ მის წინააღმდეგ თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის საპასუხოდ. მას შემდეგ ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კატარის გათხევადებული ბუნებრივი აირის გიგანტურ კომპლექს Ras Laffan-ზე, რამაც აზიასა და ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და დაახლოებით ხუთ წლამდე ვადით გამოიყვანა მწყობრიდან ენერგოობიექტის სიმძლავრის 17%.
პროექტ „ციმბირის ძალა-2“-ის გარშემო მრავალი წელია აზრთა სხვადასხვაობაა მისი მიზანშეწონილობისა და ფლობის პირობების თაობაზე, ასევე ჩინეთის შიშის გამო, რომ ის ენერგომატარებლების იმპორტში შეიძლება ძალიან დამოკიდებული გახდეს რუსეთზე. მაგრამ კონფლიქტის გაფართოებამ და კატარში გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოებაში ხანგრძლივმა შეფერხებებმა შესაძლოა პეკინი აიძულოს, გადახედოს თავის სტრატეგიას გაზის იმპორტის სფეროში.
„რაც უფრო ხანგრძლივი იქნება [მიწოდებაში] შეფერხებები, მით უფრო მიმზიდველი გამოჩნდება „ციმბირის ძალა-2“-ის პროექტი,“ თქვა დაუნსმა.
ოცნება თუ თამაშში დაბრუნება?
როცა მარტის დამდეგს ჩინეთმა გამოაქვეყნა თავისი უკანასკნელი ხუთწლიანი გეგმა, რომელშიც მოცემულია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური სტრატეგია 2026-2030 წლებისთვის, დოკუმენტი შეიცავდა მოწოდებას, რომ ჩინეთმა „განავითაროს ჩინეთ-რუსეთის გაზსადენის ცენტრალური მარშრუტის მოსამზადებელი სამუშაოები“ - ფორმულირება, რომელშიც ბაზრის ზოგიერთმა სპეციალისტმა ამოიკითხა „ციმბირის ძალა-2“-ზე პირდაპირი მინიშნება.
ახალი ევრაზიული სტრატეგიების ცენტრის მკვლევარმა ალექსეი ჩიგადაევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტრატეგიულ დოკუმენტში ასეთი ხსენება ჩინეთის მხრიდან „მნიშვნელოვანი სიგნალია“ მაშინ, როცა ირანში ომი წარმოაჩენს, გაზის სფეროში კვლავაც რამდენად ძლიერადაა კონცენტრირებული ჩინეთის უსაფრთხოება საზღვაო მარშრუტებზე.
ამ სიგნალამდე The Wall Street Journal-მა, რომელიც ეყრდნობოდა წყაროებს „პეკინში გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაახლოებულ“ წყაროებს, ირანსა და ისრაელს შორის 2025 წლის ივნისის 12-დღიანი ომის შემდეგ გამოაქვეყნა რეპორტჟი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ მოკლე კონფლიქტმა ჩინეთის პოლიტიკოსებს უკვე უბიძგა იმისკენ, რომ რუსეთის მილსადენის ვარიანტი უფრო სიცოცხლისუნარიანად განეხილათ.
„ციმბირის ძალა-2“-ის მომავალი ასევე მოხვდა პრესის ფურცლებზე 2025 წლის სექტემბერში, როცა რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“, გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მილერმა გამოაცხადა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის მიღწეულია იურიდიული ძალის მქონე მემორანდუმი გაზსადენის თაობაზე.
მაგრამ დოკუმენტი არ არის „მწვანე შუქი“ ამბიციური მრავალმილიარდიანი პროექტისთვის და მრავალი საკვანძო დეტალი, რომლებმაც შეიძლება განსაზღვროს მისი მომავალი, - როგორიცაა გაზის ფასი; გაზის მოცულობა, რომელიც გაივლის გაზსადენში; ვინ გაიღებს მისი მშენებლობის საფასურს, - გადაუწყვეტელი რჩება.
ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლები ამ განცხადების შემდეგ დემონსტრაციულად დუმდნენ. სახელმწიფო მედიასაშუალებები მოლაპარაკებებს ახსენებდნენ მხოლოდ რუსეთის ან საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით. როცა სი ძინპინი, ვლადიმირ პუტინი და მონღოლეთის პრეზიდენტი უხნააგიინ ხურელსუხი შეხვდნენ ერთმანეთს პეკინში 2025 წელს, ჩინეთის მედია იმოწმებდა სი ძინპინის მხოლოდ იმ სიტყვებს, რომ „მყარი ურთიერთკავშირი“ პრიორიტეტად უნდა იქცეს სამ ქვეყანას შორის მომავალ ურთიერთობებში.
მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში ექცეოდა ჩიხში და ისევ ახლდებოდა. პეკინი დივერსიფიკაციისკენ ისწრაფოდა, რათა ზედმეტად დამოკიდებული არ ყოფილიყო რომელიმე ერთ მიმწოდებელზე.
ასევე ნახეთ ანაკლიის პორტი, წყალქვეშა კაბელი, "ტრამპის მარშრუტი" - რამდენად მყარია საქართველოს პოზიციები "შუა დერეფანში"რუსეთი უკვე არის ჩინეთში მილსადენით ტრანსპორტირებული გაზის უდიდესი ექსპორტიორი პროექტ „ციმბირის ძალა-1“-ის წყალობით, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა 30-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში და რომლის ღირებულება 400 მილიარდი დოლარია. დღეისთვის რუსეთი არის ჩინეთისთვის გათხევადებული ბუნებრივი აირის სიდიდით მესამე მიმწოდებელი ავსტრალიისა და კატარის შემდეგ.
ეს პროექტი მოსკოვისთვის უფრო აქტუალური იყო, ვიდრე პეკინისთვის. რუსეთმა თავისი უდიდესი ენერგეტიკული ბაზარი დაკარგა, როცა გაზის ექსპორტმა კოლაფსი განიცადა მას შემდეგ, რაც ევროპაში გაზის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2022 წელს. კრემლს იმედი აქვს, რომ ეს გაზსადენი ნაწილობრივ მაინც შეძლებს დანაკარგების კომპენსირებას.
მაგრამ ჰორმუზის სრუტის კრიზისმა, რომელიც ირანში ომითაა გამოწვეული, შეიძლება შეცვალოს ეს გათვლები.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გარიგების მისაღწევად კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორ ფაქტორს: პეკინი მოითხოვს, რომ გაზი შეისყიდოს იმ ფასებში, რომლებიც ახლოსაა რუსეთის საკუთარ, ძლიერ სუბსიდირებულ შიდა ფასებთან. ასევე ის ცდილობს, იკისროს ვალდებულება დაგეგმილი წლიური გამტარუნარიანობის, 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის, მხოლოდ 50 პროცენტზე, რაც ბევრად უფრო ნაკლებია მოცულობაზე, რაც ჩვეულებრივ 80 პროცენტია ხოლმე.
თუ მოსკოვი ორივე მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს, მილსადენი პეკინისთვის უსაფრთხოების უფრო მიმზიდველ საშუალებად იქცევა. მაგრამ ამ დათმობების სანაცვლოდ პეკინს შეიძლება მოუწიოს სამშენებლო ხარჯების უფრო დიდი ნაწილის გაწევა. თუმცა ამან შეიძლება კიდევ ერთი წინაღობა გააჩინოს, ვინაიდან პეკინი ასეთ შემთხვევაში ალბათ საკუთრების უფრო დიდ წილს დაეუფლება.
„რუსეთის ეკონომიკა ამჟამად ცუდ მდგომარეობაშია და გაურკვეველია, სად იშოვის მოსკოვი უზარმაზარ თანხას, რომელიც პროექტისთვის არის საჭირო,“ თქვა ჩიგადაევმა.
ჩინეთის დილემა მეტი რუსული გაზის გამო
ჯერჯერობით ჩინეთმა გაუძლო ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის ყველაზე ძლიერ რყევებს. ეს მან შეძლო იმპორტის დივერსიფიკაციით, ქვეყნის შიგნით მოთხოვნის ვარდნითა და სტრატეგიული რეზერვებით.
კომპანია Kpler-ის თანახმად, რომელიც საქონლის ბაზრებს იკვლევს, ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა 2025 წლის ბოლოსთვის 1,2-დან 1,4 მილიარდ ბარელ ნავთობამდე დააგროვეს, რაც შეიძლება სამი თვისთვის იყოს საკმარისი. ასევე მოელიან, რომ ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იმპორტის ნაკადის შესანარჩუნებლად მიმართავენ ირანისა და რუსეთის ნავთობს, რომელიც მთელი აზიის მასშტაბით ინახება მცურავ საცავებში.
Rhodium Group-ის მიერ 2025 წლის ივლისში ჩატარებულ კვლევაში გამოიანგარიშეს, რომ ჩინეთში ელექტრომობილების მზარდი პარკი ქვეყანაში ნავთობზე მოთხოვნას დღეში 1 მილიონი ბარელით ამცირებს. სავარაუდოდ, ეს დონე დღეში კიდევ 600 ათასი ბარელით მოიმატებს შემდგომი წლის განმავლობაში. ასევე სავარაუდოა, რომ პეკინი დააჩქარებს თავის ძალისხმევას, ენერგეტიკულად უფრო თვითკმარი გახდეს შინ მეტი ნავთობისა და გაზის მოპოვების, მაგრამ ასევე თავის ენერგეტიკულ სისტემაში ნამარხ ენერგომატარებლებზე სრული უარის თქმის ხარჯზე. ამასობაში სახმელეთო მილსადენით მიღებული გაზი ჩინეთს შექმნილი ვითარებიდან პოტენციურ გამოსავალს სთავაზობს.
ასევე ნახეთ ირანი ნავთობპროდუქტების გაძვირებას ცდილობს - რა მოხდება საქართველოში?პროექტ „ციმბირის ძალა-2“-ის გარდა ჩინეთი თურქმენეთისკენაც იყურება. ცენტრალური აზიის ამ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, რომელიც დღემდე უზარმაზარ ძალაუფლებას ინარჩუნებს ხელისუფლების საგანგებო სტრუქტურის მეშვეობით, გაზის მოპოვების გაზრდის გეგმებზე განაცხადა 21 მარტს პეკინში სი ძინპინთან შეხვედრისას.
თურქმენეთი უკვე არის ჩინეთში ბუნებრივი აირის მსხვილი მიმწოდებელი მილსადენით და ბერდიმუხამედოვმა ენერგეტიკულ კომპანია „თურქმენგაზს“ უფლება მიანიჭა, ჩინეთის ეროვნული ნავთობკორპორაციის (CNPC) შვილობილ კომპანიასთან გააფორმოს კონტრაქტი გაზის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის მშენებლობაზე, რომლის სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
პროექტ „ციმბირის ძალა-2“-ის გარდა არის ასევე რუსეთ-ჩინეთის შორეული აღმოსავლეთის გაზსადენი, რომლითაც გათვალისწინებულია წელიწადში 12 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება კუნძულ სახალინიდან. ის 2027 წლის იანვარში უნდა ამოქმედდეს.
ეს ჩინეთს აძლევს მოკლევადიან ვარიანტებს იმ პირობებში, როცა ის ენერგომატარებლების მიწოდებაში შეფერხებების წინაშე დგას და მოსკოვთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
„ყველაფერი დაიყვანება ფასზე და მოცულობაში მოქნილობაზე,“ თქვა დაუნსმა. „თუ მოსკოვი პეკინს დასთანხმდება, მაშინ წარმომიდგენია, რომ „ციმბირის ძალა-2“ შეიძლება ჩინეთისთვის მიწოდების მიმზიდველ სარეზერვო წყაროდ იქცეს“.