კახეთში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს სხვადასხვა ფორმით ძალადობაში ადანაშაულებენ

ლაგოდეხი

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი თელავში, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა დამატებითი საარჩევნო შტაბები, რომელთა მიზანი ამომრჩეველზე ზეწოლაა.

Your browser doesn’t support HTML5

კახეთში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ძალადობაში ადანაშაულებენ

გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ამ შტატების მუშაობას ორგანიზებას უწევენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი თამაზ თამაზაშვილი. ოპოზიციის მტკიცებით, შტაბებში იბარებენ ადგილობრივ ბიზნესმენებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს და სხვა ამომრჩევლებს, მათგან მოითხოვენ, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ, ან საერთოდ არ მივიდნენ ხმის მისაცემად. ამასთან, გიორგი ბოტკოველს კონკრეტული ფაქტი არ მოუყვანია, თუმცა გვითხრა, რომ კონკრეტულ მაგალითებზე აუცილებლად ისაუბრებენ.

კახეთში ზეწოლის, მუქარის, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებზეა საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის განცხადებას „ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა, სიცრუე და ბოდვა“ უწოდა სალომე ზურაბიშვილის თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ბენო გეგეჭკორმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რომ იმ მეთოდებით მუშაობდეს, რასაც ოპოზიცია ამბობს, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. გეგეჭკორის თქმით, ოპოზიცია ტყუილით ცდილობს ძალადობას ადამიანების ცნობიერებაზე, რაც საარჩევნო პიარკამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს რეგიონებში, მათ შორის კახეთში ზეწოლის, მუქარის, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებზეა საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში, რომელიც მოიცავს პერიოდს 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით. კონკრეტულად კახეთის შესახებ ნათქვამია:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლები გააფრთხილა, თუ მათ საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, სამსახურებს დაემშვიდობებიან.

სიღნაღი

სიღნაღის სოფლებში იმართება პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეხვედრები სკოლების დირექტორებთან, საბავშვო ბაღების და სოფლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთმა ბიბლიოთეკარმა ორგანიზაციის დამკვირვებელს მოუყვა, რომ მას დაურეკა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა და უთხრა, რომ მისულიყო მერის წარმომადგენელთან და სწორედ ის მისცემდა კონკრეტულ დავალებას თუ როგორ უნდა ემოქმედა წინასაარჩევნოდ.

ლაგოდეხში ერთ-ერთმა ოჯახმა მიიღო შეთავაზება, რომ ზურაბიშვილისთვის მიცემულ თითო ხმაში ოჯახი მიიღებდა 50 ლარს. სხვა ოჯახმა კი მუნიციპალიტეტისგან დახმარების სახით მიიღო ჩვილის პამპერსები.

ამომრჩევლები, რომლებზეც სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა, ან მათი მოსყიდვა სცადეს, ამაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან.