კობახიძე საამიროებში გაემგზავრა - ბოლო 13 თვეში მეოთხედ

ირაკლი კობახიძეს აეროპორტში საამიროების მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი მარიამ ალ ჰამადი დახვდა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე 2 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ბოლო 13 თვის განმავლობაში ეს მისი მეოთხე ვიზიტია საამიროებში.

ამჯერად ის დუბაის ეწვია - ერთი წლის თავზე აბუ-დაბიში $6-მილიარდიანი „მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის“ შესახებ მემორანდუმის გაფორმებიდან.

„სიტყვით გამოვალ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა ინვესტიციების მომავალი“, - წერს იგი.

ასევე ნახეთ არნახული არაბული ინვესტიცია, 6,6-მილიარდიანი პროექტი, მილიონობით კვ.მ. მიწა და გასაიდუმლოებული კონტრაქტი - რა ვიცით?
  • „იგლ ჰილსის“ ინვესტიციები ჯერჯერობით საქსტატის მონაცემებში არ ასახულა;
  • საამიროები არ შედის საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულშიც კი - 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით;
  • მესამე კვარტალში პირველ ადგილზე აშშ-ია, 93,5 მლნ აშშ დოლარით;
  • 2024 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 36,14 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა პირდაპირი ინვესტიციების სახით;
  • ინვესტიციების ჯამური მოცულობა სამ კვარტალში 1,296 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.

წინა ვიზიტები

ახლანდელი ვიზიტის მიზანია მონაწილეობის მიღება „მსოფლიო მთავრობათა სამიტში“, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.

წინა სამი ვიზიტი კი გაიმართა:

  • 2026 წლის 14 იანვარს - შეხვდა პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს; ისაუბრა „იგლ ჰილსის“ დაანონსებულ 6,6-მილიარდიან ინვესტიციასა და „თბილისის მშრალ პორტზე“.
ასევე ნახეთ კობახიძე აბუ-დაბიში შეხვდა საამიროების პრეზიდენტს, ესაუბრა „იგლ ჰილზის“ პროექტსა და „მშრალ პორტზე“
  • 2025 წლის 11-13 თებერვალს - დელეგაციასთან ერთად მაშინაც „მსოფლიო მთავრობათა სამიტში“ მიიღო მონაწილეობა; შეხვდა ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს და სხვა ლიდერებს;
ასევე ნახეთ ბრიუსელი, ჰარვარდი, დუბაი - ვადარებთ, რომელ ქვეყნებში დადიოდნენ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრები ადრე და ახლა
  • 2025 წლის 27 იანვარს - შეხვდა პრეზიდენტ ალ ნაჰიანს. სწორედ ამ ვიზიტისას დაანონსდა Eagle Hills-ისა და Emaar Properties-ის დეველოპერული პროექტი.
ასევე ნახეთ მთავრობა დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ინვესტიციას გვპირდება - რა ვიცით $6-მილიარდიან პროექტზე

2025 წელს კობახიძე სამჯერ შეხვდა ალ-ნაჰიანს. საამიროების პრეზიდენტი თავად საქართველოში 2025 წლის სექტემბერში იმყოფებოდა. ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა.

ვინ არიან დელეგაციაში

ამჟამინდელი ვიზიტისას ირაკლი კობახიძეს თან ახლავს:

  • ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
  • იუსტიციის მინისტრი პაატა სალია;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე;
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

„დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე ნახეთ ბოჭორიშვილი ერთ წელიწადში მეშვიდედ შეხვდა უნგრეთის საგარეო მინისტრს, ამჯერად - ვენაში