"კრემლის თაგუნია" დამარცხდა

ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ ორბანი (კოლაჟი)

კრემლში ვინ აგებს პასუხს ორბანის დამარცხებაზე?

ვიქტორ ორბანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. პეტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რაც მას ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საშუალებას აძლევს. მადიარი უნგრეთის რუსეთისგან დაშორებას უჭერს მხარს, თუმცა არ გამორიცხავს მასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას „თუკი ეს საჭირო იქნება“.


ვიქტორ ორბანი ცნობილია რუსეთთან დიდი ხნის კავშირებით, რაც აშკარა გახდა მიმდინარე არჩევნების წინა დღეს. Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლმა საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რათა გამარჯვებაში დახმარებოდა ორბანს და მის პარტია „ფიდესს“. კრემლმა ეს უარყო. Washington Post-ის თანახმად, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა წამოაყენეს ორბანზე თავდასხმის ინსცენირების წინადადება, რათა მისი რეიტინგი გაზრდილიყო. The Insider-მა გამოაქვეყნა სტატია ორბანისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს, რუსეთთან კავშირების შესახებ. ჟურნალისტების ცნობით, სიიარტომ 2025 წლის ზაფხულში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ისაუბრა ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის დის წინააღმდეგ ევროპული სანქციების მოხსნის შესაძლებლობებზე.

ორბანი ევროპაში ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად ითვლება. მან არაერთხელ დაბლოკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და იძენდა რუსულ ნავთობსა და გაზს. სააგენტო Bloomberg-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პუტინსა და ორბანს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. 2025 წლის ოქტომბერში ორბანმა პუტინს უთხრა, რომ მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მის მხარდასაჭერად, მათ შორის, ბუდაპეშტში გაემართა მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების მიზნით. საუბარში ორბანმა თავი „თაგვსაც“ კი შეადარა, პუტინი კი - „ლომს“. ის რუსეთის პრეზიდენტს მოუყვა უნგრულ იგავს, რომელშიც თაგვი ბადეში გაბმულ ლომს ათავისუფლებს, რადგან ლომმა ადრე თაგვს სიცოცხლე აჩუქა.

ასევე ნახეთ

ლიდერი და ორგანიზებული წინააღმდეგობა გადამწყვეტია – უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები

თუმცა, ორბანში პუტინის ინვესტიციამ არ გაამართლა. უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ვისი „თავები დაგორდება“ კრემლში - ამის შესახებ მსჯელობენ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის სტუმრები: პოლიტიკური მიმომხილველი სერგეი შელინი, მრჩეველი ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებში პეტარ ტანევი და პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.

რუსეთში ფრთხილად რეაგირებენ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია „ფიდესის“ დამარცხებაზე. პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „უნგრეთის ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და რუსეთი პატივს სცემს მას“. მისი თქმით, რუსეთი ელის, რომ გააგრძელებს „პრაგმატულ კონტაქტებს ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობასთან“.

თუ რას ნიშნავს პეტერ მადიარის გამარჯვება ევროკავშირისა და რუსეთისთვის, ამის შესახებ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სერგეი შელინმა მოუთხრო რადიო თავისუფლებას:

თუ პეტერ მადიარი შეასრულებს თავის დაპირებებს და შეწყდება ევროკავშირის გადაწყვეტილებების საბოტაჟი, ეს რუსეთისთვის დიდ პრობლემად იქცევა.

„თუ უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი, რეალურად შეასრულებს თავის საარჩევნო დაპირებებს და შეწყვეტს ევროკავშირის გადაწყვეტილებების საბოტაჟს, რაც უკრაინისთვის უზარმაზარ სესხს გაათავისუფლებდა, ეს რუსეთისთვის დიდ პრობლემად იქცევა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მაგალითად, რუსეთთან საწვავის საკითხებში რაიმე სახის ურთიერთობებს, მადიარმა უკვე გამოაცხადა, რომ ის რაღაც მოლაპარაკებებს გამართავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უნგრეთის პოლიტიკა ამ სფეროში რაიმე სახის რევოლუციას განიცდის. მაგრამ თუ უნგრეთი შეწყვეტს ევროკავშირის კოლექტიური გადაწყვეტილებების საბოტაჟს, როგორც ამას დიდი ხანია აკეთებს ვიქტორ ორბანი, ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება უკრაინის სასარგებლოდ და პუტინის წინააღმდეგ“, მიაჩნია სერგეი შელინს.

სერგეი შელინი

ევროპული პოლიტიკის ექსპერტმა პეტარ ტანევმა ისაუბრა ვიქტორ ორბანის დამარცხების მიზეზებსა და მის შესაძლო შედეგებზე უნგრეთისთვის, ევროპისა და რუსეთისთვის:

ეს ადამიანი მთელს უნგრულ აუდიტორიაზე გაჰყვიროდა, რომ პროუნგრული პოლიტიკის გამტარებელია

„ვიქტორ ორბანმა წააგო, რადგან, სინამდვილეში, ის არ არის პროუნგრული ორიენტაციის პოლიტიკოსი. გასაოცარი ფაქტია: ეს ადამიანი მთელს უნგრულ აუდიტორიაზე, მთელს უნგრულ საზოგადოებაზე გაჰყვიროდა, რომ პროუნგრული პოლიტიკის გამტარებელია, სხვა პოლიტიკური ძალები კი უცხოური გავლენის ქვეშ არიანო. თუმცა, ახლა მისი მხარდამჭერებიც კი დარწმუნდნენ, რომ ორბანი აბსოლუტური ფარისეველია. ეს ის ადამიანია, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში მოასწრო გაბრწყინებულიყო ჩანაწერებში, რომლებიც გაასაჯაროვეს ჩვენმა მეგობრებმა დამოუკიდებელი რუსული გამოცემა The Insider-იდან. ყველამ მოისმინა იმის დადასტურება, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო მუდმივ კავშირზეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და მას გადასცემს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელსაც ევროკავშირში განვიხილავთ. ეს ეხება თათბირებს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების მოხსნის, დოკუმენტების გადაცემის შესახებ და ა.შ.

და, რა თქმა უნდა, ამას მოწმობს ორბანისადმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალური მხარდაჭერა, რომელმაც განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის ლამის მზადაა უნგრეთის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩასადებად. ვფიქრობ, უნგრეთში აბსოლუტური „ორბანისტებიც“ კი დაფიქრდნენ, რატომ ხდება ეს. ორბანი კი ამბობს, რომ ის გარე გავლენის წინააღმდეგია. როგორც ჩანს, ხალხმა გადაწყვიტა, რომ არ მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. ბოლოს მოქალაქეები გონს მოეგნენ და უნგრეთის საზოგადოების უმრავლესობამ სხვა კანდიდატს მისცა ხმა. ზოგიერთმა მათგანმა ხმა მისცა არა თავად პეტერ მადიარს, არამედ ორბანის წინააღმდეგ. ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც არ იყვნენ „ტისას“ კოალიციის წევრები, გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მისთვის, როგორც ერთადერთი ძალისთვის, რომელსაც შეუძლია ვიქტორ ორბანის ამჟამინდელი მმართველობის მოდელის რაღაც ალტერნატივა იყოს. ასე რომ, ორბანმა არჩევნებში თავად ჩააგდო თავისი ამოცანა.

პეტარ ტანევი

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთისა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის მუდმივი სატელეფონო ზარები აღარ იქნება

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთისა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის მუდმივი სატელეფონო ზარები აღარ იქნება. კარგად წარმომიდგენია, რომ უნგრელი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს „დიპლომატია“ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ შემიძლია ვივარაუდო, რომ პეტერ მადიარი გამოიყენებს ნარატივს „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან საუბარი“. „თუმცა, რამდენიმე თვის წინ მას პირადად შევხვდი სტრასბურგში, ევროპარლამენტში. მან ძალიან ნათლად მითხრა, რომ მისი მიზანია უნგრული საზოგადოების გაერთიანება. იმ ადამიანებისაც კი, რომელთა გაერთიანება გეოპოლიტიკური მიზეზების გამო რთულია - იმათი, ვინც რუსეთთან მშვიდობას უჭერს მხარს და იმათი, ვინც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. ეს მისი სტრატეგიაა“, განაცხადა პეტარ ტანევმა.

პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი განიხილავს, თუ რა შეიცვლება უნგრეთსა და ევროკავშირში ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ და რუსეთში ვის შეიძლება დააკისრონ ამისთვის პასუხისმგებლობა:

„ცხადია, რომ ორბანის დამარცხებას არანაირი შედეგები არ ექნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის. ის კრემლის ნების ტექნიკური აღმასრულებელია და თავად არ იღებს რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ვიქტორ ორბანის მიმართ რუსეთის მხარდაჭერა წარმოებდა არა საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეშვეობით. შესაბამისად, სერგეი ლავროვმა გააკეთა ის, რაც საჭირო იყო და ის შედეგები მიიღო, რომელთა მიღებაც შეძლო. თუ ვინმეს დასჯაა აუცილებელი, ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო. მან დიდწილად მიითვისა რუსეთის ე.წ. „რბილი ძალა“, მოლდოვის არჩევნებში ჩავარდა და ახლა უნგრეთის არჩევნებში ჩავარდა.

ასევე ნახეთ

„გადატვირთვის“ მოლოდინში - რას ნიშნავს მადიარის გამარჯვება ევროკავშირისთვის
რუსეთის ხელისუფლება არაადეკვატურად აფასებს იმ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას, რომელთა შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს

როგორც ჩანს, მეთოდები, რომლებსაც ის იყენებს, არაეფექტიანია და რუსეთის მთავრობა არაადეკვატურად აფასებს იმ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას, რომელთა შიდა საქმეებში ჩარევასაც ცდილობს.

მათ არ შეეძლოთ ორბანის დახმარება, მათ მხოლოდ მისთვის მდგომარეობის გაუარესება შეეძლოთ, რაც გააკეთეს კიდეც თავიანთი საკმაოდ მოუხეშავი ქმედებებით. თუმცა, მჯერა, რომ არაფერი არ შეიცვლება და ევროკავშირში ორბანის შემცვლელად ვიღაც სხვის ძებნა დაიწყება. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო რუსეთის მასირებული მხარდაჭერის მიღებას დაიწყებს. ასევე არსებობს მეზობელი ჩეხეთი, სადაც რუსეთმა ცოტა ხნის წინ შეცვალა თავისი ელჩი, ჩეხეთის მთავრობის შეცვლისთანავე. რუსეთი უეჭველად დაიწყებს ჩეხეთის მთავრობაში გავლენის მსგავსი აგენტების ძებნას. მალე იტალიაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და კრემლთან დაახლოებული მატეო სალვინი იქ გამოკითხვებში ლიდერობს. მოკლედ, „ორბანი 2.0-ისთვის“ კონკურსი უახლოეს ხანებში გამოცხადდება და მას, სავარაუდოდ, იგივე ადამიანები უხელმძღვანელებენ, ვინც ორბანის დახმარება სცადა. მათ თავის დროზე სირიაში ბაშარ ალ-ასადი „დათმეს“, რადგან არ მოისურვეს და ვერ შეძლეს მისი დაცვა.

პოლიტიკური ანალიტიკოსი ივან პრეობრაჟენსკი

ისინი უბრალოდ თმობენ მას და თავად მას აბრალებენ ყველაფერს

იგივე ხდება ახლა ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით. ისინი უბრალოდ თმობენ მას და თავად მას აბრალებენ ყველაფერს. მას ობიექტურად ჰქონდა ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მან იმდენად მოახდინა უნგრეთის კორუმპირება, რომ ხალხის ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა. მაგრამ თუ ისინი მის დახმარებას აპირებდნენ, ეს უნდა გაეთვალისწინებინათ. და ვერც მათ და ვერც ამერიკელმა პოლიტიკურმა სტრატეგებმა, რომლებიც ორბანის საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდნენ, ვერ შეძლეს მისი ისე წარმართვა, რომ სულ მცირე მისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. საბოლოო ჯამში მას ზიანი მიაყენა როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ. დ. ვენსის ვიზიტმა, ასევე კრემლის აქტიურმა ჩარევამ. ვფიქრობ, რუსეთი ყველანაირად მოახდენს ზეწოლას უნგრეთის ახალ მთავრობაზე და შეეცდება მათთან მოლაპარაკებას. ბოლოს და ბოლოს, ვიქტორ ორბანმა საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა რუსეთის შესახებ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა.

ასევე ნახეთ

რას ასწავლის უნგრეთის მაგალითი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას საქართველოში?

თავის წინამორბედს, პრემიერ-მინისტრ ფერენც დიურჩანს და მემარცხენე მთავრობას „მოსკოვისადმი ზედმეტად მორჩილების“ გამო აკრიტიკებდა, მათ კრემლის ლაქიებს უწოდებდა, 1956 წლის მოვლენებს ახსენებდა და ამბობდა, რომ უნგრეთს ამისთვის არ უბრძოლია დამოუკიდებლობისთვის.

შედეგად, ის თანდათან იქცა კრემლის მარიონეტად თუ არა, მაშინ ევროკავშირში მის მთავარ აგენტად. რატომ არ უნდა სცადონ იგივე პეტერ მადიართან? ის უკვე დღესვე არ გამოხატავს ასპროცენტიან სურვილს, რომ ურთიერთობები გაწყვიტოს მოსკოვთან. ამ არჩევნების შემდეგ კრემლი გამოიტანს დასკვნებს, რომ უფრო აქტიურად და უფრო თავხედურად არის საჭირო დახმარება, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არაადეკვატურად აღიქვამს ამჟამად რუსეთის მთავრობა საგარეო პოლიტიკურ რეალობას. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ვინმემ მოახერხა და აჯობა მათ, მაშინ ეს ვიღაც უბრალოდ კიდევ უფრო თავხედი იყო. ახლა ისინი ევროკავშირში დაიწყებენ ძებნას, ვინ ააგო ეშმაკური სქემა და ვინ შეძლო ვიქტორ ორბანის „გადაგდება“. თავისუფალი არჩევნებისა მათ არ სჯერათ,“ დარწმუნებულია პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.