შულეიკასთვის, - ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მსგავსად, - ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს აქვთ ფინანსური სანქციები დაწესებული.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, კობახიძემ და შულეიკამ ისაუბრეს „ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე“.
„პარტნიორობა“, „სტაბილურობა“ - საუბრის დეტალები
ამავე წყაროს თანახმად, მხარეებმა განიხილეს „ორმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში“.
„ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით“, - წერია შეხვედრის შესახებ მოკლე ცნობაში.
ამასთან, აღნიშნეს „საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის თვალსაზრისით“.
საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ბოლო, მეექვსე სხდომა 2020 წლის თებერვალში გაიმართა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში.
ირაკლი კობახიძის ცნობით, მათ ისაუბრეს „ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასა და საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე“.
ჯერ მინსკის მხარეს შეხვედრის შემაჯამებელი ცნობა არ გაუვრცელებია.
ვინ არის შულეიკა
ევროკავშირმა შულეიკას 2022 წლის 25 თებერვალს, - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, - დაუწესა სანქციები.
დასაბუთებაში წერია, რომ შულეიკა, - რომელიც იმ დროს იყო ბელარუსის ბრესტის რეგიონის გუბერნატორი, - „აქტიურად უჭერს მხარს ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე უკრაინაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.
იგი მონაწილეობას იღებდა რუსეთ-ბელარუსის საერთო სამხედრო წვრთნებში 2022 წლის 24 თებერვლამდე.
მისთვის სანქციები დაწესებული აქვთ კანადისა და შვეიცარიის მთავრობებსაც.
წინა შეხვედრები ბელარუსის მთავრობასთან
თბილისმა და მინსკმა თანამშრომლობა გააძლიერეს საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და შემდგომი მოვლენების, მათ შორის საერთაშორისო კრიტიკის, შემდეგ.
- 2025 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, დმიტრი ჰარას.
- ჰარა ევროკავშირის, აშშ-ს და რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ სანქციების ქვეშაა. მისთვის სანქციები დაწესებული აქვთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოების საფუძველზე.
- 2025 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც შეხვდა ბელარუსელ კოლეგას, მაქსიმ რიჟენკოვს.
- 2025 წლის ნოემბერში კი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ ევგენი ბულოიჩიკს შეხვდა.
- ბულოიჩს შეხვდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძეც. შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ბელარუსულმა მხარემ გაავრცელა.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის 2021 წლიდან მოქმედებს 2016 წელს დადებული შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ.