„კოღოების გუნდები“ და გეოგრაფიის გაკვეთილები. რაშია ირანის საზღვაო ძალების სიძლიერე

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ირანის არმიის საზღვაო ძალების წვრთნები ჰორმუზის სრუტეში. 2019 წ.

როგორ ახერხებს ირანი ჰორმუზის სრუტის წარმატებით ჩაკეტვას და რატომ ვერ უშლიან მას ამაში ხელს.

ირანის გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივმა მახასიათებლებმა ჰორმუზის სრუტე იდეალურ ადგილად აქცია ასიმეტრიული ომისა და ბლოკადისთვის. გარდა ამისა, ირანის სამხედროები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ახლა შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და მეზობელ არაბულ ქვეყნებთან დაპირისპირებისას ოსტატურად იყენებენ რეგიონში წინა ომების გამოცდილებას.

ჰორმუზის სრუტის ორივე შესასვლელთან, სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის მხრიდან, კვლავაც გაჩერებულიას მინიმუმ 500 ნავთობტანკერი და ასობით სხვა სავაჭრო გემი. დონალდ ტრამპის მკაცრი მუქარის მიუხედავად, ირანი უარს ამბობს ბლოკადის მოხსნაზე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი საზღვაო არტერიისთვის, რომლის გავლითაც გლობალური ნავთობის მარაგების 20 პროცენტამდე მოძრაობს.

ომის დაწყებიდან მოყოლებული, იქ გადაზიდვები პრაქტიკულად შეჩერებულია მას შემდეგ, რაც ირანის სამხედროებმა მრავალი ქვეყნის კომერციულ გემებზე განახორციელეს ათობით დადასტურებული თავდასხმა. ჰორმუზის სრუტის დახურვა უკვე ითვლება ენერგომომარაგების უდიდეს შეფერხებად 1970-იანი წლების ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ და მთლიანობაში უდიდესად გლობალური ნავთობის ბაზრის ისტორიაში.

ირანის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის. 2023 წლის ფოტო.

30 მარტს ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, ალაედინ ბორუჯერდიმ, განაცხადა, რომ თეირანი ემზადება ახალი კანონის მისაღებად, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გავლაზე გადასახადს დააწესებს. „კანონპროექტის მიღებით, მალე ამ წყალსავალ გზას ახალი სისტემა დაარეგულირებს. გემების უსაფრთხოება და მომსახურება უზრუნველყოფილი იქნება კანონპროექტით გათვალისწინებული გადასახადებით“, მოჰყავს ირანულ ტელევიზია SNN-ს ბორუჯერდის სიტყვები. რა თანხას აიღებს თეირანი ტრანზიტისთვის, არ გაუხმაურებიათ. 25 მარტს თეირანმა მეგობარი ქვეყნების: რუსეთის, ინდოეთის, ერაყის, ჩინეთისა და პაკისტანის გემებს მისცა ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება.

ირანი რომ ჰორმუზის სრუტის გავლისთვის გადასახადს აწესებს, ამის შესახებ 20 მარტს გამოაცხადა ბიულეტენმა Lloyd’s List-მა, რომელსაც „ლოიდის რეესტრი“ (Lloyd’s Register of Shipping) გამოსცემს. გამოცემის ცნობით, დამტკიცებული გადამზიდავებისთვის შეიქმნა „უსაფრთხო დერეფანი“ და ერთმა გემთმფლობელმა მასში გავლისთვის დაახლოებით ორი მილიონი დოლარი გადაიხადა. იმ მომენტისთვის ნებართვები ინდივიდუალური წესით გაიცემოდა.

სპარსეთის ყურეში წვრთნების დროს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვება ირანის სარაკეტო კატარღა Nasr-1-დან. 2021 წ.

აშშ-ის სახმელეთო სამხედრო ოპერაციის პერსპექტივები

ვინაიდან ირანის ბლოკადით გამოწვეული ნახშირწყალბადების და სხვა მრავალი საბაზო საქონლის ფასების სწრაფი ზრდა მსოფლიო ეკონომიკას ზიანს აყენებს, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ დადო პირობა, რომ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა „ამა თუ იმ გზით“ განახლდება. მაგრამ, როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ, ირანთან მტკიცე სამშვიდობო შეთანხმების ან ფართომასშტაბიანი და სხვადასხვა თვალსაზრისით სახიფათო ამერიკული სახმელეთო სამხედრო ოპერაციის გარეშე, სრუტეში მოძრაობის სრულად აღდგენა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ძალზე რთული.

როგორც ბევრი დასავლური მედიასაშუალება წერს პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით, აშშ კვლავაც განიხილავს ასეთი ოპერაციის ვარიანტებს. კერძოდ, სპარსეთის ყურეში კუნძულ ხარქის, ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრის, ან ჰორმუზის სრუტეში ირანის სხვა კუნძულების დაკავების შესაძლებლობას. თუმცა, აშშ-ის სამხედრო სარდლობას ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია ასეთი გეგმები.

ასევე ნახეთ

ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია - საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს

ქსენია სვეტლოვა, ისრაელის პოლიტიკური ანალიტიკოსი და ქნესეთის ყოფილი წევრი, იხსენებს: „სპარსეთის ყურის ქვეყნების ექსპორტის მაჩვენებლებმა ირანში ომის დაწყების შემდეგ კატასტროფული კლება განიცადა. საუდის არაბეთი: 52-პროცენტიანი კლება; ქუვეითი: 72-პროცენტიანი კლება; ერაყი: დანაკარგები 49-დან 76 პროცენტამდე მერყეობდა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დღესაც აგრძელებს ნავთობით მშვიდობიან ვაჭრობას ჰორმუზის სრუტის გავლით, არის... ირანი“.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები Mehr-ი და Tasnim-ი იუწყებიან, რომ ქვეყანაში ამჟამად მილიონზე მეტი ადამიანის მობილიზაციას ახდენენ შესაძლო სახმელეთო ბრძოლებში მონაწილეობისთვის. ასევე თითქოს გაიზარდა იმ მოხალისეთა რაოდენობა, რომლებმაც მიმართეს „ბასიჯს“, ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსს და არმიას.

სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე ვასილი სემიონოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით საკუთარი ძალა იგრძნო:

„როგორც ჩანს, თეირანს არა აქვს განზრახული, უარი თქვას ამ ინსტრუმენტზე. დონალდ ტრამპს კი არ შეუძლია ეს ინსტრუმენტი ირანის ხელში დატოვოს, რადგან ეს იქნებოდა მისი, ტრამპის, დამარცხების აშკარა ნიშანი, და ამავე დროს საშიში პრეცედენტი, სიგნალი სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ს, რომ „ასე შეიძლება“. არაფერი რომ არ ვთქვათ მსოფლიო ეკონომიკის პოტენციურ უღრმეს კრიზისზე. ეს ზრდის შემდგომი ესკალაციის შანსებს - ირანის ენერგეტიკის საკვანძო ობიექტებზე აშშ-ისა და ისრაელის ავიადარტყმებით დაწყებული და... რითიც გნებავთ, იმით დამთავრებული“.

ჰორმუზის სრუტე დიდი სიმაღლიდან. აეროკოსმოსური ფოტო.

როგორ მოახერხა ირანმა წარმატების მიღწევა

ძირითადი გეოგრაფიული ფაქტორები, რომლებიც ირანს ჰორმუზის სრუტეში სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს, არის:

სანაოსნო არხების უკიდურესი სივიწროვე

ჰორმუზის სრუტის სიგანე მის ყველაზე ვიწრო წერტილში დაახლოებით 33-39 კილომეტრია (შეფასებები განსხვავებულია, რადგან ის ზოგადად ძალიან წყალმარჩხია და სანაპიროს გასწვრივ ხმელეთის ნაწილი მოქცევის დროს შიშვლდება). ამასთან, იქ არსებული საზღვაო მარშრუტები - ორი შედარებით ღრმა წყლის საზღვაო მარშრუტი, რომლებიც უზარმაზარი ნავთობტანკერების გადასაადგილებლად არის შესაფერისი - თითოეული მიმართულებით მხოლოდ 3 კილომეტრის სიგანისაა. ეს ორი მარშრუტი გამოყოფილია 3-კილომეტრიანი ბუფერული ზონით. შედეგად, დიდი ტანკერები იძულებული არიან გაიარონ პროგნოზირებადი, უკიდურესად ვიწრო და მკაცრად განსაზღვრული მარშრუტებით, რაც მათ ირანული დრონების, რაკეტების, წყალქვეშა ნავების, კატარღებისა და სანაპირო არტილერიის მარტივ სამიზნედ აქცევს.

სანაპირო ზოლის სიგრძე

ირანს აქვს დაახლოებით 1600 კილომეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის გასწვრივ, რომლებსაც აკავშირებს ერთმანეთთან ჰორმუზის სრუტე. ეს საშუალებას იძლევა, გემებზე იერიში განხორციელდეს არა მხოლოდ სრუტის ყველაზე ვიწრო წერტილში, არამედ მის ყველაზე შორეულ მისადგომებთანაც, რაც აშშ-ს და მის მოკავშირეებს აიძულებს, თავიანთი ძალები გაფანტონ ამ უზარმაზარი აკვატორიის დასაცავად.

მთიანი სანაპირო რელიეფი

ირანის უდიდესი მთიანი სისტემა, ზაგროსის ქედი, თითქმის პირდაპირ ებჯინება სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის სანაპიროებს. სრუტის ირანული მხარე არის უსწორმასწორო, მთიანი სანაპირო ზოლი მრავალი კლდითა და გამოქვაბულით, რაც ირანის სამხედროებს საშუალებას აძლევს მტრის საჰაერო და თანამგზავრული მეთვალყურეობისგან უსაფრთხოდ დამალონ თავიანთი მობილური ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორთა სადგურები. სიმაღლეები ასევე უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას და საზღვაო სამიზნეების მოქმედების დიაპაზონს ზრდის ყველაზე ჩვეულებრივი საშუალებებისთვისაც კი.

კუნძულების ჯაჭვი

ირანი აკონტროლებს რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულს უშუალოდ სრუტის შიგნით ან მის შესასვლელთან (ჰორმუზი, ქეშმი, ლარაკი და დიდი და მცირე ტუნბი), საიდანაც ჰორმუზის სრუტის ყველა ვიწრო, ღრმაწყლოვანი არხი ჩანს შეუიარაღებელი თვალით. ეს კუნძულები წარმოადგენს ბუნებრივ „ჩაუძირავ ავიამზიდებს“, რომლებზეც ირანული რადარები, სარაკეტო ბატარეები და ჩქაროსნული კატარღების ნავსაყუდლებია განთავსებული.

წყალმარჩხობა და რთული ჰიდროლოგია

ჰორმუზის სრუტის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთელი სპარსეთის ყურე ირანის სანაპიროსთან ახლოს არ არის ღრმაწყლოვანი. ეს წყალმარჩხობა იდეალურია საზღვაო ნაღმების დასამონტაჟებლად, რომელთა გაწმენდა უკიდურესად რთულია და ძვირია სანაპიროდან გამუდმებული ცეცხლის პირობებში. ასეთ წყლებში, აშშ-ისა და მოკავშირეთა დიდი სამხედრო გემების მანევრირება შეზღუდულია, ხოლო ირანის მცირე ზომის კატარღების „კოღოების ფლოტილიები“ მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ.

ირანული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების საცდელი გაშვება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო წვრთნების დროს ჰორმუზის სრუტეში. 2021 წ.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტის წყლების კონტროლში მთავარ როლს ასრულებენ „ასიმეტრიული ომის“ სტრატეგიის გამოყენებით. 26 მარტს ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასში ისრაელის კიდევ ერთმა საჰაერო დარტყმამ სავარაუდოდ იმსხვერპლა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ალირეზა თანგსირი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჰორმუზის სრუტის დანაღმვისა და ბლოკირების ოპერაციას (თეირანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს).

თუმცა, ამას გავლენა არ მოუხდენია ირანის შესაძლებლობებსა და საერთო სიტუაციაზე - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კარგად შეძლო ომისთვის მომზადება. 2026 წლის თებერვალ-მარტში, მტრის აბსოლუტური საჰაერო უპირატესობის მიუხედავად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა მოახერხეს, საბრძოლო ჭურვებით ჩაეტარებინათ მასშტაბური საზღვაო წვრთნების სერია სახელწოდებით „ჰორმუზის სრუტის ჭკვიანური კონტროლი“.


ირანის ძირითადი სამხედრო ძალები და საშუალებები

სანაპიროზე განლაგებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები

ირანმა მობილური ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ქსელი განალაგა ჰორმუზის სრუტის მთელ სანაპიროზე, როგორც თავის ნაპირებზე, ასევე ხმელეთის სიღრმეშიც. რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია ირანული რაკეტების წარმატებული გაშვების შესახებ, რომლებიც საზღვაო სამიზნეებს ურტყამენ უშუალოდ სრუტის აკვატორიაში. ეს ძირითადად არის ჩინური ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების სხვადასხვა მოდიფიკაცია, რომლებსაც შეუძლიათ 300 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეების განადგურება (ჰორმუზის სრუტე 97 კილომეტრის სიგანისა და 167 კილომეტრის სიგრძისაა).

ირანს ასევე აქვს საკუთარი ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები, „ხალიჯ ფარსი“ (სპარსულად „სპარსეთის ყურე“), რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი დიდი მოძრავი საზღვაო სამიზნეების (საბრძოლო გემებისა და ტანკერების) წინააღმდეგ საბრძოლველად. „ხალიჯ ფარსი“ 2011 წელს წარმოადგინეს. ესაა Fateh-110 რაკეტების ოჯახის მოდიფიკაცია. თავისი ტრაექტორიის ბოლო ფაზაში ეს რაკეტა აღწევს ჰიპერბგერით სიჩქარეს, 3-5 მახს (დაახლოებით 1500 მ/წმ). ასეთი რაკეტების არსებობა აიძულებს აშშ-ს საზღვაო ძალებს, ირანის სანაპიროსთან ახლოს დიდი სიფრთხილით იმოქმედონ, რადგან ჰიპერბგერითი სიჩქარით მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტის დაჭერა უკიდურესად რთულია ყველაზე მოწინავე საზღვაო სისტემებისთვისაც კი.

ასევე ნახეთ

LUCAS - ირანული დრონის ასლი აშშ-ის შეიარაღებაში


„კოღოების ფლოტი“

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებს ჰყავთ ათასობით პატარა, სწრაფმავალი კატარღა, რომლებიც აღჭურვილია რაკეტებითა და ტორპედოებით. მათ შეუძლიათ „გუნდურად“ მოქმედება, რაც ართულებს უფრო დიდი გემების საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას. ამ ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი დამალულია გამაგრებულ „მიწისქვეშა ქალაქებში“ ჰორმუზის სრუტის სანაპიროს გასწვრივ, რაც ირანს საშუალებას აძლევს, ზღვაში მოულოდნელად გაუშვას ასობით კატარღა. ამ კატარღების სხვადასხვა მოდიფიკაციას შორის გამოირჩევა შემდეგი:

ტიპი „ზულფიკარი“: სწრაფმავალი კატარღა, რომელიც აღჭურვილია ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით. მათ შეუძლიათ 52 კვანძამდე სიჩქარის განვითარება;

ტიპი „სირაჯი“: ბრიტანული Bradstone Challenger-ის სარბოლო ნავების ბაზაზე შექმნილი სწრაფმავალი კატარღა. მათ შეუძლიათ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და ტყვიამფრქვევების გადატანა, მათი სიჩქარე 60-70 კვანძამდე აღწევს;

ტიპი „ტონდარი“: ჩინური Houdong-ის ტიპის კატარღების ირანული ვერსია. ისინი უფრო დიდია, ვიდრე მათი ანალოგების უმეტესობა, აღჭურვილია ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით და 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების სწრაფმავალი კატარღა ჩინეთის საზღვაო ძალების გემის ფონზე. ირან-რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნა „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2024“. 2024 წლის 12 მარტი.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალები, როგორც წესი, შერჩეულ სამიზნეს ერთდროულად 50-100 ნავით უტევენ სხვადასხვა მიმართულებიდან. ნატოს საზღვაო ძალების ავიამზიდებზე, ფრეგატებსა და გამანადგურებლებზე არსებული თანამედროვე საჰაერო თავდაცვის/სარაკეტო თავდაცვის სისტემები შექმნილია მაღალსიჩქარიანი რაკეტების დასაჭერად, მაგრამ მათ „სუნთქვა არ ჰყოფნით“, როდესაც ერთდროულად ათობით პატარა, მანევრული ობიექტის გაკონტროლება უხდებათ. სანამ ყველაზე პატარა კატარღები ცეცხლს საკუთარი თავისკენ მიიზიდავენ, „ზულფიკარისა“ და „ტონდარის“ ტიპის კატარღები სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ, ხოლო სანაპირო ბატარეები და ჯუჯა წყალქვეშა ნავები ჩასაფრებიდან ისვრიან.

ყველა ეს სწრაფმავალი კატარღა ამავე დროს იდეალური დამნაღმველიცაა. სულ რამდენიმე საათში მათ შეუძლიათ საზღვაო მარშრუტების ფსკერზე „დათესონ“ ნაღმები, რაც ფაქტობრივად ტანკერების მოძრაობის პარალიზებას ახდენს, რადგან ნაღმების გაწმენდა, რასაც, როგორც წესი, კვირები ან თვეებიც კი სჭირდება, შეუძლებელია მტრის ცეცხლის ქვეშ.

ამ ტაქტიკის მთავარი მიზანია, ომის (და ტვირთის დაზღვევის) ხარჯები მიუღებელი გახადოს ვაშინგტონისა და გლობალური ეკონომიკისთვის, მაშინაც კი, თუ აშშ-ის საზღვაო ძალები ტექნიკურად სრულიად ბრძოლისუნარიანი დარჩებიან ყველა თავდასხმის შემდეგ.

წყალქვეშა ფლოტი

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ირანის საზღვაო ძალები მართავენ ჯუჯა წყალქვეშა ნავებს („ღადირის“ კლასი), რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ფარული ოპერაციებისთვის სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის წყალმარჩხში. სამხედრო ექსპერტები მათ ადარებენ ჩრდილოეთ კორეის „იუგოს“ ტიპის დივერსიულ წყალქვეშა ნავებს. „ღადირები“ შეიარაღებულია ორი 533 მმ-იანი ტორპედული აპარატით და Nasr-1 და Jask-2 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით. მათ ასევე შეუძლიათ ტორპედული აპარატებით ნაღმების განთავსება ან დივერსანტების გაშვება მყვინთავების მსუბუქი აღჭურვილობით.

მართალია, მცირე ზომა ნიშნავს, რომ ამ წყალქვეშა ნავებს ძალიან შეზღუდული ავტონომიურობა აქვთ (საკვებისა და რეგენერაციის საშუალებათა თვალსაზრისით), მათ კოზირად რჩება მანევრირების შესანიშნავი უნარი. მათ შეუძლიათ ზღვის ფსკერზე წოლა ისე, რომ პრაქტიკულად უხილავი გახდნენ სონარებისთვის და დაელოდონ სამიზნის ჩავლას, რათა ძალიან ახლო მანძილიდან გაუშვან ტორპედოები.

„ღადირის“კლასის ირანული ჯუჯა წყალქვეშა ნავი. 2018 წ.

უპილოტო სისტემები

ირანის სამხედროები უპილოტო საფრენი აპარატების ფართო სპექტრს იყენებენ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების თვალთვალისა და კონტროლისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს, უწყვეტად აკონტროლონ წყლები და განახორციელონ საჰაერო დარტყმები. სრუტის სიგანე საშუალებას იძლევა, რომ ისინი პირდაპირ სანაპირო კლდეებიდან გაუშვან. ძირითადად ესენია ცნობილი ოჯახების უპილოტო საფრენი აპარატები:

Shahed-ების ოჯახი (ყველაზე აქტიურად გამოიყენება):

Shahed-136 (და მისი ვარიანტები): შორ მანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონები, რომლებსაც შეუძლიათ 2000 კილომეტრამდე მანძილზე დაარტყან სამიზნეს. ჰორმუზის სრუტეში ძირითადად ეს დრონები გამოიყენება კომერციული საზღვაო მიმოსვლისა და სამხედრო გემებისთვის საფრთხის შესაქმნელად.

Shahed-129: საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი ფრენის სადაზვერვო და მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი. ის ყველაზე ხშირად გამოიყენება სრუტეში სადაზვერვო და საპატრულო მისიებისთვის.

Shahed-191 / Shahed-171 (Simorgh): რეაქტიული ძრავით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც აგებულია სტელსის ტექნოლოგიის გამოყენებით (ხელში ჩაგდებული ამერიკული RQ-170 დრონის საფუძველზე), შექმნილია როგორც ღრმა დაზვერვის, ასევე სამიზნეებზე დარტყმებისთვის.

Shahed ტიპის ირანული უპილოტო საფრენი აპარატები სასტარტო პოზიციაში. 2024 წლის ფოტო.

Mohajer-ების ოჯახი:

Mohajer-6: თანამედროვე სადაზვერვო და მოიერიშე დრონი, რომელიც აღჭურვილია ზუსტი მართვადი საბრძოლო ჭურვებით.

Ababil-ის ოჯახი:

Ababil-3: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მიერ გამოიყენება ძირითადად ტაქტიკური დაზვერვისა და ტანკერების თვალთვალისთვის.

ნაღმები

ჰორმუზის ვიწრო სრუტეში საზღვაო ნაღმების განთავსება ირანისთვის საზღვაო მიმოსვლის ბლოკირების ერთ-ერთ უმარტივეს და ყველაზე ეფექტიან გზად რჩება. ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებს, განსაკუთრებით კი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებს, მოეპოვებათ როგორც უბრალო, ღუზისებრი ნაღმები, ასევე თანამედროვე ფსკერული ნაღმების ფართო მარაგი, რომლებიც კონკრეტული ტიპის გემის ან სამხედრო ხომალდის მაგნიტურ ველზე ან პროპელერის ხმაურზე რეაგირებენ.


სამხედრო ისტორიიდან ნასწავლი გაკვეთილები

თეირანის სტრატეგია აშშ-სთან და ისრაელთან ომში ამჟამად დიდწილად ეფუძნება 1980-იანი წლების ირან-ერაყის ომისა და რეგიონში შემდგომი კონფლიქტების გაკვეთილებს, აღნიშნავს აღმოსავლეთმცოდნე ვასილი სემიონოვი:

„ირანმა თავისი ისტორიული გამოცდილების ადაპტირება მოახდინა ასიმეტრიული ომის წარმოებისთვის, რომლის მიზანია ნებისმიერი შეიარაღებული დაპირისპირება მტერს მიუღებლად ძვირი დაუჯდეს. ირან-ერაყის ომის გამოცდილებამ ირანის რეჟიმს აჩვენა, რომ მას არ შეუძლია დაეყრდნოს იმპორტირებულ იარაღს ან დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებთან ტრადიციულ სამხედრო პარიტეტს. ამიტომ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თანამედროვე დოქტრინა მიზნად ისახავს არა ბრძოლის ველზე კლასიკურ გამარჯვებას, არამედ მტრის პოლიტიკურ, სტრატეგიულ და ფინანსურ გამოფიტვას“.

- ჰორმუზის სრუტის და პრაქტიკულად მთელი სპარსეთის ყურის მიმდინარე ბლოკადის კონტექსტში შეუძლებელია არ გავიხსენოთ 1980-იანი წლების ე.წ. ტანკერების ომი“. თეირანმა აქედანაც ისწავლა საჭირო გაკვეთილები?

- აბსოლუტურად. ეს იყო ირან-ერაყის ომის ერთი ფაზის სახელი, რომელიც 1984 წლიდან 1988 წლამდე გაგრძელდა. ის მოიცავდა ორივე მხარის მიერ სპარსეთის ყურეში სავაჭრო გემებსა და ნავთობტანკერებზე სისტემატურ თავდასხმებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მეორე მხარის ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრას. ერაყმა სცადა ირანული ნავთობის ექსპორტის შეწყვეტა, რათა თეირანი ომის გასაგრძელებელი შემოსავლების გარეშე დარჩენილიყო, რაზეც ირანმა სიმეტრიულად უპასუხა, თავს ესხმოდა ერაყისა და მისი მაშინდელი მოკავშირეების, ქუვეითისა და საუდის არაბეთის კუთვნილ ტანკერებს. მთლიანობაში ამ წლებში სხვადასხვა ქვეყნის 400-500-ზე მეტ გემს დაესხნენ თავს. შედეგად, გლობალური ნავთობის ფასები არასტაბილური გახდა და რეგიონში საზღვაო გადაზიდვების სადაზღვევო გადასახადები მკვეთრად გაიზარდა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების „ღადირის“ კლასის წყალქვეშა ნავი წვრთნების დროს ჰორმუზის სრუტეში. 2019 წლის 23 თებერვალი.

1987 წელს სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ქუვეითმა დახმარებისთვის დიდ სახელმწიფოებს მიმართა. შეერთებულმა შტატებმა სპარსეთის ყურეში დაიწყო ოპერაცია „ერნესტ უილი“, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საზღვაო ბადრაგის ოპერაცია, რომლის დროსაც ამერიკის საზღვაო ძალებმა ესკორტირება გაუწიეს ქუვეითის ტანკერებს, რომლებიც აშშ-ის დროშით იყო ხელახლა რეგისტრირებული. ამან სწრაფად გამოიწვია პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის, მათ შორის ნაღმებზე ისეთი გემების აფეთქება, როგორიცაა ტანკერი Bridgeton. ხოლო 1988 წელს საერთაშორისო წყლებში ფრეგატ Samuel B. Roberts-ის ირანის ნაღმზე აფეთქების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ოპერაცია „ მანტისი“ - მასიური დარტყმა ირანის სანაპირო ნავთობის პლატფორმებსა და გემებზე, რამაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის საზღვაო ძალების ყველაზე მასშტაბური საზღვაო ბრძოლა.

- მაშინ ირანმა, როგორც იტყვიან, შუბლით შეუტია დიდი ძალებით და, რა თქმა უნდა, დიდი დანაკარგები განიცადა?

- დიახ, ერთ დღეში ამერიკულმა გემებმა და თვითმფრინავებმა ჩაძირეს დიდი ირანული ფრეგატი, ერთი კატარღა და სამი სწრაფმავალი ნავი და ჩამოაგდეს სულ მცირე ერთი ირანული F-4 Phantom II გამანადგურებელი-ბომბდამშენი. ასევე დაზიანდა კიდევ ერთი ფრეგატი და ორი საზღვაო პლატფორმა. და სწორედ 1980-იანი წლების ამ „ტანკერების ომის“ ხსოვნა გარდაიქმნა ჰორმუზის სრუტის ამჟამინდელ ბლოკადად, რომლის დროსაც ირანელები იყენებენ ასობით სწრაფ პატარა კატარღას, ათასობით ნაღმს და იაფფასიან დრონებს - აშკარად იმედოვნებენ, რომ ომს არაპოპულარულს გახდიან შეერთებულ შტატებში რეალური ადამიანური და, რაც მთავარია, აშკარა ფინანსური და ეკონომიკური დანაკარგების გამო“, აღნიშნავს ვასილი სემიონოვი.