"2400-ზე მეტი ადამიანი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად"

Your browser doesn’t support HTML5

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველოში დღეს 2400-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამბობს მაია ქარდავა, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" საქართველოს წარმომადგენლობის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, დღემდე მოძიებულია 350-ზე მეტი ნეშტი, ამოცნობილია 155. გრძელდება როგორც მოძიების, ისე ამოცნობის პროცესი. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი" საქართველოს ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაში 2010 წლიდან ჩაერთო. მაია ქარდავას თქმით, აფხაზეთში ახლაც მიმდინარეობს გათხრები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტების მოსაძიებლად. ეს ციკლური პროცესია, რომელი მაისში დაიწყო და სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. სამუშაო კომპლექსურია და არაერთი დარგის სპეციალისტის მონაწილეობას მოითხოვს. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" მუშაობის ერთ-ერთი გამოწვევაა სრული ნეიტრალურობის დაცვა და ჰუმანიტარული საქმიანობის ჩარჩოებში დარჩენა.