მათ ავტორებს კანში ყოველთვის აფასებდნენ — კოძი ფუკადა 2016 წელს საუკეთესო რეჟისორად აღიარეს ფილმისთვის „ჰარმონიუმი“ (რომელიც კანის ფესტივალის პროგრამა „განსხვავებულ მზერაში“ იყო წარმოდგენილი), რიუსუკე ჰამაგუჩის „ჩემი მანქანა“ საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა, ხოლო ჰიროკაძუ კორეედა, „მაღაზიის ქურდების“ ავტორი, საერთოდაც „ოქროს პალმის“ ლაურეატია.
ფუკადას „ნაგის ჩანაწერები“ კანის 79-ე ფესტივალის საკონკურსო პროგრამის პირველივე სეანსზე უჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობის იაპონელი რეჟისორის ამ ფილმს მაღალი რეიტინგი არ აქვს, ჩემი აზრით, სწორედ „ნაგის ჩანაწერებია“ ამ იაპონურ სამეულში საუკეთესო... ფილმის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ „ნაგი“ ერთგვარი ეგზოტიკურობით სცოდავს (იაპონური სტილი კარგად „იყიდება“) და მეტისმეტად ტრადიციული ფორმა აქვს. არადა, კოძი ფუკადა თავის თავს ფრანგული კინოს კლასიკოსის, ერიკ რომერის მოწაფედ მიიჩნევს და თუკი მაინცდამაინც ნაკლის აღნიშვნა გვინდა, უფრო მეტად რომერის ეპიგონობა უნდა შევნიშნოთ და არა — იაპონური ეგზოტიკით კეკლუცობა. ერიკ რომერის ფილმების მსგავსად, „ნაგის ჩანაწერების“ მოქმედება პატარა, არაფრით გამორჩეულ ქალაქში ვითარდება. ნაგი, როგორც გარემო, უსახურია. მისი მნიშვნელობა, ალბათ, მხოლოდ ისაა, რომ აქ სამხედრო ბაზაა განლაგებული. ფილმის მთავარ გმირთან, მოქანდაკე ქალთან, სტუმრად ჩამოდის მისი ძმის უკვე ყოფილი ცოლი, პროფესიით არქიტექტორი. კრიზისის გადალახვის პროცესი, რომელსაც ფილმი ეძღვნება, ქალების დაახლოება და სოლიდარობა უაღრესად მოწყენილი, ერთფეროვანი ყოფის ფონზე და სულ ახლოს მიმდინარე სამხედრო წვრთნების ხმაურში, აუცილებლად გაგახსენებთ რომერის „შემოდგომის ზღაპარს“.
დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთიანი ძალით „შეუტევენ“ ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს კანის საკონკურსო პროგრამის მეორე იაპონურ ფილმში — „უეცრად“. ჰამაგუჩიმ ქრონომეტრაჟის ყველა სტანდარტი დაარღვია და ახალი ფილმის ხანგრძლივობა ოთხ საათამდე გაზარდა. შესაბამისად, არცერთი აქტუალური თემა არ დაუტოვებია ყურადღების მიღმა — თემა, რომელიც თანამედროვე ადამიანს აღელვებს როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. ფაქტობრივად, „უეცრად“ არის ფილმი-დისკუსია, თავისებური კოლექტიური მედიტაცია, რომელსაც ორი მთავარი „სოლისტი“ ქალი ჰყავს — ფრანგი (მოხუცებისთვის განკუთვნილი კლინიკის დირექტორი, ვირჯინ ეფირას შესრულებით) და იაპონელი (თეატრის რეჟისორი, რომლის როლსაც ცნობილი მოდელი ტაო ოკამოტო ასრულებს). ინტელექტუალური დიალოგები და თეატრალური პრაქტიკები ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ერთიანდება ავადმყოფი მოხუცების არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ მათი ღირსების (თუ სულის) გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ ჰამაგუჩის „უეცრად“ „ოქროს პალმის“ რეალური კანდიდატია, მაინც მგონია, რომ მას ის სისადავე და სიღრმე აკლია, რომელიც ამ რეჟისორის წინა ფილმს — „ბოროტება არ არსებობს“ — ჰქონდა.
ასევე ნახეთ
კანის კინოფესტივალი გაიხსნა: გართობა და საქმეჰიროკაძუ კორეედას ფილმს „ბატკანი ყუთში“ (ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ ერთგვარ კინემატოგრაფიულ ვარიაციას), ვფიქრობ, არანაირი შანსი არ აქვს, კანის კონკურსი მოიგოს. ეს მეტისმეტად „მეორადი“, ათასჯერ ნანახი ამბავია, რომელიც ახლო მომავალში ვითარდება. კორეედას ფილმში წარმატებული კომპანიები ჰუმანოიდების წარმოებას სწავლობენ და ფაქტობრივად მკვდრებს აცოცხლებენ. ცოლ-ქმარი, რომელსაც ბავშვი დაეღუპა, გადაწყვეტს „დაუკვეთოს“ გარდაცვლილი ბიჭუნას ასლი. ეგაა, რომ ნაშვილებ ჰუმანოიდს ზოგჯერ „დატენა“ და პულტით მართვა სჭირდება. თავიდან ეს ისტორია სახალისოდ მოგეჩვენებათ, თუმცა მალევე თავად ემსგავსება „დასაქოქ კინოს“ — სათამაშოს, რომლითაც ავტორები უბრალოდ გვართობენ. იმდენად, რომ „ბატკანი ყუთში“ დიდად აღარ განსხვავდება ფილმის მსოფლიო პრემიერის დღეს კანის სანაპიროზე გამართული ქუჩის პერფორმანსებისგან — დაქოქილი რობოტებითა და უზარმაზარი თოჯინებით.