ჯადოსნური ტყვია? როგორ იყენებენ ლაზერულ იარაღს დრონების წინააღმდეგ

ლაზერული იარაღი

უხარისხო, სამოყვარულო ვიდეოები, სადაც ლიბანის ცაზე აფეთქებისას გაუჩინარებული ჭურვები ჩანს, ინტერნეტში 2 მარტს გავრცელდა. ისინი, ვინც კადრები გადაიღო ან ნახა, ირწმუნებიან, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ისრაელი ფუტურისტულ იარაღს იყენებს.

რამდენად მართალია ეს, დღემდე ცხარედ კამათობენ, მაგრამ ამ დისკუსიებს აქვს ერთი მყარი საფუძველი - 2025 წლის დეკემბრიდან ისრაელის სამხედრო ძალებმა მართლაც დანერგეს ლაზერული იარაღი, სახელწოდებით Iron Beam (რკინის სხივი). ის შექმნილია ისრაელის წინაშე არსებული „სხვადასხვა საჰაერო საფრთხის“ დასაძლევად.

ისრაელის Iron Beam - ლაზერული ანტისარაკეტო სისტემის გამოცდა 2025 წლის სექტემბერში. აქ ლაზერის სხივები დაფიქსირებულია სპეციალური კამერით. ადამიანის თვალისთვის ისინი უხილავია.

უკრაინაში რუსეთის თითქმის ყოველდღიურმა თავდასხმებმა იაფი, ირანული კამიკაძე დრონებით, საჰაერო თავდაცვის სტრატეგია მნიშვნელოვნად შეცვალა - იქ რამდენიმე ლაზერულ იარაღზე მუშაობენ და როგორც ადგილობრივი მწარმოებლები ამბობენ, ასე დაზოგავენ ძვირადღირებულ ჭურვებს, რომლებითაც ახლა იაფიან დრონებს იგერიებენ.

„ახლა საჰაერო თავდაცვა დიდი ხარჯს უკავშირდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აშშ-ში მცხოვრებმა ლაზერული იარაღის ექსპერტმა ჯარედ კელერმა, რომელიც ახალ ტექნოლოგიებზე საინფორმაციო ბიულეტენს აქვეყნებს. „ვერ გამოიყენებ 500-დოლარიანი დრონის ჩამოსაგდებად მილიონდოლარიან რაკეტას, ყოველგვარ რაციონალურ აზრს მოკლებულია“.

1973 წელს აშშ-მა პირველად ჩამოაგდო უპილოტო აპარატი ლაზერის გამოყენებით. მას შემდეგ არაერთხელ სცადეს ლაზერული იარაღი შეექმნათ, თუმცა ეს ტექნოლოგია ბოლო დრომდე ექსპერიმენტების დონეზე რჩებოდა.

კელერი ამბობს, რომ ლაზერული იარაღის განვითარებას იაფმა დრონებმა მისცა ბიძგი, მაგალითად, ირანულმა „შაჰედებმა“, რომლითაც რუსეთი უკრაინას ბომბავს. „მოტივაცია გაჩნდა შეიქმნას დრონების საწინააღმდეგო იაფი საშუალებები და ეს ლაზერს სულ უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის“, - ამბობს ის.

ფრენისას გადაღებული YAL-1 - საჰაერო ლაზერი. ეს პროექტი პოტენციური ლაზერული სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოცდას ისახავდა მიზნად. გაუქმდა 2011 წელს.

შეძლებს კი ლაზერი, რომლის გასროლაც მხოლოდ რამდენიმე დოლარი ღირს, კამიკაძე დრონებს დაუპირისპირდეს? გააჩნია ვის ჰკითხავთ.

ანდრეას შვერი, ავსტრალიური კომპანია Electro Optical Systems-ის აღმასრულებელი დირექტორია. ახლახან მისმა კომპანიამ 85 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა ნიდერლანდისთვის ლაზერული იარაღის წარმოებაზე. შვერი RFE/RL-ს ეუბნება, რომ ლაზერულ იარაღს პოტენციურად მართლაც შეუძლია დაიცვას უკრაინის ქალაქები, რომლებსაც დრონების გუნდები უტევთ.

„მაღალი ენერგიის ლაზერული იარაღი ასეთ [კამიკაძე დრონების] შეტევებს კარგად უმკლავდება. მათ შეუძლიათ ძალიან სწრაფად და არაერთხელ გაასწორონ სამიზნე. თან ლაზერის „საბრძოლო მასალა“ ელექტროენერგიაა და არა ჭურვები და ტყვია-წამალი.“ გარდა ამისა, შვერის თქმით, აღარც გადატენაა საჭირო და სისტემაც განუწყვეტლივ მზადყოფნაშია.

შეზღუდვები

თუმცა ისინი, ვინც ამ ინდუსტრიას გარედან აკვირდებიან, ამბობენ, რომ ლაზერულ იარაღს ნაკლიც ბევრი აქვს, ამიტომ მომავალში ის, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იქნება საჰაერო თავდაცვაში.

ლაზერული იარაღით დაზიანებული კვადკოპტერი. ის პრესას საფრანგეთში, 2024 წლის მარტში ჩატარებული დემონსტრაციის შემდეგ წარუდგინეს.

კელერი ერთ-ერთ მთავარ შეზღუდვად ასახელებს ზემოქმედებისთვის საჭირო დროს, ანუ დროს, რომლის განმავლობაში ლაზერმა სამიზნე უნდა დააზიანოს.

მაღალი სიმძლავრის ლაზერები სამიზნეს ანადგურებენ იმით, რომ წვავენ მას, მაგალითად, დრონის კორპუსს ან რაკეტის გარსს და ამით აეროდინამიკურ ან სისტემურ დაზიანებას იწვევენ. მაგრამ ამას დრო და დიდი სიზუსტე სჭირდება.

მაღალი ენერგიის ლაზერს დრო სჭირდება, შედარებისთვის, როგორც გამადიდებელ შუშას სჭირდება დრო, რომ მზის სხივის ქაღალდზე ფოკუსირებით აალება გამოიწვიო. თან მნიშვნელობა აქვს რისგან არის დამზადებული სამიზნე, როგორ მოძრაობს და რა მანძილით არის დაშორებული.

„რაკეტის გამშვებისგან განსხვავებით, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გატყორცნა შეუძლია, ლაზერი უნდა „ჩაეჭიდოს“ სამიზნეს, სხივი არ უნდა მოაშოროს“, - ამბობს კელერი. – „მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ახალ სამიზნეზე გადაერთოს.“

ლაზერის ძალა შეიძლება ძალიან შეასუსტოს წვიმამ, ნისლმა, მტვერმა. 2014 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ზომიერი წვიმის დროს ლაზერს დაახლოებით 30 წამი დასჭირდა კილომეტრით დაშორებული სამიზნის დასაზიანებლად, მაშინ როცა მზიან ამინდში მხოლოდ სამი წამი სჭირდებოდა.

1K17 „ჟატიე“ - თვითმავალი ლაზერული მოწყობილობა, რომელიც საბჭოთა კავშირში 1990 წელს შეიქმნა. პროექტი დაიხურა საბჭოთა კავშირის დაშლისას.

მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ლაზერს, ჭურვებისგან განსხვავებით, ის უპირატესობა აქვს, რომ კურსიდან არ გადასცდება და ამით ფატალურ შედეგს არ გამოიწვევს. თუმცა ლაზერს შეუძლია მოსახლეობას სხვაგვარი საფრთხე შეუქმნას.

10 თებერვალს ტეხასის შტატში ელ-პასოს საჰაერო სივრცე მოულოდნელად დაიხურა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მესაზღვრემ ლაზერი ჰაერში მყოფი ობიექტის წინააღმდეგ გამოიყენა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ობიექტი სავარაუდოდ წვეულებისას გაშვებული ბუშტი იყო. იარაღის გამოყენების შემდეგ აშშ-ის ავიაციის ხელმძღვანელობამ ამ ტერიტორიაზე ფრენები შეაჩერა. ქაოსი დაახლოებით რვა საათს გრძელდებოდა. ამან აჩვენა, რომ ლაზერებმა შეიძლება თვითმფრინავებს საფრთხე მაშინაც კი შეუქმნას, როდესაც ისინი თავად არ წარმოადგენენ სამიზნეს. საეჭვოა სამოქალაქო ავიაციის კომპანიებმა ასე გარისკონ.

ოკლაჰომის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმოსური ინჟინერიის პროფესორი ჯეიმი ჯეიკობი ამბობს, რომ თანამედროვე ომებში ლაზერული იარაღის გამოჩენა, სავარაუდოდ, გამოიწვევს თავდასხმისთვის საჭირო დრონების განვითარებას. შესაძლოა მათი საფარი უფრო გამძლე გახდეს, ან ისეთი დრონები შეიქმნას, რომლებიც იტრიალებენ და დამიზნებას გაართულებენ.

„საბოლოოდ ეს ყველაფერი კატათაგვობანაა“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას, - „გაჩნდება საფრთხისგან დაცვის ეფექტური საშუალება? იქვე საფრთხის ახალი ვარიანტიც შეიქმნება. თანამედროვე ომის ბუნება ეს არის“.