„ლელომ“ დისკუსიების სერია დაიწყო

მოძრაობა „ლელო“ საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და იწყებს დისკუსიებს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან. 24 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა შეეხებოდა ქვეყანაში ამჟამად შექმნილ კრიზისულ სიტუაციასა და გამოსვლის გზების ძიებას.

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყვნენ საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები და მწერლები, მათ შორის: რატი ამაღლობელი, ლაშა ბაქრაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და სხვები.

მწერალ ლაშა ბუღაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეალური მხარდამჭერი არ ჰყავს; დღეს საქართველოში ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანია; თუმცა ისინი ელოდებიან მოსაწონ პოლიტიკურ ძალასა თუ ლიდერს, რომლის მხარდაჭერაც ძალისხმევად ღირს.

„ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანია დღეს საქართველოში - ერთმნიშვნელოვნად უკმაყოფილო ამ ხელისუფლებით... მაგრამ ამ ადამიანებმა არ იციან, სად და ვისში ჩადონ ეს უკმაყოფილება, სად წაიღონ ეს სიბრაზე... მხოლოდ „არ მინდა“-ს გამო ადამიანი არჩევნებზე არ მიდის - ვიღაცაში უნდა ჩაიდოს ეს ენერგია“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ის ფიქრობს, რომ „ლელოს“ პლატფორმა პროფესიონალ ადამიანებს აერთიანებს და „ამ ადამიანებმა სანდოობის კიდევ უფრო მეტი ხარისხი უნდა გააჩინონ“, რათა დაბნეულ და გულაცრუებულ ადამიანებს გაუჩინონ განცდა - „აი, ესენი არიან და აქ ჩავდებ ჩემი სიბრაზისა და მოლოდინის კაპიტალს“.

„ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, გამოგვეცლება ეს ქვეყანა ხელიდან, თუ ფეხიდან არა. საყრდენი აღარ გვექნება“, - აცხადებს მწერალი რატი ამაღლობელი.

„ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, დისკუსიები რეგიონებშიც გაიმართება.

„შევხვდებით ადამიანებს, მოვისმენთ მათ აზრს და მათთან ერთად ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ბუნებრივია, ჩვენ მათ ჩვენს ხედვას, პოზიციას გავაცნობთ. თქვენი აზრი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ხაზარაძემ.