იცით რა ხდება გუდიაშვილზე?

ავტორი: ცირა გურგენიძე

„გუდიაშვილი გელოდება“ ასე ქვია ფესტივალს, რომელიც დღეს, 9 მაისს ჩატარდა და რომლის მეშვეობითაც ორგანიზატორებს საზოგადოების ყურადღების მიქცევა უნდათ.

გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს რესტავრაცია და არა რემონტი, რასაც 12 წლის მანძილზე ვითხოვდით“, - ამბობს გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ წევრი და ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ცირა ელისაშვილი.

თბილისის ამ ისტორიულ უბანში რესტავრაცია ამჟამად „ICOMOS საქართველოს“ ("ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტი") პროექტით მიმდინარეობს, სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნის გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმაც.

"ტფილისის ჰამქრის" წევრის თქმით, არქეოლოგიური თვალსაზრისით გუდიაშვილის მოედნის სათანადო კვლევა დღესდღეობით არ არსებობს, თუმცა ეს პროცესი ჯერ წინ არის.

"სამწუხაროდ, არქეოლოგიური კვლევის საკითხი ჯერ კიდევ პრობლემურია, თუმცა მიმდინარეობს არქეოლოგიური ზედამხედველობა. თუ ვამბობთ, რომ აღმოჩენილი კერამიკული მასალა მოიცავს პერიოდს შუა საუკუნეებიდან გვიან შუა საუკუნეებამდე, ეს არის 10 საუკუნე და კვლევამ უნდა დაადგენოს, რომელი მასალა კონკრეტულად რომელ პერიოდს ეკუთვნის“, - ამბობს ცირა ელისაშვილი.

არქეოლოგი ლანა ჩოლოგაური გვეუბნება, რომ გუდიაშვილის მოედანზე არქეოლოგიური ფენები აღმოჩენილია თანამედროვე მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 4 მეტრზე უფრო ღრმად, XIX-XX საუკუნის სახლების სარდაფებში.

„გვხვდება XVI-XVIII საუკუნის სამეურნეო-საწარმოო დანიშნულების შენობები, სამურნეო ორმოები, თონე და კერამიკის გამოსაწვავი ქურაც. ეს აღმოჩენები დაახლოებით 1 წლის წინ გამოვლინდა. ახლა ვცდილობთ, რომ გავამაგროთ და კონსერვაცია გავუკეთოთ ამ ყველაფერს“, - ამბობს ლანა ჩოლოგაური.

გუდიაშვილის მოედანს დაახლოებით 600-წლოვანი ისტორია აქვს. ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორები ჯერ კიდევ 2007 წლიდან აპროტესტებდნენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტს. მათ მიაჩნდათ, რომ იმ წლებშის პროექტები გაანადგურებდა გუდიაშვილის მოედანსა და მის ტერიტორიაზე არსებულ ათობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე პორცესებს „ტფილისის ჰამქარი“ „ICOMOS საქართველოსთან" ერთად სისტემატურად აკვირდება.