კრეტაზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გარდაბნელი კაცი ირანში სწავლობდა - „სტუდია მონიტორი“

„ჩემი შვილი ჯაშუში არ არის“, - ეუბნება გამომძიებელ ჟურნალისტებს კრეტაზე დაკავებული გარდაბნელი კაცის დედა.

ირანის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 35 წლის სამირ გ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, - წერს „სტუდია მონიტორი“.

გამომძიებელი ჟურნალისტების სტუდია სამირ გ.-ს დედას ესაუბრა გარდაბანში - იგი ამბობს, რომ მისი ვაჟი „ჯაშუში არ არის“.

„მონიტორის“ ცნობითვე, მას წლების განმავლობაში ჰქონდა ირანთან კავშირები, კერძოდ:

კავშირები ირანთან

  • ბრალდებული მარნეულის ერთ-ერთ შიიტურ მედრესეში სწავლობდა;
  • მოგვიანებით, ორი წლის განმავლობაში, რელიგიური განათლება ირანის ქალაქ ყუმში გაიღრმავა;
  • „რამდენიმე წლის წინ მას საქართველოში ბიზნესიც ჰქონდა ირანის მოქალაქესთან ერთად - გარდაბანსა და თბილისში ირანიდან შემოტანილ მარილს ყიდდა.
  • მან ოჯახთან ერთად ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნაც მოასწრო, მაგრამ ბელგიაში დამკვიდრების მცდელობა, ოთხსულიანი ოჯახის დეპორტაციით დასრულდა“, - წერს „სტუდია მონიტორი“.
ასევე ნახეთ “მზად ხარ ხამენეისთვის სიკვდილზე წახვიდე?” - ირანული რბილი ძალის კვალი საქართველოში

„კრეტაზე ნაყინი კარგია“

გამოცემა ასევე ციტირებს ბერძნულ მედიას, რომლის ცნობითაც, სამირ გ. ნაქირავებ ვილაში სპარსულად საუბრობდა და ყველა საუბარს იწყებდა, სავარაუდოდ, კოდური ფრაზით: „კრეტაზე ნაყინი კარგია“.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი ვაჟი სატვირთოს მძღოლია და ამჯერად, ევროპაში დასაქმების მიზნით, მამის მოსანახულებლად და დასასვენებლად გაემგზავრა.

დაკავება კრეტაზე

საბერძნეთის სამართალდამცავმა უწყებებმა 2 მარტს დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტაზე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ.

ეს ბაზა ხმელთაშუა ზღვაში ნატოს სტრატეგიული ობიექტია. საუბარია კუნძულ კრეტასთან, სუდის ყურეში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.

კრეტის საზღვაო ბაზა, - ან სუდის საზღვაო ბაზა, როგორც საბერძნეთში უწოდებენ, - ნატოს ყველაზე დიდი ბაზაა ხმელთაშუა ზღვაში. იგი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ ნატოსა და შეერთებული შტატებისთვის.

ასევე ნახეთ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საზღვაო ბაზების შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში შარშან მაისშიც დააკავეს საქართველოსთან დაკავშირებული ორი პირი.

იმავე პერიოდში საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეც, - გამოძიება ახლანდელი დაკავების ამ ინციდენტთან დაკავშირებასაც განიხილავს.

ასევე ნახეთ „საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“ - ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა

ამერიკული „ჰადსონის ინსტიტუტის“ ახალი კვლევის თანახმად, - რომელიც მარტის დასაწყისში გამოქვეყნდა, - ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.

კვლევის თანახმადვე, ირანის ფოკუსი კი „განსაკუთრებით მიმართულია ეთნიკურ აზერბაიჯანელ შიიტ მოსახლეობაზე, რომელიც ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში ცხოვრობს“.

გამოცემის კითხვაზე, ჰყავდათ თუ არა კრეტაზე დაკავებული პიროვნება შესწავლილი, სუსში უპასუხეს:

„თქვენ ითხოვთ სადაზვერვო ინფორმაციას, რაც არასერიოზულია. ისევე როგორც კითხვა იმის შესახებ, საბერძნეთის სამართალდამცველების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის შესწავლა მიმდინარეობს თუ არა ჩვენს მიერ“.

ასევე ნახეთ სუსი ირანის გავლენაზე კვლევების ავტორების მოტივებით დაინტერესდა - გამოძიება დაიწყო