ეს ჩანს ლავროვსა და სიიარტოს შორის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერიდან, რომლის გაშიფრული ტექსტი გამოაქვეყნეს The Insider-მა, Frontstory-მ, VSquare-მა, Delfi Estonia-მ და ICJK-მა.
ლავროვმა სიიარტოს დაურეკა რუსეთში ვიზიტის შემდეგ ბუდაპეშტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ. ლავროვმა უთხრა, რომ სიიარტო რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა 30 აგვისტოს. უნგრეთის მინისტრმა უპასუხა: „რამე არასწორად ვთქვი?“
„არა, არა, არა. უბრალოდ თქვეს, რომ თქვენ პრაგმატულად იბრძვით თქვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, განაცხადა ლავროვმა.
რამდენიმე სიტყვის გაცვლის შემდე ლავროვმა თქვა: „მისმინეთ, ალიშერის თხოვნით გირეკავთ და მან ახლახან მთხოვა, შემეხსენებინა, რომ თქვენ მის დასთან დაკავშირებულ რაღაცაში იყავით ჩართული“.
„ქალბატონი ისმაილოვა?“ - უპასუხა სიიარტომ. - „დიახ, აბსოლუტურად. საქმე ისაა, რომ ჩვენ, სლოვაკებთან ერთად, შეგვაქვს ევროკავშირში წინადადება, რომ ის სიიდან ამოიღონ. მას მომავალ კვირაში წარვადგენთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის სიიდან ამოიღონ“.
სავარაუდო საუბრიდან შვიდი თვის შემდეგ ევროკავშირმა ისმაილოვას სანქციები მოუხსნა. უნგრეთმა მოითხოვა მისი და კიდევ რამდენიმე პირის სანქციების სიიდან ამოღება და იმუქრებოდა, რომ ვეტოს დაადებდა რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ნებისმიერ გაგრძელებას. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ისმაილოვასთან ერთად ევროკავშირის სანქციები დაუწესდა უსმანოვის კიდევ ერთ დას - საოდატ ნარზიევას, მაგრამ მან მოახერხა, რომ მისი სახელი ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოეღოთ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბრისთვის, აღნიშნავს The Insider.
The Washington Post-ის ცნობით, სიიარტო რეგულარულად აწვდიდა ლავროვს ინფორმაციას ევროპელ დიპლომატებს შორის კონფიდენციალური მოლაპარაკებების დეტალების შესახებ. გამოცემა Politico-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელმა გადაწყვიტა კონფიდენციალურ მოლაპარაკებებში უნგრეთის მონაწილეობის შეზღუდვა იმ შეშფოთების გამო, რომ შესაძლოა ბუდაპეშტმა მოსკოვს გადასცეს ინფორმაცია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ამის შესახებ ეჭვები დიდი ხანია არსებობს. სიიარტომ ტუსკი ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უნგრეთის ოპონენტებს „ავადმყოფური ფანტაზია“ აქვთ.
სიიარტოსა და ლავროვს შორის შესაძლო საუბრის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც უნგრელმა ჟურნალისტმა საბოლჩ პანიმ საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ ჩანაწერი ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რომელმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სიიარტოს სატელეფონო საუბრების მოსმენას ქვეყანაზე „თავდასხმა“ უწოდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დაავალა გამოძიების დაწყება.
„ამასთან გამკლავება მოგვიწევს, მაგრამ როდესაც მის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა და ბრალდებები მოვისმინე, სიცილით კინაღამ მოვკვდი“, თქვა ორბანმა.
ფორუმი