კიევი "ორეშნიკით" თავდასხმის შემდეგ: დანგრეულია სახლები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოპერა, მუზეუმები და ეკლესიები

მეტროსადგურ "ლუკიანივსკასა" და სავაჭრო ცენტრ „კვადრატზე“ მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგები. კიევი. 2026 წლის 24 მაისი

რა მასშტაბის მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია 24 მაისის ღამეს უკრაინის დედაქალაქსა და რეგიონებზე მიტანილმა საჰაერო იერიშმა? კიევის მერის თანახმად, დაზიანებები ქალაქის ათივე რაიონში დაფიქსირდა. ორი ადამიანი დაიღუპა კიევში, ორიც - რეგიონებში, დაშავდა ასამდე ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

24 მაისის გამთენიისას განხორციელებული მასირებული საჰაერო თავდასხმა ერთ-ერთი უმსხვილესია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქზე. დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ სახლებზე, მეტროსადგურსა და ბაზარზე, ასევე კულტურისა და განათლების მრავალ დაწესებულებაზე.

ხანძარი ლიკვიდირებულია. იერიშის დაწყებამდე ამ შენობაში ხალხი ცხოვრობდა. კიევი. 2026 წლის 24 მაისი

24 მაისის დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა 4 ადამიანი (ორი კიევში და ორი ოლქში), ხოლო თითქმის 100 დაშავდა.

კიევი. 2026 წლის 24 მაისი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი.

მეხანძრე მუშაობს კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული საჰაერო დარტყმის ადგილზე. 2026 წლის 24 მაისი

40 დარტყმა კიევზე — დაიწვა ბაზარი და სავაჭრო ცენტრი (ფოტო)

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, აფეთქება და ნგრევა დაფიქსირდა 40-ზე მეტ ლოკაციაზე შევჩენკოს, დარნიცკის, დესნიანსკის, ობოლონისა და ჰოლოსიივის რაიონებში.

„მტრის მასირებული თავდასხმის შედეგად მარტო კიევში 81 ადამიანი დაშავდა. დაჭრილებს შორის სამი ბავშვია“, — განაცხადა საღამოსკენ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

მერის თქმით, საავადმყოფოებში რჩება 31 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, იერიშის მიტანის ადგილებში მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა სამაშველო-საევაკუაციო სამუშაოები. ფსიქოლოგებმა დახმარება გაუწიეს 247 ადამიანს.

იწვის მეტროსადგურ "ლუკიანივსკაზე" მდებარე სავაჭრო ცენტრი. კიევი. 2026 წ. 24 მაისი

მანამდე კიევის მერმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი დაიღუპა და 30 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი.

კიევის ყველა რაიონში ამ დრომდე მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია.

ეს არის ის, რაც დარჩა საცხოვრებელი სახლებიდან. კიევის შევჩენკოს რაიონი. 2026 წლის 24 მაისი

ერთ-ერთმა რაკეტამ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო გაანადგურა. აფეთქებების ადგილებში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

სახლი შევჩენკოს რაიონში. კიევი. 2026 წ. 24 მაისი

რუსული დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურდა სავაჭრო ცენტრი „კვადრატი“, რომელიც კიევის ცენტრში, მეტროსადგურ „ლუკიანივსკას“ ზემოთ მდებარეობდა.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა მეტროსადგურ „ლუკიანივსკას“ მიწისზედა ნაგებობებს. კიევი. 2026 წლის 24 მაისი

დაიწვა მის გვერდით მდებარე სასურსათო ბაზარიც.

ის, რაც ბაზრისგან დარჩა. კიევი. 2026 წ. 24 მაისი

საჰაერო განგაშის დროს „ლუკიანივსკას“, როგორც სხვა მეტროსადგურებს, ახლომდებარე კორპუსების მცხოვრებლები თავშესაფრად იყენებდნენ.

რადგან რუსეთის არმიამ მეტროსადგურის მიწისზედა ვესტიბიულსა და მის ზემოთ მდებარე სავაჭრო ცენტრს დაარტყა (რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა), ადამიანებმა საჰაერო განგაშის დასრულების შემდეგ ზემოთ ამოსვლა ვერ შეძლეს. მეტროპოლიტენმა ისინი მატარებლებით სხვა სადგურებში გადაიყვანა.

კიევის მეტროსადგურ „ლუკიანივსკას“ მიმდებარე ტერიტორია რუსეთის იერიშის შემდეგ. კიევი. 2026 წლის 24 მაისი

კიევის მეტროპოლიტენის ადმინისტრაცია აფრთხილებს კიეველებს, რომ დაზიანებების გამო სადგური „ლუკიანოვსკა“ გარკვეული დროის განმავლობაში ვერ მოემსახურება მგზავრებს.

ხოლო სადგურმა „ხრეშჩატიკმა“, რომელიც ასევე დროებით იყო დაკეტილი, მუშაობა უკვე განაახლა.

რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ჟურნალისტი ესაუბრა კიეველებს, რომლებიც რუსეთის იერიშს გადაურჩნენ:

„ორეშნიკით“ ეკლესიაზე

23-24 მაისს მოსალოდნელი მასირებული თავდასხმისა და ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენების საფრთხის შესახებ უკრაინის დაზვერვა, პრეზიდენტი ზელენსკი და აშშ-ის საელჩო იერიშის წინა დღეს ლაპარაკობდნენ.

23 მაისის ღამით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ იერიში მიიტანა ბილიი ცერკვიზე.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა იური იგნატმა. მისი თქმით, რაკეტა პოლიგონ „კაპუსტინ იარიდან“ გაუშვეს.

შედეგების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კიევის ცის დამცველი

„ძლიერი იერიში იყო — გამოყენებული იქნა სხვადასხვა ტიპის 90 რაკეტა, მათგან 36 ბალისტიკური. ასევე — 600 დრონი. სამწუხაროდ, ყველა ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. ყველაზე მეტი დარტყმა კიევზე მოდიოდა და სწორედ კიევი იყო ამ რუსული თავდასხმის მთავარი სამიზნე. პუტინს უკვე სიტყვა „ურას“ნორმალურად წარმოთქმაც აღარ შეუძლია — ბუტბუტებს, მაგრამ კვლავ რაკეტებით „ამარცხებს“ საცხოვრებელ სახლებს. სამი რუსული რაკეტა წყალმომარაგების ობიექტს მოხვდა, დაიწვა ბაზარი, დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ჩვეულებრივი სკოლა. „ორეშნიკიც“ კი ბილიი ცერკვის წინააღმდეგ გამოიყენეს“, — დაწერა ტელეგრამზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბალისტიკური რაკეტების (მათ შორის „ორეშნიკის“ ) გამოყენება. სამინისტროს განცხადებით, მასირებული კომბინირებული თავდასხმა განხორციელდა „უკრაინის სამხედრო მართვის ობიექტებზე, ავიაბაზებსა და სამხედრო მრეწველობის საწარმოებზე“. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ „ყველა დანიშნული სამიზნე განადგურდა“. თუმცა რეალურად რუსული ჭურვები საცხოვრებელ სახლებს, მეტროს, უნივერსიტეტებს, მუზეუმებსა და ეკლესიებს დაეცა.

საფრანგეთი გმობს რუსეთის მასირებულ თავდასხმასა და ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენებას, რაც, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, „რუსული აგრესიის შემდგომ ესკალაციასა და ჩიხში შესვლაზე“ მიუთითებს.

მისი თქმით, პარიზის მზადყოფნა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ყველაფერი გააკეთოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და გააძლიეროს ევროპის უსაფრთხოება, მხოლოდ ძლიერდება.

რუსეთის იერიშის შედეგი. კიევი. 2026 წ. 24 მაისი

იერიში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე, სკოლებზე, თეატრებსა და მუზეუმებზე

24 მაისის ღამეს რუსულმა არმიამ საჰაერო თავდასხმის დროს დააზიანა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, თეატრები, მუზეუმები, უნივერსიტეტები და ეკლესიები.

"შაჰედის" ფრაგმენტი სკოლის შენობასთან. კიევი. შევჩენკოს რაიონი. 2026 წ. 24 მაისი

უკრაინის კულტურის მინისტრმა ტატიანა ბერეჟნაიამ დაწერა, რომ 24 მაისის ღამეს კიევზე განხორციელებული რუსეთის მასირებული სარაკეტო-დრონული თავდასხმის შედეგად, კულტურისა და განათლების დაწესებულებებს, ომის მსვლელობის განმავლობაში, ყველაზე დიდი ზიანი მიადგა.

კერძოდ, დაზიანდა:

  • ეროვნული ფილარმონიის შენობა,
  • ეროვნული მუსიკალური აკადემია,
  • იაროსლავ ბრძენის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა,
  • „უკრაინული სახლი“,
  • პოდოლში მდებარე კიევის მუნიციპალური აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის („კიევის ოპერა“) შენობა,
  • ეროვნული სამხატვრო მუზეუმი,
  • არქიტექტურის მრავალი ძეგლი.

დაზიანდა უკრაინის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი. კიევი. 2026 წლის 24 მაისი

„ღამით რუსეთმა კიევზე მიიტანა იერიში. აფეთქების ტალღის შედეგად ზიანი მიადგა უკრაინის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმს. მუზეუმის კოლექცია და თანამშრომლები არ დაზარალებულან“, — ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

დაზიანდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაც.

უწყების ხელმძღვანელმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ ახლომახლო აფეთქებების შედეგად „ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, რომელიც 1939 წელს იოსიფ ლანგბარდმა ააგო, პირველად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.

სიბიჰამ საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„ჩვენს მოკავშირეებს მინდა ვუთხრა: დროა, უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევა გაორმაგდეს. ჩვენ მოვუწოდებთ დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების გამოყოფისკენ, განსაკუთრებით ჩვენი ცის დასაცავად; მოვუწოდებთ ჩვენს თავდაცვით ინდუსტრიაში ინვესტიციების გაზრდისკენ; რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ, მათ შორის რუსი მებრძოლებისთვის შესვლის აკრძალვისა და გაყინული აქტივების სრულად გამოყენების გზით; ასევე — უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადამწყვეტი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ“, — დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ასევე ეროვნული მუზეუმი „ჩერნობილი“, — ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა ჩერნობილის ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ ემელიანენკომ. დაზიანებული მუზეუმი ადგილზე დაათვალიერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჩერნობილის ეროვნული მუზეუმი რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა. კიევი. 2026 წლის 24 მაისი

ჩერნობილის ეროვნული მუზეუმი იერიშის შემდეგ. კიევი. 2026 წლის 24 მაისი

უკრაინის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოსთან ერთად პირადად დაათვალიერა კიევში რუსული იერიშების შედეგად დაზიანებული ადგილები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო. კიევი, შევჩენკოვკოს რაიონი, უკრაინა. 2026 წლის 24 მაისი

რუსულმა სარაკეტო დარტყმამ დაანგრია შენობა, რომელიც დომინიკელთა მონასტრისა და წმინდა თომა აკვინელის რელიგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მახლობლად მდებარეობდა, — განაცხადა დომინიკელმა მღვდელმა იაროსლავ კრავეცმა.

აფეთქების ტალღამ და ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა დააზიანეს პოდოლში მდებარე ქრისტესშობის ეკლესიაც.

რუსეთის იერიშის შემდეგ კვამლში გახვეული კიევი. 2026 წ. 24 მაისი

კიევის ოლქი

რუსეთის კომბინირებული მასირებული საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევის ოლქის 7 რაიონში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბუჩისა და ობუხოვის რაიონებში ორი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა, მათ შორის — ჩვილი.

რუსული თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძარი კიევის ოლქში 2026 წლის 24 მაისს

ბელოცერკვის რაიონში დაზიანდა ავტოფარეხების კოოპერატივი და საწარმოს შენობა.

კიევის ოლქი

რით შეუტიეს რუსებმა და რის ჩამოგდება მოხერხდა?

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე შეტევა 600 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების 90 რაკეტით განახორციელა, იერიშის მთავარი მიმართულება კი კიევი იყო.

მათივე ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა:

  • საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ (გაშვების ადგილი კაპუსტინ იარი, ასტრახანის ოლქი);
  • ორი აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 „კინჟალი“ (ლიპეცკის ოლქიდან);
  • სამი საზენიტო რაკეტა 3М22 „ცირკონი“ (ოკუპირებული ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან);
  • 30 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-М/С-400“ (ბრიანსკიდან, კურსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან);
  • 54 ფრთოსანი რაკეტა Х-101/„ისკანდერ-К“/„კალიბრი“ (ვოლოგდისა და კურსკის ოლქებიდან და შავი ზღვის აკვატორიიდან);
  • 600 მოიერიშე უპილოტო აპარატი სხვადასხვა ტიპის.


წინასწარი მონაცემებით, 24 მაისის დილის 09:30 საათისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 604 სამიზნის განეიტრალება შეძლო — მათ შორის 11 ბალისტიკური რაკეტის, 44 ფრთოსანი რაკეტის და 549 უპილოტო აპარატის.

უკრაინელი სამხედროების თქმით, 19 რუსულმა რაკეტამ, სავარაუდოდ, მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა დაფიქსირდა 16 რაკეტისა და 51 მოიერიშე დრონის აფეთქება 54 ლოკაციაზე. ასევე, 23 ლოკაციაზე გარკვეული დაზიანება გამოიწვიეს ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა.

აქ იყო ლუკიანივსკის ბაზარი. კიევი. 2026 წლის 24 მაისის დილა

მხოლოდ კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საერთო საცხოვრებელი და სავაჭრო ცენტრი.

რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ფოტოკორესპონდენტები, სერგეი ნუჟნენკო და მარიან კუშნირი, მთელი ღამის განმავლობაში აფიქსირებდნენ კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგებს.

ხარკოვის ოლქი, ბოგოდუხოვი

ბოგოდუხოვი რუსული მოიერიშე დრონების თავდასხმის ქვეშ მოექცა. დილის 10:45 საათისთვის ცნობილი იყო 12 დაშავებულის შესახებ, — განაცხადა საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა.

მისი თქმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს შვიდი ადამიანი.

ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს ასევე 28 წლის მამაკაცს, 51 წლის ქალსა და 24 წლის მამაკაცს.

გასული დღის განმავლობაში მტრის დარტყმების ქვეშ მოექცა ხარკოვის ოლქის 20 დასახლებული პუნქტი.

23 მაისს რუსეთის თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 9 ადამიანმა, გაჩნდა ხანძრები. დაზიანდა 9 ავტომობილი, ფოსტის შენობა, სასტუმრო, კაფე, სასწავლო დაწესებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სპორტული ობიექტი, — განაცხადა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთის იერიშის შედეგები. ბალაკლავა, ხარკოვის ოლქი. 2026 წლის 23 მაისი

პოლტავის ოლქი

პოლტავის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზედიზედ ორი დღის განმავლობაში იერიში მიიტანეს მირგოროდის რაიონში მდებარე ორ სამრეწველო ობიექტზე, — იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ტელეგრამზე.

უწყების ინფორმაციით, ხანძრები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა, თუმცა ყველა კერა ლიკვიდირებულია. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრეები ცდილობენ რუსეთის იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. პოლტავის ოლქი. 2026 წლის 24 მაისი

პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი დიაკოვნიჩმა ასევე განაცხადა, რომ ღამით რუსულმა დრონმა მირგოროდის რაიონში ერთ-ერთ კერძო საწარმოს დაარტყა.

ჩერკასებში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე დრონის იერიშის შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, — განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ისინი მიზანმიმართული ხასიათისაა. მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების დაბომბვა, ადამიანებისთვის ელექტროენერგიის, გათბობის, წყლის, კავშირის, სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პირობების წასართმევად, გენოციდურ ქმედებებად განიხილება. რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ რუსეთის არმია სრულმასშტაბიანი ომის დროს მიზანმიმართულად უტევს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს საავადმყოფოებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებს.