კობა ნადირაძე: "სერიოზულ გამოწვევად რჩება მისაწვდომობის სტანდარტები"

კობა ნადირაძე, სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების მონიტორინგის საბჭოს წევრი

4 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრები" ტელეფონით გაესაუბრა კობა ნადირაძეს, სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების მონიტორინგის საბჭოს წევრს. 4 წელი შესრულდა, რაც საქართველომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაცია. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტიანია მისი განხორციელება, პირველ რიგში კი - კანონმდებლობის მისადაგება აღნიშნულ კონვენციასთან. კობა ნადირაძის თქმით, ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიკაციის წესი. დღემდე შშმ პირის სტატუსის დადგენა ხდება სამედიცინო მიდგომით, მხოლოდ დიაგნოზით. კობა ნადირაძის განმარტებით, საერთაშორისო კონვენცია გვავალებს, რომ სტატუსის დადგენის მიდგომები შეიცვალოს, ინდიკატორებად გამოყენებული იყოს სოციალური მიდგომები. მხოლოდ დიაგნოზით სტატუსის განსაზღვრა ერთი მხრივ ამცირებს ასეთ პირთა რაოდენობას, მეორე მხრივ კი აფერხებს სახელმწიფოს მიერ ადეკვატური პოლიტიკის განხორციელებას. გაეროს კონვენციის განხორციელებისთვის აუცილებელია მისი ინსტიტუციონალიზაცია. 5 მაისს ევროპაში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ამ დღეს ყურადღება მახვილდება ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის. ევროპის ბევრ ქვეყანაში შშმ პირები საერთოდ ვერ ან არასრულფასოვნად მონაწილეობენ ქვეყნის ცხოვრებაში. გაეროს კონვენციით სახელმწიფომ უნდა შექმნას უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც საჭირო რეფორმების გატარებაზე იზრუნებს. კობა ნადირაძის თქმით, შშმ პირებს სახელმწიფოსგან ძირითადად აქვთ სამედიცინო სახის სარგებელი. რაც შეეხება ასეთ პირთა დასაქმების ხელშეწყობას, სახალხო დამცველის ინფორმაციით, "საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55–ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. უკიდურესად მწირია კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც, კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა 2017 წელს მხოლოდ 101 შეადგენდა". კობა ნადირაძის თქმით, შშმ პირების დასაქმების პროგრამის შექმნაში არ იყვნენ ჩართულები თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ამითაც ხსნის მის არაეფექტიანობას. "დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს აგრეთვე გარემოს მისაწვდომობის შესახებ ეფექტიანი კანონმდებლობის მიღების საჭიროებაზე.

Your browser doesn’t support HTML5

კობა ნადირაძე შშმ პირების უფლებებზე