კავკასიის გამქრალი მრავალფეროვნება ადოლფ დირის ფოტოებში

ლიტერატურის მუზეუმში ცოტა ხნის წინ გაიხსნა თავის დროზე ძალიან ცნობილი ენათმეცნიერის და ეთნოლოგის, ადოლფ დირის ფოტოგამოფენა, რომელიც ასი წლის წინ საქართველოსა და კავკასიაში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო და კავკასია ადოლფ დირის ფოტოებში

ადოლფ დირი, რომლის დამსახურებაც განსაკუთრებით დიდია კავკასიური ენების შესწავლის საქმეში და მას, როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მოგვითხრობს, 13-მდე ენის გრამატიკაც აქვს დაწერილი, საქართველოში პირველად 1900 წელს მოხვდა და როგორც შემდგომ თავადაც წერდა, კავკასია მისთვის "დიდ ენათმეცნიერულ ლაბორატორიად" იქცა. ეს კი გახდა მიზეზი იმისა, რომ დირი აქ რამდენიმე წლით დარჩა და იმუშავა.

ეს იყო 1903-1913 წლები, რის შემდეგაც დირი მიუნხენში დაბრუნდა და იქაურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაგრძო მუშაობა - დღეს ამ მუზეუმს ხუთი კონტინენტის მუზეუმი ჰქვია და დირის ფოტოკოლექციაც სწორედ იქ ინახება.

„მას ძალიან ეადვილებოდა ენების სწავლა, ჯერ თბილისში იყო, შემდეგ დაღესტნის დედაქალაქში, მაშინდელ თემირ-ხან-შურაში, რომელსავ მერე რევოლუციონერის სახელი დაარქვეს და ახლა ბუინაგსკი ჰქვია, იქაც და შემდეგ თბილისშიც, გერმანულის და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ჩვენს კავკასიურ მუზეუმთანაც თანამშრომლობდა, რომელიც დღეს ჩვენი ისტორიული მუზეუმია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს და სადაც, დირის აქ ყოფნის დროს, თბილისში იყო კიდევ ერთი საინტერესო გერმანელი, კოსტიუმების მხატვარი მაქს ტილკე, რომელმაც გააკეთა ალბომი, რომლეშიც თითქმის ყველა კავკასიელი ერის კოსტიუმები გააერთიანა“, - მოგვითხრობს ლაშა ბაქრაძე.

დაღესტნელები ბავშვებთან ერთად

მაგრამ ადოლფ დირის ფოტოების საქართველოში ჩამოტანას ცალკე ისტორია აქვს.

დაახლოებით 20 წლის წინ, დრეზდენელი ეთნოგრაფის, ბრუნო იორიგის სტატიაში ლაშა ბაქრაძე წააწყდა ცნობას, რომ ამ კაცს, ადოლფ დირს, რომელიც ლაშას ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ თავის დისერტაციაშიც ჰყავდა ნახსენები, ფოტოებიც ჰქონია გადაღებული - კერძოდ, მთელი კოლექცია კავკასიასა და საქართველოში გადაღებული ფოტოებისა.

იმ ჯერზე მიუნხენის მუზეუმში მისულმა ლაშა ბაქრაძემ ეს ფოტოები იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ ნახა, რომ ისინი დაბეჭდილიც კი არ იყო - შენახული იყო მხოლოდ ნეგატივებზე, შუშაზე და ა.შ. მხოლოდ წლების შემდეგ, გოეთეს ინსტიტუტის თანადგომით და ცხადია, მიუნხენის მუზეუმის დახმარებითაც, ეს ფოტოები საგანგებოდ გაციფრულდა საქართველოში გამოსაფენად - არჩევით კი ისინი თავად ლაშა ბაქრაძემ აარჩია. ასე იქცა ლაშა ბაქრაძის იდეა და სურვილი - რეალობად.

დიდოელები

„ადოლფ დირისათვის საინტერესო იყო კავკასიის მრავალფეროვნება. თვითონ წერს წერილში, ეს მრავალფეროვნება მალე გაქრება და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამის ფიქსაციაო. ამიტომ დადიოდა და აგროვებდა საინტერესო საგნებსაც, რომლებიც შემდეგ მიუნხენის მუზეუმში (და ნაწილი ბერლინის მუზეუმში) მოხვდა. ასევე იღებდა ფოტოებს და ეს ფოტოები არის ხაზგასმით ეთნოგრაფიული ხასიათის. მას აინტერესებს ადამიანების სახეები, რა აცვიათ, რა აქსესუარები აქვთ. აინტერესებს მათი ყოფა და ეს გვაჩვენებს მართლაც აღარარსებულ მრავალფეროვნებას კავკასიისას. კი, მართალია, ახლაც არსებობენ ეს ხალხები, ეთნიკური ჯგუფები, მაგრამ ის ტანსაცმელი, რომელიც მაშინ აბსოლუტურად ბუნებრივად ეცვათ ამ ადამიანებს და ეს მათი ყოველდღიურობა იყო, დღეს ცხადია აღარ არსებობს“, - გვიამბობს ლაშა ბაქრაძე.

ადოლფ დირი, მეგრელი

მაგალითად, ადოლფ დირი სპეციალურად ჩავიდა იმ ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან, რომლებიც დღეს საერთოდ აღარ არსებობენ - უბიხებთან და მათი ყოფაც ფოტოებით შემოუნახა ისტორიას.

საქართველოში გადაღებული ფოტოები არ არის ძალიან ბევრი. ყველაზე მეტი ფოტო - ბათუმის ოლქშია გადაღებული, თუმცა, როგორც ლაშა ბაქრაძე შენიშნავს, ბათუმის ოლქი და აჭარა არ არის ამ შემთხვევაში ერთი და იგივე, რადგან ოლქში ის ტერიტორიებიც მოიაზრება, რომლებიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია.

ინგილო

„ერთი მშვენიერი ფოტოა ამ კოლექციში, სამეგრელოში გადაღებული, დირი მეგრულ ოჯახთან ერთად, სადაც მას იქაური ბავშვი უზის მუხლებზე. ჩანს, რომ ამ ოჯახში პირველად არ არის და ახლო ურთიერთობა უნდა აკავშირებდეთ, თუმცა, სამწუხაროდ, არ ვიცით, ვინ არიან ამ ფოტოზე. იმ დროისთვის თანამედროვედ კი გამოიყურებიან. და როგორც ჩანს, ვისთანაც დირს კონტაქტი ჰქონდა, ყველასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, რადგან მერეც, როცა უკვე ადოლფ დირი დამკვიდრდა მიუნხენში, კავკასიიდან ჩასულ სტუდენტებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მათ სახლშიც ეპატიჟებოდა ხოლმე“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ადოლფ დირის ფოტოები თბილისის გოეთეს ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, მისი დაფინანსებით, ფოტოალბომადაც გამოიცა. წიგნის გარეკანზე გამოტანილი ფოტოც არ არის შემთხვევითი - ის დაღესტნის სასაფლაოზეა გადაღებული, საფლავის ქვის გვერდით ევროპელი ან ევროპულ ტანსაცმელში ჩაცმული ქალი დგას - თუმცა ცხადია, უცნობია ვინ არის ეს ქალი.

სომეხი კაცი გორიდან

„ეს არის ის კავკასია, რომელიც აღარ არსებობს. ვერ ვიტყვით მაინცდამაინც ამ სიტყვას, რომ დავკარგეთ, რადგან ეს არის ბუნებრივი განვითარება. ერთი საუკუნე გავიდა და ძალიან ბევრი რამის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ალბათ, ეს შეუძლებელიც იქნებოდა. შეიძლება ამის გამოც, ამ წიგნის გარეკანზეც საფლავის ქვებია - თითქოს, ეს არის წარსული, რომელიც არასოდეს არც დაბრუნდება და არასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო დირის დროს. რისიც ეშინოდა დირს, რომ ეს სამყარო გაქრებაო, ასეც მოხდა. ასე რომ, ეს არის იმ კავკასიის სურათები, რომელიც დღეს აღარ არსებობს’, - უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

თუშები, ფარსმა, თუშეთი

მათ კი, ვისაც ასი წლის წინანდელი ქართველების და სხვა კავკასიელი ხალხების ცხოვრებაში სურთ მოგზაურობა, გამოფენა, რომელიც მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმში დაცული ადოლფ დირის ფოტოებს მოიცავს, ლიტერატურის მუზეუმში ჯერ კიდევ გრძელდება