მართლა ამდენი სკოლაა დასანგრევი?

საპროტესტო აქცია თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, ფოტო გადაღებულია 2026 წლის 18 სექტემბერს.

სულ მცირე 14 საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულებრივად დაიწყო, ორ დღეში - ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე - დაიკეტა.

ეს სტატისტიკა მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს ეყრდნობა. ამ სკოლების ამბები სოციალურ ქსელში მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

ამიტომ, სავარაუდოა, რომ სწავლის დაწყებიდან მალევე, რამდენიმე დღეში დაკეტილი სკოლების რიცხვი 14-ზე მეტია.

„ზუსტი რაოდენობა ზეპირად არ მახსოვს, 10-ზე მეტი იქნება“, - ამბობს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე.

რადიო თავისუფლებამ იმ სკოლებზე, რომლებიც რეაბილიტაციის გამო დაიკეტა და ამ დრომდე არ გახსნილა, საჯარო ინფორმაცია რამდენჯერმე გამოითხოვა. პასუხი არ მიგვიღია.

„მოვიკითხავ“, - პირობა მისცა რადიო თავისუფლებას მინისტრმა.

რადიო თავისუფლების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შინაარსს, რომელიც უპასუხოდ დარჩა, გაეცანით ბმულებზე: 1 და 2

სწავლა დაიწყო და ორ დღეში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეწყდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არვანლოს საჯარო სკოლაში.

„2003 წლიდან ვცხოვრობ წალკაში და იმ დღიდან სკოლაში ვმუშაობ... დღეს იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 2003 წელს იყო... ვერ ვხედავ ამ სკოლაში ისეთ ავარიულ მდგომარეობას, რომ ადგილზე მუშაობა არ შეიძლებოდეს... თუ ასეა ,2003 წლიდანვე უნდა გავეყვანეთ აქედან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი.

მიხეილ ჯაყელი, არვანლოს საჯარო სკოლის დირექტორი

მისთვის ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი უცნობია. დირექტორს 17 სექტემბერს წალკის რესურსცენტრიდან ზეპირსიტყვიერად აცნობეს, რომ სკოლას ანგრევდნენ.

შენობა ერთსართულიანია, 2014 წელს მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრები ჩასვეს, იქამდე კაპიტალურად გადახურეს.

სკოლას 78 მოსწავლე ჰყავს, რომელთაც 19 მასწავლებელი ასწავლის. ამ შენობაში, მეორე ცვლაში შეაფარეს თავი სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათი სკოლაშიც მშენებლობაა დაწყებული, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. არვალნოს სკოლის დაკეტვის შემდეგ მალევე იპოვეს ახალი მასპინძელი სკოლა, სადაც ისევ მეორე ცვლაში დადიან.

„ჩვენი სკოლის რამდენიმე მასწავლებელი საყდრიონის სკოლაშიც ასწავლის, თუ ჩვენი სკოლის დანგრევა გადაწყდება და სხვა სკოლაში მოგვიწევს მეორე ცვლაში გადასვლა, ეს პროცესი ჯამში ორ სკოლას დააზიანებს, როგორ მოახერხებენ მასწავლებლები მეორე სკოლაშიც იმუშაონ?“, - ამბობს დირექტორი.

მიხეილ ჯაყელმა განათლების სამინისტრო დაითანხმა, რომ კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდეს დისტანციურად სწავლა. დირექტორს იმედია აქვს, რომ ექსპერტიზის დასკვნას სამინისტროში კიდევ ერთხელ გადახედავენ და დაკეტილ სკოლას გაუღებენ.

„არ ვიცი, რა მოტივია, ვერ გავიგე. თუმცა, რაც ადგილზეა, მყარია... სკოლას დიდი ტერიტორია აქვს.... ახლის აშენება ისე შეიძლება, არსებული შენობიდან ადამიანების გამოსვლაც არ გახდება საჭირო“, - ამბობს დირექტორი.

სოფელ არვანლოს საჯარო სკოლა, წალკა

წალკის მუნიციპალიტეტი კი ბავშვებისთვის უკვე ეძებს ტრანსპორტს და თანაც დაჩქარებულად. ამაზე 38 000 ლარამდეა გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, არვალნოს სკოლის მოსწავლეებს ცხრა კილომეტრის დაშორებით, სოფელ არწივნის საჯარო სკოლაში ატარებენ.

სოფელ არვალნოს სკოლის დირექტორის მსგავსად, ექსპერტიზის დასკვნა წაკითხული არ აქვს სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო ჩეკურიშვილს. არა იმიტომ, რომ არ აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ დოკუმენტი მისთვის არ გაუგზავნიათ. მასაც რესურსცენტრიდან დაურეკეს - სკოლა ავარიულია, მეოთხე კატეგორია აქვს და და უნდა დაანგრიონო.

სკოლების შენობების ვარგისიანობაზე დასკვნის მომზადებისას ამ ხუთ კატეგორიას იყენებენ:

  • I კატეგორია - შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვარგისია უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის;
  • II კატეგორია − შენობა დაზიანებულია, თუმცა საფრთხის შემცველი არ არის და რემონტი სჭირდება;
  • III კატეგორია − შენობა (30%-მდე) დაზიანებულია, დაქვეითებულია მედეგობა და დროულ გამაგრებას საჭიროებს;
  • IV კატეგორია − შენობა (30%-დან 50%-მდე) დაზიანებულია, ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელია ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლა, საჭიროა ევაკუაცია და დემონტაჟი ან გამაგრება;
  • V კატეგორია − შენობა (50%-ზე მეტი) დაზიანებულია და დაუყოვნებლივ უნდა დაინგრეს.


საქართველოს მთავრობის იმ დადგენილებაში, რომელიც ავარიულობის კატეგორიებს განსაზღვრავს, არის ჩანაწერი, რომელიც ექსპერტს უფლებას აძლევს შენობას პირდაპირ მეოთხე კატეგორია მიანიჭოს, თუ მისი კონსტრუქცია სეისმურად გამართული არ არის.

„გარეგნულად რაც ჩანს, დაზიანებები ასეთია: კედლის ჩამოცვენა, ბზარები, ნაშალი მასალის სისტემატური ჩამოშლა, კედლებიდან ქვების ჩამოცვენა და ასე შემდეგ. დანარჩენზე, ვფიქრობ, ექსპერტიზა უფრო ზუსტ პასუხს გასცემს. დასკვნა ჯერ ჩვენამდე არ მოსულა და, შესაბამისად, არც ის ინფორმაცია გვაქვს, რა განმარტებები ან დამაზუსტებელი კითხვები იყო გაგზავნილი და რა წერია დასკვნაში,“ - ამბობს სოფელ მისაქციელის სკოლის დირექტორი, ნინო ჩეკურიშვილი.

ეს ნახატი მისაქციელის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა, ამავე სკოლის მოსწავლემმ ქეთი როსტიაშვილმა.

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გვეუბნება, რომ როგორც ექსპერტიზამ, ისე დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხებმაც, აჩვენა, რომ „არსებული დაზიანებების პირობებში“ სასწავლო პროცესი მისაქციელის სკოლაში ვერ გაგრძელდება.

მისაქციელის სკოლაში ექსპერტები გასული წლის გაზაფხულზე მივიდნენ, სოფელ არვანლოს საჯარო სკოლაში - ზაფხულში.

კითხვაზე, რატომ დაიწყო ამ ორ სკოლაში სწავლა ჩვეულებრივ, თუ კი მათი დანგრევა იყო დაგეგმილი და რატომ არ მისცეს მასწავლებლებსა და მშობლებს მომზადების საშუალება, მისაქციელის სკოლის დირექტორი გვპასუხობს: „მეც იგივე კითხვები მაქვს“.

ასე იზეიმეს სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე. ფოტო გადაღებულია 2026 წლის 15 სექტემბერს.

სკოლების ექსპერტიზა - ვინ ნიშნავს და რა შემთხვევაში?

სკოლების შენობებს სისტემატურად ამოწმებენ - მათ შორის, ავტორიზაციის ან რეავტორიზაციის დროს, დირექტორის მოთხოვნით ან რესურსცენტრის დავალებით.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლების დაანონსების შემდეგ ექსპერტებმა სკოლებში უფრო ხშირად დაიწყეს სიარული.

4 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია 2026 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა. რეფორმის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე კორუფციის ბრალდებით მსჯავრდებულმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის ყველა პროექტი დასრულდება“, - პირობას დებდა 2022 წელს განათლების ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.

ინფრასტრუქტურული რეფორმის დაწყებიდან დღემდე განათლების სამი მინისტრი გამოიცვალა [მიხეილ ჩხენკელი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე წულაძე]

მეოთხე - მოქმედი მინისტრი, გივი მიქანაძე საჯარო გამოსვლების დროს უფრო და უფრო ხშირად ახსენებს 2028 წელს, როგორც სკოლების მშენებლობის პროექტის დასრულების ბოლო ვადას.

გივი მიქანაძე, განათლების მინისტრი

მინისტრის განმარტებით, საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სკოლას ტექნიკური პრობლემები აქვს და ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ფლობს.

ეს ცნობები, როგორც წესი, სკოლიდან მიდის და რესურსცენტრში გროვდება; ამის შესახებ მუნიციპალიტეტიცაა ინფორმირებული.

შემდეგი ეტაპი პრიორიტეტული სკოლების სიის შედგენაა, ეს სია ინფრასტრუქტურის სამინისტროში იგზავნება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს, დაადგინოს რა მდგომარეობაშია შენობა, რა სჭირდება - გამაგრება, რეაბილიტაცია თუ დანგრევა.

2026 წლის მთავრობის №66 დადგენილებით მოქმედებს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებს განიხილავს. ხოლო ტექნიკური მდგომარეობის კატეგორიის განსაზღვრა რეგულირდება მთავრობის №161 დადგენილებით.

შენიშვნა: პროცედურის აღწერა სრულად ეყრდნობა განათლების მინისტრის მიერ რადიო თავისუფლების კითხვებზე პასუხად მოწოდებულ ინფორმაციას.

2025 წელს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რეზი სოხაძემ თქვა, რომ განათლების სამინისტრომ პრიორიტეტები დაალაგა და გამოყო ის 135 სკოლა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიგეგმოს. ამ სკოლებს ექსპერტიზის შეფასება დასჭირდებოდა.

  1. თბილისის 37-ე საჯარო სკოლა
  2. თბილისის 150-ე საჯარო სკოლა
  3. თბილისის 26-ე საჯარო სკოლა
  4. თბილისის 24-ე საჯარო სკოლა
  5. წალენჯიხის 1-ელი საჯარო სკოლა
  6. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის საჯარო სკოლა
  7. ახალციხის მე-2 საჯარო სკოლა
  8. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლა
  9. ატენის საჯარო სკოლა
  10. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა
  11. გორის მე-11 საჯარო სკოლა
  12. გორის მე-4 საჯარო სკოლა
  13. თბილისის 113-ე საჯარო სკოლა
  14. თბილისის მე-11 საჯარო სკოლა
  15. თბილისის მე-14 საჯარო სკოლა
  16. თბილისის მე-10 საჯარო სკოლა
  17. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის საჯარო სკოლა
  18. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის საჯარო სკოლა
  19. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლა
  20. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის საჯარო სკოლა
  21. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა
  22. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლა
  23. რუსთავის 1-ელი საჯარო სკოლა
  24. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა
  25. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის მე-16 საჯარო სკოლა

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტების კითხვებს მას შემდეგ უპასუხა, რაც თბილისის 21-ე საჯარო სკოლის გაბრაზებულ მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა დაასრულა. ამ სკოლაშიც, სადაც 1 200-ზე მეტი მოსწავლეა, სწავლა ჩვეულებრივ 15 სექტემბერს დაიწყო.

2026 წლის 17 სექტემბერს დირექტორს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან აცნობეს, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა.

სკოლის დანგრევის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას 21-ე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები პროტესტით შეხვდნენ.

განათლების სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის ავტორს დამაზუსტებელი კითხვებით მიმართა. პასუხების მიღების შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა და გამოაცხადა, რომ 21-ე სკოლა თავის შენობაში დაასრულებდა სასწავლო პროცესს.

დამაზუსტებელი კითხვები გაიგზავნა ექსპერტიზის ბიუროში ყველა იმ სკოლაზე, რომელშიც სწავლა ჯერ დაიწყო, შემდეგ კი დაიკეტა.

„პროტესტი, რაც ჩვენ ვნახეთ, ერთ-ორ სკოლაში იყო მხოლოდ, რამდენადაც მე მახსოვს, მაგრამ ეს რომ პროტესტის შედეგი ყოფილიყო, მაშინ მარტო ამ ორ სკოლაზე გავაგზავნდით დამაზუსტებელ კითხვებს და სხვებზე არ გავაგზავნდით, ხო?“ - ამბობს მინისტრი და ამატებს:

„სხვა სკოლების შემთხვევაშიც დაზუსტებული ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი“.

21-ე სკოლის შენობის დანგრევა-რეაბილიტაციის საკითხი გაზაფხულამდე გადაიდო.

უცნობია, როდის განახლდება სწავლა. იქამდე „რამდენიმეკვირიანი სამუშაო“ უნდა შესრულდეს.

როდის იყო მართალი განათლების სამინისტრო, როცა ამტკიცებდა, რომ შენობაში ბავშვების შეშვება სახიფათო იყო, თუ ახლა, როცა ამბობს, რომ სწავლის განახლება მცირე კოსმეტიკური ჩარევის შემდეგ იგივე შენობაში იქნება შესაძლებელი?

„ინფრასტრუქტურის რეფორმა“ რამდენჯერმე დაანონსდა და სამჯერ თუ ოთხჯერ გადავადდა კიდეც. ახლა ყველაფერმა ერთდროულად იფეთქა, რაც, ჩემი აზრით, როგორც არაკომპეტენტურობის, ისე უპასუხისმგებლობისა და კორუფციის შედეგიცაა“, - ამბობს განათლების სპეციალისტი და მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტი გოტა ჭანტურია.

გოტა ჭანტურია, განათლების სპეციალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშმა, რომელიც 2025 წლის მაისში გამოქვეყნდა და 2019-2022 წლების პერიოდს ეხება, აჩვენა, რომ სკოლების მშენებლობა-რემონტი ხარვეზებით ჩატარდა.

აუდიტის ცნობით, 2019-2022 წლებში 139 ხელშეკრულება გაფორმდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმავე პერიოდში თითქმის 350 000000 ლარი დაიხარჯა. .

დარღვევებს შორის მოხვდა:

  • თანხების გადამეტებული ხარჯვა;
  • სკოლების დემონტაჟისას ვარგისიანი მასალების დაკარგვა, რამაც ამ მასალების არამართლზომიერად გამოყენებაზე ეჭვები გააჩინა;
  • პროექტის შეუსაბამობა სკოლის რეალურ საჭიროებებთან. შედეგად შეიცვალა ხელშეკრულებები, რამაც მშენებლობის ვადები გაახანგრძლივა.

მაგალითად, აუდიტის ცნობით, რუსთავის 25-ე და 26-ე, ასევე, სოფლების: ნორიოს და გამარჯვების სკოლების რეაბილიტაციაზე 89 სახის სამუშაო ჩატარდა ხელმეორედ და ეს დამატებით ერთი მილიონამდე 847 187 ლარი დაჯდა.

2023 წლის ოქტომბერში პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საქმეზე კომპანია შპს „ალიანსის“ დირექტორი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა.

მას ბრალად ის წაუყენეს, რომ კომპანიამ სკოლების მშენებლობისას ყალბი აქტები დაამზადა, მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომელს 45 000 ლარის ქრთამი გადაუხადა და ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

სინამდვილეში კი არაფერიც არ ააშენა. აღდგენის გაჭიანურების გამო ამ სამიდან ვერცერთ სკოლაში სწავლა ვერ განახლდა და ბავშვები სხვა სკოლებში გადაიყვანეს.

კორუფცია და არაკეთილსინდისიერი კომპანიები სკოლების რეაბილიტაცია მშენებლობის პროცესის გაჭიანურების მიზეზად მინისტრმაც ახსენა. გივი მიქანაძემ ისიც თქვა, რომ „ქართული ბაზარი მწირია და რთულია ისეთი კომპანიის პოვნა, რომელიც პროექტსაც შეიმუშავებს და ააშენებს კიდეც“.

საქართველოში სკოლები ე.წ. design-build-ის მეთოდით შენდება. ეს ნიშნავს, რომ დამკვეთი ერთ კონტრაქტში აერთიანებს პროექტირებასაც და მშენებლობასაც.

ჩვეულებრივი მოდელის შემთხვევაში:

  • სახელმწიფო ცალკე ქირაობს კომპანიას, რომელიც სკოლას დააპროექტებს;
  • პროექტი მზადდება და მტკიცდება;
  • შემდეგ ცალკე ტარდება ტენდერი მშენებლობაზე;
  • სკოლას სხვა კომპანია აშენებს.

Design-Build მოდელით:

  • სახელმწიფო აცხადებს ერთ ტენდერს;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან იდება ხელშეკრულება;
  • ეს კომპანია თავად აპროექტებს და აშენებს სკოლას;
  • დამკვეთს დასრულებული ობიექტი ბარდება.

Your browser doesn’t support HTML5

„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით , საქართველოში 2089 საჯარო სკოლაა. ამ სკოლებში, 2025-2026 წლების მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი - 572 ათასზე მეტი - მოსწავლე ირიცხება.

რადიო თავისუფლებამ შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც თბილისის მერია საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებაში მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის 3 479 444 ლარს დახარჯავს

მერიის მიერ დაქირავებული ტრანსპორტი სოციალურად დაუცველებისა და შშმ პირების გარდა, იმ მოსწავლეებსაც ემსახურება, რომელთა სკოლებიც რეაბილიტაციის, მშენებლობის ან სხვა მიზეზით დაიკეტა.

დოკუმენტების დამუშავების შედეგად გავარკვიეთ, რომ სულ მცირე 18 ისეთი საჯარო სკოლაა, რომელთა მოსწავლეებიც სხვა სკოლებში არიან შეხიზნულები - იშვიათად პირველ და, უმეტესად, მეორე ცვლაში.

იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც სხვა სკოლებში დადიან, სულ მცირე, 8 250-ია. მათგან მეორე ან შეჭრილ ცვლაში 7 398 მოსწავლე სწავლობს.

განათლების სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისში სულ 176 საჯარო სკოლაა.

სკოლების რეფორმაზე პასუხისმგებლობას რამდენიმე უწყება იზიარებს. ესენია: ორი სამინისტრო - განათლებისა და ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და საგანმანათლებლო რესურსცენტრები. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო.

სკოლების რეაბილიტაცია, 2009 წლიდან, განათლების სამინისტროს სსიპ-ის, „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მოვალეობა იყო. 2025 წლის 1 სექტემბრიდან ეს სსიპ-ი გააუქმეს.

სკოლების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხოლოდ ამ სააგენტოს გაუქმების შემდეგ დაექვემდებარა.

ხაშურის #4 საჯარო სკოლაშიც შეწყდა სასწავლო პროცესი. აქაც ესპერტიზით დადგინდა, რომ შენობა დასანგრევია.

სულ რამდენ სკოლაში ტარდება/იგეგმება რეაბილიტაცია, რამდენის სკოლაა შეხიზნული სხვაგან, თანაც მეორე ცვლაში? - გივი მიქანაძე ამბობს, რომ „ზუსტი სტატისტიკის დასახელება არ შეუძლია“.

„ზუსტი სტატისტიკა ეხლა ასე ზეპირად არ მეცოდინება, უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული სკოლაა, რომელიც გადაყვანილია სხვა სკოლებში.... არაერთი კომპანიაა, რომელმაც კონტრაქტის პირობები დაარღვია…[მათ წინააღმდეგ] პროკურატურაში აღძრული არის სისხლის სამართლის საქმე, პარალელურად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ჩვენ ერთობლივი კოორდინაციით მივიღეთ გადაწყვეტილება და ახალი ტენდერები გამოცხადდა იგივე ობიექტებზე“, - ამბობს მინისტრი და ამ კონტექსტში ახსენებს ე.წ. სკოლა-კონტეინერებს, როგორც საშუალებას მოსწავლეებს სწავლაში ხელი არ შეეშალოთ.

ასევე ნახეთ

რატომ ყიდულობს სახელმწიფო „ასაწყობ სკოლებს“? – განმარტება

მუნიციპალური განვითარების ფონდის 22,5 მლნ ლარის ღირებულების ტენდერის მიხედვით, იგეგმება რამდენიმე ტიპის, ჯამში, 750-მდე მოდულის შესყიდვა - 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის.

თუ სატენდერო დოკუმენტებს დავეყრდნობით, რომელთა თანახმადაც თითოეულმა საკლასო ოთახმა 10-12 ბავშვი უნდა დაიტიოს, გამოდის, რომ ხელისუფლების გათვლით, ასაწყობი სკოლა მომავალში მინიმუმ 6 000 მოსწავლეს დასჭირდება.

„დასანგრევია კი არა, სავალალო მდგომარეობაშია რამდენი წელია უკვე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სენაკის მესამე სკოლის დირექტორი მარინე ნანეიშვილი და აგრძელებს:

„ეს არის საუკუნის შენობა. ძველი კერძო სახლი იყო, რომელიც მერე გადაკეთდა ჯერ საშუალო სკოლად, მერე საჯარო სკოლად. დიახ. ეს სკოლა უკვე საუკუნის სკოლაა“.

დირექტორის ცნობით, წლებია რეაბილიტაციის მოთხოვნაზე პასუხს ელოდებიან. მარინე ნანეიშვილმა ათობით წერილი გაუგზავნა განათლების სამინისტროს. საბოლოო პასუხი 2026 წლის სექტემბერში მიიღო.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ როგორც იქნა ოცნება გვიხდება და ახალი სკოლა გვექნება. სხვა სკოლაში გადავედით მეორე ცვლაში. სწავლა არც ერთი დღით არ მიგვიტოვებია. სენაკის პირველმა საჯარო სკოლამ გვიმასპინძლა“, - ამბობს დირექტორი.

სენაკის მესამე საჯარო სკოლის შენობა

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) 2024 წელს კვლევა ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 1561 სკოლის (საერთო რაოდენობის 75%) შესახებ შეაგროვა მონაცემები.

შედეგებმა აჩვენა, რომ ამ სკოლებიდან 59%-ს თავიდან აშენება, სრული ან ნაწილობრივი რემონტი სჭირდებოდა.

შედეგად, ახალი სასწავლო წელი ათასობით მოსწავლემ დროებით სხვა სკოლებში, ძირითადად მეორე ცვლაში დაიწყო.

ასობით საჯარო სკოლის მშენებლობა, ან დროში გაიწელა, ან ჯერაც არ დაწყებულა.

მოსწავლეებს მასწავლებლებთან ერთად წლებია მეზობელ უბნებსა და სოფლებში, ხშირად კილომეტრების დაშორებითაც უწევთ სიარული.

ამ სიას 2026 წლის სექტემბერში ახალი სკოლები დაემატა, უჩვეულო გამოცდილებით - ბავშვებმა სწავლა სხვებთან ერთად ჩვეულებრივად დაიწყეს, ორი დღის შემდეგ კი მათი სკოლები ავარიულად გამოაცხადეს და დასანგრევი შენობების სიაში შეიტანეს.

ასევე ნახეთ

სამშენებლო მოედნები სკოლების ეზოში - როგორ იწყება სასწავლო წელი ათასობით მოსწავლისთვის?