მარადიული ГКЧП - რუსეთის ისტორიის ფიცრებსა და სალტეებზე

ვლადიმირ პუტინი და ე.წ. ГКЧП-ს წევრები (ფოტოკოლაჟი)

ГКЧП-ის წარუმატებელი პუტჩიდან 35 წელი გავიდა. 1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრკ-ს შენარჩუნების უკანასკნელი მცდელობა კრახით დასრულდა. მაშინ ბევრს ეგონა, რომ იმპერიის ეპოქა დასრულდა, რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის დირექტორი, ანდრეი შარი იმის შესახებ, თუ რატომ არ იცვლება არაფერი რუსეთის ისტორიაში.

მე, როგორც ადამიანი, რომელიც 1991 წლის აგვისტოში საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП-ს) მიერ აკრძალული გაზეთის კორესპონდენტად ვმუშაობდი და სამი დღის განმავლობაში ვამრავლებდი ფურცლებს გახურებულ Xerox-ის აპარატზე და შემდეგ ამ ფურცლებს გააფთრებული ტემპით ვარიგებდი მოსკოვის „თეთრი სახლის“ დამცველთა რიგებში, ვადასტურებ: ეს მოვლენები ჩემს მეხსიერებაში დღეს მხოლოდ მკრთალ ლაქადაა შემორჩენილი და საერთოდ არანაირ ემოციებს არ იწვევენ.

ორშაბათი, 19 აგვისტო, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გამართული ГКЧП-ის წევრთა პრესკონფერენცია (გულწრფელად ვამბობ, გულუბრყვილოდ ვიშვერდი ხელს, რათა ყველაზე მთავარი კითხვა დამესვა, მაგრამ ამის შესაძლებლობა მამაც ტატიანა მალკინას მიეცა), ოთხი დღის შემდეგ კი „საპირისპირო“ ღონისძიება: ფოროსიდან ჩამოსული მიხაილ გორბაჩოვი იმავე „თეთრ სახლში“ რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოიყვანეს, დარბაზში ჟურნალისტებიც შეუშვეს და სწორედ მაშინ ბორის ელცინმა საჯაროდ დაამცირა საბჭოეთის პრეზიდენტი და „ატმოსფეროს განმუხტვის მიზნით“ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის კომუნისტური პარტიის საქმიანობის შეჩერების შესახებ. მაშინ მეჩვენებოდა, რომ მიმდინარე საბედისწერო მოვლენები სამუდამოდ ცვლიდა ქვეყნის ისტორიას, მის სვლას. ახლა კი ეს ყველაფერი მხოლოდ სისტემის წამიერ შეფერხებად მესახება - სისტემისა, რომელსაც, აშკარა ნაკლოვანებებთან ერთად, რეგენერაციის შესაშური უნარიც გააჩნია.

ასევე ნახეთ

სისტემის გენეტიკური შეცდომა

ამ უნარის საფუძველია ყველაფრის მოთმენასა და ატანას შეგუებული ხალხის გამძლეობა და მრავალსაუკუნოვანი თავისებური პოლიტიკური გამოცდილება, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ვრცელი ქვეყანა, რეპრესიული სახელმწიფო აპარატის მეშვეობით, ისე შეკრა, როგორც მუხის კასრებს კრავენ რკინის სალტეები. სხვა აღარაფერია საჭირო: ამ სალტეებს ადრეც ამოწმებდნენ და ახლაც ამოწმებენ მძიმე ჩაქუჩებით განსაკუთრებულ საქმეთა ოსტატები - ოპრიჩნიკები, ოხრანკის აგენტები, ჩეკისტები. იდეოლოგია, რომლითაც საბჭოთა კავშირში ასე ამაყობდნენ და რომლის კვალიც დღევანდელ რუსეთში აღარსად ჩანს, აქ მეორეხარისხოვან, დაქვემდებარებულ როლს ასრულებს. ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მტკიცე ხელით, დროშასავით გეპყრას ძალაუფლება. საკმარისია რეპრესიების ხრახნი მოდუნდეს, საკმარისია სალტეები გაწყდეს, რომ ქვეყანა, კასრის მსგავსად, მაშინვე დაიშლება. ამას საერთაშორისო გამოცდილებაც მოწმობს. თუნდაც ჩემთვის პროფესიულად ახლობელი იუგოსლავიის მაგალითი ავიღოთ: ეს ქვეყანა ფუძნდებოდა როგორც სამეფო, რომელიც სამ ხალხს აერთიანებდა, ასევე როგორც კომუნისტური რესპუბლიკების ფედერაცია, მაგრამ ისტორიის მკვეთრ მოსახვევებში ყოველ ჯერზე ირკვეოდა, რომ ასეთი კონსტრუქციის მანქანა - სალტეებისა და ფიცრებისგან შეკრული - მოსახვევში შესვლას ვერ ახერხებდა.

ასევე ნახეთ

“როგორ ვიცხოვროთ წყეულ საბჭოთა სახელმწიფოში?“ - ლანდსბერგისი საბჭოთა კავშირის დასასრულზე

რუსეთმაც XX საუკუნეში ორჯერ განიცადა სახელმწიფოებრივი კოლაფსი და მმართველთა წინდაუხედაობის საფასური უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვით გადაიხადა. სხვათა შორის, „შფოთიანობის ხანაც“ (Смутное время) - ჩვეულებრივი რუსული მატრიცის დანგრევის კიდევ ერთი მცდელობა - წამებაზე დაფუძნებული ძალაუფლების შესუსტებამ გამოიწვია.

შფოთიანობის ხანა (“სმუტა”) - რუსეთში 1598–1613 წლებში არსებული ღრმა კრიზისული პერიოდი. იგი მოიცავდა შიმშილობას, ქვეყნის შიგნით მიმდინარე ომს, ცრუ მეფეების (თვითმარქვიების) გამოჩენას და სხვა ქვეყნების მხრიდან თავდასხმებს. კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც რურიკოვიჩთა სამეფო დინასტია შეწყდა.

ახალ საბჭოთა ტანსაცმელში გადაცმულმა იმპერიამ ერთხელ უკვე შეძლო საკუთარი თავის ხელახლა აწყობა. ახლაც ცდილობს - ისეთივე სისხლიანი გზებით - მეორედ გააკეთოს იგივე. უშვებს თუ არა რუსეთის ისტორია სხვა შესაძლებლობას? თუ სპილოსავით მოუქნელ ამ სახელმწიფოს, მხოლოდ ერთხელ და სამუდამოდ მოცემული, გაქვავებული მედიდური სახით შეუძლია არსებობა? ეს კითხვა, გულწრფელად რომ ვთქვა, დიდი ხანია მაინტერესებს და ის სხვადასხვა წლებში „რადიო თავისუფლების“ ეთერში არაერთი ადამიანისთვის დამისვამს - მათთვის, ვინც რუსული იმპერიული საქმის დემოკრატიულ საქმედ გარდაქმნას ცდილობდა: მათ შორის იმავე პატივცემულ, მაგრამ უიღბლო რეფორმატორ მიხაილ გორბაჩოვისთვის; 1990-იანი წლების ცვლილებების ერთ-ერთი მოთავისთვის, გრიგორი იავლინსკისთვის; ელცინის მემკვიდრეობის კანდიდატ ბორის ნემცოვისთვის; ელენა ბონერისთვის, ვლადიმირ ბუკოვსკისთვის, მოჭადრაკე გარი კასპაროვისთვის და ბევრი სხვისთვისაც. პასუხებს სხვადასხვა ხარისხის სიცხადითა და სიღრმით ვიღებდი, მაგრამ ყველა მათგანი გამსჭვალული იყო ორი გრძნობით - შეშფოთებით და გულუბრყვილობით: სახელმწიფოს დაშლის შიშით და იმედით, რომ ნათელი მომავლის მშენებლობის პროცესში ამის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

ასევე ნახეთ

„რაშიზმის“ სამართლებრივი დამკვიდრება - ახალი „ნიურნბერგის“ საფუძველი?

ჩემი ამჟამინდელი რედაქციის თანამშრომლების დაახლოებით ნახევარს, ასაკიდან გამომდინარე, 1991 წლის ვერშემდგარ პუტჩთან პირადი კავშირი უბრალოდ ვერ ექნება - 35 წლის წინ ეს გოგო-ბიჭები ან ჯერ არ იყვნენ დაბადებულები, ან მაშინ ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. ისინი, ვინც წარმოშობით რუსეთიდან არიან, გაიზარდნენ და ზრდასრულ ცხოვრებაში შევიდნენ ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდში. ჯერჯერობით მათ მთავარ პროფესიულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებად რჩება არა დემოკრატიის რაიმე გამარჯვება, არამედ მათი სასტიკი სამშობლოს აგრესიული ომი თავისი ახლო მეზობლის წინააღმდეგ. საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობა. მარადიული ГКЧП და ატმოსფეროს განმუხტვის არანაირი პერსპექტივა.

რუბრიკაში „ავტორის უფლება“ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.